მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი პროტესტი გამოცხადებული აქციის წინ

16.11.2019
კიდევ ერთი პროტესტი გამოცხადებული აქციის წინ

ბათუმში, დღეს, 16 ნოემბერსაც იკრიბება მოქალაქეთა ჯგუფები იმის გასაპროტესტებლად, რაც მოჰყვა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებას – მხარი არ დაეჭირათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. 14 ნოემბერს მმართველმა გუნდმა უარი თქვა თავისი დანაპირების შესრულებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.

აქციის მონაწილეები დღეს ვარდების სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს. ეს ჯგუფი თავის პროტესტს დღესაც აჭარის მთავრობის სახლთან დაასრულებს.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ურიგებენ ფლაიერებს და მოუწოდებენ, რომ ხვალ 15:00 საათისთვის ერთად შეიკრიბონ აჭარის მთავრობის სახლთან, რათა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ გამოვიდეს და პასუხი მოსთხოვონ „მატყუარა ქართულ ოცნებას“.

მთავრობის სახლს უკვე მესამე დღეა იცავს საპატრულო პოლიცია.

______

კანონპროექტი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებდა, მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 14 ნოემბრის სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ერთმა ნაწილმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი მოდელით ჩატარდება, არადა ამ მოდელის გაუქმების პირობა მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „20 ივნისის მოვლენების შემდეგ“ დადო.

ცვლილებების ჩავარდნას აპროტესტებს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიშალა კარვები და ტარდება საპროტესტო აქციები.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: