მთავარი,სიახლეები

„სკოლა გვაკლია“ – რას ითხოვდნენ ქედელები XIX საუკუნის ბოლოს

23.11.2019
„სკოლა გვაკლია“ – რას ითხოვდნენ ქედელები XIX საუკუნის ბოლოს

სოფ. ქედა, ქვედა აჭარა – „აგერ ოცი წელიწადი სრულდება, რაც რუსეთმა აიღო ეს მხარე და დღემდის ერთი პირველდაწყებითი სასწავლებელი რა არის და იმასაც ვერ ვეღირსეთ, არ ვიცით რა არის ამის მიზეზი.

სხვა სოფლებში არათუ პირველ დაწყებითი, ორკლასიანი სასწავლებლებიც კი დააარსეს და აარსებენ. არის ბათუმში სამოქალაქო და ქართული სასწავლებლები, მაგრამ აქაურ მცხოვრებათათვის გამოუსადეგარია, რადგან ბათუმი ქედაზედ 40 ვერსით არის დაშორებული. აქ დაგვიარსეს სასოფლო სამკურნალო, ეხლა სკოლა გვაკლია და ვგონებთ, იმასაც ვეღირსებით“ – წერს გაზეთ „ივერიის“ 1897 წლის 17 აპრილის ნომერში აბდულ მიქელაძე, გაზეთ „ივერიის“ პირველი კორესპონდენტი აჭარიდან, რომელიც აჭარის პრობლემებზე წერდა ქედიდან.

აბდულ მიქელაძე წერს, რომ ქედის მცხოვრებლებმა თხოვნის წერილი შეადგინეს მაშინდელი „სასწავლებელთა ინსპექტორის, მამინაიშვილისთვის“ რათა მას ეშუამდგომლა სახელმწიფო ხარჯით ქედაში პირველდაწყებითი სასწავლებლის გასახსნელად:

„ბ-ნ თეოფილე ერქომაიშვილის თაოსნობით აქაურმა მცხოვრებლებმა თხოვნა მიართვეს ბ-ნს სასწავლებელთა ინსპექტორს მამინაიშვილს, რომ იშუამდგომლოს და დაგვიარსონ პირველ დაწყებითი სასწავლებელი ს. ქედაში სახელმწიფო ხარჯით. იმედია ბ-ნ მამინაიშვილი უყურადღებოდ არ დასტოვებს აჭარლების თხოვნას, რითაც დიდსა და დაუვიწყარს სამსახურს გაუწევს აქაურებს.

კორესპონდენტის ცნობით, 1897 წლისთვის ქედაში ყოფილასასოფლო სამკურნალო“, რომლის ბაზაზეც შავი ჭირისგან თავდასაღწევად  „ადგილობრივი უფროსი და ბ-ნი სოფლის ექიმი თავგამოდებით შეუდგნენ სოფლის გასუფთავებას“.

ქედაში პირველდაწყებითი სკოლა 1903 წელს გახსნეს, ,,ივერიაში“ აბდულ მიქელაძის წერილის გამოქვეყნებიდან 6 წლის შემდეგ .როგორც ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი ამბობს, ამ სკოლაში აბდულ მიქელაძისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი გამოფენაა და ქედის მოსახლეობის ნაწილს მისი, როგორც სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის სახელი დღემდე ახსოვს.

აბდულ მიქელაძე პირველად თბილისში 1880 წელს ჩავიდა, როცა წერა-კითხვა არ იცოდა და მხოლოდ ასოებს ცნობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი გაზეთ „ივერიას“ პირველი კორესპონდენტი გახდა.  1882-1884 წლებში თბილისში გაიცნო ილია ჭავჭავაძე, პეტრე უმიკაშვილი და ამ  ეპოქის აჭარის ამბები მან წერილებით აჩვენა მკითხველს.

„ძველი ივერიის“ დავიწყებული კორესპონდენტი აჭარელი მიქელაძე“ – ასე მოიხსენიებს ქედის სკოლის დამაარსებელი აბდულ ეფენდი საკუთარ თავს წერილებში.


მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

გაზეთი „ივერია” 1897 წლის 17 აპრილის ნომერი/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; გულ მუქერრემ ოზთურქის დისერტაცია ,,ორჰან ქემალის ქართული თარგმანები” – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: