მთავარი,სიახლეები

კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადება

22.11.2019 • 2191
კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადება

აჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“.

ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ ტელევიზიის დირექტორობას გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ და ეს დღეს მართლაც ასე მოხდა. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლები საჯაროდ აცხადებენ, რომ გიორგი კოხრეიძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის არის გამოწვევა.

დღეს, გადაცემა „მთავარში“, ახალარჩეულ დირექტორს ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ პირდაპირ ეთერში ჰკითხა, აპირებს თუ არა ნათია ზოიძესთან თანამშრომლობას. გიორგი კოხრეიძემ ამ კითხვის პასუხად თქვა – „როგორ არ ვაპირებ, მე ღია ვარ თანამშრომლობისთვის…“

თუმცა ამავე ინტერვიუში ტელევიზიის დირექტორმა დასძინა: „თუ ვიღაცას არ შეუძლია და მას აქვს სხვა დღის წესრიგი, აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან ასეთი ადამიანები, მე ამას დავუსაბუთებ… თვითონვე უნდა გადაწყვიტონ… ან დარჩებიან იმ პოზიციაზე, ან იქნებიან გუნდის  წევრები იმიტომ, რომ მე მჭირდება ისეთი გუნდი, სადაც ყველა ეცდება გააკეთოს ის, რაც გვექნება დასახული“.

გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეზე დღეს სხვა ეთერებშიც ისაუბრა და დასვა რიტორიკული კითხვა – „შეიძლება ჩვენი მუშაობა ერთად? მე მინდა, რომ ვიმუშავოთ ერთად. მაგიტომ ვამბობ – ნათია ზოიძის სათქმელია დღეს და გადასადგემლი ნაბიჯია, რომელსაც მე დაველოდები“.

ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ გიორგი კოხრეიძეს სთხოვა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რას ელის ნათია ზოიძისგან.

„მე პასუხს ველოდები, იმ ტალახზე, რაც მან ისროლა – მე ვყოფილვარ მატყუარა და ცრუ, ეს ერთი. ნახეთ მისი პოსტები. თქვენ წახვალთ ბრძოლაში, როდესაც იცით, რომ ვიღაცამ შეიძლება ზურგში დანა ჩაგარტყათ? გუნდის წევრი თუ უნდა ადამიანს, უნდა იყოს გუნდის წევრი და მაგიტომ ვამბობ, ნათია ზოიძემ უნდა მითხრას, რა იყო ამის საფუძველი, იქნებ ჩემთვის გასაგებია და მისაღებია“ – განაცხადა კოხრეიძემ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძის შესახებ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ დღეს, 22 ნოემბრს ისაუბრა. მაუწყებლის ჟურნალისტების ერთი ნაწილი გიორგი კოხრეიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა.

ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

გიორგი კოხრეიძის მხრიდან ნათია ზოიძის წასვლაზე მინიშნების გაკეთება, ნიშანდობლივი სიგნალია – საინფორმაციოს ჟურნალისტების განცხადება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია.

საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე. ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა, სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი.

მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები.  აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალის​ტიკის მაღალი სტანდარტით”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: