ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„რივიერას“ საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად 3 წუთი გექნებათ – გრგ-ს საჯარო განხილვა

31.07.2019 • 1437
„რივიერას“ საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად 3 წუთი გექნებათ – გრგ-ს საჯარო განხილვა

2019 წლის პირველ აგვისტოს, დღის 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

„ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია [20 წუთი]; საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა [10 წუთი].
საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად მიეცემათ 3-3 წუთი, რისთვისაც, პროექტის საჯარო განხილვის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის მიზნით, მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია საკრებულოს საკონტაქტო პირს უნდა მიაწოდონ  განხილვის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მაინც“, – აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.

შპს „ბათუმი-რივიერას“ წინადადება ითვალისწინებს ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კონვენციის ცენტრს, კაზინოს, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სივრცეებს. ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებული იქნება ნავმისადგომი იახტებისთვის.

ბათუმი რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც  მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია.

„ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოება ბათუმის საკრებულოს 2019 წლის 16 ივლისს მიღებული განკარგულებით დაიწყო, რომლითაც  ქალაქ ბათუმის მერიას დაევალა უზრუნველყოს დადგენილების პროექტის მომზადება და ბათუმის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

„დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადად, განისაზღვრა დადგენილების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღე. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ 2019 წლის 10 აგვისტომდე. მოსაზრებების წარდგენის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში კი მერია გამართავს ზეპირ მოსმენას განსახილველ საკითხზე. საბოლოოდ რივიერას ტერიტორიის  განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტზე ბათუმის საკრებულო  იმსჯელებს“, – აცხადებენ საკრებულოში.

მთავარი ფოტო: ბათუმი რივიერა – 5 კოშკი ექვსის ნაცვლად – ფოტორენდერი პროექტიდან, რომელიც შესაძლოა კიდევ შეიცვალოს

ამ თემაზე:

17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: