მთავარი,სიახლეები

„ბიძინა, რატომ მოგვპარე პროპორციული საარჩევნო სისტემა!“- აქცია ბათუმში

16.11.2019 • 2046
„ბიძინა, რატომ მოგვპარე პროპორციული საარჩევნო სისტემა!“- აქცია ბათუმში

პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო, რამდენიმე დღეა საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს თბილისსა და ბათუმში. მორიგი აქცია გაიმართა დღეს, 16 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობის წინ.

სამოქალაქო და პარტიული აქტივისტები 18:00 საათისთვის ბათუმში, ვარდების სკვერში შეიკრიბნენ, იქედან კი მსვლელობა დაიწყო მთავრობის შენობისკენ, სადაც გამოფინეს პლაკატები წარწერით – „მატყუარა ბიძინა“, „შეცვალე“, „გადამგდები მთავრობა“ და ა.შ. აქციაზე ხმამაღლა იყო ჩართული 20-21 ივნისის მოვლენების დროს შექმნილი მუსიკა – „გახარიას უხარია“. გამომსვლელები ამბობდნენ, რომ ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ატყუებს ხალხს, უნდა წავიდეს.

„საზოგადოებას სჭირდება პროპორციული არჩევნები და მანკიერი, მახინჯი მაჟორიტარული სისტემა, რომელშიც ჩართულია ადმინისტრაციული რესურსები, 5 კგ კარტოფილი და გაღატაკებული ადამიანების ხარჯზე და ნერვების ხარჯზე მოპოვებული ხმები და მანდატები უნდა დავასრულოთ, ამას უნდა ვუთხრათ მკაცრი უარი“, – თქვა აქციაზე „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მიხეილ ქავთარაძემ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემას

საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებს მიმართა „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბათუმში, გენრი დოლიძემ. მისი თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქუჩის პოლიტიკა და საქართველოს ბედ-იღბალი უნდა გადაწყდეს პარლამენტში.

„ამის უნიკალური საშუალება არის პროპორციული არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთელი სამი თვე გვამადლა, რომ პროპორციული სისტემა ვაჩუქეთ საქართველოსო, მაგრამ სად არის ბატონო ბიძინა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რატომ გადაგვაგდე? რატომ მოგვპარე გრინჩივით ჩვენი შვილების მომავალი, რატომ მოგვპარე სამოქალაქო თანასწორობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და ის პრინციპები, რამაც უნდა ააშენოს ჩვენი ქვეყანა“.

გენრი დოლიძის თქმით, ივანიშვილს აღარანაირი შანსი აღარ გაქვს, პროცესები უკან შემოაბრუნოს. „როგორც მოსვლით გაგვახარე, ის წასვლით გაგვახარე ბიძინა და გადაწყვიტოს ყველაფერი პროპორციულმა არჩევნებმა, რადგან სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობას მოგვცემს პროპორციული სისტემა“, – ამბობს დოლიძე.

პლაკატი საპროტესტო აქციიდან – „გადამგდები ბიძინა, გადავაგდოთ ჩვენც“. 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

აქციაზე კიდევ ერთი გამომსვლელი გია ხალვაში საუბრობდა მცდარი ინფორმაციების გავრცელებაზე. „ერთ-ერთი ხელოვანი ადამიანი ფეისბუკში წერდა დღეს, რომ აჭარაში დაგეგმილია სახელმწიფო გადატრიალება, რომ სარფის საზღვარზე მოადგა უკრაინული, თურქული ჯარები და ა.შ. ტანკებს ამზადებენ ნაცაქტივისტებიო. ჩვენ არასდროს ავიღებთ იარაღს ერთმანეთთან სასაუბროდ და ჩვენს ურთიერთობას ჩვენს ძმებთან გავარკვევთ მხოლოდ სიტყვით და არა ქუჩებში ქვების სროლით“, – თქვა ის.

საპროტესტო აქცია მთავრობის შენობის წინ, ხვალ, 17 ნოემბერს 15:00 საათზეც გაიმართება.

_____

კანონპროექტს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებდა, 14 ნოემბერს მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი  3-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 14 ნოემბრის სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ერთმა ნაწილმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი მოდელით ჩატარდება, არადა ამ მოდელის გაუქმების პირობა მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „20 ივნისის მოვლენების შემდეგ“ დადო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: