მთავარი,სიახლეები

„ყოველ დღე გვექნება აქცია“ – ბათუმში კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

15.11.2019 • 1330
„ყოველ დღე გვექნება აქცია“ – ბათუმში კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათზე შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციები ბათუმში გაიმართება ხვალაც და ზეგაც.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პროპორცული საარჩევნო წესის კანონპროექტის ჩაგდებას. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა გასცა 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ.

„ყოველ დღე გვექნება აქციები, ხვალ არის დაგეგმილი აქცია შვიდ საათზე, კვირას გაიმართება აქცია ბათუმში სამ საათზე, ისევე როგორც თბილისშია დაგეგმილი“ – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ, მოძრაობის – „ქვეყნის სამსახურში“ წევრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საინიციატიო ჯგუფი ბათუმში, რომელშიც შედიან პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კვირას, სამ საათამდე აძლევს ვადას, დააფიქსიროს საკუთარი აზრი, ის უჭერს მხარს „გუშინდელ ბიძინა ივანიშვილს“ თუ „24 ივნისის ბიძინა ივანიშვილს“.

„ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ“ – განაცხადა მილორავამ.

აქცია იყო ბათუმში გუშინ, 14 ნოემბრის საღამოს და  დღეს დილითაც. დღეს დილას აქციის მონაწილეებმა ჩაკეტეს მთავრობის სახლის შესასვლელი და შენობაში შესვლის პრობლემა შეექმნა რამდენიმე თანამშრომელს, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა პოლიცია და 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ოთხივე დაკავებული დღესვე გაათავისუფლეს სასამართლოს შენობიდან, რადგან სასამართლო განხილვა გადაიდო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: