ბათუმში მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს – საპროტესტო აქცია


აჭარის მთავრობის სახლის წინ, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე აქციის მონაწილებს კარავი არ გააშლევინეს. პოლიციის განმარტებით, სავალ გზაზე კარვის გაშლა უსაფრთხო არ იყო. საბოლოოდ პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის შეთანხმება შედგა. კარავი მთავრობის სახლის წინ, ტროტუარზე გაშალეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ.

ვადამდელი პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობა და საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა – ეს არის ბათუმში, მთავრობის სახლთან შეკრებილი მოქალაქეების ძირითადი მოთხოვნები.

დღეს, 17 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელზეც “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. ბათუმის აქციის მონაწილეების თქმით ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. საქართველოს პარლამენტის წინ, თბილისში, მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ თბილისში, პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩაატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს / 17.11.2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს / 17.11.2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ბათუმი. 17.11.2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ამ თემაზე:

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com