მთავარი,სიახლეები

ბათუმის სტადიონზე მალე მინდორს დააგებენ, დაიწყება სკამების მონტაჟიც

18.11.2019 • 3674
ბათუმის სტადიონზე მალე მინდორს დააგებენ, დაიწყება სკამების მონტაჟიც

ბათუმის მშენებარე სტადიონზე ნოემბრის ბოლოს მინდვრის საფარის დაგება დაიწყება. ბალახს [კორდს] უკრაინიდან შემოიტანენ.

„ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, ფეხბურთის მოედნისთვის გათვალისწინებული ბალახი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და საერთაშორისო დონის სტადიონებზე გამოიყენება. სადრენაჟე სისტემაც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი. სავეგეტაციო ფენის მოწყობასაც მალე დავასრულებთ და დავიწყებთ მინდვრის დაგებას“ – გვითხრა ჯაბა სურმანიძემ, შპს „სტადიონის“ დირექტორმა. ეს სახელმწიფო კომპანია სტადიონის მშენებლობის საკითხს კურირებს.

ბათუმის მშენებარე სტადიონი / ფოტო: შპს „სტადიონი“

ბათუმის სტადიონზე მალე დაიწყება ასევე სკამების დამონტაჟებაც. ფერი ლურჯი იქნება. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები დამონტაჟდება.

„სკამები იქნება მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ცეცხლმედეგი და ანტივანდალური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უმაღლესი ხარისხის მატერიისგან. რაც შეეხება მთლიანად სტადიონის დასრულებას, ვმუშაობთ ინტენსიურად და გვინდა, რომ 2020 წლის მარტამდე დასრულდეს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „სტადიონის“ დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ.

დასრულებულია ტაბლოს ლითონის კონსტრუქციის მონტაჟიც. „გამოსახულების რეზოლუცია Full HD-ია და მისი გარჩევა სტადიონის ნებისმიერი მონაკვეთიდან იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს „სტადიონი“.

ტაბლოს ლითონის კონსტრუქცია ბათუმის მშენებარე სტადიონზე / ფოტო: შპს „სტადიონი“

მშენებარე სტადიონზე უკვე დასრულებულია გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟი და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა სარემონტო და ტრიბუნების კოსმეტიკური სამუშაოები.

განათების სისტემა ბათუმის მშენებარე სტადიონზე / ფოტო: შპს „სტადიონი“

მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი / ფოტო: შპს „სტადიონი“

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს [პირველი ეტაპი].

ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.

ამ თემაზე:

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა [ფოტო]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: