მთავარი,სიახლეები

„გადაგვაგდე? – გადაგაგდებთ“- საპროტესტო აქცია და მსვლელობა ბათუმში

14.11.2019 • 1610
„გადაგვაგდე? – გადაგაგდებთ“- საპროტესტო აქცია და მსვლელობა ბათუმში

„გადაგვაგდე? – გადაგაგდებთ“, „არ გავჩუმდები“ – ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობაც მოაწყვეს მოწოდებით: „გამოდი“.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

მერაბ ჯიხაძე, მოქალაქე: „მე მეზღვაური ვარ და 20 ივნისის მოვლენების დროს ზღვაში ვიყავი. სოციალური ქსელით ვადევნებდი თვალს მიმდინარე პროცესს. მე ვაპროტესტებ დღეს ხელისუფლების მხრიდან დანაპირების შეუსრულებლობას. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო შედეგი, რომელიც გააჩერა 20 ივნისის მოვლენებმა. ეს იყო დიდი მონაპოვარი, რაც სამოქალაქო მოძრაობის აქტიურობის შედეგად მივიღეთ. დღეს კი ჩვენ ვნახეთ სულში ჩაფურთხება“.

ხატია კალანდია, მოქალაქე: „მე ვფიქრობ, რომ უნდა გააპროტესტოს ყველამ ეს ამბავი. ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმიტომ, რომ ეშინია. რის ეშინია? – ძალაუფლების დაკარგვის“.

გიორგი ბოლქვაძე, მოქალაქე: „ჩემი პროტესტი არის ის, რომ დაგვპირდნენ და არ შეასრულეს. ხმამაღალი საუბარი როცა გაიგეს ზაფხულში, აქციების დროს, დაგვპირდნენ. ახლა კი დაინახეს შესაძლებლობების დაკარგვის საფრთხე და უკან დაიხიეს.“

აქციაზე გამოსულ ადამიანებს არ სჯერათ იმის, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებმაც დღეს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება. ისინი ამ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავენ და მას „არაფორმალურ მმართველს“ უწოდებენ.

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი,“ – მიიჩნევს ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრი,“ელგუჯა ხაბაძე, – „ბიძინა ივანიშვილი ახლა ელოდება, რა რეაქცია ექნება ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ის მიიღებს მასშტაბურ, პერმანენტულ აქციებს. არ არსებობს ხალხის წინააღმდეგ წასული ბიუროკრატია, რომელმაც საქმე დაასრულა დადებითად“.

ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „მთავარი საფრთხე არის ის, რომ ეს ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, „ნულოვანი ბარიერი“ იყო ის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი უდნა შეეტანა ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და თუ ეს არ გამოსწორდება, ეს იქნება დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. გამოდის, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა, არ მიიღო ეს მხედველობაში“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: