მთავარი,სიახლეები

ბათუმელი ექიმები ცხინვალში დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ

18.11.2019 • 1904
ბათუმელი ექიმები ცხინვალში დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ

დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმელი ექიმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდნენ. „თეთრი ხალათების“ აქცია დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

„დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით სამედიცინო საზოგადოება გამოდის მდუმარე აქციაზე, ჩვენი გამოჩენილი კოლეგის, შესანიშნავი ქირურგის, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. ბატონი ვაჟა აბსოლუტურად უკანონოდაა დაკავებული, საერთაშორისო საზოგადოებასთან, მის ოჯახთან ერთად ჩვენც, მისი კოლეგები ვითხოვთ ბატონი ვაჟას სასწრაფოდ, უპირობოდ გათავისუფლებას და დაბრუნებას სახლში“ – გვთხრა ლევან გვასალიამ, ტრავმატოლოგ-ორთოპედმა, აქციის ორგანიზატორმა.

„თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიც.

ბაუს ექიმების აქცია ბათუმში

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

„გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გუშინ, 17 ნოემბერს თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: