სახელმწიფო ბათუმში 1 ჰექტარ მიწას 780 ათას ლარად უპირობოდ ყიდის – აუქციონი 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთს აუქციონზე 780 ათას ლარად უპირობოდ ყიდის. სააგენტო მიუთითებს, რომ ნაკვეთის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი, სასტუმრო კომპლექსია. თუმცა, სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის წერილით ირკვევა, რომ „ამ ნაკვეთის განვითარება ისე უნდა დაიგეგმოს, რომ არ მოხდეს მაღალი ინტენსივობით შეჭრა არსებულ გარემოში“.

გასაყიდი ნაკვეთი შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელი], ავგიას ქუჩა N 64ა-ში მდებარეობს. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2019 წლის 4 დეკემბერს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 2000 ლარია.

განაცხადში სააგენტოს მიერ მითითებულია, რომ გასაყიდ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ობიექტი (სასმელი წყლის მილი), რომლის შეუფერხებელი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს მაგისტრალური მილსადენის 10-მეტრიანი რადიუსის უსაფრთხოების ზონის დაცვა; ამასთან, აღნიშნულ ნაკვეთს იყენებს პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის  გარეშე;  გასაყიდი მიწა მდებარეობს საცხოვრებელ ზონა N3-ში და 294 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

განაცხადს თან ახლავს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის წერილი.

„ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9840 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ტერიტორია ემიჯნება ინდივიდუალური განაშენიანებით დაფარულ არეალს. გამომდინარე აქედან, მისი განვითარება ისე უნდა დაიგეგმოს, რომ არ მოხდეს მაღალი ინტენსივობით შეჭრა არსებულ გარემოში. ასევე, მიწის ნაკვეთის ფართობიდან გამომდინარე ტერიტორიისთვის უნდა შემუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, იმ შემთხვევაში თუ არსებობს უკვე დამტკიცებული გეგმა მთელი სოფლისთვის, ან ახალი კანონმდებლობის შესაბამისად განაშენიანების დეტალური გეგმა“, – აღნიშნულია დეპარტამენტის წერილში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები: „მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში“.

გასაყიდი მიწის ნაკვეთი / ფოტო აუქციონიდან
მთავარი ფოტო: გასაყიდი მიწის ნაკვეთი / ფოტო აუქციონიდან

სუიციდზე ფიქრები, ანუ როგორ შევნიშნოთ მოზარდებში სახიფათო სიგნალები 

მე-12 კლასელმა ბიჭმა სკოლაში სიარული მოულოდნელად შეწყვიტა. დამამთავრებელი კლასის ათოსანი მოსწავლე ოთხი თვის განმავლობაში კლასში არ გამოჩენილა. „როცა სახლში მივაკითხეთ, არც კი შეგვიპატიჟა, კარებიდან მალევე გამოგვისტუმრა. როცა ვეკითხებოდით, თუ რა ხდებოდა მის თავს, დუმდა. მიზეზს არ გვეუბნებოდა,“- ყვება მოზარდის მეგობარი.

საკუთარ თავსა და ოთახში განმარტოებული მოზარდით, სკოლა პირველ ეტაპზე დაინტერესდა, თუმცა ეს ინტერესი დღეების მატებასთან ერთად იკლებდა. „კი, ამბობენ, რომ ვკითხულობდით მის ამბავსო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არაფერი გააკეთეს მისთვის“, – გვეუბნება მეგობარი. „ვერც ჩვენ შევძელით…“ – დანანებით ამბობს ის. მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა წყალტუბოში სექტემბერში მოხდა.

როგორ მოქმედებს სახელმწიფო სისტემა, როცა იღებს ინფორმაციას, რომ მოზარდს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება? – მუშაობს თუ არა ეს მექანიზმი ეფექტურად და ასრულებს თუ არა სუიციდის პრევენციის ფუნქციას, რაში ჩანს ამ სისტემის ხარვეზები და აქვს თუ არა ქვეყანას მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები?

როცა კლასის დამრიგებელს ვკითხეთ, თუ რა მოიმოქმედა სკოლამ, როცა დაინახა, რომ მოზარდს ფსიქოლოგიური კრიზისი ჰქონდა, მან გვიპასუხა, რომ მშობელი გააფრთხილეს. „სხვას ვერაფერს ვიზამდით. გვქონდა მიმოწერა მასთან, უცხოეთში იყო სამუშაოდ და ჩამოვიდა“, – გვეუბნება დამრიგებელი. მისი თქმით, დედას ჰქონდა მცდელობა შვილი ფსიქოლოგთან წაეყვანა, თუმცა ვერ შეძლო. „ფსიქოლოგი არ მჭირდებაო და არ გაჰყვა“.

დამრიგებლის თქმით, დედა  გამოსავალს ეძებდა.

დედა ისევ წავიდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში, მოზარდი კი თავის პრობლემასთან ისევ მარტო დარჩა. ამით დასრულდა ფსიქოლოგიური დახმარების მცდელობაც და მოზარდის ისტორიაც.

სტატისტიკური მონაცემებით, სუიციდის ფაქტები, მოზარდებს შორის, წინა წლებთან შედარებით მომატებულია. ასევე სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ორჯერ მეტმა გოგონამ მოიკლა თავი, ვიდრე ბიჭმა.

როცა მშობელი ვერ პოულობს გამოსავალს ან ბოლომდე ვერ აფასებს რისკებს, ვინ უნდა ჩაერიოს კრიზისის გადაჭრაში? ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ დღეს არსებული რეალობიდან რთულია ამის თქმა, მაგრამ ასეთ დროს, ფსიქოლოგები რასაც ეჭიდებიან, მშობლის სათანადოდ ინფორმირებაა.

„როცა მოზარდი დეპრესიულია, ის ნაკლებად მოტივირებულია წავიდეს სპეციალისტთან და ხშირად უშედეგოა მშობლის ძალისხმევაც – მიიყვანოს შვილი ფსიქოლოგთან. ეს ერთ-ერთი ბარიერია, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ  სახელმწიფოს დონეზე არ არსებობს კრიზისის მართვის რაიმე სისტემა“, – გვეუბნება ის.

სახიფათო სიგნალებზე მშობლებისთვის არაერთხელ გაუცია რჩევა, თუ როგორ უნდა დაამყაროს ასეთ დროს შვილთან ურთიერთობა, რაზე გაამახვილოს ყურადღება, როგორ იყოს ჩართული, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის გადაუდებელი ჩართულობა ასეთ დროს, „მაგრამ მხოლოდ ჩემი ან ჩემი რომელიმე კოლეგის რეკომენდაცია ხომ არ არის ინსტიტუციურად გამართული სისტემა?!  რატომ უნდა იყოს ადამიანის ბედი დამოკიდებული იმაზე, შევძლებთ თუ არა მე ან რომელიმე ჩემი კოლეგა ვუპასუხოთ ასეთ საგანგაშო ზარს? რაიმე მიზეზით თუ ვერ გვიკავშირდებიან, რადგან ჩვენ არ წარმოვადგენთ „ცხელ ხაზს“, გამოდის რომ საერთოდ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიიღებს მშობელი და ამ დროს ბავშვი დახმარების გარეშე  შეიძლება დარჩეს“, – ამბობს მაია ცირამუა.

რა რესურსი აქვს მშობელს ასეთ დროს?  ფსიქოლოგის თქმით, თუ მშობელი, ვთქვათ, გამოიძახებს 112-ს, ეს სამსახური ვერაფერს მოიმოქმედებს თუ სახეზე არ არის სუიციდის მცდელობა. მხოლოდ სუიციდის ნიშნების არსებობით 112 ვერ დაიწყებს ჩარევას. „რა ეტაპზე უნდა მოხდეს  ჩარევა, ვინ უნდა ჩაერიოს, სად შეიძლება გაკეთდეს შეტყობინება? არ არსებობს პასუხები ამ კითხვებზე, არანაირი დამცავი მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს“, – გვეუბნება მაია ცირამუა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წელს სუიციდის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო 87-ე ადგილზეა, მაშინ როცა ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამ მიმართულებით ქვეყანა 123-ე ადგილს იკავებდა.

როდის არის ნიშნები საგანგაშო?

„თუ მოზარდი იკეტება და წყვეტს კომუნიკაციას ახლობლებთან, სოციუმთან, რადიკალურად ეცვლება ქცევა, კარგავს ინტერესს, მოტივაციას, დაწეული აქვს  გუნება-განწყობა ან მუდმივად გაღიზიანებულია – ეს  უკვე საყურადღებო ნიშნებია და თუ მოზარდი ასეთ დროს იმყოფება იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც არ ჰყოფნის განათლება, უნარი, რომ ამოიცნოს ეს ნიშნები, პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს, დროული რეაგირებაა საჭირო.

რა უნდა გაკეთდეს, ვინ უნდა ჩაერიოს, რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს ასეთ დროს, ეს ყველაფერი უნდა იყოს გააზრებული სახელმწიფოს მიერ და უნდა არსებობდეს პრევენციის პროგრამა, რომელიც გამოსავალს აპოვნინებს ადამიანს“, – ამბობს მაია ცირამუა.

იმ შემთხვევაში, თუკი  კრიზისში მყოფი მოზარდი გადაამისამართეს შესაბამის კლინიკაში, რამდენად გამართული და თანმიმდევრული სისტემა ხვდება მას? – ფსიქოლოგის თქმით, ასეთ შემთხვევაში მოზარდი შეიძლება დატოვონ მაქსიმუმ 10 დღით მკურნალობის ქვეშ. მაგრამ შემდეგ როგორ ვითარდება პროცესი, ხდება თუ არა უწყვეტი მონიტორინგი? გვაქვს სათემო  მომსახურების სერვისები მოზარდებისათვის, რომ ის არ დარჩეს  მხოლოდ  მშობლის ამარად?  რა შემთხვევაში და როგორ უნდა ჩაერთოს სოციალური სამსახური, რა ვალდებულებები აქვს და რა შეუძლია ამ სამსახურს,  საერთოდ ვისი პასუხისმგებლობაა თვალი მიადევნოს ბავშვს ან მოზარდს, რომელმაც სცადა სუიციდი?

„აქ პასუხები აღარ გვაქვს. ეს უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებული ქმედებები სხვადასხვა სამსახურს შორის, ამ დროს ოჯახს სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი სისტემა  არ გვაქვს და ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს მაია ცირამუა

რა ბერკეტი აქვს ხელთ მანდატურის სამსახურს მოზარდის გადასარჩენად

მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის, თეონა ჩიტაშვილის თქმით, სკოლის მანდატურები სწავლობენ ძალადობის ნიშნებს და მოზარდის ქცევის თავისებურებებს, რაც შესაძლოა მიუთითებდეს დესტრუქციულ შემთხვევებზე.

„ასეთ მოსწავლეებს სკოლა ამისამართებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, სადაც დასაქმებულები არიან ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ფსიქიატრები. ეს ცენტრი შემდეგ უკავშირდება არასრულწლოვნის მშობელს და სთავაზობს შესაბამის მომსახურებას. თუმცა, არ არსებობს 100%-იანი გარანტია, რომ მოზარდს ეს სერვისი ბოლომდე დაეხმარება“, – გვეუბნება თეონა ჩიტაშვილი.

თუ მოზარდი უარს ამბობს ფსიქოლოგის მომსახურებაზე, მაგრამ სახეზეა კრიზისის დამადასტურებელი ყველა ნიშანი, თეონა ჩიტაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევებში ისინი მშობელთან მუშაობენ, რომ ასწავლონ ტექნიკა, როგორ დაეხმაროს შვილს.

კითხვაზე, რა მოიმოქმედა სკოლამ, მანდატურის სამსახურმა და ოჯახმა ერთობლივად ან რას ვერ გაართვეს თავი, როცა მოზარდებმა სუიციდით დაასრულეს სიცოცხლე? – ჩიტაშვილი ამბობს, რომ როცა მოზარდი უარს ამბობს ფსიქოლოგის მომსახურებაზე, სახელმწიფო სტრუქტურები უძლური არიან. „ასეთ დროს, მშობელმა უნდა შეძლოს და თუნდაც სახლში მიიყვანოს ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, სხვანაირად გამოდის, რომ ყველა გზა გადაკეტილია. ჩვენ ჯადოქრები არ ვართ“, – ამბობს თეონა ჩიტაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუკი ფსიქიატრის საჭიროება სახეზეა, მანდატურის სამსახურის ფსიქიატრს მაინც არ აქვს უფლება დანიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა და მოზარდი შესაბამის ცენტრში უნდა გადაიგზავნოს, სადაც მომსახურება ფასიანია, რაც ასევეა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა მშობლებისთვის.

გასულ წელს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრში 3 ათასი მოსწავლე გადაამისამართეს. ის, რომ ბავშვები და მოზარდები სულ უფრო ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლი და საჭიროებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, ამაზე მიუთითებს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებიც. ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსის, ხათუნა ჯიქიას თქმით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ბავშვზე და მოზარდზე ძალადობის 1 156 შემთხვევა დარეგისტრირდა.

ჯიქიას თქმით, 2016  წლიდან ამოქმედდა მთავრობის დადგენილება, ბავშვთა დაცვის რეფერირების, მიმართვიანობის დამტკიცების შესახებ, რითაც გაიზარდა ის სუბიექტები, რომელთაც ვალდებულება აქვთ, რომ ძალადობის შემთხვევაში შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს. „აქედან ერთ-ერთი არის ჩვენი სამსახური, შემდეგ პოლიცია, სკოლა და ის სახელმწიფო უწყებები, სადაც ბავშვებთან აქვთ შეხება“, – გვეუბნება ხათუნა ჯიქია.

კითხვაზე, იყო თუ არა მათი სამსახური ინფორმირებული, წყალტუბოში მცხოვრები მოზარდის ან იმ სხვა მოზარდების შესახებ, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა და რა ზომები გატარდა მათ დასახმარებლად ამ სამსახურმა, ხათუნა ჯიქია ამბობს: „წყალტუბოს შემთხვევა ჩვენთან გადმომისამართებული არ იყო. ზოგჯერ მშობელი საჭიროდ არ თვლის ფსიქოლოგს მიმართოს. „ჩემი შვილი გიჟი არაა“, – ამ დამოკიდებულების გამო“.

იმ შემთხვევებზე, თუ მშობელი ხედავს პრობლემას, მაგრამ არ შეუძლია დახმარება, ხათუნა ჯიქია ამბობს, რომ იძულებით ვერავის მიიყვანენ ვერც ფსიქოლოგთან და ვერც ფსიქიატრთან, თუმცა დასძენს, რომ როცა ამბავი მათ სამსახურამდე მიდის, ჩარევა  უკვე დაგვიანებულია.

ხათუნა ჯიქიას აზრით, სუიციდის პრევენცია ოჯახში და სკოლაში უნდა მოხდეს, რადგან ბავშვები სწორედ აქ ატარებენ ყველაზე მეტ დროს. „აქ უნდა ამოვიცნოთ ბავშვის პრობლემები და ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ, რომ ნებისმიერ ძალადობაზე ჰქონდეთ რეაქცია. როცა ბავშვი სკოლაში არ დადის თვეების მანძილზე და სკოლას რეაქცია არ აქვს, შემდეგ უკვე მართლა უძლურები ვართ“, – ამბობს ის.

პრევენცია რომ დროულ რეაგირებას ნიშნავს, ამაზე საუბრობს მაია ცირამუაც. მისი თქმით, კრიზისზე რეაგირება მესამე დონის პრევენციაა. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს 24-საათიანი კრიზისული სამსახურები, სადაც შეტყობინების შემდეგ დაუყოვნებლივ იმოქმედებენ და მულტიდისციპლინურად შეიმუშავებენ ჩარევის გეგმას.

შსს მონაცემებით, საქართველოში მოზარდებს შორის როგორც სუიციდის, ასევე მცდელობის მაჩვენებელი გოგონებს შორის უფრო მაღალია ვიდრე ბიჭებში. ბოლო სამი წლის განმავლობაში გოგონების სუიციდის 23, ხოლო ბიჭების – 15 შემთხვევა იყო. 

ფსიქოლოგი და მწერალი თამარ თანდაშვილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი გენდერული ნიშნით ქალების და გოგონების ჩაგვრაში უნდა ვეძებოთ.

ფოტო: ბათუმელების არქივიდან

ქალებს განსაკუთრებული შიში აქვთ დარცხვენი

„თვითმკვლელობაზე ფიქრი ბევრ ჩემს პაციენტში ასოცირებული იყო სირცხვილის, დარცხვენის შიშთან. ერთი შეხედვით შეიძლება ეს ვინმეს არ მოეჩვენოს ტრაგიკულ პრობლემად და თქვას – „ვის არ შეგვრცხვენია“, მაგრამ ქალებს განსაკუთრებული შიში აქვთ იმის, რომ ვიღაც მას განიხილავს „მსუბუქი ყოფაქცევის“ ან უწესო ადამიანად და თუკი მათი სექსუალობის შესახებ გავრცელდება ვერბალური ან ვიზუალური მასალა, შეიძლება დაცინვის ობიექტები გახდნენ სხვა ადამიანების მხრიდან“.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამის მაგალითი მის პრაქტიკაში ბევრია.

„შარშან იყო ასეთი შემთხვევების ბუმი 15-16-17 წლის მოზარდებში. ამის გამო მიიყენა ერთ-ერთმა გოგონამ თვითდაზიანებები. ამბობდა: „თავი არსად გამომეყოფა“, „ჩემი ცხოვრება დამთავრდა“, რადგან პატრიარქალური ავტორიტეტების გარემოცვაში სექსუალობის გასაჯაროება გოგონებისთვის ძალიან მძიმეა“, – ამბობს თამარ თანდაშვილი.

მისი აზრით, როცა დარცხვენაზეა საუბარი, დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებს და პატრიარქალურ ფიგურებს, თუ რა პოზიციას დაიჭერენ ისინი მსხვერპლის მიმართ.

„სექსი და სექსუალობა ადამიანის ფიზიოლოგიის და ფსიქოლოგიის მახასიათებელია. როგორც კი ეს დისკუსია შემოვა და მოზარდებთან ამაზე საუბარს დავიწყებთ, მათ ნაკლებად შეეშინდებათ და შერცხვებათ“, – ამბობს თამარ თანდაშვილი.

ფსიქოლოგის თქმით, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოზარდის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაწერილია პროცედურები, როგორ უნდა მოიქცნენ კრიზისულ ვითარებაში. „როცა ბავშვი არ გამოჩნდება რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ამჩნევენ, რომ ბავშვის ქცევა არის არაორდინალური, საქმეში რთავენ ბავშვთა სერვისებს და ფსიქოლოგი ვალდებულია მშობელს დაუკავშირდეს. ამ პროცედურის ცოდნა მასწავლებლისთვის სავალდებულოა სკოლაში, თუმცა საქართველოში ამ მხრივ პედაგოგებს სათანადო მომზადება არ აქვთ და არც სისტემა მუშაობს“.

ფსიქიკური ჯანმრთელობა ფოკუსირებულია თვითმკვლელობის პრევენციაზე
ილუსტრაცია: stlucianewsonline.com

მაია ცირამუას აზრით, მოზარდებში ემოციური და ქცევითი პრობლემების, მათ შორის სუიციდის რისკის არსებობას ხელს უწყობს არახელსაყრელი გარემო, რომელიც არ არის ორიენტირებული ბავშვის  ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არა მარტო ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, არამედ გაღარიბებული სოციალური ურთიერთობების პრობლემაცაა. „ბავშვებს აქვთ როგორც მშობლებთან, ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შიმშილი, აქვთ სიმარტოვის, მოწყენილობის, არარეალიზებულობის პრობლემა, მაშინ როცა მათთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ამოცანაა,  თავი დაიმკვიდრონ და ინტეგრირდნენ გარკვეულ ჯგუფთან. რა ხელშემწყობი მექანიზმები გვაქვს ამისთვის, რა პოზიტიური ახალგაზრდული ჯგუფები გვაქვს, სადაც შეუძლია ბავშვს, მოზარდს თავისი ინტერესის, სურვილის, თავისი შესაძლებლობების შესაბამისად გაერთიანება? – მინიმალური.

წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება შეცვალოს ერთი ძალიან მოწყენილი უბნის, სოფლის ცხოვრება თუნდაც ერთმა ფეშენებელურმა სტადიონმა, აუზმა, სპორტულმა კომპლექსმა, მუსიკალურმა კლუბმა, სამკითხველო დარბაზმა. როგორ ერთვებიან ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობები? მნიშვნელოვანია მათი ბიუჯეტი ისე  გაიწეროს, რომ ახალგაზრდების საჭიროებებზეც იყოს მორგებული.

ის ბავშვები კი, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ეს ყველაფერი, ამ სიკეთეების მიღმა არიან. ზოგადად, ქვეყანაში არაძალადობრივი ურთიერთობების დეფიციტია, სოციუმი გაჯერებულია ძალადობრივი განწყობებით, ბულინგი სერიოზული პრობლემაა, იზრდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე დეპრესია, ნივთიერებებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. დეზორგანიზებულია სკოლა, თემი, გაზრდილია სიღატაკე, განათლების დეფიციტია და შესუსტებულია ოჯახური ურთიერთობები…

როცა ასეთ რამეებზე სახელმწიფო არ ფიქრობს, ეს პრობლემები თოვლის გუნდის ეფექტით იზრდება და ზვავივით დაგვეცემა თავზე. სწორედ ამიტომ არის სუიციდის და დანაშაულის ამდენი შემთხვევა“, – ამბობს მაია ცირამუა.

ქეთევან კალანდაძე, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ანტიბულინგური სტრატეგია და ხედვა, თუ როგორ უნდა მოახდინოს მისი პრევენცია და რეაგირება. მისი თქმით, ბავშვების უსაფრთხოება, მათი კეთილდღეობა და დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და პრიორიტეტი უნდა გახდეს.

თუმცა, სახელმწიფო კრიტიკულ მომენტებში პასუხისმგებლობას მშობელს აკისრებს. მშობელს, რომელსაც პირად ტრაგედიასთან ერთად გაუმართავი სისტემაც ასუსტებს. დანაშაულის გრძნობამ, რომ ვერ შეძლო დახმარებოდა შვილს, სულ ახლახანს, წყალტუბოში შვილთან ერთად, დედის სიცოცხლეც თვითმკვლეობით დაასრულა.

_______

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/397758/

1 მილიონს გადააჭარბა ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა თანხამ 

1 მილიონ 105 ათას 445 ლარი – ეს თანხაა ამ დროისთვის ქალაქისა და აჭარის ბიუჯეტებში გათვალისწინებული, წელს, ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებისთვის და ქალაქის გაფორმებისთვის. შარშან იგივე მიზნისთვის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამ თანხიდან 428 423 ლარი – უშუალოდ ქალაქის გაფორმებისთვისაა გათვალისწინებული, 271 950 ლარი – საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, 52 100 ლარი – ნაძვის ხის დეკორატიული სანათებისთვის და 352 972 ლარი ბულვარში დეკორაციებისთვის.

საახალწლო მთავარი ნაძვის ხე და სცენა წელს ბულვარში დაიდგმება, შესაბამისად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედნიდან ბულვარში გადაინაცვლებს.

სხვადასხვა სახის საახალწლო მანათობელ კონსტრუქციებსა და აქსესუარებს წელს „ბათუმის ბულვარი“ თავისი ბიუჯეტიდან შეისყიდის, რისთვისაც 352 972 ლარამდე დახარჯავს. ბულვარმა ტენდერი უკვე გამოაცხადა – წინადადებების მიღება 29 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება.

საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების სპეციფიკაციები ტენდერის ტექნიკურ დავალებაშია. ბულვარი შეისყიდის საშობაო ირემს, დეკორატიულ მოტივებს [6-6 ცალი], დეკორატიულ ანგელოზებს [12 ცალი], ვარსკლავებს [80 ცალი], გირლიანდას [სულ 80 000 მეტრი სიგრძის], დელფინებს [12 ცალი], მანათობელ ბაფთებს – მანათობელი შლანგითა და გირლიანდებით [25 ცალს].

ამ ტენდერის ფარგლებში ბათუმის ბულვარი ასევე შეისყიდის საახალწლო ნაძვის ხის ლითონის კონსტრუქციის ბაქანს, რომლის დიამეტრი 16 მეტრი უნდა იყოს. ეს ბაქანი ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხისთვის იქნება განკუთვნილი.

წელს მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ, რისთვისაც აღნიშნული ლითონის ბაქანი იქნება აუცილებელი.

დეკორატიული ვარსკვლავი საახალწლო ნაძვის ხისთვის

ბათუმის კულტურის ცენტრი წელს შეისყიდის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციულ სანათებსაც, მათ შორის ნაძვის ხის თავსართ დეკორატიულ ვარსკვლავს, ორმხრივი მანათობელი პროჟექტორით [ვარსკვლავის საბოლოო დიზაინი შეთანხმდება ბათუმის კულტურის ცენტრთან]. ამ შესყიდვაზე კულტურის ცენტრს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 52 100 ლარია.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კი წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს დასრულდება. სატენდერო თანხა აქ 271 950 ლარია.

რაც შეეხება საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებს, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ გაფორმდება. კომპანიის შეთავაზება [მომსახურების ფასი] ზუსტად იმდენია, რა თანხითაც ტენდერი გამოცხადდა – 428 423 ლარი.

ამ თემაზე:

საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება

 

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ „ტოდინს“ დეპარტამენტი ასეულ მილიონს ედავება

„ასეული მილიონის ოდენობით თანხას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ედავება კომპანია „ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის ახალი გზა უნდა ააშენოს. დავა ეხება კომპანია „ტოდინთან“ იმ ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული.

დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოს 21 ნოემბერს მიმართა და ითხოვა მისცეს უფლება ამ და სხვა დავის წარმოებისთვის დაიქირავოს საერთშორისო იურიდიული კომპანია. დეპარტამენტის ინფორმაციით, იურიდიული კომპანიის მომსახურების შესყიდვისთვის თითქმის 5 მილიონი ლარი სჭირდება.

დეპარტამენტი არ ასახელებს კონკრეტულ თანხას, რასაც კომპანიას ედავება. რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს ამ ხელშეკრულების შეწყვეტით და რა ოდენობის თანხის ანაზღაურებას ითხოვს სახელმწიფო „ტოდინისგან“? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ დეპარტამენტს ოფიციალური წერილითაც მიმართა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

„… საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში რაიმე სახის ინფორმაცია ვერ გაიცემა“, – მოგვწერეს მიმდინარე წლის აგვისტოში დეპარტამენტიდან.

„კონტრაქტორ ტოდინს დეპარტამენტი ედავება ასეული მილიონის ოდენობით თანხას მიყენებული ზიანის სახით. დავა ეხება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულების შეწყვეტას, საკითხის განხილვა დავების განმხილველ საბჭოში უნდა მოხდეს საერთაშორისო არბიტრაჟის (ICC) თავისებურებების გათვალისწინებით, რომ შემდგომში წარუმატებელი არ აღმოჩნდეს საერთაშორისო არბიტრაჟში. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული დავა აწარმოოს საერთშორისო იურიდიულმა კომპანიამ, საერთშორისო არბიტრაჟში დავის პარალელურად. დავის სპეციფიკისა და თავისებურების გათვალისწინებით, ვინდაინ დეპარტამენტს არ გააჩნია გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის წარმოების, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული დავა აწარმოოს დამოუკიდებლად“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ამ და სხვა დავების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020 წლისთვის იურიდიული მომსახურებ(ებ)ის შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც 4 მილიონ 720 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობისთვის, როგორც აღვნიშნეთ, უკვე მიმართა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აქვს რამდენიმე სამართლებრივი დავა, რომელიც მიმდინარეობს უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და დავების განმხილველ საბჭოში. აქედან გამომდინარე, დეპარტამენტი თვლის, რომ შესაბამისი იურდიული მომსახურებები უნდა შეისყიდოს ისეთი იურდიული კომპანიებისგან, რომელთაც აქვთ დავების განმხილველ საბჭოში და საერათშორისო არბიტრაჟში წარმომადგენლობის გამოცდილება.

დეპარტამენტი სასამართლო დავას აწარმოებს ასევე ყაზახეთის სასამართლოში სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის წინააღმდეგ. სწორედ ამ ბანკისგან ჰქონდა წარმოდგენილი გარანტიები „ტოდინს“ სამტრედია-გრიგოლეთის ხელშეკრულების ფარგლებში. [ინფორმაციისთვის – „ტოდინს“ ხულო-ზარზმის ორთავე ლოტზეც ასევე ყაზახური, ოღონდ სხვა ბანკის [TENGRI BANK JSC] მიერ გაცემული გარანტიები აქვს წარდგენილი].

„დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს [„ტოდინი“] შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების [ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი (ლოტი 3) მშენებლობის შესახებ] ფარგლებში, ტოდინის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიები სს „ასტანის ბანკიდან“. სს „ასტანის ბანკის“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა ყაზახეთის სასამართლოში სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის წინააღმდეგ. აღნიშნული დავა სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. დავა მიმდინარეობს ყაზახეთში, ყაზახეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დეპარტამენტი მისი რესურსის კომპეტენციის გათვალისწინებით მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს აღნიშნული დავა დამოუკიდებლად“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტში, „დეპარტამენტსა და „ტოდინს“ შორის ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორზე ანაზღაურებული თანხა შეადგენს 17 662 684 ლარს, 2 445 101 აშშ დოლარს და 2 238 701 ევროს. მათ შორის ავანსი: 16 565 089 ლარი, 2 293 158 აშშ დოლარი და 2 099 101 ევრო“, – მოგვწერეს ადრე დეპარტამენტიდან.

კიდევ ერთი დავების შესახებ გზების დეპარტამენტის განაცხადიდან:

[checklist]

  • „დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC-ს [შემდგომში – ალტკომი] შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (სამტრედია – გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი I) მშენებლობა) ალტკომის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (ხელშეკრულების უზრუნველყოფის) საბანკო გარანტია და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (გამცემი ბანკი: Public Stock Company “Joint Stock Commercial Industrial & Investment Bank” (პრომინვესტბანკი)). აღნიშნული გარანტიების ფარგლებში ამჟამად მიმდინარეიობს დავა უკრაინის სასამართლოში. უკრაინაში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს უკრაინულ ენაზე და ასევე გამოსაყენებელი სამართალი არის უკრაინული. შესაბამისად, დეპარტამენტი, ვინაიდან არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, მისი რესურსით მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს აღნიშნული დავა“.

[/checklist]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ „დეპარტამენტი ახორციელებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას. აღნიშნული მშენებლობის ფარგლებში გაფორმებულია FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები, რომელთა მართვაც ხასიათდება თავისებურებებით, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში დავის გადაწყვეტის მექანიზმია დავების განმხილველი საბჭოები და საერთშორისო არბიტრაჟები.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დეპარტამენტის დღის წესრიგში დგება დავასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა, რომელშიც გამოცდილების არ არსებობის გამო, ზოგიერთ შემთხვევაში დეპარტამენტი საჭიროებს საერთაშორისო იურდიული კომპანიებისაგან იურიდიულ კონსულტაციას, იმისთვის, რომ შემდგომში საერთაშორისო არბიტრაჟში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო არ დადგეს გამოუვალი სიტუაციის წინაშე“.

დეპარტამენტი აცხადებს ასევე, რომ ძნელია წინასწარ სრულად განსაზღვრო – გამოავლინო ყველა საკვანძო და ტექნიკური დეტალების შემცველი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც საუკეთესო შედეგის მიღწევის მიზნით, საჭიროებს გადაწყვეტილების მიღებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის აუცილებლობას. „ასევე შეუძლებელია ასეთი გამოცდილების და რანგის კონსულტანტების ტენდერში მონაწილეობაზე დაყოლიება“.

„დავები ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემულ თანხებს და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ამდენად, დავის კვალიფიციურად წარმოება წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს. ვინაიდან ზოგიერთი დავა უკვე დასრულდა, ხოლო დავა გრძელდება უკრაინაში, ყაზახეთში და ტოდინთან, რომელიც გადაინაცვლებს შემდგომში არბიტრაჟში და შეიძლება წინასწარ განუსაზღვრელად დადგეს სხვა ხელშეკრულების ფარგლებში იურიდიული მომსახურების შესყიდვის აუცილებლობა. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ამ პროცესში არსებული პროცედურული ხასიათის ბარიერები და ასეთი იურიდიული მომსახურების შესყიდვები მიზანშეწონილია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

– – –

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საბოლოოდ გააფრთხილა. დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია აქტიურ სამუშაოებს 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ამ გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ინტენსიური სამუშაოები კი „ტოდინს“ 2019 წლის გაზაფხულიდან უნდა დაეწყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. „ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი“, – აცხადებს დეპარტამენტი.

ამ თემაზე:

მთავრობა მე-3 წელია აცხადებს, რომ ხულო-ზარზმის გზას „მომავალი წლის გაზაფხულიდან“ გააკეთებს

 

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – უნალექო დღეები გაგრძელდება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში 24 ნოემბრის 21 საათიდან 25 ნოემბრის 21 საათამდე მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • ბათუმსა და სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო;
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით -5-0 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3 ბალი). ზღვის წყლის ტემპერატურა +16.5 გრადუსი იქნება.

26 და 27 ნოემბერს, აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, შენარჩუნდება უნალექო ამინდი.

„სკოლა გვაკლია“ – რას ითხოვდნენ ქედელები XIX საუკუნის ბოლოს

სოფ. ქედა, ქვედა აჭარა – „აგერ ოცი წელიწადი სრულდება, რაც რუსეთმა აიღო ეს მხარე და დღემდის ერთი პირველდაწყებითი სასწავლებელი რა არის და იმასაც ვერ ვეღირსეთ, არ ვიცით რა არის ამის მიზეზი.

სხვა სოფლებში არათუ პირველ დაწყებითი, ორკლასიანი სასწავლებლებიც კი დააარსეს და აარსებენ. არის ბათუმში სამოქალაქო და ქართული სასწავლებლები, მაგრამ აქაურ მცხოვრებათათვის გამოუსადეგარია, რადგან ბათუმი ქედაზედ 40 ვერსით არის დაშორებული. აქ დაგვიარსეს სასოფლო სამკურნალო, ეხლა სკოლა გვაკლია და ვგონებთ, იმასაც ვეღირსებით“ – წერს გაზეთ „ივერიის“ 1897 წლის 17 აპრილის ნომერში აბდულ მიქელაძე, გაზეთ „ივერიის“ პირველი კორესპონდენტი აჭარიდან, რომელიც აჭარის პრობლემებზე წერდა ქედიდან.

აბდულ მიქელაძე წერს, რომ ქედის მცხოვრებლებმა თხოვნის წერილი შეადგინეს მაშინდელი „სასწავლებელთა ინსპექტორის, მამინაიშვილისთვის“ რათა მას ეშუამდგომლა სახელმწიფო ხარჯით ქედაში პირველდაწყებითი სასწავლებლის გასახსნელად:

„ბ-ნ თეოფილე ერქომაიშვილის თაოსნობით აქაურმა მცხოვრებლებმა თხოვნა მიართვეს ბ-ნს სასწავლებელთა ინსპექტორს მამინაიშვილს, რომ იშუამდგომლოს და დაგვიარსონ პირველ დაწყებითი სასწავლებელი ს. ქედაში სახელმწიფო ხარჯით. იმედია ბ-ნ მამინაიშვილი უყურადღებოდ არ დასტოვებს აჭარლების თხოვნას, რითაც დიდსა და დაუვიწყარს სამსახურს გაუწევს აქაურებს.

კორესპონდენტის ცნობით, 1897 წლისთვის ქედაში ყოფილასასოფლო სამკურნალო“, რომლის ბაზაზეც შავი ჭირისგან თავდასაღწევად  „ადგილობრივი უფროსი და ბ-ნი სოფლის ექიმი თავგამოდებით შეუდგნენ სოფლის გასუფთავებას“.

ქედაში პირველდაწყებითი სკოლა 1903 წელს გახსნეს, ,,ივერიაში“ აბდულ მიქელაძის წერილის გამოქვეყნებიდან 6 წლის შემდეგ .როგორც ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი ამბობს, ამ სკოლაში აბდულ მიქელაძისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი გამოფენაა და ქედის მოსახლეობის ნაწილს მისი, როგორც სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის სახელი დღემდე ახსოვს.

აბდულ მიქელაძე პირველად თბილისში 1880 წელს ჩავიდა, როცა წერა-კითხვა არ იცოდა და მხოლოდ ასოებს ცნობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი გაზეთ „ივერიას“ პირველი კორესპონდენტი გახდა.  1882-1884 წლებში თბილისში გაიცნო ილია ჭავჭავაძე, პეტრე უმიკაშვილი და ამ  ეპოქის აჭარის ამბები მან წერილებით აჩვენა მკითხველს.

„ძველი ივერიის“ დავიწყებული კორესპონდენტი აჭარელი მიქელაძე“ – ასე მოიხსენიებს ქედის სკოლის დამაარსებელი აბდულ ეფენდი საკუთარ თავს წერილებში.


მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

გაზეთი „ივერია” 1897 წლის 17 აპრილის ნომერი/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; გულ მუქერრემ ოზთურქის დისერტაცია ,,ორჰან ქემალის ქართული თარგმანები” – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

28 ვალდებულებიდან შესრულდა 2 – რა სარგებლობა მოაქვს აუს-ს გენდერულ საბჭოს

„აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო სათანადოდ არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს“ – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის დასკვნა.

ანგარიშში, სახელწოდებით – „რას (არ) აკეთებს აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო“ – აღნიშნულია, რომ  აუს-ს [აჭარის უმაღლეს საბჭოს] გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნიდან დღემდე არ გამოუჩენია მნიშვნელოვანი ძალისხმევა რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაძლიერებლად და ამ საკითხებზე მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად.

აუს-ს გენდერულ საბჭოში გენდერული თანასწორობაც დარღვეულია – საბჭოს ათი წევრიდან მხოლოდ ორია ქალი – ნინო ჩხეტია მმართველი პარტიიდან, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელობს და ასმათ დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. გენდერული თანასწორობა აქ დაცული ვერც იქნება, იმ მიზეზით, რომ უმაღლეს საბჭოში სულ ორი ქალია.

„გამჭვირვალობის“ ანგარიშის თანახმად, აუს-ს გენდერული თანასწორობის საბჭომ 2016-2018 წლის სამოქმედო  ანგარიშში გაწერილი 28 ვალდებულებიდან შეასრულა მხოლოდ 2, არასრულად შესრულდა – 4, ხოლო 22 არ შესრულდა.

შესრულებული ვალდებულებები: შეიქმნა საბჭოს აპარატი და შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის საშტატო ერთეული.

ნაწილობრივ შესრულდა: პოლიტიკურ პარტიებთან გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრების და ტრენინგების ორგანიზება; აუს-ს არჩევნებში ქალთა რაოდენობის ზრდის საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება; აუს-ს არჩევნებში ქალი კანდიდატების მომზადება და სტატისტიკის თანახმად, ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის შექმნა [2017 წლის 26 ივნისს გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული  ფართის გამოყოფის თხოვნით. მიუხედავად სამინისტროს წერილში აღნიშნული მზაობისა, ფართი ამ დრომდე არ შერჩეულა].

არ შესრულდა: აჭარის მთავრობის გენდერული ბალანსის დაცვით ფორმირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება; ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება; რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, ქალთა ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ქალთა უფლებების და ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე; უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში ღია გაკვეთილებისა და დისკუსიების ჩატარება და სხვა.

ხოლო რაც შეეხება 2019-2020 წლების გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც ძველ, ასევე ახალ ვალდებულებებს, დოკუმენტით გათვალისწინებული 28 საქმიანობიდან ამ დრომდე შესრულებულია მხოლოდ 2. კერძოდ, აუს-ს მთავრობასთან გენდერული თანასწორობის საკითხებში შემოღებულია მრჩევლის შტატი და გენდერული საბჭოს აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუციური მექანიზმების წარმომადგენლებსა და მათი აპარატების თანამშრომლებს გამოცდილების გასაზიარებლად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად,  2016  წლიდან მოყოლებული საბჭოს არ წარუდგენია არანაირი კვლევა, რომელიც მიეძღვნებოდა რეგიონში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას,  მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წელს წამოაყენა გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვის საკითხი აჭარის კანონმდებლობაში, საფუძვლიანი მუშაობა  მოცემული ინიციატივის მისაღებად და განსახორციელებლად ამ დრომდე არ დაწყებულა.

„…გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად საბჭოს  დაგეგმილი აქვს ტრენინგები, გასვლითი შეხვედრები და საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც ნინო ჩხეტიამ 2019 წლის 6 ივნისის სხდომაზე ​ ისაუბრა​. მიუხედავად ამისა, მოცემული გეგმის შესრულება  დღემდე არ დაწყებულა.

რაც შეეხება განათლებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გენდერულ საკითხებზე, საბჭოს თქმით, მოცემულ ამოცანასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებაზე პასუხისმგებელია აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, გენდერული თანასწორობის საბჭომ კი  მათი საქმიანობის მონიტორინგი უნდა აწარმოოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოსთვის” უცნობია, მოცემული მიზნების მისაღწევად მიმართა თუ არა საბჭომ დასახელებულ უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით – ინფორმაცია ამის შესახებ გენდერული  თანასწორობის საბჭოდან არ მიგვიღია.

2019 წლის დასასრულამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა საბჭოს იმ ამოცანებზე მუშაობა, რომელთა  შესრულების ვადას 2019 წელი წარმოადგენს, არც დაუწყია – საბჭოს ამის შესახებ ინფორმაცია  ჩვენთვის არ მოუწოდებია და არც ვებ-გვერდზე გამოუქვეყნებია“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აუს-ს გენდერული საბჭო არ გამოხმაურებია 2017-2019 წლებში აჭარის რეგიონში გენდერული ნიშნით შევიწროებისა და ბავშვთა  პროსტიტუციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აუს-ს გენდერული თანასწორობის საბჭოს მოუწოდებს: „დროულად და ეფექტიანად განაგრძოს მუშაობა 2019-2020 წლების გეგმის განსახორციელებლად; ეფექტიანად აამუშავოს უწყებათაშორისო კომისიის პლატფორმა სამუშაო გეგმაში გაწერილი  ვალდებულებების შესასრულებლად; აქტიურად გამოეხმაუროს ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის, სექსუალური შევიწროების,  ადრეული ქორწინებისა და არასრულწლოვან გოგონათა პროსტიტუციაში ჩართვის ფაქტებს და მიმართოს შესაბამისი რეკომენდაციებით საგამოძიებო ორგანოებს; გააძლიეროს პროაქტიული მუშაობა საზოგადოებაში გენდერულად მგრძნობიარე საკითხების  წარმოსაჩენად, საჯარო დისკუსიების, შეხვედრების, კამპანიების მეშვეობით, რაც შეიძლება  კარგი საშუალება აღმოჩნდეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების  თანამშრომლობის გასაღრმავებლად“.

____________

ფოტოზე: სამუშაო შეხვედრა გენდერის საკითხებზე 21 ნოემბერს, ბათუმში. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

 

ჟირაფ „ჯაზისა“ და ბელგიური ნაგაზის მეგობრობის ამბავი თავშესაფარში

სამხრეთ აფრიკაში ბელგიური ნაგაზისა და პატარა ჟირაფის მეგობრობის ამბავზე საერთაშორისო მედია წერს.

ახალშობილი ჟირაფი, რომელიც სავარაუდოდ დედამ მიატოვა, ლიმპოპოს პროვინციაში, ველურ ბუნებაში იპოვა ადგილობრივმა ფერმერმა 18 ნოემბერს და მარტორქების თავშესაფარში გადაიყვანა.

ჟირაფს „ჯაზი“ დაარქვეს და მასზე მალევე დაიწყო ზრუნვა თავშესაფარში მცხოვრებმა ბელგიურმა ნაგაზმა.  ძაღლი და ჟირაფი ძირითადად გვერდიგვერდ არიან და ერთმანეთს ლოკავენ. „ჯაზის“ სიმაღლე უკვე 1,8 მეტრია.

„ჯაზი“ თავს უკვე კარგად გრძნობს, იგი რძით იკვებება და უკვე ფოთლების დაგემოვნებაც სცადა. სპეციალისტების თქმით, შესაძლოა ჟირაფი მალე ბუნებაში დააბრუნონ.


____________

ფოტო: AP/Jerome Delay

ბათუმში მოქალაქე ძეგლის ხელყოფისთვის მესამედ დააჯარიმეს – ის მაინც არ ჩერდება

ბიზნესმენ ენრიკო ბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო. მომჩივანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, ხოლო დავის საგანი ბათუმში ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფაა. ეს პირველი საქმეა ვაჟა-ფშაველას #13- ის შემდეგ, როცა ბათუმში ძეგლზე უკანონო სამუშაოების გამო სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო.

ბიზნესმენი ენრიკო ბერიძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისთვის მემედ აბაშიძის #9 – სა და #23-ში რამდენჯერმე დააჯარიმეს და გააფრთხილეს. ერთ შენობაზე ჯარიმის ოდენობა, კანონის შესაბამისად, გასამმაგდა და 15 000 ლარს, მეორე შენობაზე უნებართვო სამუშაოებისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 10 000 ლარს მიაღწიეს, თუმცა ჯარიმებს ბიზნესმენი არ შეუფერხებია.

მემედ აბაშიძის #9

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა, პროცესის შესაჩერებლად შენობების მესაკუთრე კანონის შესაბამისად ორჯერ გააფრთხილეს და დააჯარიმეს. კანონი ფიზიკური პირის მიერ ძეგლზე უკანონო სამუშაოების წარმოების შემთხვევაში ჯარიმის სახით 5000 ლარს აწესებს. სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება, შემდეგ კი სამმაგდება.

მესაკუთრემ არც სამუშაოები შეაჩერა და არც ძეგლების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა უცდია. განმეორებით დაჯარიმებისა და გაფრთხილების შემდეგ, სააგენტოს თანამშრომლებმა მიმართეს პოლიციას და შემდეგ სასამართლოსაც.

როგორც სააგენტოს იურისტმა, თამილა აბუსელიძემ განგვიმარტა, ორჯერ გაფრთხილების შემდეგ მესაკუთრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა და არც სააგენტოს მიუმართავს სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით. „ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ“ – ამბობს თამილა აბუსელიძე.

სააგენტოს იურისტმა გვითხრა, რომ კონტროლი გრძელდება და მას შემდეგ, რაც მემედ აბაშიძის #23-ში უკანონო სამუშაოების შეუჩერებლობის გამო სააგენტომ პოლიციას მიმართა, აქ სამუშაოები აღარ განუახლებიათ.

ბოლო მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ძეგლზე უნებართვო სამუშაოებისთვის სააგენტოს სულ 13 სუბიექტი დაუჯარიმებია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ენრიკო ბერიძე რამდენიმე კომპანიის თანამფლობელი და გენერალური დირექტორია, მათ შორისაა შპს „გეფა“ და სააფთიაქო ქსელი.

სახანძრო კიბე ცათამბჯენებისთვის – იაპონიის მთავრობის საჩუქარი ბათუმს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა.

ავტოკიბე, რომელიც აჭარის სამმართველოს ავტოპარკს შეემატება, გათვლილია მაღალ სართულებზე გაჩენილი ხანძრებთან ბრძოლისთვის.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის’’ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა.

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელმაც იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იაპონიის მთავრობისგან და ხალხისგან აქტიურად იღებს მხარდაჭერას კატასტროფების წინააღმდეგ სამსახურის მზაობის გაძლიერების მიმართულებით“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

_________

ფოტოზე: ბათუმი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აზერბაიჯანში, სოფელ ვანდამში ვან დამის ძეგლი დადგეს

„ბიბისის“ ცნობით, აზერბაიჯანში მდებარე სოფელ ვანდამში მსახიობს, ჟან-კლოდ ვან დამს, ძეგლი დაუდგეს.

ფაქტს მსახიობიც გამოეხმაურა თავის ფეისბუქგვერდზე და მადლობა გადაუხადა ძეგლის ავტორებს.

ძეგლის დადგმის იდეის ავტორი ჟურნალისტი შაკირ ემინბეილია, თავად ძეგლი კი სკულპტორმა აზად ალიევმა შექმნა. ჟან-ლოდ ვანდამის ნატურალური სიდიდის ძეგლი სოფელ ვანდამში წელს, ოქტომბერში დადგეს.

ძეგლის იდეის ავტორი, შაკირ ემინბეილი ვან დამის ძეგლის ფონზე სოფელ ვანდამში. ფოტო შაკირ ემინბეილის ფბ გვერდიდან.

სად არის ყველაზე ხელსაყრელი ფსონის დადება ?

თუ უახლოეს დღეებში აპირებთ ტოპ ლიგებზე ფსონის დადებას, უნდა იცოდეთ რომ ამის გაკეთება ყველაზე ხელსაყრელად ევროპაბეთზე შეგიძლიათ. ერთი ფსონის დადებით 3 აქციაში მიიღებთ მონაწილეობას და მომენტალურად 50 უფასო სპინითაც დასაჩუქრდებით.

რას გვთავაზობს ევროპაბეთი ?

  1. 50 უფასო სპინი ყველას

50 უფასო სპინი ავტომატურად დაერიცხება ყველას, ვინც გააკეთებს პრემატჩის ან Live-ის  მინიმუმ 5 ლარინ ბილეთს შემდეგი პირობების დაცვით: ფსონი განთავსდება 23, 24, 26 ან 27 ნოემბერს, 12:00 საათიდან 23:59 საათამდე. ფსონის მინიმალური თანხა იქნება არანაკლებ 5 ლარის და ბილეთში იქნება მინიმუმ 3 გადაბმა. აქედან ერთ-ერთი პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს შემდეგი ტოპ ლიგებიდან: ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის პრემიერლიგა, გერმანიის ბუნდესლიგა, იტალიის სერია ა, ესპანეთის ლა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1.

ყველა ასეთი ბილეთის მფლობელი, ავტომატურად ფსონის დადებისთანავე, ბილეთის სტატუსის განურჩევლად მიიღებს 50 ცალ უფასო სპინს EGT სლოტებში: 20 Super Hot  და მათ გამოყენებას დარიცხვიდან 1 კვირის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეძლებს.

  1. 100%-მდე ქეშბექი რეალური ფულის სახით

იმ შემთხვევაში თუ იგივე ბილეთს გააკეთებთ 3 პოზიციის ნაცვლად – 4-ით და დაცული გექნებათ ყველა იგივე პირობა, თქვენი ბილეთი ავტომატურად დაეზღვევა და ერთი რომელიმე პოზიციის გაფუჭების შემთხვევაში რეალური ფულის სახით ქეშბექი დაგერიცხებათ. 4 პოზიციიდან 1-ის გაფუჭებისას მიიღებთ 50%-იან ქეშბექს, ხოლო 5 პოზიციიდან 1-ის გაფუჭების დროს თქვენს მიერ დადებული თანხა სრულად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე.

  1. ყოველთვიური გათამაშების ბილეთები

ევროპაბეთზე სპორტში განთავსებულ ყოველი 5 ლარის ფსონზე აგროვებთ ბეთმენის გათამაშების ბილეთებს, სადაც ყოველთვირად თამაშდება: 2019 წლის მერსედეს G კლასი, იუვენტუსის აქციები, ფიატები და მსხვილი ფულადი პრიზები – 100, 50, 30 და 20 ათასი ლარის ოდენობით. აქაც საკმარისია დაიცვათ მხოლოდ შემდეგი მინიმალური მოთხვნები: 5 ლარი ფსონი, მინიმუმ 3 გადაბმა და თითოეული პოზიციის კოეფიციენტი არანაკლებ 1.2-ისა.

გაიგეთ მეტი: https://promotion.europebet.com/ka/promotion/default/sportandegt

გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტიკას სტუმარმასპინძლობას ადარებს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების აჭარის ტელევიზიაში არმისვლის მიზეზი თავად ტელევიზიაა.

„შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ეს ვისი ბრალია, სტუმრის თუ შენი?… გამეცი პასუხი თეონა“ – ეს შეკითხვა დაუსვა გიორგი კოხრეძემ ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს გადაცემა „მთავარის“ პირდაპირ ეთერში.

„ნუ მიყვრიხართ ბატონო გიორგი პირველ რიგში…. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ეს არის ტელევიზიის ბრალი?“ – ჩაეკითხა თეონა ბაკურიძემ დირექტორს, რაზეც მან მიუგო, რომ „ეს მაუწყებლის ბრალია“.

„…შენ უქმნი ისეთ პირობას, რომ ის არ მოდის გადაცემაში, ეს არის მეთოდი, ეს არის ტექნოლოგია“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

„რა ტექნოლოგიაა, აბა კომფორტი უნდა შევუქმნათ? კრიტიკული კითხვები არ დავუსვათ?“ – ჰკითხა თეონა ბაკურიძემ ახალ დირექტორს.

დღეს გიორგი კოხრეძემ, გადაცემა „მთავარის“ გასვლამდე, აჭარის რადიოში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რესპოდენტები უნდა გააკრიტიკონ, მაგრამ ისე, როგორც ძმას ან შვილს აკრიტიკებენ. მან ასევე განაცხადა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზიის ეთერიდან ყველა მწვავე კითხვა დაისმება.

კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადება

აჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“.

ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ ტელევიზიის დირექტორობას გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ და ეს დღეს მართლაც ასე მოხდა. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლები საჯაროდ აცხადებენ, რომ გიორგი კოხრეიძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის არის გამოწვევა.

დღეს, გადაცემა „მთავარში“, ახალარჩეულ დირექტორს ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ პირდაპირ ეთერში ჰკითხა, აპირებს თუ არა ნათია ზოიძესთან თანამშრომლობას. გიორგი კოხრეიძემ ამ კითხვის პასუხად თქვა – „როგორ არ ვაპირებ, მე ღია ვარ თანამშრომლობისთვის…“

თუმცა ამავე ინტერვიუში ტელევიზიის დირექტორმა დასძინა: „თუ ვიღაცას არ შეუძლია და მას აქვს სხვა დღის წესრიგი, აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან ასეთი ადამიანები, მე ამას დავუსაბუთებ… თვითონვე უნდა გადაწყვიტონ… ან დარჩებიან იმ პოზიციაზე, ან იქნებიან გუნდის  წევრები იმიტომ, რომ მე მჭირდება ისეთი გუნდი, სადაც ყველა ეცდება გააკეთოს ის, რაც გვექნება დასახული“.

გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეზე დღეს სხვა ეთერებშიც ისაუბრა და დასვა რიტორიკული კითხვა – „შეიძლება ჩვენი მუშაობა ერთად? მე მინდა, რომ ვიმუშავოთ ერთად. მაგიტომ ვამბობ – ნათია ზოიძის სათქმელია დღეს და გადასადგემლი ნაბიჯია, რომელსაც მე დაველოდები“.

ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ გიორგი კოხრეიძეს სთხოვა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რას ელის ნათია ზოიძისგან.

„მე პასუხს ველოდები, იმ ტალახზე, რაც მან ისროლა – მე ვყოფილვარ მატყუარა და ცრუ, ეს ერთი. ნახეთ მისი პოსტები. თქვენ წახვალთ ბრძოლაში, როდესაც იცით, რომ ვიღაცამ შეიძლება ზურგში დანა ჩაგარტყათ? გუნდის წევრი თუ უნდა ადამიანს, უნდა იყოს გუნდის წევრი და მაგიტომ ვამბობ, ნათია ზოიძემ უნდა მითხრას, რა იყო ამის საფუძველი, იქნებ ჩემთვის გასაგებია და მისაღებია“ – განაცხადა კოხრეიძემ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძის შესახებ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ დღეს, 22 ნოემბრს ისაუბრა. მაუწყებლის ჟურნალისტების ერთი ნაწილი გიორგი კოხრეიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა.

ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

გიორგი კოხრეიძის მხრიდან ნათია ზოიძის წასვლაზე მინიშნების გაკეთება, ნიშანდობლივი სიგნალია – საინფორმაციოს ჟურნალისტების განცხადება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია.

საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე. ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა, სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი.

მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები.  აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალის​ტიკის მაღალი სტანდარტით”.

მალხაზ ჭკადუა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევა „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი და ხელისუფლების მიზანია, აჭარის მაუწყებლის ეთერიდან გაქრეს კრიტიკული კითხვები მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა „ოცნების“ ინტერესების გამტარი გახდეს.

მალხაზ ჭკადუა: „საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია. ის მოხდა, რისი მცდელობაც ამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა, დაწყებული ნათია კაპანაძის იმპიჩმენტიდან, დამთავრებული კოხრეიძის კანდიდატის რამდენჯერმე შეთავაზებით.

გიორგი კოხრეიძე არის ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ ვერაფერი ვერ გააკეთა აჭარის მაუწყებლისთვის, როცა იყო ბორდის წევრი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელში. ერთადერთი, რა დავალებითაც ის მოდის აჭარის ტელევიზიაში დირექტორის პოზიციაზე, გახლავთ ის, რომ შეცვალოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რაც აჭარის ტელევიზიას აქვს არჩეული რამდენი წელია და ამიტომაც მიიქცია მან აუდიტორიის ყურადღება, გაიზარდა ნდობა, ნახვები და ა.შ.

ეს პოლიტიკა სინქრონიზებულია „ქართული ოცნების“ ქმედებებთან, ეს ქმედებები კი მიზნად ისახავს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესებას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ჩვენ დავინახეთ ამ წლების განმავლობაში, როგორ ნაწილ-ნაწილ მიიტაცა „ქართულმა ოცნებამ“ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი [თბილისში], ასევე სხვა კერძო ტელევიზიები და პრაქტიკულად ახშობს განსხვავებულ მოსაზრებას სატელევიზიო სივრცეში, მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინფორმაციას იღებს ტელევიზიებით.

ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც მიდის იქეთკენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი მედია დაფარვა საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის.“

დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შეერჩია ისეთი კანდიდატი, რომლის სანდოობაზე კითხვები არ გაჩნდებოდა. ამაზე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მზად არის დაიცვას ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ინტერესები, თუ მათი უფლებები დაირღვევა.

„ყველანაირად ეცდებიან, რომ შეცვალონ სარედაქციო პოლიტიკა, ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ გუნდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაზე, იყვნენ მედგრად, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის სამართლებრივ და სხვა საკითხებში. ჩვენ ვიქნებით ძალიან ფხიზლად იმისთვის, რომ საზოგადოება არ დავტოვოთ მიკერძოებული, ხელისუფლებისთვის სასარგებლო ინფორმაციის ანაბარა.

შეიძლება ხელისუფლებამ ერთი ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ერთგულებისთვის გრძელდება და ცხადია, არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ და ვუყუროთ, თუ როგორ დაშლიან ამ ტელევიზიას მარტივ მამრავლებად „ოცნების“ მიერ ფავორიტად დასახელებული ადამიანები.

მე მაქვს ჟურნალისტების იმედი, მათ მიერ ამ ხანებში გაკეთებული განცხადებები იყო უპრეცედენტო. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის ფასი. მათ ახსოვთ სხვადასხვა ხელისუფლების დროს თუ როგორ ცდილობს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მისთვის სასარგებლოდ გადააწყოს ძალთა ბალანსი მაუწყებელში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთების იდეა და ინიციატივა  „ოცნებას“ ეკუთვნის და ამას გაუფრთხილდებიან, მაგრამ ნამდვილი გამოაშკარავება მათი მიზნებისა აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით, იყო მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ ჟურნალისტებს, რომ „დაოკებულიყვნენ“ და კრიტიკული კითხვები არ დაესვათ.

იქ, სადაც ხელისუფლებისთვის სასარგებლო კითხვები ისმის, ძალიან ცუდი ამბები ხდება. „როცა გაზეთები წერენ ძალიან კარგ ამბებს, ქვეყანაში ძალიან ცუდი ამბები ხდება“ – ეს არ არის ჩემი ნათქვამი და ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავინახეთ, თუ როგორი რეალურია ეს გამონათქვამი“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

აჭარის ტელევიზიასთან სამგლოვიარო ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ „აჭარის ტელევიზიასთან“ ყვავილების გვირგვინი მიტანა. დღეს, 22 ნოემბერს, მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ტელევიზიის ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია.

„გვირგვინი მოვიტანეთ იმის ნიშნად, რომ დღეს იყო უკანასკნელი დღე სიტყვის თავისუფლებისა აჭარის ტელევიზიაში. თავისუფალი აზრი უკვე მოკვდა. დღეს აირჩიეს დირექტორად ადამიანი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს,“ – ამბობს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ წევრი. ის მიიჩნევს, რომ არხის დამოუკიდებელი პოლიტიკის გადარჩენა ამ პირობებში შეუძლებელი იქნება.

დირექტორის არჩევამდე განცხადება ტელევიზიის თანამშრომლებმაც გაავრცელეს. მათ თქვეს, რომ ხელისუფლებამ სასამართლომ „ინსტრუმენტად გამოიყენა“. გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა წინასწარ, 19 ნოემბერს ივარაუდა ნათია ზოიძემ, რომელიც ამ დრომდე ტელევიზიაში დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. „ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ ამ სცენარით რომ წავიდოდნენ, ელჩებს გავუზიარეთ ჩვენი ვარაუდები, წერილიც გამოვაქვეყნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების წარმომადგენლებსაც შევხვდით.“ – წერდა ნათია ზოიძე.

„აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“ – განცხადება 20 ნოემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა.

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

კომპანია ევროპაბეთი თვის ბოლოდან გრანდიოზულ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 23, 24, 26 და 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 23:59 საათამდე დადებულ მინიმუმ 5 ლარიან ბილეთებზე, მოთამაშეებს 50 უფასო სპინს ჩუქნის.

უფასო სპინების მიღება ფსონის დადებისთანავე, ბილეთის შედეგის განურჩევლად შეიძლება, მთავარია მასში დაცული იყოს რამდენიმე მარტივი პირობა:

  • ფსონის მინიმალური თანხა უნდა იყოს 5 ლარი და მაქსიმალური შეზღუდული არაა
  • თითოეული პოზიციის მინიმალური კოეფიციენტი – 1.3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს
  • ბილეთი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 გადაბმისგან, საიდანაც ერთი პოზიცია მაინც იქნება ყველაზე პოპულარული, ტოპ ლიგებიდან

მოთამაშეთა სურვილის მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად, Europebet-ის გადაწყვეტილებით, აქციაში მონაწილეობა პრემატჩისა და LIVE-ის ნებისმიერი ბილეთით იქნება შესაძლებელი, რომელშიც 1 პოზიცია მაინც იქნება მონიშნული შემდეგი ტოპ ლიგებიდან. ესენია:

  • ჩემპიონთა ლიგა
  • ინგლისის პრემიერლიგა
  • გერმანიის ბუნდესლიგა
  • იტალიის სერია ა
  • ესპანეთის ლა ლიგა
  • საფრანგეთის ლიგა 1

საჩუქარი უკლებრივ ყველა მომხმარებელს, ფსონის დადებისთანავე, ბილეთის შედეგის განურჩევლად, მომენტალურად დაერიცხება. მოთამაშეები 50 ცალ 20 თეთრიან სპინს სრულიად უფასოდ, ყველაზე პოპულარულ EGT სლოტებში, 20 Super Hot-ში, ავტომატურად მიიღებენ. საჩუქრის გამოყენებას კი 1 კვირის განმავლობაში, ნებიმისერ დროს შეძლებენ.

გარდა ამისა, იმ შემთვევაში თუ ბილეთში კიდევ ერთ პოზიციას დაამატებთ, მონაწილეობას მიიღებთ სპორტის ქეშბექის აქციაშიც და წარუმატებლობის შემთხვევაში ფსონის ნახევარი ან სულაც სრული თანხა რეალური ფულის სახით დაგიბრუნდებათ. იმისათვის, რომ ამ აქციაშიც მიიღოთ მონაწილეობა, აუცილებელია, მინიმუმ 4 გადაბმის გაკეთება, საიდანაც თითოეულის კოეფიციენტი ისევე, მინიმუმ 1.3 იქნება და აქაც მხოლოდ ერთი რომელიმე პოზიცია იქნება ჩამოთვლილი ტოპ ლიგებიდან (ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის პრემიერლიგა, გერმანიის ბუნდესლიგა, იტალიის სერია ა, ესპანეთის ლა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1).

ქეშბექს მიიღებს ყველა ის ბილეთი, რომელშიც მხოლოდ 1 პოზიცია გაფუჭდება:

  • 4-დან 1 პოზიციის გაფუჭებისას მიიღებთ 50% ქეშბექს
  • ხოლო 5 პოზიციიდან 1-ის გაფუჭების შემთხვევაში ფსონის სრული ოდენობა დაგიბრუნდებათ!

გაიგეთ მეტი: https://promotion.europebet.com/ka/promotion/default/sportandegt

დღეს სიტყვის თავისუფლება დამარცხდა – ასლან ჭანიძე მაუწყებლის დირექტორის არჩევაზე

აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევას თვალყურს ადევნებდნენ რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევას აფასებენ, როგორც „დემოკრატიის მარცხს“.

ერთ-ერთი მათგანი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე აჭარის ტელევიზიასთან აცხადებს, რომ არჩევნები იყო დადგმული სპექტაკლი.

„გადაწყვეტილი იყო ეს ამბავი და გაითამაშეს, რადგან თუ დააკვირდებით, მაია მერკვილაძემ [კონკურსანტი] ერთი ხმა აიღო [პირველი ტურში] და მეორე ტურში საერთოდ თავი შეიკავა იმან, ვინც მაია მერკვილაძეს მისცა ხმა. ძალიან სამწუხაროა და ისტორია განსჯის ამას. ჩვენ გავიარეთ ის პერიოდი, როცა მაუწყებელი იყო ხელისუფლების რუპორი და მე აღარ მინდა, ეს პერიოდი თავიდან დაიწყოს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ასლან ჭანიძეს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა:

„მე შემიძლია ვიმსჯელო ახალი დირექტორის განცხადებებით, როდესაც პრეზენტაციის დროს თქვა, რომ დიქტორები [მე დიდი ხანია არ გამიგია, ეს ტერმინი და ალბათ წამყვანებს გულისხმობდა] არ უნდა იყვნენ აგრესიულები, რომ წამყვანის განწყობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული… აცხადებდა, რომ ბოდიშებს მოუხდიან, როდესაც ნახავენ, რომ ის არ არის ასეთი ადამიანი.

პრეზენტაციაში ჩანდა, რომ ეს ადამიანი [გიორგი კოხრეიძე] თვლიდა, რომ ეს არხი არის ოპოზიციური. რას ნიშნავს დიქტორის განწყობა? კრიტიკული კითხვის დასმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს ებრძვი. კრიტიკული კითხვა გამომდინარეობს საზოგადოებიდან“.

ასლან ჭანიძის აზრით, მაუწყებლის მიუკერძოებლობის შენარჩუნება ახლა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ არხზე:

„ ეს [კრიტიკულ კითხვებს მოსმენა] დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ ამ ტელევიზიაში და იმაზე, რამდენად შეძლებენ გაუწიონ წინააღმდეგობა. მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული ადამიანები ღიად ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. იმის მტკიცება, რომ პროცესი იქნება დემოკრატიული, ძალიან რთულია, რადგან კენჭისყრამ და დირექტორის არჩევნების პროცესებმა აჩვენა, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი“.

გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის დირექტორად დღეს სამი ხმით აირჩიეს.

რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს, ავარიული დაზიანების გამო, 18:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

[crosslist]

  • ბაგრატიონის ქუჩას – ჯავახიშვილიდან აღმაშენებლის ქუჩამდე.
  • გუდიაშვილის ქუჩას
  • კაჭარავას ქუჩას
  • მალაზონიას ქუჩას
  • მიქელაძის ქუჩას
  • გენ. აბაშიძის ქუჩას – აბუსერიძიდან ბაგრატიონამდე
  • აბუსერიძის ქუჩას – ლუდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

[/crosslist]

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. 

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებში.

აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას განმეორებით კენჭისყრაში მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. საბჭოს ერთმა წევრმა არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

კენჭისყრის პირველ ეტაპზე ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე – 2 ხმა, მაია მერკვილაძე – 1 ხმა, ფირუზ ბოლქვაძე – 1 ხმა. კონკურსში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობდა. ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად საბჭოს სამი წევრის ხმაა საჭირო.

—————–

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის კონკურსი შეჩერებული იყო და 19 ნოემბერს განახლდა. 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა და ამიტომ იჩივლა სასამართლოში.

გიორგი კოხრეიძემ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის პირველ ორ კონკურსში ვერც ერთი ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ხმის საჭიროებას ადგენს. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ საბჭოს ერთი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას ესწრებოდა, როგორც გარედან მაყურებელი, სხდომაში მონაწილე სამი წევრიდან ორმა კი, მას მხარი დაუჭირა.

სასამართლოს 18 ნოემბრის განჩინების მიხედვით, გიორგი კოხრეიძის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა იგი არჩეული დირექტორი.

აჭარის მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩიეს – გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა

აჭარის მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს. მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან ორმა მხარი გიორგი კოხრეიძეს დაუჭირა, ერთი ხმა მაია მერკვილაძემ მიღო, ერთი – ფირუზ ბოლქვაძემ. მრჩეველთა საბჭო დაახლოებით ნახევარ საათში ისევ შეიკრიბება და ამჯერად მხოლოდ სამი კანდიდატს შორის იქნება კონკურენცია.

კანდიდატს მაუწყებლის დირექტორად არჩევისთვის მინიმუმ 3 ხმა სჭირდება.

—————————-

18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა და ამიტომ იჩივლა სასამართლოში.

გიორგი კოხრეიძემ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის პირველ ორ კონკურსში ვერც ერთი ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ხმის საჭიროებას ადგენს. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ საბჭოს ერთი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას ესწრებოდა, როგორც გარედან გარედან მაყურებელი, სხდომაში მონაწილე სამი წევრიდან ორმა კი, მას მხარი დაუჭირა.

სასამართლოს 18 ნოემბრის განჩინების მიხედვით, გიორგი კოხრეიძის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა იგი არჩეული დირექტორი.

ავარია ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

დღეს, 22 ნოემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ მათთან გამოძახებაზე შეტყობინება არ შესულა. თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა;

ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

პარლამენტარ ვახტანგაძის მუქარა: ღმერთი არ გაუწყრეს არავის

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე დღეს, 22 ნოემბერს, მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა. მოკლე ვიდეოჩანაწერში დეპუტატი ვახტანგაძე ამბობს, რომ „არ იმუქრება“, თუმცა „ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი, ვინც იქნება“, „სავალალო შედეგს მიიღებს“ თუ კი „სპორტსმენების ღირსებას“ შეეხება. „ბათუმელები“ სიტყვასიტყვით, რედაქტირების გარეშე გთავაზობთ დეპუტატის ციტატებს.

„ხმაური გიკვირთ დღეს? 21-ე საუკუნის საქართველოში?

აჭარის ტელევიზიამ წეღან განცხადება გააკეთეთ, რომ 10 სპორტსმენზე მეტი არ იყო მერიის შენობასთანო და რა ხდება? ათზე მეტს ვერავის ვერ ხედავთ? ჩემი ბიუროა მერიაში, არ იცით? და სპორტული საზოგადოებაა ჩემთან მოსული.

და კიდევ ერთი რამე მინდა გათხრათ რა, არავის არ მივცემთ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ ქალაქში არეულობა შემოიტანოს და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ მაგის გულისთვის. ამიტომ იყო ეს შეკრება და თქვენ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ ეს ბოქლომები თუ რა ქვია არ ვიცი მაგას, ბოქლომების დადება უნდოდათ მაჟორიტარების ბიუროზე. ჩემი მეგობრები არიან [სპორტსმენები] დიდი სამეგობრო წრე თუ მყავს დანაშაულია? სამეგობრო წრეს შევხვდები ყველგან, სადაც მინდა.

დაპირისპირების თემა, თქვენი რჩეულები რომ არიან, ეს ჯელალედინები [სავარაუდოდ გულისხმობს ჯელალ ქიქავას] და ვიღაცეები, შეგიძლიათ იმათ მოკითხოთ რა. ყოველთვის დიდი მნიშვნელობას ანიჭებთ ეგეთ ადამიანებს.

თქვენ ხო სულ ინტრიგებს ეძებთ, რაღაც ისეთ ინტრიგებს რა… …კრიტიკაც მოსულა და მწვავე კრიტიკაც, მაგრამ თქვენ არაერთხელ დაგიშვიათ შეცდომები, აი, არაერთხელ ცილი დაგიწამებიათ ძალიან ღირსეულ ადამიანებზე და მე ამის დამადასტურებელი ფაქტები მაქვს. ჰოდა, კეთილი ინებეთ…

მე გეტყვით ერთ რამეს რა, აი აქ ყველა ღირსეული ადამიანები არიან სპორტსმენები შეკრებილები, რომლებსაც არაერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გაუტანიათ, არაერთხელ საქართველოს დროშა აღმართულა ამ ბიჭების სახელზე და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერებულა და მე მინდა ყველას, აი…

არ გაფრთხილებთ რა, მინდა რო იცოდეთ ყველამ რა, სპორტთან თამაში ცეცხლთან თამაშია და მე გეუბნებით, ამ ადამიანების ღირსებას ნუ ეხებით, ნურავინ! აი, ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი, ვინც იქნება, აი, ნუ ეხებით სპორტსმენების ღირსებას და თავმოყვარეობას… სავალალო შედეგს მიიღებთ. ნებისმიერს ვეუბნები ამას! სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რაც მოგადგებათ პირზე ის ილაპარაკოთ რა! აქ არიან ღირსეული ადამიანები, ვისთვისაც, აი, ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას და ღმერთი არ გაუწყრეს არავის. არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას“.

______________

ფოტოზე: მუხრან ვახტანგაძე, კადრი ვიდეომასალიდან

პარლამენტარის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო გამოძიება დღეს, 22 ნოემბერს, პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის და მოქალაქე ჯელალ ქიქავას შორის მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქის თქმით, მას მუხრან ვახტანგაძემ ბათუმის მერიის შესასვლელში აგინა და სცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ გვითხრეს, ამ ეტაპზე გამოკითხეს თუ არა თავად პარლამენტარი.

მუხრან ვახტანგაძე გამოძიებამ ამ თვის დასაწყისში გამოკითხა კიდევ ერთი ძალადობის საქმეზე. ამ შემთხვევაში მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას პარლამენტის წევრმა აგინა და დაემუქრა.

ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. უწყების პრესსამსახურში ვერ გვითხრეს, რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება – შესვლა უფასოა

23 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება.

ფესივალზე, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, წარმოდგენილი იქნება 35 სახეობის ციტრუსი, ასევე კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნების მრავალფეროვნება.

ფესტივალში მონაწილეობენ მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს, რძის პროდუქტებს, ასევე თაფლს, წვენებს, ჯემებს, მურაბებსა და მანდარინის „ჩიფსებს“, რომლის შეძენას დამთვალიერებელი ადგილზე შეძლებს.

ფესტივალი გაიმართება ჩრდილოეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების ტერიტორიაზე; უახლოესი შემოსასვლელი „ჩაქვის სალარო“.

23 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შემოსვლა ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის უფასოა.

_________

ფოტოზე: ხილის ფესტივალი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2018 წლის ნოემბერში.

შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 22  ნოემბრის 21 საათიდან 23  ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 4-9 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 0 –5 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს 24-25 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

მოქალაქე: დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ მერიის შესასვლელში მცემა

„მერიაში [ბათუმის] შევდიოდი ჩემს საქმეზე, მოვარდა მუხრან ვახტანგაძე და მითხრა, რა გინდა შენ აქ, რატომ მოდიო… მაგინა და მცემა, მერე ისევ ის ბიჭები დამესიენ, რომლებთანაც კონფლიქტი ადრე მქონდა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა. მისი თქმით, ამ კონფლიქტის თვითმხილველი დაცვის პოლიციის თანამშრომლები არიან.

ჯელალ ქიქავას თქმით, გამოძიება უკვე დაიწყო და ის ამჟამად აჭარის პოლიციის მთავარ განყოფილებაში მიიყვანეს გამოსაკითხად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავად მუხრან ვახტანგაძემ ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, იგი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში.

ჯელალ ქიქავამ მუხრან ვახტანგაძისგან კიდევ ერთი ძალადობის შესახებ  განცხადება 2018 წლის 24 მარტსაც გააკეთა. მაშინ ჯელალ ქიქავა ამბობდა, რომ მუხრან ვახტანგაძის დავალებით იგი აეროპორტის გზატკეცილზე სპორტსმენებმა სცემეს, რადგან პარლამენტარებს მოიხსენიებდა, როგორც „ზონდერს“.  ჯელალ ქიქავას თქმით, სასმართლომ ამ საქმეზე დაკავებულ პირებს ჯარიმა შეუფარდა 3 ათასი ლარი და პირობითი მსჯავრი.

მუხრან ვახტანგაძე მუქარაში 2019 წლის 25 ოქტომბერს დაადანაშაულა მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ. მან ფეისბუქლაივი ჩართო, სადაც დეპუტატი მოქალაქეს აგინებს და ემუქრება. ეს კონფლიქტი პარლამენტის დეპუტატს არ უარყვია. ამ საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დღეს მუხრან ვახტანგაძე ნამდვილად იმყოფებოდა ბათუმის მერიის წინ, სადაც, როგორც ოპოზიციამ თქვა, მერიის „დაბოქლომების“ შესახებ მოტყუებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მობილიზებული იყო პოლიციაც.

მუხრან ვახტანგაძე წარსულში ტიტულოვანი მოჭიდავეა, მათ შორის არის ოლიმპიური ჩემპიონი.

მთავარი ფოტო მუხრან ვახტანგაძის ფეისბუქგვერდიდან.

დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია

საფრანგეთის სამხედრო-საპატრულო ხომალდი ბათუმის პორტში შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვიდა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია.

დახვედრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს შინაგან საქმეტა სმინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

ფრანგული ხომალდის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სწავლებები ღია ზღვაში, რომელშიც ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები და სპეციალური ოპერაციების ძალები ჩაერთვებიან.

შეხვედრა გემის ეკიპაჟთან

ნათია ზოიძის მიმართვა ბორდს: იყავით დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგები

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნათია ზოიძემ გასაუბრებაზე მრჩეველთა საბჭოს პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩევანი მის წინა გამომსვლელზე – გიორგი კოხრეიძეზე გაკეთდება: „…აქ იყო კანდიდატი, რომელზეც თქვენ  შეაჩერებთ არჩევანს“. ნათია ზოიძემ თქვა, რომ მასაც შეეძლო გიორგი კოხრეიძის მსგავსად სქრინვერსიები წარმოედგინა და ეჩვენებია, რომ ზოგიერთ გადაცემას 500, ან 700 მაყურებელი ჰყავს.

„არსებობს Google – ანალიტიკის მონაცემები, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს და ჩანს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში 80 პროცენტამდე გავზარდეთ ინტერნეტაუდიტორიის რაოდენობა. მიზანი არ ამართლებს საშუალებას. პრობლემების მეტი რა არის სასაუბროდ, მაგრამ რაც არის, ის უნდა აღიარო… მეც შემეძლო სქრინშოტების წარმოდგენა, მაგრამ ეს იქნებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ეს არასერიოზული იქნება, ასე არ ითვლება მონაცემები,“ – აღნიშნა ნათია ზოიძემ.

ნათია ზოიძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა იმის მიუხედავად, რომ არჩევანი უკვე გაკეთებულია:

„ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ საკუთარ თავზე. ეს რომ ბოლო დღე იყოს ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო საინტერესო პროცესი და არ ყოფილიყო იგი უინტერესო… ამ პროცესის მიმართ გვაქვს შეკითხვები, მაგრამ ჩვენ შევქმენით კონკურენცია, ჩვენ ავაცილეთ ამ პროცესს დისკრედიტაცია, ვართ აქ, თქვენს წინაშე… მე მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩვენი ღელვის მიზანია არ არის პოზიციები, რომელიც გვიკავია, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენთვის ღირებულება… ჩვენ არ გვინდა დავთმოთ ტერიტორია, სადაც გვეგულება თავისუფლება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და აუდიტორიის პატივისცემა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიას,“ – აღნიშნა ნათია ზოიძემ.

დირექტორობის კანდიდატმა მრჩეველთა საბჭოს უსურვა, რომ ისინი საბოლოო ჯამში დემოკრატიის საწინააღმდეგოდ არ წავიდნენ:

„ვისურვებდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უფრო იყოთ დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგეები… მაქვს ვარაუდები, რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს…. მე ვიცი, როგორ იწყება ეს პროცესები და როგორ მთავრდება. „აჭარის ტელევიზია“ არაა ერთადერთი ტელევიზია, სადაც მიმუშავია. მე ვიცი, როგორ იწყებოდა ცვლილებების ქარი,“ – აღნიშნა ნათია ზოიძემ.

ქუჩის კალათბურთი, ჭარტი და კიდევ 4 იდეა – კონკურსის საუკეთესო ექვსეული

21 ნოემბერს, ბათუმის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პროექტის -„შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული იდეების
განხილვა გაიმართა. მრჩევლებმა 30 იდეიდან გამოარჩიეს 6 იდეა, რომელთა შორის გამარჯვებულ იდეებს უკვე ბათუმელები გამოავლენენ ხმის მიცემის საფუძველზე.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა შემდეგი 6 იდეა:

ქუჩის კალათბურთი

იდეის ავტორია ნიკოლოზ კიკვაძე. პროექტის მიზანია, კალათბურთის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ახალი ტალანტების აღმოჩენა. პროექტის ფარგლებში ბათუმის ათ უბანში შეიქმნება კალათბურთის გუნდი ადგილობრივი ახალგაზრდებისგან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს შეთანხმებულ დროს მოედანზე და მიიღოს უფასოდ საკალათბურთო განათლება, პროექტის დასასრულს კი, ერთი თვის განმავლობაში ბათუმელი გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. პროექტის ბიუჯეტი 40 600 ლარია.

ძაღლების პარკი

იდეის ავტორია მევლუდ საბაშვილი. პროექტი ითვალისწინებს სპეციალიზირებული გარემოს შექმნას ძაღლებისათვის, სადაც მათ შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ აქტიურობა. პროექტის აღწერის თანახმად, მოცემული პარკი საშუალებას მისცემს როგორც ცხოველებს, ასევე მათ მეპატრონეებს სოციალიზაციისთვის და ასევე,  პარკი იქნება ტურისტული ობიექტი, რომელიც ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. პროექტის ბიუჯეტი 55 000 ლარია.

ჭარტი

იდეის ავტორიები არიან გაბრიელ ღვინიანიძე და სოფიო ქამადაძე. პროექტის თანახმად, ბათუმის სხვადასხვა უბანში არსებული საკანალიზაციო ჭების ლუქები მოიხატება ბათუმისთვის სახასიათო ილუსტრაციებით, შედეგად ფეხით გადაადგილება გახდება ბევრად უფრო საინტერესო და შეიქმნება პოზიტიური განწყობა ქალაქის ქუჩებში. პროექტის ბიუჯეტია 46 000 ლარი.

ჭიდაობის ღია დარბაზი

იდეის ავტორია პაატა ურიადმყოფელი. პროექტის აღწერის თანახმად, საჭიდაო მოედანი დაიდგმება ახალ ბულვაში და მისი მიზანი იქნება ქართული ჭიდაობის განვითარება. ყოველ კვირას გაიმართება ქართული ჭიდაობა, გაიყიდება მაყურებლებისათვის ბილეთები და შემოსავალი შევა ქალაქის ბიუჯეტში. იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ უამრავი ტურისტი და ვიზიტორი ქართული ჭიდაობის საყურებლად, გადაიღებს ვიდეოებს, ფოტოებს და სოციალურ ქსელებში გაავრცელებენ. პროექტის ბიუჯეტია 194 556 ლარი.

Star OnlineE-Book

იდეის ავტორია თემურ დიასამიძე. პროექტის თანახმად, შეიქმნება მობილური აპლიკაცია და ვებგვერდი, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. მომხმარებელი ონლაინ რეჟიმში შეძლებს ატვირთოს მიღებული მომსახურების შესახებ შთაბეჭდილებები და შეფასებები, ასევე გაუგზავნოს კონკრეტული ბიზნესის მფლობელსა და მმართველს მათი სურვილების თუ იდეების შესახებ ინფორმაცია. პროექტის ბიუჯეტია 36 100 ლარი.

Batumi Dots

იდეის ავტორია ნინო ბასილაძე. აღწერის თანახმად, Batumi Dots იქნება ios და android ოპერატიული სისტემებზე მომუშავე ონლაინ თამაში. ეს იქნება ინოვაციური პროექტი, რომელსაც ჯერჯერობით საქართველოში ანალოგი არ აქვს. თამაში იქნება უფასო,  ამიტომ ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის და აგრეთვე არ ექნება ასაკობრივი შეზღუდვა. ის იქნება შესრულებული ორ ენაზე,  ქართულად და ინგლისურად და საინტერესო როგორც ბათუმელებისთვის ან/და ადგილობრივი ტურისტებისთვის, აგრეთვე ტურისტებისთვის სხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება თვითონ თამაშს, ეს იქნება კონკრეტული რაოდენობის ტურებისგან შემდგარი ონლაინ თამაში. პროექტის ბიუჯეტია 21 000 ლარი.

რაც შეეხება სხვა იდეებს, მათ 5-ზე ნაკლები ხმის მოგროვება შეძლეს და კონკურსს გამოეთიშნენ.

ახლა უკვე ჯერი ბათუმელებზეა, სწორედ ბათუმელები ირჩევენ გამარჯვებულ იდეებს ხმის მიცემით.

ხმის მიცემა დაიწყება 25 ნოემბერს და გაგრძელდება 21 დეკემბრამდე. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე „შენი იდეა ბათუმს“

ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული იდეების რაოდენობა პროექტის საერთო ბიუჯეტის გათვალისწინებით განისაზღვრება, რომელიც 2020 წლისთვის 500 000 ლარს შეადგენს. მინიმალური ხმის რაოდენობა კი ბათუმში რეგისტრირებული მოსახლეობის 0,5 % -ი, დაახლოებით 700 ხმაა.

ის საპროექტო განაცხადები, რომელთა შერჩევაც არ მოხდა საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, თავსდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პლატფორმაზე შესაბამის ბლოკში, სადაც მიეთითება დეტალური მიზეზი, თუ რატომ არ იქნა შერჩეული აღნიშნული პროექტი ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღება.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) , პური მსოფლიოს (Bread for the World) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის თანამშრომლებს: არავის არაფერი არ ემუქრება

„აქ მე თუ მოვედი, არავის არაფერი არ ემუქრება, აბსოლუტურად არავის არაფერი არ ემუქრება. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ადამიანების შრომა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შრომას დებენ, დაფასდეს შესაბამისად…“ – აღნიშნა მრჩეველთა საბჭოსთან გასაუბრების დროს გიორგი კოხრეიძემ. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია.

გიორგი კოხრეიძემ სხდომაზე ფეისბუქის სქრინშოტებიც მიიტანა იმის საჩვენებლად, რომ ზოგიერთ გადაცემას მაყურებელი არ ჰყავს. გიორგი კოხრეიძემ ისაუბრა იმაზეც, დღეს ვინც მას უპირისპირდება, მათ ასწავლის, „როგორ არ უნდა შევიდნენ კონფლიქტში“.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია სახელი… მე ნამდვილად არ მინდა, ვიღაცა მაგინებდეს. დღეს მაგინებენ, ვითმენ, ვითმენ და დარწმუნებული ვარ, რომ აი, ეს ადამიანები, ვინც დღეს მაგინებენ, ხვალ მოვლენ, ბოდიშსაც მოიხდიან. დარწმუნებული ვარ მაგაში. მათი განწყობა ვიღაცამ გააუბედურა, მოდი, ასე ვთქვათ, მაგრამ მიზეზი არცერთმა მათგანმა არ იცის, რატომ? მე გადავეფარები თითოეულ მათგანს, ვასწავლი იმას, როგორ არ შევიდეს კონფლიქტში,“ – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.

გიორგი კოხრეიძე წინა კონკურსებშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთი კონკურსის შემდეგ, როცა მან ორი მრჩევლის ხმა მიიღო, ჩათვალა, რომ არჩეული დირექტორი თვითონ არის და სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გიორგი კოხრეიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კონკურსი შეჩერდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი კონკურსი განაახლა.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ დირექტორის კონკურსი შეაჩერა, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ „სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენეს“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მრჩეველთა საბჭო დღეს ირჩევს.

მთავარი ფოტო: გიორგი კოხრეიძე გასაუბრებაზე

„დაბოქლომება“ ქვეყნის მასშტაბით

დღეს, 22 ნოემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სცადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს „დაბოქლომება“. იგივე მცდელობები აქვთ მოქალაქეებს და ოპოზიციურ პარტიებს იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში.

ონლაინ გამოცემა ლაივპრესი იუწყება, რომ „ოპოზიციური პარტიები „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად „დაბოქლომების“ აქციას ზუგდიდშიც ატარებენ. ისინი ცდილობენ, მაჟორიტარი დეპუტატების – მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას ბიუროების შესასვლელებს სიმბოლურად ბოქლომები დაადონ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს ამის უფლებას არ აძლევს.

ოზურგეთი. აქტივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სამაჟორიტარო ბიუროს ბოქლომი დაადეს. / 22.11.2019

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრები დილიდან ცდილობენ, ბოქლომები სიმბოლურად დაამაგრონ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს საქართველოს რეგიონებში. “დაბოქლომების” აქცია სხვადასხვა ქალაქში თითქმის ერთდროულად დაიწყო.

პოლიცია და სამოქალაქო პირები მობილიზებულები არიან ბაღდათის მაჟორიტარის, კობა ლურსმანაშვილის სამაჟორიტარო ბიუროსთანაც. თუმცა, დემონსტრანტები აქ არ მისულან. კობა ლურსმანაშვილი ერთ-ერთია იმ 37 მაჟორიტარს შორის, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

აქვე ნახეთ ვინ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილება:

https://netgazeti.ge/news/405511/?fbclid=IwAR2sDRRd3ijd-nNJdw_RLfITrzxgwlS8IcJqA0SRn-7YCUDOAy78ajsoHCM

ამ თემაზე:

დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია

მთავარი ფოტო: პოლიცია ოზურგეთის მერიის შენობასთან

დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია

ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ პოლიციელები მართლწესრიგის გამო არიან მობილიზებული, თუმცა ვერ გვიპასუხეს, ამ შემთხვევაში რატომ გადაწყვიტა პოლიციამ წესრიგის დაცვა, როცა მერიასთან საპროტესტო აქცია არ იმართება.

ბათუმის მერიასთან ასევე შეკრებილია რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში – მუხრან ვახტანგაძე. ისინი არ ამბობენ, რის გამო შეიკრიბნენ მერიასთან და აპროტესტებენ თუ არა რამეს.

დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „თავისი სამაჟორიტაროა“ და იმიტომ იმყოფება მერიასთან.

აქვე მდგომმა ახალგაზრდამ კი გვითხრა, რომ მუხრან ვახტანგაძესთან შესახვედრად იმყოფება მუნიციპალურ ორგანოსთან.

„მერია ჩვენ მოვატყუეთ, ვუთხარით, რომ ვაპირებდით მისვლას და ბოქლომის დადებას,“ – ამბობს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ წევრი. მან და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს, 22 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

„უმაღლესი საბჭოს ეზოში ზონდერებად მობილიზებული იყვნენ მერიის თანამშრომლები. რამდენიმე მათგანი ვიცანით და ვუთხარით, რომ მერიასთან ვაპირებდით მისვლას… მერიასთან აქციის ჩატარებას ჩვენ არ ვგეგმავდით. უმაღლეს საბჭოსთან აქცია დამთავრდა. ბოქლომი ისევ ადევს ჭიშკარს,“ – გვითხრა გია ხალვაშმა.

პოლიციელები ბათუმის მერიასთან, თედო ჯორბენაძის ფოტო.

აჭარის უმაღლეს საბჭოზე ბოქლომის დასადებად მივიდნენ – აქცია

დღეს, 22 ნოემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოს ჭიშკარზე ენმ-ს წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომის დასადებად მივიდნენ. ისინი უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას და პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას აპროტესტებენ.

ელგუჯა ბაგრატიონი თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 18 ნოემბერს დააკავეს. მას მოსამართლე ვალერიან  ფილიშვილმა 12 დღით პატიმრობა მიუსაჯა. საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა.

უმაღლეს საბჭოსთან იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ცენტრალურ კარზე ბოქლომის დადების უფლებას არ მისცემს. „ცენტრალურ კარს ბლოკირებას ვერ გაუკეთებთ“, – ამბობს კოტე ანანიაშვილი.

ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს კარებზე აუცილებლად უნდა დაადონ ბოქლომი, „რადგან ეს არის სამარცხვინო უმაღლესი საბჭო, რადგან მათი წევრის დაკავებაც კი არ გააპროტესტეს“, – ამბობს კირთაძე.

საპროტესტო აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიის წევრებმა მთავარ ჭიშკართან მიახლოება მაინც მოახერხეს და ჭიშკარზე სიმბოლურად დაკიდეს ბოქლომი. „ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება“, – ამბობენ აქციის მონაწილეები. „გულდასაწყვეტია, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის შეზღუდული“, – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან ასმათ დიასამიძე, რომელიც აქციაზე იმყოფება.

უმაღლეს საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ თანამშრომლები შენობაში არიან.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, კონსტრუქცია ორი სახისაა: სტაციონარული და დასაკეცი. სკამები ლურჯი ფერისაა. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები დამონტაჟდება.

„სკამები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ანტივანდალური და ცეცხლმედეგია“ – აცხადებენ კომპანიაში.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო / ფოტო: შპს „სტადიონი“

ბათუმის სტადიონზე მალე მინდვრის საფარის დაგებაც დაიწყება. ბალახს [კორდს] უკრაინიდან შემოიტანენ.

ამ თემაზე:

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადაზე 7 თვით ადრე დასრულდეს

ხულოში 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში 7 სახლი და 5 სათავსო დაიწვა. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხანძარი ლოკალიზებულია და სახანძრო ბრიგადები მუშაობენ მისი სრული ლიკვიდაციისთვის. 3 ოჯახს გავიყვანთ ქირით. დანარჩენ სახლებში არ ცხოვრობდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ვახტანგ ბერიძემ, რომელიც ხანძრის ადგილას იმყოფება.

ვახტანგ ბერიძე აცხადებს, რომ ხანძრის სრულ ჩაქრობას შუადღემდე დასჭირდება დრო. მისი თქმით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიაა, თუმცა ეს დაუზუსტებელია.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა საკუთარი ფეისბუქგვერდით გაავრცელა საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემაც.

დეპუტატმა ეს ინფორმაცია 2 საათის წინ, დაახლოებით დილის 6 საათისთვის გაავრცელა.

ხანძარი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მეხალაშვილები
ხანძარი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მეხალაშვილები
ხანძარი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მეხალაშვილები
ხანძარი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მეხალაშვილები

 

Exit mobile version