მთავარი,სიახლეები

28 ვალდებულებიდან შესრულდა 2 – რა სარგებლობა მოაქვს აუს-ს გენდერულ საბჭოს

23.11.2019 • 1221
28 ვალდებულებიდან შესრულდა 2 – რა სარგებლობა მოაქვს აუს-ს გენდერულ საბჭოს

„აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო სათანადოდ არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს“ – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის დასკვნა.

ანგარიშში, სახელწოდებით – „რას (არ) აკეთებს აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო“ – აღნიშნულია, რომ  აუს-ს [აჭარის უმაღლეს საბჭოს] გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნიდან დღემდე არ გამოუჩენია მნიშვნელოვანი ძალისხმევა რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაძლიერებლად და ამ საკითხებზე მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად.

აუს-ს გენდერულ საბჭოში გენდერული თანასწორობაც დარღვეულია – საბჭოს ათი წევრიდან მხოლოდ ორია ქალი – ნინო ჩხეტია მმართველი პარტიიდან, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელობს და ასმათ დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. გენდერული თანასწორობა აქ დაცული ვერც იქნება, იმ მიზეზით, რომ უმაღლეს საბჭოში სულ ორი ქალია.

„გამჭვირვალობის“ ანგარიშის თანახმად, აუს-ს გენდერული თანასწორობის საბჭომ 2016-2018 წლის სამოქმედო  ანგარიშში გაწერილი 28 ვალდებულებიდან შეასრულა მხოლოდ 2, არასრულად შესრულდა – 4, ხოლო 22 არ შესრულდა.

შესრულებული ვალდებულებები: შეიქმნა საბჭოს აპარატი და შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის საშტატო ერთეული.

ნაწილობრივ შესრულდა: პოლიტიკურ პარტიებთან გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრების და ტრენინგების ორგანიზება; აუს-ს არჩევნებში ქალთა რაოდენობის ზრდის საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება; აუს-ს არჩევნებში ქალი კანდიდატების მომზადება და სტატისტიკის თანახმად, ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის შექმნა [2017 წლის 26 ივნისს გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული  ფართის გამოყოფის თხოვნით. მიუხედავად სამინისტროს წერილში აღნიშნული მზაობისა, ფართი ამ დრომდე არ შერჩეულა].

არ შესრულდა: აჭარის მთავრობის გენდერული ბალანსის დაცვით ფორმირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება; ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება; რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, ქალთა ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ქალთა უფლებების და ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე; უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში ღია გაკვეთილებისა და დისკუსიების ჩატარება და სხვა.

ხოლო რაც შეეხება 2019-2020 წლების გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც ძველ, ასევე ახალ ვალდებულებებს, დოკუმენტით გათვალისწინებული 28 საქმიანობიდან ამ დრომდე შესრულებულია მხოლოდ 2. კერძოდ, აუს-ს მთავრობასთან გენდერული თანასწორობის საკითხებში შემოღებულია მრჩევლის შტატი და გენდერული საბჭოს აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუციური მექანიზმების წარმომადგენლებსა და მათი აპარატების თანამშრომლებს გამოცდილების გასაზიარებლად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად,  2016  წლიდან მოყოლებული საბჭოს არ წარუდგენია არანაირი კვლევა, რომელიც მიეძღვნებოდა რეგიონში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას,  მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წელს წამოაყენა გენდერული კვოტირების სისტემის დანერგვის საკითხი აჭარის კანონმდებლობაში, საფუძვლიანი მუშაობა  მოცემული ინიციატივის მისაღებად და განსახორციელებლად ამ დრომდე არ დაწყებულა.

„…გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად საბჭოს  დაგეგმილი აქვს ტრენინგები, გასვლითი შეხვედრები და საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც ნინო ჩხეტიამ 2019 წლის 6 ივნისის სხდომაზე ​ ისაუბრა​. მიუხედავად ამისა, მოცემული გეგმის შესრულება  დღემდე არ დაწყებულა.

რაც შეეხება განათლებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გენდერულ საკითხებზე, საბჭოს თქმით, მოცემულ ამოცანასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებაზე პასუხისმგებელია აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, გენდერული თანასწორობის საბჭომ კი  მათი საქმიანობის მონიტორინგი უნდა აწარმოოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოსთვის” უცნობია, მოცემული მიზნების მისაღწევად მიმართა თუ არა საბჭომ დასახელებულ უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით – ინფორმაცია ამის შესახებ გენდერული  თანასწორობის საბჭოდან არ მიგვიღია.

2019 წლის დასასრულამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა საბჭოს იმ ამოცანებზე მუშაობა, რომელთა  შესრულების ვადას 2019 წელი წარმოადგენს, არც დაუწყია – საბჭოს ამის შესახებ ინფორმაცია  ჩვენთვის არ მოუწოდებია და არც ვებ-გვერდზე გამოუქვეყნებია“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აუს-ს გენდერული საბჭო არ გამოხმაურებია 2017-2019 წლებში აჭარის რეგიონში გენდერული ნიშნით შევიწროებისა და ბავშვთა  პროსტიტუციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აუს-ს გენდერული თანასწორობის საბჭოს მოუწოდებს: „დროულად და ეფექტიანად განაგრძოს მუშაობა 2019-2020 წლების გეგმის განსახორციელებლად; ეფექტიანად აამუშავოს უწყებათაშორისო კომისიის პლატფორმა სამუშაო გეგმაში გაწერილი  ვალდებულებების შესასრულებლად; აქტიურად გამოეხმაუროს ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის, სექსუალური შევიწროების,  ადრეული ქორწინებისა და არასრულწლოვან გოგონათა პროსტიტუციაში ჩართვის ფაქტებს და მიმართოს შესაბამისი რეკომენდაციებით საგამოძიებო ორგანოებს; გააძლიეროს პროაქტიული მუშაობა საზოგადოებაში გენდერულად მგრძნობიარე საკითხების  წარმოსაჩენად, საჯარო დისკუსიების, შეხვედრების, კამპანიების მეშვეობით, რაც შეიძლება  კარგი საშუალება აღმოჩნდეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების  თანამშრომლობის გასაღრმავებლად“.

____________

ფოტოზე: სამუშაო შეხვედრა გენდერის საკითხებზე 21 ნოემბერს, ბათუმში. ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: