მთავარი,სიახლეები

საია პარლამენტის პიკეტირებაზე: ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს პროტესტის ეს ფორმა

18.11.2019
საია პარლამენტის პიკეტირებაზე: ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს პროტესტის ეს ფორმა

„პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება. საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, აჩვენოს კონსენსუსის ნება და მხოლოდ ასე და არა ძალის გამოყენებით, დაარეგულიროს არსებული მწვავე ვითარება,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დღეს, 18 ნოემბერს გაავრცელა.

აქციის მონაწილეების პარლამენტში პარლამენტარებს არ უშვებენ. პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. საპროტესტო აქცია გრძელდება, რომლის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით.

საია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ პიკეტირება, ანუ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, მაგრამ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს. საია მიმდინარე მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. ,,გერმანული მოდელით“ არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. ამით ის თავად უწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მას ეკისრება,“ – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: