მთავარი,სიახლეები

მთავრობა ტურიზმის სექტორში დაზარალებულების ბიუჯეტიდან დახმარებას განიხილავს

31.07.2019 • 1090
მთავრობა ტურიზმის სექტორში დაზარალებულების ბიუჯეტიდან დახმარებას განიხილავს

მთავრობა ტურიზმის სექტორში დაფიქსირებული კლების ტენდენციის გამო დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებსაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო სასტუმრო ნომრების ჯავშნები გაუუქმდა ან სხვა მხრივ დაზარალდა, მთავრობა, როგორც ბიუჯეტიდან სუფსიდირებით, ასევე სხვა გზებით დახმარებას განიხილავს.

„ჩვენ გვექნება ძალიან პრაქტიკული კრიტერიუმები, რომ მაქსიმალურად დავფაროთ ყველა ის ოჯახი, რომლებიც გარკვეული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ. დავეხმარებით როგორც სეზონური სესხების თანადაფინანსებაში, ასევე გავატარებთ სხვა ქმედით ღონისძიებებს და ამ ყველაფერში ჩართული იქნება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი. ყველა ის ოჯახი, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში, გონიო-კვარიათში, მაქსიმალურად იგრძნობს მხარდაჭერას სახელმწიფოსგან“, –  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის ინფორმაციით, კრიტერიუმებს უახლოეს მომავალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოაცხადებს. მთავრობას ამ დროისთვის არ აქვს ზუსტი სტატისტიკა, თუ კლების რა ტენდენციები დაფიქსირდა ივლისის თვეში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის თქმით, დაზუსტებით ჯერ არც ის ვიცით, რა თანხის მობილიზება მოუწევს მთავრობას ბიუჯეტში, ტურიზმის სექტორში დაზარალებული პირების დასახმარებლად.

მთავრობა ამ ციფრების დაჯამებას ტურისტული სეზონის ბოლოს გეგმავს:

„ჩვენ ახლა, პრაქტიკულად, ვართ ტურისტული სეზონის შუაში. აგვისტოს თვეში ველოდებით შიდა ტურიზმის კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას და ახალ ტრაფიკს ტურისტული მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ეს რიცხვები გვექნება, უკვე სეზონის ბოლოსთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: