მთავარი,სიახლეები

„სიჩუმე, მოტორი, გადაღებულია!”- ნიჩბისის კინოსახელოსნო ბავშვებისთვის

31.07.2019 • 2490
„სიჩუმე, მოტორი, გადაღებულია!”- ნიჩბისის კინოსახელოსნო ბავშვებისთვის
„სიჩუმე, მოტორი, ვიღებთ, გადაღებულია!“ – ეს ოთხი მაგიური სიტყვა ყველას ამახსოვრდება, ვისაც კინოგადაღებასთან ოდნავ მაინც ჰქონია კავშირი. დაამახსოვრდებათ ბავშვებსაც, რომლებმაც ივლისის თვეში ნიჩბისის კინოსახელოსნოში მიიღეს მონაწილეობა, თავად წერდნენ სცენარს, ეცნობოდნენ გადაღების თავისებურებებს, იღებდნენ, თამაშობდნენ და მონტაჟსაც სწავლობდნენ.

ნიჩბისში კინოსახელოსნო ორი წელია იმართება, და ბავშვებმა უფროსებთან ერთად წელს უკვე მეორე ფილმი გადაიღეს. შარშანდელი ფილმი „ანზორის ბედი” ბავშვებისა და ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცი ბაბუას ურთიერთობებზეა. წელს გადაღებულ სურათს კი სავარაუდოდ S.O.S ერქმევა. 

თბილისთან ახლოს საბავშვო კინოსახელოსნოს ამოქმედების იდეა სახელოსნოს პროდიუსერ ირმა ინარიძეს, ფრანგ რეჟისორ ჟილ ლემუნოსა და მსახიობს, სცენარისტ ან კლოდ ლუმეს მოუვიდა.

რეჟისორ ჟილ ლემუნოს ბევრი საბავშვო კინოსახელოსნო გაუკეთებია გერმანიაში, ირანში, აფრიკასა და სხვა ქვეყნებში.

კინოსახელოსნოს ერთ-ერთი ორგანიზატორი, მსახიობი და სცენარისტი ან კლოდ ლუმე ფესტივალ ,,ფესტიმაჟის“ დირექტორი და დამაარსებელია რეჟისორ ჟილ ლემუნოსთან ერთად.

ან კლოდ ლუმე: „ფესტიმაჟი“ სასკოლო ფილმების საერთაშორისო ფესტივალია, რომელზეც მთელი მსოფლიოდან ვიღებთ ბავშვების მიერ გადაღებულ ფილმებს მათივე მონაწილეობით. ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 მაყურებელი ჰყავს ჩვენს ფილმებს. ეს არის მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ფილმების დიდი ფესტივალი.

იმ ბავშვების 2-3 %, ვისაც კინოსკოლაში ვასწავლით სხვადასხვა ქვეყანაში, კინოინდუსტრიაში დარჩა, თუმცა საბავშვო კინოსკოლების მიზანი ფანტაზიის, ინტერპრეტირებისა და აზროვნების უნარების განვითარებაა“. – ამბობს ან კლოდ ლუმე.

სახელოსნოს პროდიუსერი და ორგანიზატორი ირმა ინარიძე გვეუბნება, რომ ბავშვები კინოსახელოსნოში სწავლობენ კინოს, როგორც ამბავს, რომელიც რაღაც სარწმუნოს, დამაჯერებელს უნდა ჰყვებოდეს.

„ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, რომ ფილმები, რომლებიც კონოეკრანებზე, ტელევიზორში ჩანს, არის ზედაპირი, მზა პროდუქტი და ამბავი, რომლის უკანაც დგას უამრავი მიზანსცენა, შრომა და მაგია“, – ამბობს ირმა ინარიძე.

კადრი ბავშვების მიერ ნიჩბისის კინოსახელოსნოში გადაღებული ფილმიდან./ფოტო: გია გოგატიშვილი

საერთაშორისო კინოფესტივალ Biaff-ზე, რომელიც ბათუმში ყოველ წელს იმართება, წელს ნიჩბისის კინოსახელოსნოს ბავშვების მიერ გადაღებულ ფილმებსაც აჩვენებენ, რომლებიც დიდებისთვისაა, მაგრამ ქმნიან ბავშვები.

ფესტივალ Biaff-ზე ბავშვების მიერ გადაღებული ფილმების პროგრამას წელს სწორედ ნიჩბისის სახელოსნოს ორგანიზატორები: ირმა ინარიძე, ან კლოდ ლუმე და ჟილ ლემუნო მოამზადებს.

სახელოსნოში რეჟისორ ჟილ ლემუნოს მიზანი კინოგადაღების თავისებურებებისა და, ზოგადად, ამ საქმის ცოდნის ახალგაზრდებისთვის გადაცემაა.

როგორც ჟილი ამბობს, ბავშვების გადაღება სპეციფიკურია, მაგალითად, მათ მხოლოდ უბრალო მაისურებითა და შორტებით იღებს რეჟისორი, რადგან ბრენდების მარკები, მიაჩნია, რომ რაღაცას აფუჭებს, ბავშვები მათ გარეშე უფრო ნამდვილები არიან გადასაღებ მოედანზე.

„როცა კინოში აჩვენებ, რომ სახლი იწვის, ბავშვებს მართლა ჰგონიათ, რომ ნამდვილი სახლი იწვის. დიდს კი ვერ მოატყუებ,  რომ სახლი ნამდვილად იწვის. ბავშვების ემოციები წრფელია, დიდები ყველაფერს ვფილტრავთ. ფილმსაც როცა ვიღებ, ვიღებ ყოველთვის ბავშვების ხედვის პერსპექტივიდან, გამოსახულებას ქვემოდან ზემოთ.

სანამ ფილმის გადაღებას დავიწყებ, ბავშვებს ვუყვები ისტორიას, რაზეც ვიღებთ ფილმს და მინდა დავაჯერო ამბავი, რასაც ვყვები. ისინი მთელი არსებით გრძნობენ მონათხრობის სინამდვილეს.

ჩვენ ვაცლით მათ ინტერპრეტაციებს, ნებას ვრთავთ გადაღებებისას ითამაშონ საკუთარი პერსონა და მათ წარმოსახვის სრული თავისუფლება აქვთ“, – ამბობს ფრანგი რეჟისორი.

რეჟისორი ჟილ ლემუნო ნიჩბისის კინოსახელოსნოს ბავშვებთან ერთად/ფოტო: გია გოგატიშვილი


გია გოგატიშვილის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: