მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება

15.11.2019 • 2443
უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „კონსერვატორი“ დავით ბაციკაძე ამბობს, რომ უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება -აჭარას“ ხელმძღვანელიცაა.

„არ ვაპირებ ამ ეტაპზე უმრავლესობის დატოვებას. მე, პირადად, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ წავიდე უმრავლესობიდან“, – ამბობს დავით ბაციკაძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება პარლამენტის მხრიდან საკმარისი საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად. დავით ბაციკაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია.

„ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ პროპორციული სისტემა კარგია, იდეაში ეს სისტემა არ იქნება ოთხი წელი, თორემ, ამ სისტემაზე საქართველო მაინც გადადის. ჩავარდა, სამწუხაროდ, 2020 წლისთვის. მესმის, რომ ძალიან ცუდია“, – ამბობს ბაციკაძე.

ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობაში ეჭვი არ შეაქვს და ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მაჟორიტარებმა მიიღეს. „მე არ მქონია საუბარი არც ბიძინა ივანიშვილთან და არც არავისთან, მაგრამ არ მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ეს ივანიშვილს უნდოდა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს მისი გადაწყვეტილება პარტიაში უთანხმოებას და ხომ არ მოუწევს „კონსერვატორების“ დატოვება, ბაციკაძე ამბობს – „სავარაუდოდ, არა“: „არ ვიცი. პრობლემატური რჩება, როგორც თავმჯდომარემ თქვა, ეს ჩვენი პარტიის წევრების გადასაწყვეტია, ვისაუბრებთ ამაზე პარტიის შიგნითაც, მაგრამ ამ ეტაპზე მე უმრავლესობაში ვრჩები“.

ბაციკაძე „კონსერვატორების“ წევრია, მისი პარტიის ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა, დღეს 15 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, მიზეზად საკონსტიტუციო ცვლილებების დაასახელა, რომელიც პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო.

ზვიად ძიძიგურმა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც. დღესვე უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ამავე ფრაქციის წევრმა ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც.

ზვიად ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები დატოვებენ თუ არა უმრავლესობას, ეს მათ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: