მთავარი,სიახლეები

ზვიად ძიძიგური წავიდა, აჭარაში მისი პარტიული აქტივი კი „ოცნებაში“ რჩება

18.11.2019 • 1408
ზვიად ძიძიგური წავიდა, აჭარაში მისი პარტიული აქტივი კი „ოცნებაში“ რჩება

„უმრავლესობაში ვრჩებით და ვაგრძელებთ იმ პროექტების შესრულებას, რასაც არჩევნებზე ხალხს დავპირდით“, – ამბობენ აჭარის მუნიციპალიტეტების  საკრებულოებში ფრაქციების „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეები. ამასთან, მათ განმარტეს, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ რაიმე სახის დირექტივა არ მიუღიათ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პარტიის ცენტრალური ოფისიდან უმრავლესობის დატოვების მოთხოვნაზე შეტყობინება მიიღეს? – ამ კითხვას ხელვაჩაურის საკრებულოს „კონსერვატორების“ ფრაქციის წევრი, ვახტანგ ლორთქიფანიძე პირდაპირ არ პასუხობს. თუმცა მის პასუხებიდან ირკვევა, რომ შესაბამისი მითითების შემთხვევაში, ის დატოვებს „კონსერვატორებს“ და „ოცნებაში“ დარჩება. იგივე განწყობა აქვთ ხულოს და შუახევის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებსაც.

„ჩვენ ერთად დავპირდით ამომრჩეველს, ერთად ვახორციელებთ პროექტებს და ერთად დავდივართ შეხვედრებზე.“

განსხვავებული იყო ქედის საკრებულოს „კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარის, როსტომ შერვაშიძის პასუხი. „ ვერაფერს გეტყვით, ვიდრე პარტიასთან ამ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაციები არ გაიმართება“, – გვითხრა მან.

პარტიული ყრილობის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულოს „კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ძიძიგურიც. „მანამდე უმრავლესობაში ვრჩებით“, – აცხადებს ის.

პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა 15 ნოემბერს დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან საკონსტიტუციო ცვლილებები დაასახელა, პროექტი 14 ნოემბერს ჩავარდა პარლამენტში. ზვიად ძიძიგურმა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც.

უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება ასევე გააკეთა კონსერვატორების ფრაქციის კიდევ ორმა წევრმა – ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.

„ოცნების“ დატოვებას არ აპირებს არც უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე.

უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება

მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემაც:

მუხრან ვახტანგაძე: მე “კონსერვატორებს” ვტოვებ და “ოცნებაში” ვრჩები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: