განათლება,მთავარი,სიახლეები

სუიციდზე ფიქრები, ანუ როგორ შევნიშნოთ მოზარდებში სახიფათო სიგნალები 

24.11.2019 • 4212
სუიციდზე ფიქრები, ანუ როგორ შევნიშნოთ მოზარდებში სახიფათო სიგნალები 

მე-12 კლასელმა ბიჭმა სკოლაში სიარული მოულოდნელად შეწყვიტა. დამამთავრებელი კლასის ათოსანი მოსწავლე ოთხი თვის განმავლობაში კლასში არ გამოჩენილა. „როცა სახლში მივაკითხეთ, არც კი შეგვიპატიჟა, კარებიდან მალევე გამოგვისტუმრა. როცა ვეკითხებოდით, თუ რა ხდებოდა მის თავს, დუმდა. მიზეზს არ გვეუბნებოდა,“- ყვება მოზარდის მეგობარი.

საკუთარ თავსა და ოთახში განმარტოებული მოზარდით, სკოლა პირველ ეტაპზე დაინტერესდა, თუმცა ეს ინტერესი დღეების მატებასთან ერთად იკლებდა. „კი, ამბობენ, რომ ვკითხულობდით მის ამბავსო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არაფერი გააკეთეს მისთვის“, – გვეუბნება მეგობარი. „ვერც ჩვენ შევძელით…“ – დანანებით ამბობს ის. მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა წყალტუბოში სექტემბერში მოხდა.

როგორ მოქმედებს სახელმწიფო სისტემა, როცა იღებს ინფორმაციას, რომ მოზარდს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება? – მუშაობს თუ არა ეს მექანიზმი ეფექტურად და ასრულებს თუ არა სუიციდის პრევენციის ფუნქციას, რაში ჩანს ამ სისტემის ხარვეზები და აქვს თუ არა ქვეყანას მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები?

როცა კლასის დამრიგებელს ვკითხეთ, თუ რა მოიმოქმედა სკოლამ, როცა დაინახა, რომ მოზარდს ფსიქოლოგიური კრიზისი ჰქონდა, მან გვიპასუხა, რომ მშობელი გააფრთხილეს. „სხვას ვერაფერს ვიზამდით. გვქონდა მიმოწერა მასთან, უცხოეთში იყო სამუშაოდ და ჩამოვიდა“, – გვეუბნება დამრიგებელი. მისი თქმით, დედას ჰქონდა მცდელობა შვილი ფსიქოლოგთან წაეყვანა, თუმცა ვერ შეძლო. „ფსიქოლოგი არ მჭირდებაო და არ გაჰყვა“.

დამრიგებლის თქმით, დედა  გამოსავალს ეძებდა.

დედა ისევ წავიდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში, მოზარდი კი თავის პრობლემასთან ისევ მარტო დარჩა. ამით დასრულდა ფსიქოლოგიური დახმარების მცდელობაც და მოზარდის ისტორიაც.

სტატისტიკური მონაცემებით, სუიციდის ფაქტები, მოზარდებს შორის, წინა წლებთან შედარებით მომატებულია. ასევე სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ორჯერ მეტმა გოგონამ მოიკლა თავი, ვიდრე ბიჭმა.

როცა მშობელი ვერ პოულობს გამოსავალს ან ბოლომდე ვერ აფასებს რისკებს, ვინ უნდა ჩაერიოს კრიზისის გადაჭრაში? ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ დღეს არსებული რეალობიდან რთულია ამის თქმა, მაგრამ ასეთ დროს, ფსიქოლოგები რასაც ეჭიდებიან, მშობლის სათანადოდ ინფორმირებაა.

„როცა მოზარდი დეპრესიულია, ის ნაკლებად მოტივირებულია წავიდეს სპეციალისტთან და ხშირად უშედეგოა მშობლის ძალისხმევაც – მიიყვანოს შვილი ფსიქოლოგთან. ეს ერთ-ერთი ბარიერია, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ  სახელმწიფოს დონეზე არ არსებობს კრიზისის მართვის რაიმე სისტემა“, – გვეუბნება ის.

სახიფათო სიგნალებზე მშობლებისთვის არაერთხელ გაუცია რჩევა, თუ როგორ უნდა დაამყაროს ასეთ დროს შვილთან ურთიერთობა, რაზე გაამახვილოს ყურადღება, როგორ იყოს ჩართული, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის გადაუდებელი ჩართულობა ასეთ დროს, „მაგრამ მხოლოდ ჩემი ან ჩემი რომელიმე კოლეგის რეკომენდაცია ხომ არ არის ინსტიტუციურად გამართული სისტემა?!  რატომ უნდა იყოს ადამიანის ბედი დამოკიდებული იმაზე, შევძლებთ თუ არა მე ან რომელიმე ჩემი კოლეგა ვუპასუხოთ ასეთ საგანგაშო ზარს? რაიმე მიზეზით თუ ვერ გვიკავშირდებიან, რადგან ჩვენ არ წარმოვადგენთ „ცხელ ხაზს“, გამოდის რომ საერთოდ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიიღებს მშობელი და ამ დროს ბავშვი დახმარების გარეშე  შეიძლება დარჩეს“, – ამბობს მაია ცირამუა.

რა რესურსი აქვს მშობელს ასეთ დროს?  ფსიქოლოგის თქმით, თუ მშობელი, ვთქვათ, გამოიძახებს 112-ს, ეს სამსახური ვერაფერს მოიმოქმედებს თუ სახეზე არ არის სუიციდის მცდელობა. მხოლოდ სუიციდის ნიშნების არსებობით 112 ვერ დაიწყებს ჩარევას. „რა ეტაპზე უნდა მოხდეს  ჩარევა, ვინ უნდა ჩაერიოს, სად შეიძლება გაკეთდეს შეტყობინება? არ არსებობს პასუხები ამ კითხვებზე, არანაირი დამცავი მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს“, – გვეუბნება მაია ცირამუა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წელს სუიციდის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო 87-ე ადგილზეა, მაშინ როცა ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამ მიმართულებით ქვეყანა 123-ე ადგილს იკავებდა.

როდის არის ნიშნები საგანგაშო?

„თუ მოზარდი იკეტება და წყვეტს კომუნიკაციას ახლობლებთან, სოციუმთან, რადიკალურად ეცვლება ქცევა, კარგავს ინტერესს, მოტივაციას, დაწეული აქვს  გუნება-განწყობა ან მუდმივად გაღიზიანებულია – ეს  უკვე საყურადღებო ნიშნებია და თუ მოზარდი ასეთ დროს იმყოფება იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც არ ჰყოფნის განათლება, უნარი, რომ ამოიცნოს ეს ნიშნები, პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს, დროული რეაგირებაა საჭირო.

რა უნდა გაკეთდეს, ვინ უნდა ჩაერიოს, რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს ასეთ დროს, ეს ყველაფერი უნდა იყოს გააზრებული სახელმწიფოს მიერ და უნდა არსებობდეს პრევენციის პროგრამა, რომელიც გამოსავალს აპოვნინებს ადამიანს“, – ამბობს მაია ცირამუა.

იმ შემთხვევაში, თუკი  კრიზისში მყოფი მოზარდი გადაამისამართეს შესაბამის კლინიკაში, რამდენად გამართული და თანმიმდევრული სისტემა ხვდება მას? – ფსიქოლოგის თქმით, ასეთ შემთხვევაში მოზარდი შეიძლება დატოვონ მაქსიმუმ 10 დღით მკურნალობის ქვეშ. მაგრამ შემდეგ როგორ ვითარდება პროცესი, ხდება თუ არა უწყვეტი მონიტორინგი? გვაქვს სათემო  მომსახურების სერვისები მოზარდებისათვის, რომ ის არ დარჩეს  მხოლოდ  მშობლის ამარად?  რა შემთხვევაში და როგორ უნდა ჩაერთოს სოციალური სამსახური, რა ვალდებულებები აქვს და რა შეუძლია ამ სამსახურს,  საერთოდ ვისი პასუხისმგებლობაა თვალი მიადევნოს ბავშვს ან მოზარდს, რომელმაც სცადა სუიციდი?

„აქ პასუხები აღარ გვაქვს. ეს უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებული ქმედებები სხვადასხვა სამსახურს შორის, ამ დროს ოჯახს სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი სისტემა  არ გვაქვს და ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს მაია ცირამუა

რა ბერკეტი აქვს ხელთ მანდატურის სამსახურს მოზარდის გადასარჩენად

მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის, თეონა ჩიტაშვილის თქმით, სკოლის მანდატურები სწავლობენ ძალადობის ნიშნებს და მოზარდის ქცევის თავისებურებებს, რაც შესაძლოა მიუთითებდეს დესტრუქციულ შემთხვევებზე.

„ასეთ მოსწავლეებს სკოლა ამისამართებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, სადაც დასაქმებულები არიან ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ფსიქიატრები. ეს ცენტრი შემდეგ უკავშირდება არასრულწლოვნის მშობელს და სთავაზობს შესაბამის მომსახურებას. თუმცა, არ არსებობს 100%-იანი გარანტია, რომ მოზარდს ეს სერვისი ბოლომდე დაეხმარება“, – გვეუბნება თეონა ჩიტაშვილი.

თუ მოზარდი უარს ამბობს ფსიქოლოგის მომსახურებაზე, მაგრამ სახეზეა კრიზისის დამადასტურებელი ყველა ნიშანი, თეონა ჩიტაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევებში ისინი მშობელთან მუშაობენ, რომ ასწავლონ ტექნიკა, როგორ დაეხმაროს შვილს.

კითხვაზე, რა მოიმოქმედა სკოლამ, მანდატურის სამსახურმა და ოჯახმა ერთობლივად ან რას ვერ გაართვეს თავი, როცა მოზარდებმა სუიციდით დაასრულეს სიცოცხლე? – ჩიტაშვილი ამბობს, რომ როცა მოზარდი უარს ამბობს ფსიქოლოგის მომსახურებაზე, სახელმწიფო სტრუქტურები უძლური არიან. „ასეთ დროს, მშობელმა უნდა შეძლოს და თუნდაც სახლში მიიყვანოს ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, სხვანაირად გამოდის, რომ ყველა გზა გადაკეტილია. ჩვენ ჯადოქრები არ ვართ“, – ამბობს თეონა ჩიტაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუკი ფსიქიატრის საჭიროება სახეზეა, მანდატურის სამსახურის ფსიქიატრს მაინც არ აქვს უფლება დანიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა და მოზარდი შესაბამის ცენტრში უნდა გადაიგზავნოს, სადაც მომსახურება ფასიანია, რაც ასევეა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა მშობლებისთვის.

გასულ წელს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრში 3 ათასი მოსწავლე გადაამისამართეს. ის, რომ ბავშვები და მოზარდები სულ უფრო ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლი და საჭიროებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, ამაზე მიუთითებს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებიც. ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსის, ხათუნა ჯიქიას თქმით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ბავშვზე და მოზარდზე ძალადობის 1 156 შემთხვევა დარეგისტრირდა.

ჯიქიას თქმით, 2016  წლიდან ამოქმედდა მთავრობის დადგენილება, ბავშვთა დაცვის რეფერირების, მიმართვიანობის დამტკიცების შესახებ, რითაც გაიზარდა ის სუბიექტები, რომელთაც ვალდებულება აქვთ, რომ ძალადობის შემთხვევაში შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს. „აქედან ერთ-ერთი არის ჩვენი სამსახური, შემდეგ პოლიცია, სკოლა და ის სახელმწიფო უწყებები, სადაც ბავშვებთან აქვთ შეხება“, – გვეუბნება ხათუნა ჯიქია.

კითხვაზე, იყო თუ არა მათი სამსახური ინფორმირებული, წყალტუბოში მცხოვრები მოზარდის ან იმ სხვა მოზარდების შესახებ, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა და რა ზომები გატარდა მათ დასახმარებლად ამ სამსახურმა, ხათუნა ჯიქია ამბობს: „წყალტუბოს შემთხვევა ჩვენთან გადმომისამართებული არ იყო. ზოგჯერ მშობელი საჭიროდ არ თვლის ფსიქოლოგს მიმართოს. „ჩემი შვილი გიჟი არაა“, – ამ დამოკიდებულების გამო“.

იმ შემთხვევებზე, თუ მშობელი ხედავს პრობლემას, მაგრამ არ შეუძლია დახმარება, ხათუნა ჯიქია ამბობს, რომ იძულებით ვერავის მიიყვანენ ვერც ფსიქოლოგთან და ვერც ფსიქიატრთან, თუმცა დასძენს, რომ როცა ამბავი მათ სამსახურამდე მიდის, ჩარევა  უკვე დაგვიანებულია.

ხათუნა ჯიქიას აზრით, სუიციდის პრევენცია ოჯახში და სკოლაში უნდა მოხდეს, რადგან ბავშვები სწორედ აქ ატარებენ ყველაზე მეტ დროს. „აქ უნდა ამოვიცნოთ ბავშვის პრობლემები და ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ, რომ ნებისმიერ ძალადობაზე ჰქონდეთ რეაქცია. როცა ბავშვი სკოლაში არ დადის თვეების მანძილზე და სკოლას რეაქცია არ აქვს, შემდეგ უკვე მართლა უძლურები ვართ“, – ამბობს ის.

პრევენცია რომ დროულ რეაგირებას ნიშნავს, ამაზე საუბრობს მაია ცირამუაც. მისი თქმით, კრიზისზე რეაგირება მესამე დონის პრევენციაა. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს 24-საათიანი კრიზისული სამსახურები, სადაც შეტყობინების შემდეგ დაუყოვნებლივ იმოქმედებენ და მულტიდისციპლინურად შეიმუშავებენ ჩარევის გეგმას.

შსს მონაცემებით, საქართველოში მოზარდებს შორის როგორც სუიციდის, ასევე მცდელობის მაჩვენებელი გოგონებს შორის უფრო მაღალია ვიდრე ბიჭებში. ბოლო სამი წლის განმავლობაში გოგონების სუიციდის 23, ხოლო ბიჭების – 15 შემთხვევა იყო. 

ფსიქოლოგი და მწერალი თამარ თანდაშვილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი გენდერული ნიშნით ქალების და გოგონების ჩაგვრაში უნდა ვეძებოთ.

ფოტო: ბათუმელების არქივიდან

ქალებს განსაკუთრებული შიში აქვთ დარცხვენი

„თვითმკვლელობაზე ფიქრი ბევრ ჩემს პაციენტში ასოცირებული იყო სირცხვილის, დარცხვენის შიშთან. ერთი შეხედვით შეიძლება ეს ვინმეს არ მოეჩვენოს ტრაგიკულ პრობლემად და თქვას – „ვის არ შეგვრცხვენია“, მაგრამ ქალებს განსაკუთრებული შიში აქვთ იმის, რომ ვიღაც მას განიხილავს „მსუბუქი ყოფაქცევის“ ან უწესო ადამიანად და თუკი მათი სექსუალობის შესახებ გავრცელდება ვერბალური ან ვიზუალური მასალა, შეიძლება დაცინვის ობიექტები გახდნენ სხვა ადამიანების მხრიდან“.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამის მაგალითი მის პრაქტიკაში ბევრია.

„შარშან იყო ასეთი შემთხვევების ბუმი 15-16-17 წლის მოზარდებში. ამის გამო მიიყენა ერთ-ერთმა გოგონამ თვითდაზიანებები. ამბობდა: „თავი არსად გამომეყოფა“, „ჩემი ცხოვრება დამთავრდა“, რადგან პატრიარქალური ავტორიტეტების გარემოცვაში სექსუალობის გასაჯაროება გოგონებისთვის ძალიან მძიმეა“, – ამბობს თამარ თანდაშვილი.

მისი აზრით, როცა დარცხვენაზეა საუბარი, დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებს და პატრიარქალურ ფიგურებს, თუ რა პოზიციას დაიჭერენ ისინი მსხვერპლის მიმართ.

„სექსი და სექსუალობა ადამიანის ფიზიოლოგიის და ფსიქოლოგიის მახასიათებელია. როგორც კი ეს დისკუსია შემოვა და მოზარდებთან ამაზე საუბარს დავიწყებთ, მათ ნაკლებად შეეშინდებათ და შერცხვებათ“, – ამბობს თამარ თანდაშვილი.

ფსიქოლოგის თქმით, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოზარდის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაწერილია პროცედურები, როგორ უნდა მოიქცნენ კრიზისულ ვითარებაში. „როცა ბავშვი არ გამოჩნდება რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ამჩნევენ, რომ ბავშვის ქცევა არის არაორდინალური, საქმეში რთავენ ბავშვთა სერვისებს და ფსიქოლოგი ვალდებულია მშობელს დაუკავშირდეს. ამ პროცედურის ცოდნა მასწავლებლისთვის სავალდებულოა სკოლაში, თუმცა საქართველოში ამ მხრივ პედაგოგებს სათანადო მომზადება არ აქვთ და არც სისტემა მუშაობს“.

ფსიქიკური ჯანმრთელობა ფოკუსირებულია თვითმკვლელობის პრევენციაზე
ილუსტრაცია: stlucianewsonline.com

მაია ცირამუას აზრით, მოზარდებში ემოციური და ქცევითი პრობლემების, მათ შორის სუიციდის რისკის არსებობას ხელს უწყობს არახელსაყრელი გარემო, რომელიც არ არის ორიენტირებული ბავშვის  ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არა მარტო ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, არამედ გაღარიბებული სოციალური ურთიერთობების პრობლემაცაა. „ბავშვებს აქვთ როგორც მშობლებთან, ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შიმშილი, აქვთ სიმარტოვის, მოწყენილობის, არარეალიზებულობის პრობლემა, მაშინ როცა მათთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ამოცანაა,  თავი დაიმკვიდრონ და ინტეგრირდნენ გარკვეულ ჯგუფთან. რა ხელშემწყობი მექანიზმები გვაქვს ამისთვის, რა პოზიტიური ახალგაზრდული ჯგუფები გვაქვს, სადაც შეუძლია ბავშვს, მოზარდს თავისი ინტერესის, სურვილის, თავისი შესაძლებლობების შესაბამისად გაერთიანება? – მინიმალური.

წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება შეცვალოს ერთი ძალიან მოწყენილი უბნის, სოფლის ცხოვრება თუნდაც ერთმა ფეშენებელურმა სტადიონმა, აუზმა, სპორტულმა კომპლექსმა, მუსიკალურმა კლუბმა, სამკითხველო დარბაზმა. როგორ ერთვებიან ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობები? მნიშვნელოვანია მათი ბიუჯეტი ისე  გაიწეროს, რომ ახალგაზრდების საჭიროებებზეც იყოს მორგებული.

ის ბავშვები კი, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ეს ყველაფერი, ამ სიკეთეების მიღმა არიან. ზოგადად, ქვეყანაში არაძალადობრივი ურთიერთობების დეფიციტია, სოციუმი გაჯერებულია ძალადობრივი განწყობებით, ბულინგი სერიოზული პრობლემაა, იზრდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე დეპრესია, ნივთიერებებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. დეზორგანიზებულია სკოლა, თემი, გაზრდილია სიღატაკე, განათლების დეფიციტია და შესუსტებულია ოჯახური ურთიერთობები…

როცა ასეთ რამეებზე სახელმწიფო არ ფიქრობს, ეს პრობლემები თოვლის გუნდის ეფექტით იზრდება და ზვავივით დაგვეცემა თავზე. სწორედ ამიტომ არის სუიციდის და დანაშაულის ამდენი შემთხვევა“, – ამბობს მაია ცირამუა.

ქეთევან კალანდაძე, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ანტიბულინგური სტრატეგია და ხედვა, თუ როგორ უნდა მოახდინოს მისი პრევენცია და რეაგირება. მისი თქმით, ბავშვების უსაფრთხოება, მათი კეთილდღეობა და დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და პრიორიტეტი უნდა გახდეს.

თუმცა, სახელმწიფო კრიტიკულ მომენტებში პასუხისმგებლობას მშობელს აკისრებს. მშობელს, რომელსაც პირად ტრაგედიასთან ერთად გაუმართავი სისტემაც ასუსტებს. დანაშაულის გრძნობამ, რომ ვერ შეძლო დახმარებოდა შვილს, სულ ახლახანს, წყალტუბოში შვილთან ერთად, დედის სიცოცხლეც თვითმკვლეობით დაასრულა.

_______

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/397758/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: