მთავარი,სიახლეები

შსს აქციის მონაწილეებს: ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს

18.11.2019
შსს აქციის მონაწილეებს: ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, თუ გაგრძელდება ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, პოლიცია „კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“. გუშინ და დღესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ საქართველოს პარლამენტის შენობა.

აქვე გთავაზობთ შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად:

„17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.

კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: