მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ გადის ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე? – დისკუსია ბათუმის საკრებულოში

31.07.2019 • 1853
რატომ ვერ გადის ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე? – დისკუსია ბათუმის საკრებულოში

რატომ ვერ გადის აქტიურად ქართული სოფლის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე – ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმსჯელეს. „ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საკრებულოში მერიის თანამშრომლებს, საკრებულოსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. დავით ბუჯიაშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემა ისევ არის საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხი, შეფუთვა და ბაზარზე გატანა.

„მაგალითად, საქართველოდან გაგზავნილი თაფლის 100 ნიმუშიდან 65 დაიწუნეს ევროპაში, ძირითადად, ანტიბიოტიკების გამოყენების გამო… თუმცა ჩვენ გვაქვს წაბლის თაფლი, ცაცხვის, მაისის და ასე შემდეგ. ასეთ თაფლს ევროპის ბაზარზე თითქმის ვერ ნახავთ. ამ კუთხით არის ქართული თაფლი ბრენდი… ამ კუთხით გაცემულია კონკრეტული რეკომენდაციები,“ – აღნიშნა ბათუმის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე დავით ბუჯიაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების, კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე კარგად ევროპულ ბაზარზე საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვი და კივი გადის.

„მე უფრო მაინტერსებს, რატომ ვერ გადის ქაფშია, მაგალითად, რატომ ვერ ვაწარმოებთ?“ – დაინტერესებდა საკრებულოს წევრი, ნატალია ზოიძე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დეპუტატს უთხრა, რომ პრობლემაა ამ კუთხით როგორც ლაბორატორიული შემოწმება, ასევე შეფუთვა. „ლაბორატორია არ გვაქვს,“ – დასძინა დავით ბუჯიაშვილმა.

„მე მეგონა, უფრო სხვა კუთხით იყო პრობლემა, რაც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა მემკვიდრეობის სახით, როცა შემოდიან სეინერები და რეალურად აღარ გვაქვს ქაფშია… რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ, ეს უცებ მოვაწესრიგე გონებაში,“ – თქვა ნატალია ზოიძემ.

„ყველას ასე ჰგონია, მაგრამ არაა ასე იოლი,“ – აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დავით ბუჯიაშვილმა თქვა ისიც, რომ ერთდროულად ყველა სტანდარტს სახელმწიფო ვერ აწესებს.

„ძალიან რთულია ასე ყველა სტანდარტის შემოტანა, ამას აქვს ბიზნესზე ზეგავლენა… თუ კომპანიები დაიცავენ ყველა სტანდარტს, გაძვირდება პროდუქცია… არ ვიცით, რით ვიკვებებით, არ ვიცით, რა მედიკამენტები შემოდის ან რისგან აშენებენ ამ სახლებს. შეიძლება სადმე რადიაციული რაღაც იყოს და ამაზე არ არის რეგულაცია. ევროკავშირი არის სხვადასხვა სტანდარტის ერთობლიობა, ერთობლივად ამის დანერგვა შეუძლებელია. ინვესტორს ყოველთვის ურჩევნია დარეგულირებული გარემო,“ – თქვა დავით ბუჯიაშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: