ბულვარის გაგრძელება და ყოფილი პოლიგონის განვითარება – რას აპირებს მთავრობა

გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპიროზე გზა და ბულვარი გონიოს მიმართულებით? აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე ზღვის შესართავთან? როგორ განვითარდება გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია? – ამ კითხვებს პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც ყოფილი პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე მოამზადა ტექნიკური დავალება, რომლის საფუძველზეც დაიქირავებენ კომპანიას, რომელიც ჩაატარებს კვლევას და მოამზადებს ამ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

„მაქ უნდა გაგრძელდეს ბულვარი, ასევე საავტომობილო გზა და აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის თხოვნაა, მომზადდეს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ამის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ რისი გაკეთება შეიძლება მაგ ადგილებში. პრობლემა არის ის, რომ ჭოროხის დელტა არის შესული ე.წ. ზურმუხტის ქსელში, რომელსაც ბერნის კონვენცია იცავს და იქ შეზღუდულია, ამ შემთხვევაში, სამეურნეო საქმიანობა. აქედან გამომდინარე, რა დაიდება კვლევის შედეგად ჯერჯერობით უცნობია – შეიძლება თუ არა ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე, ბულვარის გაგრძელება, დეველოპმენტი, ანუ ყოფილი პოლიგონის განაშენიანება – ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმასთან შეჯერებით, თუ რის საშუალებას იძლევა გარემოსდაცვითი აკრძალვები, რაც ამ ზონაში მოქმედებს აღნიშნული კონვენციით“, – განუცხადეს „ბათუმელებს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ჭოროხის დელტას საერთაშორისო კონვენციები იცავს, მაგრამ ადგილობრივი კანონმდებლობით „ჭოროხის დელტას საკურორტო რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, ხოლო მის შემოგარენს – ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიას – რეკრეაციული ზონის. ეს სტატუსები კი ვერ იცავს მათ ხელყოფისაგან – ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, მასზე შეიძლება აშენდეს სასტუმროები, ადმინისტრაციული შენობები, გასართობი ცენტრები თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები“.

ზურმუხტის ქსელი საქართველოში / წყარო: „ნაკრესი“

[highlight color=”green”]ზურმუხტის ქსელი[/highlight] არის ეკოლოგიური ქსელი, რომელიც შედგება „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიებისგან“. ამ ტერიტორიებს აქვთ ეკოლოგიური სტატუსის შენარჩუნების ან აღდგენის პოტენციალი ისეთი სახეობებისა და ჰაბიტატებისთვის, რომლებიც განეკუთვნება საფრთხის წინაშე მყოფ, ენდემურ, მიგრირებად და ბერნის კონვენციით მკაცრად დაცულ სახეობებს… ეს ტერიტორიები ასევე მნიშვნელოვანია მიგრირებადი სახეობებისთვის, რომლებიც ევროპული ქვეყნების საერთო ბუნებრივ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ჭოროხის დელტა კი ნაწილია ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრის“, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკის და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.

არის თუ არა ტექნიკურ დავალებაში შეტანილი ბათუმის აეროპორტის საკითხი? – „დავალებაში არა, თუმცა ეს თემაც დგას, მაგრამ ამ წუთში აქტუალური არ არის. ზოგადად, ბათუმის აეროპორტისთვის საჭირო იქნება მეორე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა, რისი ადგილიც მაქ არ არის. ამასთან, ბათუმის განაშენიანებას თუ შევხედავთ [მაღლივი შენობები], ფაქტობრივად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების პერსპექტივა არ აქვს“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ბათუმის აეროპორტი დარჩება ადგილზე თუ გადაიტანენ, იმ კვლევაზე არის დამოკიდებული, რომელსაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ატარებს.

„გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი“, – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია.

მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ ეს კონცეფცია „საკმაოდ ზოგადია და კონკრეტული არაფერი წერია“. აღნიშნული კონცეფცია ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გაასაჯაროვა.

გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, თუმცა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ინვესტიციის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღემდე არაფერი გაკეთებულა.

ტერიტორია, რომელიც 2 მილიონ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.

ამ თემაზე:

ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი: „გონიოს პოლიგონის“ ტერიტორიაზე პროექტები არ გვაქვს

მთავარი ფოტო: ჭოროხის დელტა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორ ავირიდოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – მკურნალობა უახლესი მეთოდებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებები პირველ ადგილს იკავებს სიკვდილის მიზეზებს შორის.

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

არსებობს გულ-სისხლძარღვთა 50-ზე მეტი დაავადება, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი სისხლის წნევის მატება, გულის იშემიური,  კორონარული დაავადებები და თავის ტვინის ინსულტია.

როგორ ავირიდოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

იმის გათვალისწინებით, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი უპირველესი ფაქტორია მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესახებ.

„მედცენტრის“ სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადების, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზიც ხშირად არის:

  • არასწორი კვება
  • ცხოვრების უმოძრაო წესი
  • თამბაქოს მოხმარება

თამბაქოზე უარის თქმა, ჭარბი წონის დაძლევა, სპორტი – თუნდაც დღეში მინიმუმ ნახევარსაათიანი ვარჯიში, სტრესთან გამკლავების უნარები და სწორი კვება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთგვარი პრევენციაა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების თავიდან აცილებისთვის კვების რაციონში აუცილებელია თევზის, ნატურალური, გაუცრელი ბურღულეულის, ბოსტნეულის, მცენარეული ზეთების, თხილეულის რაოდენობის გაზრდა და მარილისა და ცხოველური ცხიმის შემცირება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა „მედცენტრში“

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტი „მედცენტრში“ კარდიოლოგმა, სოსო სიხარულიძემ და ანგიოლოგმა, სისხლძარღვთა ქირურგმა მერაბ მიქელაძემ ჩამოაყალიბეს.

სოსო სიხარულიძე, კარდიოლოგი

„მედცენტრში“ მკურნალობენ როგორც გულს, ასევე სისხლძარღვთა სხვადასხვა სეგმენტს, სხვადასხვა ორგანოს, გულ-სისხლძარღვთა ყველა ტიპის დაავადებას.

მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში პაციენტებს შუძლიათ ჩაიტარონ მკურნალობა ულტრათანამედროვე მიდგომით, შემდეგი დაავადებების დროს:

[checklist]

  • ქრონიკული ვარიკოზი და ვენური თრომბები;
  • კოსმეტიკური წესით მინიფლებექტომია;
  • სკლეროთერაპია, გამოკვლევა-დოპლეროგრაფია, არტერიოგრაფია;
  • ქრონიკული არტერიული უკმარისობა;
  • დიაბეტური ტერფი;
  • ვაზოსპასტური დაავადებები;
  • ანევრიზმების სხვადასხვა ფორმა;
  • არტერიული და ვენური მალფორმაციები;
  • ჰემოდიალიზის პაციენტების ანგიოქირურგიული უზრუნველყოფა.

[/checklist]

„მედცენტრში“ განსაკუთრებით კარგადაა აპრობირებული არითმოლოგია, მაგისტრალური და პერიფერიული სისხლძარღვების, გულის იშემიური დაავადებების,  გულის სტრუქტურული პათოლოგიების მკურნალობა.

„მედცენტრში“ სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით კეთდება როგორც ღია, ტრადიციული ოპერაციები, ასევე ენდოვასკულარული და ჰიბრიდული – ანუ შერეული: ღია და ენდოვასკულარული ოპერაციები ერთად, კომბინაციაში.

ენდოვასკულარული ოპერაციები გულისხმობს სტენტირებებს, ბალონურ ანგიოპლასტიკას ანუ სისხლძარღვის ბალონურ გაფართოებას.„მედცენტრში” კეთდება, ასევე,  სხვადასხვა სისხლძარღვის ემბოლიზაცის პროცედურები. ეს ქირურგიული ჩარევის ალტერნატივაა და  მიმართულია ცალკეული ორგანოების, ქსოვილების სისხლმომარაგების შეწყვეტისაკენ, რაც თავის მხრივ განაპირობებს სიმსივნის ზომები შემცირებას, ანევრიზმის ბლოკირებასა და სისხლდენის შეჩერებას.

ანგიოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი მერაბ მიქელაძე

კლინიკა „მედცენტრში” დიდი გამოცდილება არსებობს გულ-მკერდის აორტის ანევრიზმების, საძილე არტერიების, ენდოვასკულარული ქირურგიული ჩარევების, სტენტირებების, შინაგანი ორგანოების მკვებავი სისხლძარღვების ოპერაციების.

გულ-სისხლძარღვთა ძირითადი პრობლემები, რის გამოც „მედცენტრს“ მიმართავენ პაციენტები

„მედცენტრშიარის სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სისხლძარღვთა ქირურგიის  ყველანაირი ოპერაციის ჩასატარებლად” – ამბობს მერაბ მიქელაძე. მისივე თქმით, კლინიკის გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტს ყველაზე ხშირად მიმართავენ ათეროსკლეროზის, ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის მოშლის და კრიტიკული იშემიის დროს დაწყებული აორტიდან, ასევე ქვედა კიდურებში პრობლემებითა და დიაბეტის ფონზე მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

„მედცენტრის” გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს სისხლძარღვთა ქირურგი, რაც დასავლეთ საქართველოში დიდი ფუფუნებაა.

ინოვაციური ოპერაციები, რაც შესაძლოა სამომავლოდ საქართველოშიც დაინერგოს

როგორც „მედცენტრის“ კარდიოლოგი სოსო სიხარულიძე ამბობს საქართველოში გულსისხლძარღვთა დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია მწეველობის, არაჯანსაღი კვების, ალკოჰოლის არარაციონალური მიღების ტრადიციისა და შაქრიანი დიაბეტის მკვეთრად განვითარების გამო.

„ჩვენი ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა ჯერჯერობით ვერ იძლევა საშუალებას მოსახლეობამ მაღალბიუჯეტიანი ინტერვენციული მკურნალობები ჩაიტაროს. არითმოლოგიის და ინტერვენციის მიმართულებით არსებობს მიდგომები, რაც კონკრეტული დაავადების უკეთესი გამოსავლის საშუალებას იძლევა. დღეს ეს ოპერაციები „მედცენტრში” წარმატებით ტარდება, მაგრამ გულ-მკერდის გახსნით. არიან პაციენტები, რომლებსაც გულმკერდის გახსნა ან სხვა ტიპის დიდი ქირურგიული ოპერაციები არ შეიძლება ჩაუტარდეთ – განვითარებულ ქვეყნებში 75 წელზე ზევით პაციენტები  თითქმის აღარ იკეთებენ ღია ოპერაციულ ჩარევას. თანამედროვე მიღწევებით დღეს ერთი ჩხვლეტით შესაძლებელია გამოიცვალოს აორტის სარქველი, არსებობს ე.წ. სისხლძარღვში ოპერაციები გაჭრის გარეშე – შევდივართ ფეხიდან და ერთი ჩხვლეტით ვცვლით აორტის სარქველს თუმცა ეს ოპერაცია დაახლოებით 35 ათასი ევრო ღირს და მსგავსი ჩარევა საქართველოში წელიწადში 20, 25 პაციენტს სჭირდება“ – ამბობს სოსო სიხარულიძე.

,,მედცენტრის” კარდიოლოგი სოსო სიხარულიძე ოპერაციის დროს

კვალიფიციური ექიმის მომზადება ძვირადღირებული ფუფუნებაა, ეს არის კომპლექსური სწავლების მრავალწლიანი ციკლი და თეორიულ ცოდნასთან ერთად საჭიროა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ექიმის დასახელოვნებლად.

საქართველოში არ ფუნქციონირებს ექიმების გადამზადების არცერთი ცენტრი. კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და პროფესიული ზრდისთვის თითოეულ ექიმს უზარმაზარი ინვესტიცია სჭირდება. საქართველოში ამას კლინიკების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს, რასაც ვერ ვიტყვით მედცენტრის“ გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტის ექიმებზე. ისინი ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, რისთვისაც, ცხადია, კლინიკა მნიშვნელოვან მატერიალურ საფასურს იხდის, თუმცა სწორედ „მედცენტრის“ კარდიოლოგთა აქტიური ჩართულობა მედიცინის სიახლეებში  განაპირობებს იმას, რომ ჰოსპიტალი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობითა და ექიმების კვალიფიკაციით მზად არის ნებისმიერი სირთულის ოპერაციების ჩასატარებლად.

2050 წელს შავ ზღვაში პლასტმასის საგნები უფრო მეტი იქნება, ვიდრე თევზი – კვლევა [video]

ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების სტატისტიკა დღითიდღე საგანგაშოდ იზრდება. შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვების სიაშია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების მიერ სანაპიროზე დატოვებული ნარჩენებია.

EMBLAS Plus-ის (შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის სააგენტო) კვლევის მიხედვით, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული ნარჩენების მართვის მიმართულებით, 2050 წელს შავ ზღვაში პლასტმასის საგნები უფრო მეტი იქნება, ვიდრე თევზი და ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია გახდება საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული “ნაგვის კუნძულები” ზღვის შუა ნაწილში.

WISTA Georgia (ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია-საქართველო), ევროკავშირის და EMBLAS Plus-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში“.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა სახის ღონისძიების გარდა (შავი ზღვის სანაპიროების დასუფთავება, საჯარო ლექციები სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში) მომზადდა ვიდეორგოლი, რომლის მთავარი მიზანი ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.

შავი ზღვის ნარჩენების მართვა

ვიდეოში ნაჩვენებია ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია, რომლის გამოყენებაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიწყო და საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელი გახდება სანაპიროებზე არსებული ნარჩენების სახეობისა და რაოდენობის იდენტიფიცირება. აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, შემუშავდება შემდგომი სამუშაო გეგმა შავი ზღვის სანაპიროებზე არსებული ნარჩენების პრევენციისათვის.

ნუ დააბინძურებ შავ ზღვას!
ნუ დატოვებ ნარჩენებს სანაპიროზე!

მირიან ქათამაძის განმარტება აუდიტის სამუშაო დოკუმენტში გამოთქმულ კრიტიკაზე

9 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა სახელმწიფო აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, სადაც საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე. აუდიტი სამუშაო დოკუმენტში საუბრობს არაერთ დარღვევაზე, თუმცა დოკუმენტი საბოლოო არ არის.

აღნიშნულ საკითხზე ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა მერის, მირიან ქათამაძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ რადგან აუდიტის დოკუმენტი ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, საბოლოო შეფასებას ვერ გააკეთებს.

„რამდენად არასერიოზული კაციც არის რეზო ხარაზი, ისეთივე არასერიოზული განცხადება გააკეთა. ჯერ მერიის საქმიანობის შესაბამისი აუდიტის დოკუმენტი არ არსებობს, რადგან ყველა საკითხი, რომელიც დაისვა აუდიტის მსვლელობის პროცესში,  დაისვა მხოლოდ მუშა პროცესში და ჩვენ ამ საკითხებზე გვქონდა ალტერნატიული მოსაზრება, რომელიც გავუგზავნეთ აუდიტის სამსახურს.

სამუშაო დოკუმენტიდან რაღაც შეიძლება დარჩეს აუდიტის დასკვნაში და ამაზეც გვექნება ჩვენი მოსაზრება“, – ამბობს მირიან ქათამაძე და დასძენს:  „საინტერესოა, როგორ მოიპოვა რეზო ხარაზმა აუდიტის სამუშაო დოკუმენტი და რით ამტკიცებს მის ავთენტურობას“.

აუდიტის სამსახურმა „ბათუმელებს“ რეზო ხარაზის მიერ დოკუმენტის ავთენტურობა დაუდასტურა. უწყებაში გვითხრეს, რომ ეს არის დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელზე მუშაობაც ჯერ არ დასრულებულა.

ამავე თემაზე:

20 წუთში ავტომანქანაში ჩაასხეს 188 ლიტრი საწვავი, როცა ავზის მოცულობა 60 ლიტრია – აუდიტი

ბულვარში ხრეში ახალნაყიდი მილებით ვერ გადაქაჩეს და მანქანებით ეზიდებიან

ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეშის მილებით გადაქაჩვის გეგმა ჩაიშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, არ იმუშავა სპეციალურმა მოწყობილობამ [ტუმბოები, მილები], რომელიც სპეციალურად შემოიტანეს და დაამონტაჟეს პლაჟზე.

ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, „ტუმბო ვერ მოერია და ქვები ვერ გადაქაჩა“. ძველი ბულვარის პლაჟზე თავმოყრილი ხრეში აეროპორტის მიმართულებით ამჯერად, პლაჟზის გავლით, მანქანებით გადააქვთ.

ხრეშის გადატანა ახალ ბულვართან პლაჟის მოსაწყობადაა აუცილებელი და ის ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ნაწილია. პროექტის ფარგლებში პლაჟის გასწვრივ ააშენეს ბეტონის კედელი და ჩააწყვეს ქვის ლოდები. გაკეთდა სასეირნო ბილიკი, პლაჟზე გადასასვლელები. პროექტში 55 მილიონი ლარი იხარჯება. სამუშაოები სახელმწიფოს მიერ აღებული სესხით სრულდება.

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტი, რომელიც 2 კილომეტრამდე დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებს, აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდა. პროექტი იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა. მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებს კი ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP-ი ასრულებს, რომელთანაც თავდაპირველად კონტრაქტი 30 მილიონამდე ლარზე გაფორმდა, მოგვიანებით კი პროექტი 55 მილიონამდე გაიზარდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის გაძვირება, ძირითადად, განაპირობა ბულვარში შესრულებულმა სამუშაოებმა, რაც არ იყო თავიდან გათვალისწინებული [გაკეთდა სასეირნო ბილიკი, რომელიც 4 წლის წინ ზღვამ დაანგრია].

რატომ ვერ იმუშავა სისტემამ, რომლითაც ხრეში უნდა გადაექაჩათ და რა ზარალი ნახა სახელმწიფომ? – მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ მათ მისცეს დავალება პროექტის ინჟინერს – იტალიურ კომპანიას, შეისწავლოს მიზეზი. მიზეზის დადგენის შემდეგ კი დადგება ზარალის ანაზღაურების საკითხი [შესაძლოა განიხილონ არსებული სატუმბი სისტემის შეცვლა და ახლის შემოტანა, რომელიც იმუშავებს ბათუმის პლაჟზე, ვინაიდან ახალ ბულვართან პლაჟმა რომ იარსებოს, მას მუდმივი კვება, ანუ იქ ხრეშის რეგულარულად დაყრა სჭირდება].

ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

„ჩვენ საერთაშორისო ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული… მთავარია, გაირკვეს მიზეზი, რატომ არ იმუშავა სისტემამ და თუ საჭირო გახდა, არბიტრაჟსაც მივმართავთ, ასე, რომ სახელმწიფო არ იზარალებს“, – აცხადებენ ფონდში.

ერთ-ერთი ვერსიით, ბათუმში ჩამოტანილი ტუმბოები გათვლილი იყო უფრო წვრილი და არა ისეთი ქვანარევი ფრაქციისთვის, როგორიც ბათუმის პლაჟზეა.

„ვერც იმას ვიტყვით, რომ არსებულმა სისტემამ არ იმუშავა. იმუშავა, მაგრამ ქვიშა-ხრეში ისე მცირე რაოდენობით  გადაჰქონდა, რომ პროექტით გათვალისწინებული მასის გადატანას თვეები დასჭირდებოდა და პროექტი ვერ დასრულდებოდა. ამიტომ, მიღებული იქნა ხრეშის ავტომანქანებით გადატანის გადაწყვეტილება. 30 ათასი კუბ/მ ხრეშის გადატანა მოხდება და სამუშაოები 2 თვეში დასრულდება. სხვა ყველა სამუშაო დამთავრებულია. პლაჟზე ხრეშის დაყრით კი,  პროექტი მთლიანად დასრულდება. სამომავლოდ, პლაჟის კვებაზე ბათუმის მერიამ უნდა იზრუნოს – არ იქნება კვება, არ იქნება პლაჟი“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ხრეში ახალ ბულვართან მილების ნაცვლად ავტომანქანებით გადააქვთ:
„სანრემოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ხრეში ახალი ბულვარის პლაჟისთვის გადააქვთ /ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ახალი ბულვარი, სადაც პლაჟი ხელოვნურად უნდა მოეწყოს / ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ტუმბო, რომლითაც ხრეში უნდა გადაექაჩათ /ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ახალი ბულვარის გასწვრივ / აქ ხრეში პლაჟის შესაქმნელად ძველი ბულვარიდან ავტომანქანებით მოაქვთ / ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ახალი ბულვარის პლაჟზე ჩასასვლელი / ბათუმი / 9.12.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ამ თემაზე:

სპეციალური ტუმბოებითა და მილებით ახალი ბულვარის მიმართულებით 30 500 კუბ/მ ხრეშის გადატანა იგეგმებოდა:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

მშენებლები დაბალსართულიანი სახლების დანგრევის ნებართვას ისევ ითხოვენ

მშენებლები არ ირჩევენ დაუსახლებელ ადგილებს და არ ისახავენ მიზნად ასეთი ადგილების განვითარებას, ისინი არ გადიან გარეუბნებში და ისევ ბათუმის ცენტრში ეძებენ  დაბალსართულიან ისტორიულ სახლებს დასანგრევად იმისთვის, რომ მათ ნაცვლად ახალი მაღალსართულიანი სახლები ააშენონ.

ბოლო პერიოდში მათი მოთხოვნა ნებართვის მისაღებად უფრო დაჟინებული იყო, იმ მიზეზით, რომ 3 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელმაც, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არსებული მარტივი პროცედურა გაართულა.

   მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა – ახალი სამშენებლო კოდექსი

გასულ კვირას სწორედ ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოსასწრებად მშენებელი კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სხდომაზე დაჟინებით ითხოვდა მშენებლობის  შეთანხმებას მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას მომდევნო კვირაში სახელმწიფო სტრუქტურის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნდა ეყიდა: „ორშაბათს სრულდება აუქციონი“.

მას უთხრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით პრობლემას ვერ ხედავდნენ, მაგრამ დღის წესრიგში დადგებოდა სამართლებრივი პრობლემა, ამიტომაც შეთანხება არ შედგა, მას უარი უთხრეს. გაბრაზებულმა მშენებელმა კი განაცხადა, რომ ეს სამართლებრივი პრობლემა კი არა ბიუროკრატიაა.

ბათუმის მერიას ბოლო ერთ თვეში, ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო, ასამდე ნებართვის თხოვნით მიმართეს. კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ კი ბოლო სხდომაზე 30 საკითხი განიხილა, მათ შორის იყო ჭავჭავაძის ქუჩა #54-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტიც.

ბათუმში, ჭავჭავაძის #54-ში კომპანია „რდ ჯგუფი“ მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლოდ გამიზნულ ტერიტორიას მოპირდაპირე მხრიდან [ჭავჭავაძის #77 -ში ] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი შენობა, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი  ესაზღვრება. ამ შენობის როგორც ძეგლის ღირებულების შეფასებისას, სპეციალისტი სწორედ მის მდებარეობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მის გამორჩეულ ფუნქციასთან ერთად, მდებარეობა განაპირობებს ძეგლის დომინანტურ ხასიათს.

რას შეცვლის ძეგლის აღქმის თვალსაზრისით ამ კვარტალში ახალი 45 მეტრი სიმაღლის შენობა [როგორც რენდერზეა მითითებული]? ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრებმა უნდა მიიღონ. კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში [ძეგლის დაცვის ზონაში] კრძალავს ისეთ მშენებლობას, რომელიც ძეგლს დაჩრდილავს და მის აღქმას შეუშლის ხელს.

ზონალური საბჭოს წევრებმა პროექტი სხდომაზე უკვე განიხილეს და მისი არქიტექტურა დაიწუნეს: „დაიხვეწოს არქიტექტურა“ – ასეთი იყო საბჭოს ხუთი წევრის რეკომენდაცია. წარადგენს თუ არა კომპანია პროექტს განმეორებით დახვეწილი არქიტექტურით და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასეთ შემთხვევაში საბჭო, ეს მომავალში გამოჩნდება.

პროექტის რენდერი

შპს „რდ ჯგუფი“ საქართველოში 2018 წლის დეკემბერში დააფუძნეს, მისი დამფუძნებელი და ასივე პროცენტის მფლობელი გრიგორ ანჩაბაძეა.

რამდენიმე არსებული სახლის ათვისების ხარჯზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გორგილაძის #35-ში შპს „ბბჯ ჯგუფი“ გეგმავს. კომპანია მშენებლობისთვის ორ საკადასტრო ერთეულს გააერთიანებს, რაც ჯამში 1264 კვადრატული მეტრია.

ბათუმი, გორგილაძის #35

გორგილაძის ქუჩის #35 -ში ახალი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობისთვის რამდენიმე ძველის, მათ შორის, ერთსართულიანი ბელეტაჟების ათვისებას გეგმავს.

გორგილაძის #35
გორგილაძის #35

წარდგენილი პროექტი ზონალური საბჭოს სხდომაზე განიხილეს და კომპანიისგან კვარტალის განაშენიანების გეგმის მომზადება მოითხოვეს.

მრავალბინიანი სახლის აშენებას გეგმავენ გორგილაძის ქუჩაზე, #91-ში მდებარე ერთსართულიანი სახლის ათვისების ხარჯზეც. პროექტი საბჭომ განიხილა და კომპანიისგან ტერიტორიის განაშენიანების კონცეფცია მოითხოვა.

გორგასლის #91
გორგილაძის #91-ში მდებარე ერთსართულიანი ბელეტაჟი

„მეუბნებოდა, ბევრს ჭამო“ – მამამთილის ფსიქოლოგიური ძალადობა რძალზე

„ყოველდღე მეჩხუბებოდა და მამადლიდა საკვებს. მეუბნებოდა, ბევრს ჭამო… ყოველდღე მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა. იძულებული ვიყავი, ავსულიყავი სახლის მეორე სართულზე და იქ ვყოფილიყავი სიცივეში…“ – ეს მოსამართლე ბიძინა სტურუას ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ქალმა მოუყვა. სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულ კაცს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მალე იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ გაათავისუფლა პატიმრობიდან.

ქალმა პოლიციისთვის მიმართვა დაოჯახებიდან 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა. მისივე ჩვენების მიხედვით, 15 წლის განმავლობაში ქალი მოძალადე მამამთილისგან ფსიქოლოგიური ძალადობისგან თავის დასაღწევად პერიოდულად ცივ ოთახში იკეტებოდა. ბოლო წლებში მასთან ერთად იყვნენ არასრუწლოვანი შვილებიც.

ოზურგეთის სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ ნ. ი. დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, ზრდიდა შვილებს, ზ.ჩ. იყო უკმაყოფილო და ნ.-ს მიმართ გამოხატავდა აგრესიას, ლანძღავდა, აგინებდა დედის მისამართით, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ამადლიდა მის მიერ ოჯახში შეტანილ სარჩოს, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას, რისთვისაც დაზარალებული იძულებული იყო ზამთრის პერიოდში გასულიყო სხვა ოთახში და გაეძლო სიცივისთვის…“- აღნიშნულია სარჩელში.

ოზურგეთის სასამართლოში ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა მისი ადვოკატი დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

სააპელაციო სასამართლოში კი,  მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრით შეუცვალა და აღნიშნა:

„სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ.ჩ.-ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და პირობა დადო, რომ მისი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ექნება, ის არის 66 წლის პენსიონერი, დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი,“ – აღნიშნავს მოსამართლე ვერა დოლიძე.

მასწავლებელ ჰამიდ სადიგოვს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცეს

დღეს, 9 დეკემბერს, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2019 წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოავლინა. ტოლერანტობის ქომაგებს შორის დასახელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ჰამიდ სადიგოვიც, ნომინაციაში – პიროვნება“.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნაადრევ ქორწინებაზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რის გამოც მას ადგილობრივმა მოსახლეობამ შურაცხყოფა მიაყენა  და საჯაროდ ბოდიში მოახდევინა, ამის ამსახველი კადრები კი საჯაროდ გაავრცელეს.

ჰამიდ სადიგოვი 19 წლის გოგოს იძულებით გათხოვებას აპროტესტებდა.

მასწავლებლის მიმართ იძულების ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო.

19 წლის გოგოს  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით  პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

ამავე თემაზე:

ეროვნული ჯილდოს ათეულის მასწავლებლებმა ჰამიდ სადიხლის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს

ძველ ბათუმში მასაჟის სალონებში პოლიცია შევიდა

ამ წუთებში [17:22] ძველ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, მასაჟის 4 სალონში, როგორც ადგილზე მყოფი პოლიციელები აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს პრესცენტრში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

კოდექსის ეს მუხლი პროსტიტუციის ხელშეწყობას ეხება და მათ შორის პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემასაც გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

პოლიციელებმა კერძო საუბარში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

უძრავი ქონება, სადაც მასაჟის სალონებია განთავსებული, საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით.

_____

მსგავსი ოპერაციები შს სამინისტროს აქამდეც ჩაუტარებია და დაუკავებია კიდეც ცალკეული პირები. თუმცა, აქამდე არსებული პრაქტიკით, ამ დაწესებულებებს საქმიანობა სასამართლო გამოძიების ეტაპზეც არ შეუჩერებიათ.

ამავე თემაზე არქივიდან:

https://netgazeti.ge/law/22665/

 

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანიის გენერალური პროკურატურა ახლა უკვე ოფიციალურად უკავშირებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. რა რეაქცია აქვს (ან უნდა ჰქონდეს) საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც მის მოქალაქეს სხვა ქვეყანაში კლავენ, ხოლო მკვლელობის შემკვეთად რუსეთის სპეცსამსახურები სახელდება?

[red_box]რა ხდება?[/red_box]

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

თავდაპირველად ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ დღეს უკვე ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა:

როგორც გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყება, გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში გამომძიებლები შეჯერდნენ ეჭვმიტანილის ვინაობასა და მის კავშირზე რუსულ სახელმწიფოსთან.

„არსებობს საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, რათა დავასკვნათ, რომ მკვლელობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურების ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სტრუქტურების დაკვეთით, რომელიც რუსეთის დაქვემდებარებაშია“, – ციტირებს BBC გერმანიის ფედერალურ პროკურორს.

ამ ცნობის გავრცელების პარალელურად, 4 დეკემბერს, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რითაც ისინი, ფაქტოვრივად, ქვეყნიდან გააძევა. 

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი. ფოტო: EPA

როგორც მოგვიანებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნათელი გახდა, რომ რუსეთი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში მათთან არ თანამშრომლობდა.

[red_box]საქართველოს დუმილი[/red_box]

საქართველოს მკვეთრი პოზიცია ამ დრომდე არ გამოუხატავს მისი მოქალაქის, ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, მით უმეტეს რუსეთთან შესაძლო კავშირზე.

ამის სავარაუდო მიზეზად ანალიტიკოსები „ნეტგაზეთთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის რისკს ასახელებენ.

„პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება და სიტუაციის დამატებით დაძაბვა. შესაბამისად, თავს არიდებენ [მკვეთრ განცხადებებს ან რაიმე სახის სანქციებზე საუბარს], მიუხედავად იმისა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო“, – ამბობს ალეკო კვახაძე, „რონდელის ფონდის“ ანალიტიკოსი.

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ირაკლი სირბილაძეც ამ აზრზეა: „როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ერიდება საჯაროდ ამ თემაზე საუბარს, რადგან რუსეთის შესაძლო რეაქციას ხედავს  ურთიერთობების შესაძლო გამწვავების კონტექსში. საქართველოს ხელისუფლება ერიდება მკაცრი რიტორიკას — რასაც როგორც წესი სახელმწიფომ უნდა მიმართოს თუ საქმე მისი მოქალაქის მკვლელობას ეხება — რადგან ეს რუსეთთან ურთიერთობებს დაძაბავს“.

[red_box]საქართველოს დილემა[/red_box]

ირაკლი სირბილაძე იხსენებს რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების საქმეს: სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერდანაშაულსა და გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აკავშირებდნენ, საქართველომ 24 ოქტომბერს გადასცა რუსეთს იმის მიუხედავად, რომ, მისი ადვოკატის განცხადებით, სუმბაევი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას შეიძლება დაქვემდებარებოდა.

[გაიგეთ მეტი: საქართველომ რუსეთს გადასცა ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი]

სუმბაევამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას გადასცა ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებდა ბრალს.

რუსეთის მოქალაქე ახიადოვი, რომელიც 2017 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში, ბრალდებას მოგონილს უწოდებდა, ამბობდა, რომ სამშობლოში არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა და იქ არც სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდა.

[წაიკითხეთ ამ თემაზე: ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა]

ამ მსჯელობაში გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეთნიკური ჩეჩნების მიმართ რუსეთის სახელმწიფო ხშირად იყენებს „ტერორიზმის“ ბრალდებას, რითიც წინააღმდეგობის ჩახშობას ცდილობს.

„ისეთ საკითხებში, სადაც რუსეთის ინტერესი მაღალია, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად დამყოლ პოლიტიკას ახორციელებს“, — გვეუბნება სირბილაძე და გვიხსნის, რაში მდგომარეობას ხანგოშვილის შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს დილემა:

„დილემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ ისე რომ, ერთი მხრივ, დაიცვას საკუთარი მოქალაქის ინტერესი და, ამავდროულად, ამით არ შექმნას რუსეთთან დაძაბულობის ფონი“.

[red_box]დაუცველი მოქალაქე[/red_box]

რამდენად მოახერხა საქართველომ საკუთარი მოქალაქის დაცვა – არა ბერლინში, უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში, – არამედ საკუთარ კონტროლირებად საზღვრებში?

ზელიმხან ხანგოშვილის 2015 წელს 28 მაისს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მანქანაში მჯდარ ხანგოშვილს 8 ტყვია ესროლეს და დაჭრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც გამოძიებას აკვირდებოდა, აცხადებს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

EMC-ის თანახმადვე, ხანგოშვილის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო. 

გამოცემა „აქცენტთან“, რომელიც ხშირად აშუქებს ეთნიკური ჩეჩნების პრობლემებს, თვითონ ზელიმხან ხანგოშვილი ამ თავდასხმას პირდაპირ უკავშირებდა რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას:

„არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ“, – გამოცემის თანახმად, ამას ამბობდა თავდასხმის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი.

ის მართლაც იყო გამორჩეული ფიგურა ჩეჩნეთშიც და საქართველოშიც. დაახლოებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან, რომელიც 2005 წელს მოკლეს რუსეთის ფედერალურმა ძალებმა; ფიგურირებდა 2012 წლის ლოპოტის ხეობის/ლაფანყურის სპეცოპერაციის ეპიზოდშიც: ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ახმედ ჩატაევთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს…

ზელიმხან ხანგოშვილი და ასლან მასხადოვი. ფოტო: BBC

ჩემს სამშობლოში თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ და იძულებული ვარ, სხვა ქვეყანაში ხიზნად ვიქცე და გავხიზნო ოჯახიც“, – ამბობდა იგი თბილისში თავდასხმის შემდეგ; მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, არაერთი თხოვნისა და ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ დაცვა არ გამოუყო.

ანალიტიკოსი ალეკო კვახაძე საქართველოს მხრიდან ხანგოშვილის საქმეზე დუმილს, ზემოთ აღნიშნული პირველადი მიზეზის გარდა, გარკვეულწილად ამ პასუხისმგებლობასაც უკავშირებს: 

„ვინაიდან ამ საქმეში ზელიმხან ხანგოშვილის სანათესაო საქართველოს ხელისუფლებასაც აკისრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას, რადგან ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, აქ ვერ დაიცვა ხანგოშვილი, აქედან გამომდინარეც შესაძლოა, რომ არ ხდება ამ საკითხის წინ წამოწევა და აქტიურობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“.

საბოლოოდ, ხანგოშვილი 2016 წელს გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად. თუმცა იქ ხანგოშვილის ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, 21 ოქტომბერს მიანიჭეს…

[red_box]„მოუწევთ პოზიციის დაფიქსირება“[/red_box]

აქამდე გერმანიასაც მწვავედ აკრიტიკებდნენ [სხვებთან ერთად, გერმანიაში თავშესაფრის საძებრად ჩასული ჩეჩნების უფლებადამცველი] იმის გამო, რომ ვერც მან დაიცვა ზელიმხან ხანგოშვილი; იმის გამოც, რომ გერმანიის დუმილი ცუდი ნიშანი იყო თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩენი დიასპორისათვის, რომელიც უსაფრთხოების გარანტიით დაიმედებული ჩავიდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში;

ხანგოშვილის საქმეში გამოკვეთილი გარემოებების მიუხედავად, გერმანია, საქართველოს მსგავსად, რუსეთის მიმართ ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობდა. თუმცა გამოძიების მიწურულს, — იმის მიუხედავად, რომ გერმანიას მნიშვნელოვანი კავშირები აქვს რუსეთთან (მაგალითად, მოქმედი კონტრაქტი „გაზპრომთან“), — გერმანიამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ ჩეჩნურმა დიასპორამ არაერთ ქვეყანაში გამართა აქციები გერმანიის საელჩოებთან ხანგოშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით

ამ სიახლის გათვალისწინებით, ანალიტიკოს ირაკლი სირბილაძეს მიაჩნია, რომ საქართველოსაც მოუწევს პოზიციის დაფიქსირება: 

„თუკი აქამდე — სანამ რუსეთთთან მკვლელობაში ბრალდებულის ფორმალური კავშირი ბოლომდე გამოკვეთილი არ იყო — საქართველოს ხელისუფლება ახერხებდა საკითხის ირგვლივ პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავებას, გერმანიის მიერ რუსეთი დიპლომატების გაძევებისა და საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფოს დადანაშაულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება, დააფიქსიროს პოზიცია“.

[red_box]მსგავსება სკრიპალების საქმესთან?[/red_box]

ხანგოშვილის მკვლელობას არაერთი მედიასაშუალება ამსგავსებს სკრიპალების მკვლელობის მცდელობას: ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი, შვილთან, იულია სკრიპალთან ერთად 2018 წლის მარტში მოწამლეს ბრიტანეთში ნივთიერება „ნოვიჩოკით“;

მოგვიანებით, ბრიტანეთის დაწყებულ კამპანიას, გაეძევებინა რუსი დიპლომატები, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც შეუერთდა და ერთი თანამშრომელი გააძევა შვეიცარიის საელჩოში რუსული სექციიდან [რუსეთის ინტერესებს სწორედ ეს სექცია ატარებს, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის საელჩო საქართველოში არ ფუნქციონირებს];

ირაკლი სირბილაძე გვეუბნება, რომ ამ კონტექსტში მოსალოდნელია, საქართველოც შეუერთდეს სხვა სახელმწიფოებს: „საქართველო ასე მოიქცა სკრიპალის შემთხვევაში როდესაც საქართველოდან რუსი დიპლომატები გააძევა და ნამდვილად რთული იქნება იგივე არ გააკეთოს მაშინ როდესაც საქმე ეხება მისი მოქალაქის მკვლელობას“. 

„თუკი რუსეთზე საერთაშორისო წნეხი გაიზრდება, პარტნიორებთან შეერთებით საქართველო შეძლებს აჩვენოს, რომ ის არ არის რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი, რაც შესაძლოა რუსეთს ასე აღექვა თუ  კი საქართველო გამოძიების შედეგებამდე დააფიქსირებდა პოზიციას და რუსეთს გააკრიტიკებდა“, — ამბობს სირბილაძე, თუმცა დასძენს:

„ცხადია, იდეალურ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შემთხვევისთანავე უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ მოხდა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა და ჩვენ პარტნიორებთან ერთად თვალყურს მივადევნებთ მოვლენების განვითარებას“.

ალეკო კვახაძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ საქართველოს ასეთი სიფრთხილე გაუმართლებელია: „რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან ეს მიდგომა არის არასწორი. რაც უნდა კონსტრუქციული პოზიცია დაიჭირო რუსეთთან, ამას მაინც მოჰყვება შემდგომი ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ასე რომ, ერთადერთი სწორი გზა არის პრინციპული პოზიციის დაფიქსირება საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით“, — გვეუბნება იგი.

ირაკლი სირბილაძეს მიაჩნია, რომ რადგან გერმანიამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, საქართველოს, ასე ვთქვათ, „ხელ-ფეხი გაეხსნა“ და შეუძლია, უფრო თამამი განცხადებები გააკეთოს და ნაბიჯებიც გადადგას.

„სკრიპალისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში საქართველოს პირდაპირი ინტერესი აქვს (უნდა ჰქონდეს) რომ რუსეთმა პასუხი აგოს მისი მოქალაქის მკვლელობისთვის, თუმცა ამის საპირწონედ არსებობს   რუსეთის შესაძლო რეაგირების შიში და, ჩემი აზრით, სწორედ ეს შიში განსაზღვრავს ხელისუფლების მიდგომას“, — ეუბნება იგი „ნეტგაზეთს“.

როგორ მოიქცევა საქართველო? აიღებს გერმანიის მაგალითს? საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ განუცხადა: „გვაქვს კავშირი გერმანელ პარტნიორებთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ვიმოქმედებთ მათთან კოორდინირებულად“.

მთავარი ფოტო: ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს მშობლიურ მიწაზე, პანკისის სოფელ დუისში დაკრძალეს.. 29.08.2019. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

თვალის ყველა სახის დიაგნოსტიკა – უფასო აქცია ბათუმში

10 დეკემბრიდან, თვალის კლინიკა ,,ოკულუსმედს“ ექნება უფასო აქციები თვალის ყველა სახის დიაგნოსტიკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს. დიაგნოსტიკა ჩატარდება შემდეგ დაავადებებზე:

  • კატარაქტა
  • გლაუკომა
  • მხედველობის პათოლოგიები (კერატოკონუსი)
  • რეფრაქციული ანომალიები (ახლო მხედველობა, შორს მხედველობა, ასტიგმატიზმი)

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტებს მოემსახურებიან ადგილობრივი და მოწვეული  ექიმ-ოფთალმოლოგები თანამედროვე აპარატურით. მიკროქირურგიული ოპერაციებს კი კლინიკა ,,ახალი მზერადან“ მოწვეული ოფთალმო-ქირურგი ონისე ცერცვაძე ჩაატარებს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ საყოველთაო თუ კერძო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ჩაატარებენ შემდეგი სახის ოპერაციებს:

  • კატარაქტის უნაკერო ფაკო-ემულსიფიკაცია (ამერიკული წარმოების ხელოვნური იმპლანტაციით)
  • გლაუკომის ყველა სახის ოპერაციები სპეციალური შუნტებისა სარქველების იმპლანტირებით
  • პტერიგოპლასტიკა
  • რქოვანის გადანერგვა
  • ლაკრიმალური საცობი

კლინიკა ბათუმში პაციენტებს მიიღებს წინასწარი ჩაწერით.

20 წუთში ავტომანქანაში ჩაასხეს 188 ლიტრი საწვავი, როცა ავზის მოცულობა 60 ლიტრია – აუდიტი

ქობულეთის მერიაში 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 18 ერთეული მსუბუქი, მაღალი გამავლობის სამორიგეო ავტომანქანა ირიცხებოდა. არსებული რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას – აღნიშნულია აუდიტის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც დღეს, 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე წარმოადგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამორიგეო ავტომობილების მიერ 2018 წელს სულ დახარჯულია 46 011 ლიტრი საწვავი, ღირებულებით – 99.5 ათასი ლარი. ამასთან, მუნიციპალიტეტებში სატრანსპორტო ლიმიტის ფარგლებში საწვავის ხარჯი დადგენილია „აგაი“ (ნომრიანი პლასტიკური ბარათების) სისტემის მეშვეობით, თუმცა:

„აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანები და გამოვლინდა, რომ 12 ავტომანქანას მოხსნილი ჰქონდა „აგაი“ სისტემა, რაც წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში როგორც ჩასხმის, ასევე საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკს“.

„აღნიშნული დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ დოკუმენტში. – „წარმოდგენილი „აგაი“ სისტემის ამონაწერის შესწავლით გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ცალკეულ ავტომანქანებზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა აღემატება ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას. მაგალითად, ერთ-ერთ ავტომანქანაში 20-წუთიან ინტერვალში ჩასხმულია 188 ლიტრი საწვავი, მაშინ, როცა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა 60 ლიტრია“.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკვლევის დროს, ქობულეთის მერიაში გამოვლენილია სხვადასხვა სახის კონკრეტული დარღვევები, რომელთა გამოსწორების მიზნით გაცემულია რეკომენდაციები.

„ეს არის აუდიტის მიგნებები, რომელიც მუშავდება და გადაეგზავნება მუნიციპალიტეტს, საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დოკუმენტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურში.

ჩაქვში, 2 ადგილზე, სანიაღვრე ჭა მოწყობილია დაგებულ ფილებზე მაღლა – აუდიტი

აუდიტის სამსახურის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში აღმოჩენილია მთელი რიგი შეუსაბამობები და დარღვევები. სამუშაო დოკუმენტში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა, რეზო ხარაზმა მიაწოდა ჟურნალისტებს, წერია, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოვლენილია შემდეგი დარღვევები:

„2018 წელს შპს „ნინიმ“ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ვერბალ გრუპს“ 238 ათას ლარზე, ანუ მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან შედარებით 21 ათასი ლარით ნაკლებ თანხაზე… აღნიშნული კომპანია მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია ტენდერის გამოცხადებამდე 28 დღით ადრე. შესაბამისად, მას ბეტონის სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ ჰქონდა. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და გამოვლინდა, რომ მოწყობილი ბეტონის საფარი უსწორმასწოროა, ფორიანია და სხვადასხვა მონაკვეთზე აღენიშნება ბზარები“.

მერიის ინფორმაციით, გზის ზოგიერთ დაზიანებულ მონაკვეთზე ხელახლა დაიგო ბეტონი, თუმცა „აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, თუ რამდენად საკმარისია მერიის რეაგირება, რადგან შესაბამისი ექსპერტიზა არ არის ჩატარებული და შესაძლოა ბეტონის გზა ისევ დაზიანდეს“.

აუდიტის ჯგუფის მიერ ასევე გამოვლენილია დარღვევები სანიაღვრე არხებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის დროს.

„2019 წლის ივლისში აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა გელაურისა და კარიერის უბანში ფილებით მოწყობილი გზა, რომელიც ზოგიერთ მონაკვეთზე დაზიანებულია. ასევე, ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩის 34 და 38 კორპუსებს შორის ეზოში, 2 ადგილზე, სანიაღვრე ჭა მოწყობილია დაგებული ფილების ნიშნულთან შედარებით უფრო მაღლა, რის გამოც, წვიმის წყალი საკმარისად არ ჩადის სანიაღვრეში და გროვდება ეზოს ტერიტორიაზე“.

დარღვევებია გამოვლენილი ქობულეთის ნაპირსამაგრ ზოლში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებითაც. „საფეხურიანი ბეტონის ბლოკები დაზიანებულია და უსწორმასწოროდ არის დალაგებული. მერიამ ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და მიმწოდებელს აუნაზღაურა თანხა.

„სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 079 900 ლარია. მერიამ ჩაიბარა 1 001 200 ლარის სამუშაო, მიმწოდებელს აუნაზღაურა 951 200 ლარი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიუხედავად“, – ამბობს აუდიტი.

აუდიტის მოკვლევის მიხედვით, 2018 წელს „მუნიციპალიტეტმა წლის ბოლომდე ვერ აითვისა აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერი. კერძოდ, წლის ბოლომდე ვერ დაიხარჯა ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის და წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები“.

ამავე მოკვლევაში ნათქვამია, რომ 2018 წლის ბიუჯეტი არ იყო შედგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად: „არ მოიცავს ისეთ პროგრამებსა და ქვეპროგრამების მიზნებს, მოსალოდნელ საბოლოო შედეგსა და პროგრამის საბოლოო შედეგის ინდიკატორებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის, განათლების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები და ქვეპროგრამები“.

აუდიტი წერს, რომ „მსგავსი ხარვეზები წინა აუდიტის დროსაც გამოვლინდა, მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა მაინც არ გაითვალისწინა არსებული გარემოება“.

აუდიტის დასკვნა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. „ეს არის აუდიტს მიგნებები, რომელიც მუშავდება და გადაეგზავნება მუნიციპალიტეტს, საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დოკუმენტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურში.

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივიდან

276 შემთხვევაში ქობულეთის პლაჟს უფასოდ სარგებლობდნენ – აუდიტის სამუშაო დოკუმენტი

დღეს, 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, პარტიის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც წარმოადგინა აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ეხება. დოკუმენტში საუბარია არაერთ დარღვევაზე, რომელზეც „ქობულეთის მერიას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია“. აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ დოკუმენტი საბოლოო არ არის.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ 2019 წელს ამ ქონებით სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები და ფართობის სარგებლობისთვის არ იხდიდნენ შესაბამის საფასურს:

„კერძოდ, 2019 წლის 2-11 ივლისის ჩათვლით გამოვლინდა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 13 755 კვ.მ ფართის არასასოფლო დანიშნულების მიწა, სულ 400 ობიექტი დაკავებულია პირების მიერ, რომლებიც სეზონურად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. პლაჟის ტერიტორიაზე შეზლონგებით, თამარ მეფის ქუჩაზე კაფე-ბარები, სავაჭრო და გასართობი ჯიხურები, აღმაშენებლის ქუჩაზე – გარე ვაჭრობის ადგილები და სხვა ობიექტებიდან მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა მხოლოდ 6 758 კვ.მ ფართობის სარგებლობისთვის გაფორმებული 124 ხელშეკრულება. 276 შემთხვევაში კი საერთო ფართით – 6 997 კვ.მეტრ ფართზე კი არ ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები და პირები არ იხდიდნენ შესაბამის საფასურს“.

აუდიტის დოკუმენტის მიხედვით, შერჩევითი პრინციპით გადამოწმების შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როცა მერიის საკუთრებაში არსებული ქონებით გარდა სეზონურისა, მრავალი წლის განმავლობაშიც სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები. კერძოდ, სოფელ ცეცხლაურში 7 694 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთით 2011 წლიდან 3 პირი სარგებლობს, ფართობზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები თხილისა და ციტრუსის პლანტაციები. აუდიტი ამბობს, რომ ამ მიწებზე არც ადრე და არც ახლა ქობულეთის მერიას არ აქვს საიჯარო ხელშეკრულებები გაფორმებული.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ 2019 წელს გამოვლინდა შემთხვევები, როცა კერძო პირებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული მერიის ქონება და აწარმოებდნენ უკანონო მშენებლობებს, თუმცა ზედამხედველობის სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი ღონისძიებები გატარებული:

„აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლენილი გარემოების შემდგომ მერიამ 32 პირი დააჯარიმა 2 ათასი ლარით, ხოლო 7 პირს მისცა გაფრთხილება“.

„ეს არის აუდიტს მიგნებები, რომელიც მუშავდება და გადაეგზავნება მუნიციპალიტეტს, საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დოკუმენტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურში. ამის შემდეგ გამოქვეყნდება აუდიტის საბოლოო ანგარიში.

ბონ ჯოვის მესამე უფასო რესტორანი სტუდენტებისთვის ნიუ იორკში გაიხსნება

57 წლის როკვარსკვლავმა ჯონ ბონ ჯოვიმ მშობლიურ ნიუ ჯერსიში თავიდან ორი რესტორანი გახსნა სახელწოდებით ,,Jon Bon Jovi Soul Kitchen restaurant“. ორივე რესტორანში კოლეჯის სტუდენტებს (და ყველას) შეუძლიათ მიირთვან უფასოდ. რესტორანში კერძებს ფასი არ ადევს და ვისაც საშუალება აქვს, იხდის 20 დოლარს – ამ ფასად სტუმრებს ყველაფრის მირთმევა შეუძლიათ, რაც სურთ.

20 დოლარი, რასაც მომხმარებლები აქ ერთ ჯერზე შესვლისას იხდიან, ერთგვარი სუფსიდიაა იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც ფული არ აქვთ.

საქველმოქმედო რესტორნების იდეა ბონ ჯოვის ცოლს, 30 წლის დოროთი ჰერლის ეკუთვნის. „შიმშილი წარმოუდგენელი რამეა, ეს არის პრობლემა ხალხის –  თქვენს ეკლესიებში, ბავშვების, რომლებიც სკოლაში დადიან“, – ამბობს დოროთი ჰერლი გამოცემა  CBS News -თან საუბრისას. Nypost.com-თან კი ბონ ჯოვი ამბობს, რომ ,,კოლეჯის მოსწავლეები არ უნდა იკვებებოდნენ მხოლოდ ლაფშით (კერძი ხორცით, ბოსტნეულით და მაკარონით).

ნიუ ჯერსიში, ტომს რივერსა და წითელ სანაპიროზე, ბონ ჯოვის ორივე რესტორანში ყოველ საღამოს სტუმრების ნახევარი ფულს იხდის და ისე მიირთმევს, ნახევარი კი, ვისაც 20 დოლარი არ აქვს – უფასოდ სადილობს.

ბონ ჯოვის ამ ტიპის მესამე რესტორანი ,,Jon Bon Jovi Soul Kitchen restaurant“-ი 2020 წლის 22 იანვარს გაიხსნება ნიუ  იორკის რატგერსის უნივერსიტეტის კამპუსში, სადაც გადახდა შესაძლებელი იქნება  როგორც თანხით, ასევე მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულებით.

 

წყარო: nypost.com

ბათუმის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები შპს „სტადიონის“ დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ შეაჯამა

შპს „სტადიონის“ დირექტორი ჯაბა სურმანიძე:  სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა. საფარის დაგებისას გამოყენებულია პოას ჯიშის, უმაღლესი ხარისხის ბალახი. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ბალახი კლიმატური პირობების, სათამაშო მოცემულობისა და სხვა სახის ღონისძიებების მიმართ მდგრადია. აქვს საგარანტიო და ხარისხის მაჩვენებელი ყველა სერთიფიკატი და სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებს.

მინდვრის საფარი

ასევე დასრულდა გახმოვანებისა და განათების სისტემის მონტაჟი. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემის მოწყობას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სისტემა შესაბამისობაში იქნება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან.

ამჟამად მიმდინარეობს სკამების მონტაჟი მე-2 იარუსზე. სკამები ანტივანდალური და ცეცხლმედეგი მასალისგანაა დამზადებული.

პარალელურ რეჟიმში გრძელდება გარე პერიმეტრზე სამუშაოები, საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა და საკომუნიკაციო ქსელის გამართვა.

მიმდინარე წლის ნოემბერში სტადიონზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უეფას წარმომადგენელი. მან მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები დადებითად შეაფასა, შესაბამისად გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ უეფას მოთხოვნებს სრულად დავაკმაყოფილებთ და მივიღებთ შესაბამის ლიცენზიას.

ბათუმის მერიამ და მუსლიმებმაც „ახალი მეჩეთის საქმე“ სააპელაციოში გაასაჩივრეს 

სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა ბათუმის მერიამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“იცავენ. ორივე მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და უკანონოდ მიიჩნია მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი მერიის დავალდებულების ნაწილში – მუსლიმი თემი ითხოვდა, სასამართლოს დაევალებია მერიისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოსამართლემ თქვა, რომ მშენებლობის ნებართვაზე შესაბამისი აქტების გამოცემა მერიის დისკრეციული უფლებამოსილებაა და ამაში სასამართლო ვერ ჩაერევა.

„დისკრიმინაციული მოპყრობა არ აღმოფხვრილა ამ აქტის გაუცემლობით. დისკრიმინაციული მოპყრობა განგრძობადია, იგი ახლაც გრძელდება,“ – ამბობს მერი აღაპიშვილი, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი. მისი შეფასებით, ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება თავად სასამართლოს პრაქტიკის განვითარებისთვისაც, რადგან საქმე კანონით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებას უკავშირდება, მაგალითად, როცა კონკრეტულ ნებართვას მხოლოდ ბათუმის მერია გასცემს და ამ უფლებამოსილების შეზღუდვას დისკრიმინაციის დადგენის პირობებში.

მერი აღაპიშვილის მოსაზრებით, ამოსავალი უნდა იყოს დისკრიმინაციის დადგენა. „სასამართლომ თქვა, რომ დიფერენცირებულ მოპყრობას არ შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური მიზეზი. რადგან დისკრიმინაცია დადგინდა, მისი აღმოფხვრის ერთადერთი გზა იყო შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების გამოცემა მშენებლობის ნებართვაზე,“ – აღნიშნავს მერი აღაპიშვილი.

ბათუმის მერია კი, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში ასაჩივრებს, რომლითაც დადგინდა, რომ მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება დისკრიმინაციულია.

ამ თემაზე: აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება 

მამუკა ხაზარაძე: არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ააწყო კაზინოებსა და აზარტულ თამაშებზე

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კაზინოებისა და ონლაინთამაშების მიმართულებით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. იგი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტში თანხის მოზიდვის იოლი გზაა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

„მე ვფიქრობ, რომ ერთი-ერთი დიდი პრობლემა არის კაზინოების თემა. შეიძლება თვლიან, რომ ეს არის ტურიზმის მოზიდვის წყარო, მაგრამ ამავე დროს ამას აქვს ძალიან დიდი ზეგავლენა ჩვენს ახალგაზრდობაზე. არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ააწყო კაზინოებზე და აზარტულ თამაშებზე, მით უმეტეს, როცა ახალგაზრდები ასე ჩართულები არიან, ჩემი აზრით, ძალიან ცუდ, აზარტულ მიმართულებებში.

მე ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო დონეზე არის საკმაოდ გასამკაცრებელი ეს ყველაფერი. აქ არ შედის მხოლოდ კაზინოს თემა, აქ შედის ონლაინთამაშებიც, რომელიც არის აბსოლუტურად უკონტროლო.

…ბიუჯეტში შედის თანხა, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხის შეტანა შეიძლება ბიუჯეტში, თუ კარგად დარეგულირდება ეს საკითხი, გახდება გამჭვირვალე და შავი ბრუნვა იქნება გადატანილი, ასე ვთქვათ, თეთრ ბრუნვაში. შემოსავალი, რომელიც დღეს ამ ინდუსტრიიდან შემოდის, არ ასახავს ზუსტად იმ შემოსავალს, რომელიც უნდა შემოდიოდეს. ამის კვლევა და ანალიზი არავის გაუკეთებია, ამიტომ კითხვა მაქვს, იქნებ უფრო მეტი ფული შემოსულიყო ბიუჯეტში, იქნებ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნილიყო, იქნებ ისე გაგვეკეთებინა, რომ დაგვეცვა ახალგაზრდები?!

თავიდან ეს [კაზინოები] შეიძლება კარგი იყო ბიძგისთვის, მაგრამ ამის შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ეს ინდუსტრია დაიხვეწოს და საერთოდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ კაზინო არ არის გრძელვადიანი ამბავი, უიდეობაზე სწორედ ის მიანიშნებს, რომ ხან კაზინოზე მიდის სწორება და ხან მმართველი პარტია გვთავაზობთ – „მოდი ახლა მარიხუანას პლანტაციები გავაშენოთ…“

რაღაც ჩაკეტილ წრეში ვართ და ვამბობთ, რაც მუშაობს, ესაა და იმის იქეთ ხედვა არ არსებობს.

ეს არის იოლი გზა, ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის გაუბედურებაზე ნაშოვნი ფულის გზა და, შესაბამისად, ეს არ არის ის გზა, რომელიც გრძელვადიანად ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ბათუმელებთან“.

„ლელოს“ ლიდერთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ 8 დეკემბერს ჩაწერა ბათუმში. მამუკა ხაზარაძესთან სრული ინტერვიუ batumelebi.ge-ზე მალე გამოქვეყნდება. 

ბათუმში უნალექო ამინდი 4 დღე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 11-12 დეკემბერს, ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი თამაში – „ევროპაბეთის“ ახალი, მასშტაბური პროექტი სათამაშო ბიზნესში

კამპანია „პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათამაშო ბიზნესის თვითრეგულაციას,  რათა ადამიანებმა გასართობად ითამაშონ და არა პრობლემების „გამოსამუშავებლად“.

რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? – პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში, პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც კომპანიამ თავისი ბიზნესის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.

ევროპაბეთის ბანერის დემონტაჟი

ის, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის სრულიად ურისკო, არახალია. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ყოველდღიური გართობის საშუალებად მიიჩნევს, მაინც არის მოთამაშეთა მცირე რაოდენობა, ვისთვისაც თამაში შეიძლება პრობლემური გახდეს. განსაკუთრებით მოწყვლადია არასრულწლოვანთა სეგმენტი, რომლებიც, მიუხედავად დღემდე არსებული ფილტრებისა, მაინც აღწევენ სათამაშო პლატფორმებზე.

რას გვთავაზობს „ევროპაბეთი?

2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს შესთავაზებს ონლაინ ხელსაწყოებს, რაც უპრეცედენტო იქნება ქართული სათამაშო ბაზრისთვის. ესენია:

  • რეალობის შემოწმების შეტყობინება
  • თვითშეფასების ტესტი
  • მოთამაშის რჩევები
  • 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის
  • პრობლემური მოთამაშეების თერაპია
  • გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია
  • პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში

გარდა ამისა, „ევროპაბეთი“ 2019 წლის დეკემბრიდან, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას. კერძოდ:

  • სრულად ამბობს უარს გარე რეკლამაზე
  • საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში
  • ინტერნეტრეკლამა გაკეთდება მაქსიმალურად ასაკობრივი შეზღუდვით

საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონ ლარს დახარჯავს. კერძოდ:

  • „პასუხისმგებლიანი თამაშის“ შესახებ ცნობადობის გაზრდა – საინფორმაციო ვებგვერდები; პრობლემურ მოთამაშესთან მუშაობა – ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები
  • სპორტის განვითარება – სპორტსმენებისა და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები
  • ონლაინ მედიის განვითარება – ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა
  • სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
  • ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება

მოგება და კლიენტთან ურთიერთობ

ნებისმიერი ბიზნესის მიზანია მოგების ნახვა, სხვა შემთხვევაში ბიზნესის არსებობას აზრი ეკარგება. რა თქმა უნდა, არცერთი ბიზნესის ინტერესი არ არის მომხმარებლისთვის პრობლემების შექმნა. ხშირ შემთხვევაში ბიზნესმა მომხმარებელი საკუთარი თავისგანაც უნდა დაიცვას. „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომებით, კლიენტებთან სამართლიანი კომუნიკაციით, ყველა ბიზნესი ცდილობს მის მიმართ ლოიალობის გაზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, მას სტაბილური, გარანტირებული კლიენტებით უზრუნველყოფს.

„მაგალითად, ბანკებს ჰყავთ საკრედიტო რისკების შემფასებლები, რომლებიც მომხმარებლის ნაცვლად აკეთებენ მომხმარებლისვე გადახდისუნარიანობის ანალიზს. ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო მეტ სესხს იღებს, მით უფრო უხარია მომხმარებელს. ესეც განათლებისა და ბაზრის განვითარების ნაწილია. სწორედ ანალოგიური რისკების დაზღვევას ემსახურება „პასუხისმგებლიანი თამაში“ ბიზნესოპერაციებში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი ჩვენთან გაერთოს და ამ გართობით საკუთარ თავს პრობლემა არ შეუქმნას“, – მიიჩნევს ლაშა გოგუა.

ევროპაბეთიგლობალური BETSSON-ის წევრი

„ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ გაიყიდა და მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის მფლობელობაში. BETSSON გლობალური კომპანიაა, ლეგალურად ოპერირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში და  გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა, სხვა ბენეფიტებთან ერთად, ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს.

„საქართველოს სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს. აქ არაფერია ისეთი, რაც ჩვენი გამოცდილებით ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა. უბრალოდ, ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე ვართ და აუცილებელია თანმიმდევრული ცვლილებები“, – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა.

მისივე თქმით, „პასუხისმგებლიანი თამაშის“ ქართულ ბაზარზე შემოტანა ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო, რაც BETSSON-მა „ევროპაბეთის“ შეძენის მომენტიდან დაიწყო.

აღნიშნული კონცეფციის პირველი ფაზა „ევროპაბეთის“ მიერ ბრენდ ამბასადორად ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს მოწვევა იყო, რომელიც
მომხმარებლებში აჟღერებდა მთავარ გზავნილს: „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“.

„ევროპაბეთი“ სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და ის ეტაპობრივად განხორციელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს „ევროპაბეთი“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე: responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ ინიციატივას.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მწვანე საფარი დააგეს

ბათუმის მშენებარე სტადიონზე მწვანე საფარი უკვე დააგეს. ბალახი [კორდი] ბათუმში უკრაინიდან შემოიტანეს.

საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი მიმდინარეობს. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, კონსტრუქცია ორი სახისაა: სტაციონარული და დასაკეცი. სკამები ლურჯი ფერისაა. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები დამონტაჟდება.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მწვანე საფარი დააგეს / 9.12.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მწვანე საფარი დააგეს / 9.12.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს [პირველი ეტაპი].

ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში, 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.

ამ თემაზე:

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა [ფოტო]

414 ათასი ლარი ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 414 681 ლარია. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე კი, ტენდერი 41 მილიონ 468 ათასი ლარითაა გამოცხადებული.

კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 11 დეკემბერს დაიწყება. რაც შეეხება ზედამხედველის შერჩევას, ტენდერში წინადადებების მიღება 17 დეკემბერს დაიწყება და 20 დეკემბერს დასრულდება.

საზედამხედველო მომსახურება მოიცავს: სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს; სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს; დაფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების დამოწმებას; შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან და შემდგომ მათ დადასტურებას; სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლს; საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანის ორგანიზებასა და კონტროლს და სხვ.

მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობაც სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღიდან არანაკლებ 18 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ტენდერის პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ „თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკური ზედამხედველობა განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე“.

სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის, 2019 წელს გათვალისწინებული იყო 3,7 მილიონი ლარი, ხოლო 2020 წელს გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. ამ პროგრამით უნდა განხორციელდეს ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. პროგრამა ამჯერად 2020-2023 წლებზეა გათვლილი, დაფინანსება კი ჯამში 73 მილიონი ლარია.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობაზე ოპოზიციას კითხვები აქვს

 

რატომ თქვა უარი 200-მა პედაგოგმა გარე დაკვირვების გავლაზე

გარე დაკვირვებაზე 200-მა პედაგოგმაუარი  თქვა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვების ველი 4 356 პედაგოგს გაეხსნა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი გარე დაკვირვებაზე აღარ დარეგისტრირდა. „ჩვენ ველი გავუხსენით მეტს, მაგრამ სურვილი გამოთქვა ნაკლებმა“, – ამბობს მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინა ინგოროყვა.

გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვთ უფროსი სტატუსის მასწავლებლებს, ვისაც სურვილი აქვს, გახდეს წამყვანი მასწავლებელი.

გარე დაკვირვების ველი იმ შემთხვევაში გაიხსნებოდა პედაგოგისთვის, თუ მას ჩატარებული ექნებოდა კვლევა და მისი სამოდელო გაკვეთილი იქნებოდა შეფასებული დადებითად.

რატომ თქვეს უარი გარე დაკვირვების გავლაზე პედაგოგებმა? – ვკითხეთ ქრისტინა ინგოროყვას, მისი განმარტებით, შესაძლოა გარე დაკვირვების გავლა, მათ იმიტომ არ უღირდათ, რომ „უმეტესობას დოქტორის ხარისხი აქვს. ზოგი კერძო სკოლაშიც მუშაობს და ალბათ აღარ მიაჩნიათ საჭიროდ“, – გვეუბნება ის. მისი თქმით, პედაგოგების გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს მასწავლებლის შეფასების ახალ სისტემას, რომელიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

ახალი მოდელის მიხედვით, პედაგოგს კონკრეტული სტატუსის მოსაპოვებლად შეუძლია პროფესიულ უნარებში გამოცდა ჩააბაროს.

როგორც „ბათუმელებთან“ მასწავლებლის სახლის დირექტორი აცხადებდა, ტესტი იქნება რთული და დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით.

გარე დაკვირვებაზე ოქტომბერში სულ 4 156 პედაგოგი დარეგისტრირდა.

„ბათუმელების“ მიერ გამოცემულმა წიგნმა პრემია „საბა“ მიიღო

„ბათუმელების“ მიერ გამოცემული სულხან სალაძის წიგნი „უცნობი ძველი აჭარა“ ლიტერატურული  პრემია “საბას” მფლობელი გახდა ნომინაციაში – წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა.

წიგნი “ბათუმელებმა” 2018 წლის სექტემბერში გამოსცა. წიგნში თავმოყრილია რჩეული სტატიები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელებში“, სულხან სალაძის საავტორო რუბრიკაში აჭარის წარსულის შესახებ.

„უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იან წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში.

„ბათუმელების“ მიერ გამოცემული წიგნის მხარდამჭერები იყვენენ სამშენებლო კომპანია “გუმბათი ჯგუფი” და საგზაო-სამშენებლო კომპანია “გზები”.

„უცნობი ძველი აჭარა“ გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მესამე წიგნია „ბათომისა“ და „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შემდეგ. მათგან ორი წიგნი – „ბათომი“ და „უცნობი ძველი აჭარა“, პრემია „საბას“ ფინალისტების მოკლე სიაში მოხვდა.

10 წელში შეიძლება ბინების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს – ხაზარაძე ბათუმის განაშენიანებაზე 

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბათუმსა და თბილისში ქაოსური მშენებლობების მთავარი მიზეზი ხედვის არარსებობა და პრობლემის გადაწყვეტის მოკლე გზაა, რაც არაეფექტურია. მამუკა ხაზარაძე დღეს ბათუმში იმყოფებოდა, „ბათუმელებმა“ მას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე დაუსვა შეკითხვა, მათ შორის, ბათუმის განაშენიანებასა და „ბათუმი რივიერას“ პროექტზეც.

„ჩემთვის არგუმენტი არ არის, ისტორიულ უბანს სახე შევუცვალოთ იმიტომ, რომ აქ უნდა ჩავდგათ 16-სართულიანი, რომელიც სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არ არის მუდმივი სამუშაო ადგილი. პირიქით, ამას მოჰყვება ის, რომ ტურისტი არ გვეყოლება, ტურისტი არ ჩამოდის იმისთვის, რომ 16-სართულიანი სახლი ნახოს. ამიტომ რეგულაცია არის ნომერ პირველი ამოცანა.

არ შეიძლება შენდებოდეს კორპუსი, რომელსაც არა აქვს ავტოსადგომი, არა აქვს გამწვანება, არ შეიძლება ამოვარდნილად, დამახინჯებულად აშენდეს რამე ქალაქის ცენტრში, რაც ესთეტიკურ ხედვას და ქსოვილს დაარღვევს ქალაქისას. ჩაიარეთ და ნახავთ, უზარმაზარი შენობები პირდაპირ ზემოდან აზის ულამაზეს შენობებს, რომლის გამოც ჩამოდის აქ ტურისტი. ამიტომ რას ვაკეთებთ, ეს ხომ თავის მოტყუებაა, ვითომ სამუშაო ადგილს ვქმნით, დროებით, რომელიც შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს და ამ დროს ვანგრევთ უფრო მეტ სამუშაო ადგილს და უფრო მეტ შემოსავალს ვუკარგავთ მოქალაქეს, იმიტომ, რომ იმის განმეორება შეუძლებელია, რაც ისტორიამ მოგვცა.

…თუ შენი ქალაქი შენთვის არ არის კომფორტული, მაშინ რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ამიტომ ამ პროპაგანდას [ბიზნესის არგუმენტებს დასაქმებასა და ქალაქის განვითარებაზე] თავი უნდა დავანებოთ, ბიზნესსაც თუ აეხსნება ეს ყველაფერი, მათთვის უკეთესია. მე არ ვლაპარაკობ ბიუროკრატიაზე, რაც ბიზნესს ხელს შეუშლის, მე ბიზნესიდან მოვდივარ და ძალიან კარგად ვიცი, სად გადის ზღვარი საზოგადოებისა და ბიზნესის ინტერესებს შორის. საჭიროა დიალოგი. დღეს არ არსებობს დიალოგი და ხდება ქაოტური განვითარება მთელი ქვეყნის. არ ვიცით, სად უნდა ვიყოთ 5 წლის შემდეგ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა იცოდეთ 5 წლის შემდეგ როგორი ბათუმი გჭირდებათ, როგორი უნდა იყოს ქალაქი, ასე ამოგლეჯილად ეს არ განვითარდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, რა მდგომარეობა იქნება ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ათი წლის შემდეგ:

„იმის ახსნა, რომ აქ ინვესტიცია შემოდის და ბინებს კარგად ვყიდით… 10 წელიწადში რანაირი სიტუაცია დაგვხვდება ამ ბინების გაყიდვის?! შეიძლება ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს მთელი წლის განმავლობაში. მონაკოში თქვენ რომ ბინა იყიდოთ და იქ ცხოვრების უფლება მოგცენ, თქვენ არ გაქვთ უფლება, იქ დაკეტილი გქონდეთ ბინა, რადგან დაკეტილი ბინა სამუშაო ადგილს არ ქმნის. ხომ ვითომ ნიუანსია, მაგრამ თუ ბინა არ იკეტება, იმას დამლაგებელი სჭირდება, დაცვა, მომსახურება, ამიტომ მუდმივად რაღაცას უნდა აკეთებდე, რომ მიიღო ეს პრივილეგია. შეიძლება თქვათ, სად მონაკო და სად ჩვენ, მაგრამ კარგი მაგალითები თუ არ ავიღეთ და მაღალი სტანდარტი…“

„ბათუმელების“ კითხვაზე, იცნობს თუ არა „სილქ როუდ ჯგუფის“ ბათუმის „რივიერას“ პროექტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროექტს დეტალურად არ იცნობს:

„რომ გითხრათ, რომ მე ან ვეწინააღმდეგები, ან არ ვეწინააღმდეგები, არ ვიქნები ობიექტური. ასეთი მასშტაბის ნებისმიერი პროექტი უნდა ექვემდებარებოდეს ანალიტიკას და სერიოზულ დასკვნებს, პირველ რიგში ეკოლოგიური თვალსაზრისით.

ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ნორმები არსებობს, არ შეიძლება კორპუსი ჩაიდგას და ამ კორპუსმა დაუბნელოს მზე ისტორიულ შენობაში მცხოვრებ ადამიანს.

არსებობს უამრავი სტანდარტი და არის ესთეტიკური მხარე, რომელიც საზოგადოებასთან ერთად უნდა იქნას განხილული. ესთეტიკურ ნაწილში რომ გემოვნებაზე არ ვიკამათოთ, ამიტომ საჭიროა საერთაშორისო კონკურსების მოწყობა, არამარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო არქიტექტორების მონაწილეობით და ღია წესით, რომ ადამიანები მიხვდნენ, რანაირი რივიერა სჭირდება ბათუმს, რა არის უფრო ლამაზი. ის, რომ არც წინა და არც ეს ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევს და ერთი ადამიანი წყვეტს, შენობა როგორი უნდა იყოს, ასე არ შეიძლება.

მე არ ვიცნობ ასე დეტალურად [რივიერას პროექტს]. რადგანაც არ ვიცნობ, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას აკლია ამაზე ინფორმაცია. თუ ამხელა მასშტაბის მშენებლობაა, რომელიც რაღაც პრობლემას ქმნის, განხილვა უნდა მოხდეს ღიად.

…ბიზნესი არ განვითარდება, თუ მას არა ჰყავს მომხმარებელი და თუ მას მოწინააღმდეგე ჰყავს, ის პროდუქტი ვერ გაიყიდება ბაზარზე, ეს თავის მოტყუებაა. თუ ააშენე რაღაც, რასაც სულ პროტესტი მოჰყვება, ეს ვერ იქნება მდგრადი ბიზნესი.“

მამუკა ხაზარაძესთან სრული ინტერვიუ batumelebi.ge-ზე მალე გამოქვეყნდება. 

რაზე მიანიშნა ივანიშვილმა აშშ-ს?

“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს “შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში” შეერთებული შტატების მიმართ, რაც “სამწუხარო” იქნება.

ივანიშვილის კრიტიკა ეხებოდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომელთა დაკვეთით ჩატარებულ კვლევებსაც მმართველი გუნდი არ ენდობა და აკრიტიკებს.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ანტიდასავლურ განწყობების გაღვივებაზე მინიშნება უკიდურესად სახიფათოა და ყურადღებას საჭიროებს.

“ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ საერთაშორისო და დასავლური ქვეყნების მიერ მხარდაჭერილ არასამთავრობო  ორგანიზაციებთან დაკავშირებით და შემდეგ ამ ყველაფერის გაერთიანება ანტიამერიკულ განწყობებში, არის ძალიან საშიში ტენდენცია და ჰარმონიაშია იმ რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GSAC) თანადამფუძნებელი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია.

აქუბარდია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბიძინა ივანიშვილის შეტევა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე გაგრძელება იყო იმავე ტელეკომპანია “იმედში” წინა დღეს გასული გადაცემის, სადაც ნეგატიურად შეფასდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. იგი ქვეყნის დემოკრატიული ფასეულობების და დემოკრატიული განვითარების საწინააღმდეგოს უწოდებს მმართველი გუნდის თავდასხმას სამოქალაქო სექტორზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მათი “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივების გზით.

“ერთადერთი ქვეყანა, ვის ინტერესებშიც ჯდება იმ არასამთავრობო სექტორზე დარტყმა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებიდან ფინანსდება, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებზე შეტევა, არის რუსეთი. თავისი  განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, ერთი მხრივ, წაახალისა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერილი აქტორები, რომლებიც ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. მეორე მხრივ, ვფიქრობ, ეს იყო ღია გაფრთხილება შეერთებული შტატებისადმი, რომ ივანიშვილმა ყველა შეიძლება მონათლოს ქვეყნის წინააღმდეგ წასვლაში (ქვეყანაში კი განიხილავს საკუთარ თავს და გუნდს). ამიტომ ეს იყო ანტიდასავლური გზავნილი, გაკეთებული პირველად ასე ღიად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაც ნამდვილად სარისკოა და სიფრთხილე გვმართებს”, – ამბობს აქუბარდია.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიმეორა “ქართული ოცნების” აქტივისტებში და მხარდამჭერებში დიდი ხნის წინ დანერგილი ნარატივი და მმართველ გუნდში ჰგონიათ, რომ აშშ მხარს უჭერს ოპოზიციას და სათანადოდ არ უჭერს მხარს მთავრობას. GIP-ის დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ განსხვავებით სააკაშვილის ხელისუფლებისგან, “ქართულმა ოცნებამ” თავის საუკეთესო წლებშიც კი ვერ მოახერხა განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება დასავლელ ლიდერებთან და აშშ-ის პოლიტიკურ კლასთან, რაც გარკვეულწილად კვებავს არასწორ აღქმას, რომ თავიანთი კონტაქტებიდან გამომდინარე “ნაციონალურ მოძრაობას” უფრო დიდი გავლენა აქვთ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, ვიდრე მოქმედ ხელისუფლებას.

“ქართულ ოცნებას” მუდმივად და განსაკუთრებით ბოლო ხანებში ღრღნის ეჭვი, რომ დასავლეთი მხარს უჭერს ოპოზიციას და არა მთავრობას. ისინი, ეტყობა, ელოდებიან, რომ დასავლეთი უფრო მკაფიო განცხადებებს გააკეთებს მთავრობის სასარგებლოდ. ბუნებრივია, ეს არარეალურია. შეერთებულ შტატებს არცერთი ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადება არასდროს გაუკეთებია. აშშ-ის ინტერებში არის ზოგადად სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება საქართველოში და არა ამა თუ იმ პარტიის დღის წესრიგის გაზიარება. ეტყობა, ვერ მიიღეს მხარდაჭერა წმინდა  პარტიული თვალსაზრისით. მმართველი გუნდი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს საქართველოში, არ ფლობს ბერკეტებს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე აქ. ამიტომ, ივანიშვილმა გაუგზავნა მესიჯი შეერთებულ შტატებს, რომ თუ  რაღაც არ შეიცვლება, ამან შეიძლება დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი  ურთიერთობები”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კაკაჩიამ.

მისი თქმით, ივანიშვილმა გამოავლინა პოსტსაბჭოთა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქმედი ლიდერების ტიპური ხედვა, რომ ასეთი გზავნილებით შეიძლება ევაჭროს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

“ყოველგვარ რეალობას აცდენილი შეხედულებებია, მაგრამ გზავნილი სწორედ ის არის ივანიშვილის, რომ თუ არ მოხდება ამ ორგანიზაციების (IRI, NDI) საქმიანობის შეცვლა, ამან შეიძლება ორმხრივ ურთიერთობებზე იქონიოს გავლენა. ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, საქართველოსთვის არის დამაზიანებელი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება დიდი ხანია ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზე მუშაობენ, ამ ამოცანიდან უყურებენ ყველაფერს და მათთვის ცოტა რთულია გაგება, რომ საქართველოს და მისი ხელისუფლების ინტერესები შეიძლება ერთი და იგივე არ იყოს”, – აღნიშნავს კაკაჩია.

“ჩვენ გადავიარეთ ის, რომ  აშშ ნაცმოძრაობას მხარს აღარ უჭერს”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა იმედთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვინც პოლიტიკაშია, ეს ყველამ გაიგო.

“მაგრამ ზოგადი განცდა, რომ დაჟინებით მიდის ამ კვლევებში აშკარა ტენდენციურობა და დევალავაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში… ჩვენ მთლიანად ჩამოკიდებული ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე. მათ უამრავი გააკეთეს, რომ ჩვენ სტაბილურობა მიგვეღო, ჩვენს განვითარებას უყურებენ, მხარს გვიჭერენ ყველანაირად. ის, რომ ასეთი პარტნიორი ინსტიტუტები განიცდიან დევალვაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში და ამას შეიძლება წაუფინონ ის, რომ თუ ეს ცუდია, შეიძლება შენი სტრატეგიული პარტნიორიც რაღაც ისეთს არ აკეთებს, ეს არის ჩემთვის ყველაზე სამწუხარო”, – აცხადებს ივანიშვილი.

ის დასძენს, რომ სინამდვილეში ისეთი მხარდაჭერა აშშ-დან, როგორც დღეს აქვს საქართველოს, არასდროს ყოფილა და ამის მაგალითად წარმომადგენლობით პალატაში მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს ასახელებს საქართველოს მხარდასაჭერად. თუმცა, მისი თქმით, პრობლემები აქ არსებული ამერიკული ინსტიტუციების მიმართ არსებობს. ბიძინა ივანიშვილის აზრით, NDI-ის და IRI-ის საქმიანობა საქართველოში ამერიკის ინტერესებს აზიანებს. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და მმართველი პარტიის ლიდერმა არ გამორიცხა, თეთრი სახლის ადმინისტრაციას ან კონგრესს ღია წერილითაც მიმართოს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/409866/

 

გოდერძის სათხილამურო ტრასაზე მაგისტრალური გაზსადენი გაივლის – რატომ შეიცვალა პროექტი  

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებამ პრობლემა შეუქმნა ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხორციელებას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გაზსადენის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს.

პროექტის მიხედვით, გაზსადენის საპროექტო ტრასა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას მიუყვება. დაგეგმილი იყო გაზსადენის მშენებლობა გზის რეაბილიტაციასთან ერთად დაწყებულიყო, თუმცა, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, სულ ცოტა, მომავალი წლის გაზაფხულამდე ვერ დაიწყება.

შესაბამისად, გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ აცხადებს, რომ დღის წესრიგში დადგა გოდერძის უღელტეხილი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე გაზსადენის მშენებლობის ალტერნატიული ტრასის შერჩევა.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე შერჩეული ალტერნატიული მარშრუტით [სიგრძე 3 730 მეტრი] გაზსადენი ნაწილობრივ კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასაზე გაივლის [ხიჭაურიდან გოდერძიმდე გაზსადენის მთლიანი სიგრძე კი 54 კილომეტრია].

„აღნიშნული ცვლილება პროექტში, იწვევს გაზსადენის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას და ექვემდებარება სკრინინგის [გზშ-ს კოდექსით, სკრინინგი არის პროცედურა, რომლითაც დგინდება, თუ რომელი პროექტი ან ღონისძიება მოითხოვს გარემოზე ზემოქმედების სრულ ან ნაწილობრივ შეფასებას] პროცედურის გავლას. აქედან გამომდინარე, საქართველოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ხიჭაურის დასახლებიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაზსადენის სამშენებლო დოკუმენტის ქსელის ცვლილებების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად მომზადდა სკრინინგის განცხადება“, – აცხადებს „ენერჯი ინვესტი 2009“.

სკრინინგის განცხადებით კომპანიამ უკვე მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

გაზსადენის სამშენებლო დოკუმენტის ქსელის ცვლილებების პროექტიდან [სკრინინგის ანგარიშიდან]:

[checklist]

  • „გოდერძის უღელტეხილი-კურორტი გოდერძიმდე გაზსადენის ალტერნატიული ახალი 3 730 მ-ის ტრასა გაივლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის
    ნაკვეთებზე [ნაწილობრივ სათხილამურო ტრასაზე].
  • აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი ექნება ახალი, არა ანთროპოგენული ზეგავლენის მიწის ათვისებას, რაც გარკვეულ ზემოქმედებას იქონიებს არსებულ ნიადაგზე. მილსადენის განთავსება დაგეგმილია 2 მეტრი სიღრმის თხრილში, რაც თავის მხრივ გულისხმობს მიწისქვეშა წყლებზე ზემოქმედებას. მიწის აღნიშნულ სიღრმემდე ამოღების პროცესში ნიადაგის და გრუნტის ხარისხის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს ნარჩენების არასწორმა მართვამ და გაუმართავი სამშენებელო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციამაც.
  • გაზსადენის 3 730 მეტრი სიგრძის ტრასის სიახლოვეს არ არის განლაგებული არც ერთ მჭიდროდ დასახლებულ პუნქტი. შესაბამისად, მშნებლობის ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობაზე ჰაერის დაბინძურებით და ხმაურის გავრცელებით გამოწვეული ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
  • ამასთან, გაზსადენის ახალი ტრასა არ კვეთს არც ერთ [როგორც დიდ, ასევე პატარა მდინარეს] და ასევე არც ერთ ბუნებრივი ხევს და მილსადენის ძირითადი ნაწილი განთავსდება მიწისქვეშა თხრილში. შესაბამისად, მდინარეების და ხევების კალაპოტებში სამუშაოები არ შესრულდება.
  • საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს არ არის ტყით მჭიდროდ დაფარული ტერიტორია, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები.
  • საპროექტო რეგიონი გამოირჩევა ცხოველთა სახეობრივი მრავალფეროვნებით, შესაბამისად, საჭირო იქნება შემარბილებელი ღონისძიებების გატარება: ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტის და სამშენებლო უბნების საზღვრების მკაცრი დაცვა და სხვ.
  • ისეთი სამუშაოები, რაც იწვევს ცხოველების ზედმეტად შეშფოთებას, უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში [მაგ. მაღალი ხმაურის გამომწვევი სამუშაოები];
  • საპროექტო მილსადენის ახალი ალტერნატიული 3 730 მ-ის ტრასის მონაკვეთი მოქცეულია ზურმუხტის ქსელის შეთავაზებული „გოდერძის“ უბნის მიმდებარე არეალის ფარგლებში. შესაბამისად, მოცემულ დაცულ ტერიტორიაზე ზემოქმედების რისკების შემცირებისათვის განხორციელდება წყლის, ნიადაგის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ხმაურის გავრცელების, მცენარეულ საფარზე ზემოქმედების და ა.შ. შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტურად გატარება.
  • მშენებლობის ეტაპზე მოსალოდნელია, გარკვეული რაოდენობის როგორც სახიფათო, ასევე უსაფრთხო ნარჩენების წარმოქმნა. სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა ძირითადად დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო საშუალებების რემონტთან ან გაუმართავი ტრანსპორტით დაბინძურებული ნიადაგის და გრუნტის მოხსნასთან, ასევე შედუღების და სამღებრო სამუშაოების შესრულებასთან. ნარჩენების არასწორი მართვის შემთხვევაში მოსალოდნელია გარემოს ცალკეული რეცეპტორების ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესება და ამდენად აუცილებელია ნარჩენების სწორი მართვის გეგმის დასახვა.
  • პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მშენებლობის, გაზსადენი მილის გამოცდის და ექსპლუატაციის პროცესში სხვადასხვა სახის ავარიის რისკები არსებობს. თუმცა, ასეთი სახის
    რისკებს მასშტაბური ხასიათი არ ექნება“.

[/checklist]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ ამავე სამინისტროში, 2019 წლის 18 დეკემბრამდე.

მთავარი ფოტო: კურორტი გოდერძი, ხულო /თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას, „კონტრაქტორი [კომპანია „ტოდინი“] ცდილობს, დაიწყოს პირველი ეტაპის – მიწის სამუშაოები, თუმცა სუსტია მისი მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს 3 დეკემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

ამ თემაზე:

„მცდელობა არის, მზაობა სუსტია“ – როგორ ხსნის 110-მილიონიანი პროექტის შეჩერებას დეპარტამენტი

 

გონიოს არქეოლოგიური ზონა ბეტონის ქვეშ

გონიოს ციხის მიმდებარედ არსებული არქეოლოგიური ზონა სულ უფრო და უფრო მეტად  ექცევა ბეტონის ქვეშ. 2004 წლიდან დღემდე ამ ზონაში ჯერ საცხოვრებელი სახლები, შემდეგ კი დამხმარე ნაგებობები გაჩნდა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სპეციალისტები შიშობენ, რომ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, როგორც საკვლევი არქეოლოგიური ზონა, შესაძლოა სრულად აღმოჩნდეს ბეტონის ქვეშ და დაიკარგოს უნიკალური არქეოლოგიური მასალა, რომლის არსებობასაც ამ ზონაში მოიაზრებენ.

„კარგად ვიცით, რომ  ძველი ქალაქი იყო ციხის გარეთ. გარდა ამისა, ამ ადგილზე სხვადასხვა არტეფაქტი დაფიქსირდა ოთხმოციან წლებში, მათ შორის ელინისტური ხანის სამარხები. სწორედ ამან განაპირობა ამ ტერიტორიის არქეოლოგიურ ზონად გამოცხადება. ეს არის ძალიან საინტერესო ტერიტორია, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიისთვის, ვინაიდან ეს ციხესიმაგრე რომაელებმა ააშენეს.

ადგილობრივ მოსახლეობასა და რომს შორის კონტაქტები არსებობდა და სწორედ ეს კონტაქტები არის საძიებელი ციხის გარეთ“, – ამბობს ისტორიკოსი ლაშა ასლანიშვილი. ის სააგენტოში არქეოლოგიურ-არქიტექტურულ განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ისტორიკოსი შიშობს, რომ ქაოტური მშენებლობები ამ ტერიტორიაზე  მომავალში არქეოლოგებისთვის სამოქმედო არეალს თანდათან უფრო დაავიწროებს და „შესაძლებელია ისტორიის ესა თუ ის მომენტი, რომელიც უკავშირდება გონიოს ციხეს, დაიკარგოს.“

გუგლის რუკაზე გონიოს ციხის მონიშვნის შემდეგ მის მიმდებარე ტერიტორიას ე.წ. ისტორიის ფუნქციის საშუალებით თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ინფორმაცია ციხესთან არსებული არქეოლოგიური ზონის ჩაბეტონებაზე, რეალურია

გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიას არქეოლოგიური დამცავი ზონის სტატუსი აქვს და ზონის საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის კერძო საკუთრებაზეც, სპეციალური რეჟიმია დადგენილი, რაც ტერიტორიაზე მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უშვებს. აქ კანონი არ უგულებელყოფს საკუთრების უფლებას, მაგრამ აწესებს მშენებლობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

გონიოს ციხე, მისი ტერიტორიით და დამცავი ზონით, ასევე არქეოლოგიური ზონით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბალანსზეა. ამ სააგენტოს პრეროგატივაა ციხის, როგორც ძეგლის და მისი დამცავი, ასევე არქეოლოგიური ზონის მოვლა-პატრონობა. კანონმდებლობის შესაბამისად, ძეგლის 100 მეტრის რადიუსში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. ამავე სამსახურს ევალება დარღვევის გამოვლენა და რეაგირებაც, ხოლო ას მეტრს მიღმა ძეგლის ყველა მხარეს კონტროლი და რეაგირება  ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა.

გონიოს ციხის რუკა. ყვითელი ფერით დაფარულია თავად ციხის ტერიტორია, ხოლო ამავე ფერით მონიშნულია არქეოლოგიური ზონა ციხის გარშემო

რას აკეთებს აჭარის მთავრობა იმისთვის, რომ არქეოლოგიური ზონა სრულად ჩაბეტონებას გადაურჩეს და რატომ არ დაიწყო კვლევები ამ დრომდე, რას ელოდება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო? – ამ კითხვაზე სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი პასუხობს, რომ სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომპეტენციაში რჩება – კანონდამრღვევს აფრთხილებს, აჯარიმებს, შემდეგ კი საქმე აღსრულებაში გადადის, სადაც პროცესი ჩერდება, რადგან აღმასრულებელი თავის მოვალეობას არ ასრულებს.

ზაურ ახვლედიანი განმარტავს იმასაც, თუ რატომ არ იწყება კვლევები და რომ სააგენტომ მოსახლეობასთან, ნაკვეთების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებით რამდენიმე ნაკვეთი უკვე შეისწავლა: „მათ შორის ერთ ადგილზე აღმოჩნდა საინტერესო კედლები და კვლევა გასაგრძელებელია, ხოლო  ორ ადგილზე არტეფაქტები არ აღმოჩნდა. როგოც ვიცი, ამ ადგილზე გაიცა კიდეც მშენებლობის ნებართვა.“

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მოსახლეობასთან მოლაპარაკება გრძელდება და სააგენტო კვლევის გაგრძელებას 2020 წელსაც გეგმავს. ზაურ ახვლედიანი ვარაუდობს, რომ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევისა და ტერიტორიაზე სპეციალისტების მობილიზების შემთხვევაში, ტერიტორიის სკანირებისა და სრულად შესწავლისთვის, სავარაუდოდ, ხუთი სეზონი დასჭირდება სააგენტოს. მოხერხდება თუ არა ეს შეთანხმება, ჯერ უცნობია.

ცნობილია, რომ დაცულ ტერიტორიაზე არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოსახლეობას საკუთრებაში 2016 წელს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადასცეს. ამას წინ უძღოდა 2010 წლის პროცესები, როცა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გონიოელებს მის მიერვე 2008 წელს გადაცემული ეს მიწები ჩამოართვა. ხელისუფლებაში მოსვლამდე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება ამ ოჯახებისთვის სწორედ გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

2016 წელს, მაშინაც კი, როცა ამ ნაკვეთების დარეგისტრირებაზე უარის გამო მოსახლეობამ სასამართლოს მიმართა, ისინი იმედოვნებდნენ, რომ მათ სახლების აშენების უფლებას მისცემდნენ, რადგან ამის პრეცედენტი უკვე არსებობდა. თუმცა ბოლომდე ასე არ მოხდა – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, მათ მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირეს სპეციალური პირობით, რომ ზონაში არ დაიწყებდნენ მშენებლობას.

გონიოს მიმდებარე ტერიტორიის, როგორც საკვლევი მონაკვეთის შენარჩუნების საკითხს პრობლემად განიხილავენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც. სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი იმედოვნებს, რომ ზონის შენარჩუნებას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ახალი კოდექსის დამტკიცებამდე შეძლებენ. ეს კოდექსი დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია პარლამენტში. ახალი კოდექსი კი, ძეგლის დაცვის ზონებში თვითნებურ ქმედებებზე რეაგირებას ამკაცრებს.

მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ბატუტზე სინქრონულ ხტომებში

იაპონიაში, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდა და მოზარდ სპორტსმენთა შორის ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს.

საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, 11-12 წლამდელთა კატეგორიაში, მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ოქროს მედლების და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს სინქრონულ ხტომებში.

ქართველ გოგონათა წყვილმა კვალიფიკაციაში წარმატების შემდეგ (44.710 ქულა), ფინალურ ეტაპზეც მაღალი შედეგი აჩვენა და 44.340 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ბოჭორიძე-ლაპიაშვილის წყვილმა ფინალში რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლებს აჯობა.

მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი

 

კაზაკოვასა და რევიას ცეკვა ყინულზე – საქართველოს ოქროს მედალი გრან-პრის ფინალში [ვიდეო]

7 დეკემბერს, იტალიაში, ტურინში მიმდინარე შეჯიბრზე იუნორების კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელმა წყვილმა – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ოქროს მედალი მიიღეს. მათ ჯამში 174.90 ქულა დააგროვეს და ფინალური შედეგით მეორე ადგილზე გასულ აშშ-ის წყვილს 0.16 ქულით აჯობეს.

რომელ თვეებში დასჭირდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს 800 ლიტრამდე საწვავი

უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, წელს ხუთი თვე იყო ისეთი, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს თვეში 800 ლიტრამდე საწვავი დაუხარჯავს. ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მაისში დასჭირდა – 799,88 ლიტრი [ლიმიტი 800 ლიტრია].

800 ლიტრამდე საწვავი დაიხარჯა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ტრანსპორტირებისთვის სხვა თვეებშიც, მაგალითად, აგვისტოში – 793,53 ლიტრი, სექტემბერში – 758,97, მარტში – 717 ლიტრი, აპრილში კი – 722.99 ლიტრი.

ყველაზე ნაკლები საწვავი დავით გაბაიძეს იანვარში დაუხარჯავს – 371 ლიტრი და ივნისში – 389.95 ლიტრი. ჯამში 10 თვეში დავით გაბაიძემ ტრანსპორტირებისთვის 6082,31 ლიტრი საწვავი დახარჯა.

რატომ ხარჯავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ერთ თვეში, მაგალითად, 371 ლიტრ საწვავს და მეორეში – 799 ლიტრს? – ამ კითხვის დასმა დავით გაბაიძისთვის გვინდოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ლიმიტის წესი დარღვეული არ არის და სხვა ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ბათუმში ღრუბლიანი დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 დეკემბრის 21 საათიდან 9 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 1-6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5-10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 3 დღეს, 10-12 დეკემბერს, ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

პოლიციამ გონიოში დააკავა პირი, რომელსაც ჩანთის სახელურში ჰეროინის სამალავი ჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1987 წელს დაბადებული დ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გონიოში დააკავეს. ბრალდებულს სამგზავრო ჩანთის სახელურში ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. პოლიციამ დაკავებულის ბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი, 32,421 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_________

ფოტო შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

რატომ თქვა მეუფე იოანემ, რომ ილიას მკვლელობა „დაკვეთა იყო ევროპიდან“ – რუსული პროპაგანდა?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, იმდროინდელი სოციალ-დემოკრატების გავლით, „ევროპას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ მკვლელობის „დაკვეთა ევროპიდან იყო“. მის ამ ნათქვამს – ილიას მკვლელობის ევროპასთან დაკავშირებას – ისტორიკოსები „წარმოუდგენელ აბსურდს“ უწოდებენ.

მიტროპოლიტი იოანეს ძველ ნათქვამ-ნააზრევის ფონზე, ზოგიერთი კომენტატორი მის ახალ განცხადებაში რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მოქნილ, მავნე გამოვლინებას ხედავს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაის-გაენათის (გელათის) ეპარქია  სიდიდითა და მნიშვნელობით ქვეყანაში მეორეა, მის იქ დანიშვნად საგანგაშოდ მიიჩნევს.

რა თქვა მიტროპოლიტმა იოანემ?

10 ნოემბერს, ბაგრატის ტაძრის გარეთ, ადგილობრივ მედიასაშუალება „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში მიტროპოლიტმა იოანემ თქვა:

„ილია ჭავჭავაძე აწამეს?.. თუ? ვინ მოკლა? იცით, ვინ მოკლა? უშიშროების სამსხურს მიმართეთ. მათ ფილმი გააკეთეს, გამოიძიეს. სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს. და დაკვეთა იყო ევროპიდან.

იმიტომ, რომ ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელ იმპერიაში. 20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ, მათ შორის ილიაც მოჰყვა ამ სიაში… სოციალ-დემოკრატებმა [მოკლეს]… და ეს იდეები საიდან მოდის, ეგ კარგად იცით“.

ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 30 აგვისტოს (ახალი სტილით) მოკლეს სოფელ წიწამურთან. გამოძიება მალევე დაიწყო მეფის რუსეთის საიდუმლო პოლიციამ („ოხრანკამ“), თუმცა როგორც ამ გამოძიების შედეგებს, ასევე, საბჭოთა პერიოდის გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ისტორიკოსები სკეპტიკურად უყურებენ.

იმ ფილმშიც, რაზეც გამრეკელი მიუთითებს, — რომელიც არა უშიშროებამ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაიღო 2014 წელს, — მიმოხილულია დაახლობით ასწლიან პერიოდში განვითარებული სხვადასხვა, განსხვავებული ვერსია.

მიუხედავად იმისა, რომ სადავო და ბოლომდე დაუმტკიცებელი სხვადასხვა ვერსია არსებობს მკვლელობის შესახებ, არც ფილმში და, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, არც სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურაში, გაკვრითაც კი არ არის ნახსენები „დაკვეთა ევროპიდან“.

მეტიც, ფილმის ბოლოსკენ, მკვლელობის მონაწილეები არა მენშევიკებთან, არამედ სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკების ფრთასთან არიან დაკავშირებული.

სხვადასხვა ვერსია

ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას „XX საუკუნის ჯერჯერობით უპასუხო გამოცანას“ უწოდებს, „ნეტგაზეთთან“ საუბარში მოკლედ მიმოიხილავს იმ ვერსიებს, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს:

„არსებობს უამრავი ვერსია. ჯერ იყო ცარისტული რუსეთის [„ოხრანკის“] გამოძიება და ვერსია, რომლის შემდეგაც დააპატიმრეს და დასაჯეს მკვლელობის მონაწილე რამდენიმე პირი, როდესაც პირდაპირ გამოცხადდა, რომ ეს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჩადენილი დანაშაული. არადა, კონტექსტი ასეთი იყო: რევოლუციური მოძრაობა ებრძვის ცარიზმს, ცდილობს მის დამხობას და რეჟიმი იყენებს ამას მტრის კომპრომატიზაციისთვის.

ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

დროთა განმავლობაში ეს საკითხი უკანა პლანზე იყო გადაწეული. 40-იანი წლების დამდეგს რეჟიმმა ჩათვალა, რომ ილიას მკვლელობას ახალი დასაბუთება უნდა მიეცეს და შემოიტანა გიგლა ბერბიჭაშვილის ვერსია, რომ ეს იყო ცარისტული რეჟიმის, ოხრანკის მიერ ორგანიზებული მკვლელობა.

1980-იანი წლების ბოლომდე ამას ალტერნატივად მხოლოდ ფოლკლოლური ვერსიები შეხვდა — იმ ნაწილმა, რომელიც სკეპტიკურად და მტრულად იყო განწყობილი ოფიციალური იდეოლოგიისა და ისტორიოგრაფიის მიმართ, დაიწყო ლეგენდის შეთხზვა, რომ ეს უკავშირდებოდა ბოლშევიკებს და ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე პირადად მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში;

1990-იანი წლების შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში აირია და დღემდე, თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ახლოსაც კი ვერავინ მივიდა ამ საქმის გარკვევასთან“.

თუმცა, როგორც ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება, მაინც გაურკვეველი რჩება, რატომ ჩაიდინეს ეს მკვლელობა: „ილიას მკვლელობა რჩება სამეცნიერო, ისტორიულ და, გარკვეულწილად, კრიმინალისტურ გამოცანად“.

„ევროპისგან დაკვეთილი მკვლელობა“?

რას ამბობენ ისტორიკოსები ილიას მკვლელობის „ევროპასთან“ დაკავშირებაზე? ან რომელ „ევროპას“ გულისხმობს გამრეკელი 1907 წლის რეალობაში, არსებობდა კი დღევანდელივით, შედარებით ერთიანი სივრცე პირველ მსოფლიო ომამდე 7 წლით ადრე?

კიდევ ერთი ისტორიკოსი, ირაკლი ირემაძე იოანე გამრეკელის ამ ნათქვამზე ამბობს, რომ არც კი ღირს მეცნიერულ დისკუსიაში შესვლა: „ევროპელების ხელი რუსეთში განვითარებულ ტერორისტულ აქტებში აბსურდულია, არსად არაფრით არ იკვეთება“.

ირაკლი ირემაძე

პირველ რიგში, ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ ამ განცხადებით [20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ, მათ შორის ილიაც მოჰყვა ამ სიაში] იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელეებს გაუთანაბრა.

1800-იანი წლების მეორე ნახევრიდან ცარისტული რეჟიმის არაერთი წარმომადგენელი მართლაც გახდა „ტერორისტული შეტევების“ სამიზნე, თუმცა ჭავჭავაძის მათ გვერდში დაყენება ყველანაირად გაუმართლებელია, ამბობენ ისინი.

ირაკლი ხვადაგიანი განმარტავს: „სხვადასხვა დროს „ნაროდნიკები“ [ხალხოსნები – პოლიტიკური მოძრაობა], ესერები [სოციალისტ-რევოლუციონერები] და ანარქისტები, ზოგჯერ სოციალ-დემოკრატიული პარტიაც — და განსაკუთრებით ბოლშევიკური ფრაქცია — მიმართავდნენ ტერორს, ოღონდ მეფის რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ“.

ილია ჭავჭავაძე

„ანუ მათი სამიზნეები იყვნენ სადამსჯელო ოპერაციების მეთაურები, ჟანდარმერიის ოფიცრები, პოლიციის ჩინოსნები, შინაგან საქმეთა მინისტრები, რომლებიც თვითონ ახორციელებდნენ ტერორს. ანუ ეს იყო „ტერორი ტერორს“. გამრეკელის ნარატივით კი, ილია ჭავჭავაძეც ისეთი პიროვნებების გვერდით დგას, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, გენერალი ფიოდორ გრიაზნოვი, ალიხანოვ-ავარკსი, ჟანდარმერიის ოფიცრები და ა.შ.“, — გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი.

ამ ტერორის ევროპასთან რაიმე სახის კავშირზე საუბარს მეორე ისტორიკოსი, ირაკლი ირემაძე აბსურდულს უწოდებს და იმავეს გვეუბნება, რასაც ხვადაგიანი: „ეს ტერორი, რაც რუსეთში ხორციელდებოდა, იყო წმინდად ხალხოსნური მემკვიდრეობა, XIX საუკუნის 60-70-იანი წლებში ჯერ დეკაბრისტების, შემდეგ ხალხოსნების [იგივე „ნაროდნიკების“] მოქმედებებისა“.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს: „იმის თქმა, თითქოს ევროპა იდგა სოციალ-დემოკრატების [მენშევიკების] უკან, ცოტა არ იყოს, ირონიულია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემთხვევაში. ევროპა მართლაც იყო მათი სამიზნე, ეს მოძრაობა ევროპისკენ იყო მიმართული, იქაურ სოციალ-დემოკრატიულ იდეებს ეფუძნებოდა, იქითკენ ჰქონდა მიზიდულობის ცენტრი და არა რუსულ სოციალიზმთან. მაგრამ გამრეკელს ძალიან ღრმად მოუვიდა შესვლა და ასეთი წარმოუდგენელი ფორმულა დააყენა: თითქოს სოციალ-დემოკრატებმა იმპერიის არსებობის პერიოდში ევროპის დავალებით ამდენი სახელმწიფო მოღვაწე მოკლეს იმიტომ, რომ ევროპა ებრძოდა რუსეთს და უნდოდა მისი გადაგვარება და დასუსტება“…

მაშ, რატომ ამბობს ამას გამრეკელი?

ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება: „ისტორიული დისკუსიის გამართვა სასაცილოა, რამდენადაც ეს ფორმულა, რაც გამრეკელმა წარმოადგინა, ზუსტად ისევე აბსურდულია, ვინმემ რომ უცხოპლანეტელების ელემენტი შემოიტანოს ამ საქმეში“. არც თვითონ იოანე გამრეკელის მიერ დასახელებულ ფილმში, რომელიც 2014 წელს გადაიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, არ არის ნახსენები ან რაიმე სახით მინიშნებულიც კი მკვლელობის კავშირი „ევროპასთან“.

თუკი იოანე გამრეკელის ნათქვამი არც ისტორიული აკურატულობით ხასიათდება და არც რაიმე კავშირი აქვს რეალურ ისტორიულ წარსულთან, რის გამო შეიძლება ამას ამბობდეს? ხვადაგიანის თანახმად, ეს ნათქვამი „შეიძლება შევაფასო მხოლოდ თანამედროვე საინფორმაციო ომისა და რუსული პროპაგანდის განზომილებაში“:

„ეს ცხადზე ცხადი ფორმულაა, იქიდან გამომდინარე, რასაც ეყრდნობა რუსული პროპაგანდა და რბილი ძალა: იღებს გარკვეულ სახე-სიმბოლოებს და ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძე არის წმინდანის რანგში აყვანილი ხელშეუხებელი სიმბოლო, რომელიც უკავშირდება რელიგიურობას, რწმენას, და იყენებს იმ ძველ სტერეოტიპებს, მისი მვკელლობის თითქოს სოციალ-დემოკრატებთან კავშირს, და ამას ამატებს ევროპის კომპონენტს — რომელიც არის მთავარი „საფრთხობელა“ და „დესტრუქციული ძალა“, რომელიც ცდილობს, გარყვნას და წაართვას რუსულ სამყაროს მისი სიწმინდეები“, — ამბობს ხვადაგიანი.

ისტორიის გამრეკელისეული ხედვა

როდესაც იოანე გამრეკელი ოფიციალურად დანიშნეს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, არაერთმა თეოლოგმა გაიხსენა მის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული წერილი, „საქართველოს გზა“, რომელშიც იგი წერს:

    • „რუსეთი თვითონ აღმოჩნდა მსხვერპლი ევროპაში გავრცელებული ათეიზმისა და სოციალ-დემოკრატიული იდეებისა. ევროპამ და ამერიკამ დააფინანსეს ჯერ რევოლუცია და მერე სამოქალაქო ომი რუსეთში“.
    • „სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გააანალიზა, რაში იყო საქმე. საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელზეც მას უნდა გაევლო, იმ ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო, რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო, შეათეთრეს და ხატები დაკიდეს“…

  • „ჩვენ გვაშინებენ ჩრდილოელი მეზობლით — რუსეთით, და გვიკიჟინებენ, რომ „რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ“… ქვეყანა, რომელსაც წარსულში ბევრი ბოროტება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგვამწარებს, რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვისო. რუსეთს საქართველოსთან სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია აქვს. მანამდე ეს ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ამ ურთიერთობის მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს ეძლეოდა საშაულება არსებობის იმ გზით გაგრძელებისა, რომელიც 15 საუკუნის წინ აირჩია, რაც ძალიან კარგად იცოდა ერეკლე მეორემ. თუ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის შედეგს ფართო მასშტაბით ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი საქართველოსთვის დადებითი იყო, თუმცა დღეს ბევრი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს“.
  • ევროპაზე მისეულ მსჯელობაში ჰომოფობიასაც გადააწყდებით: „ევროპული ღირებულებები, ერთი მხრივ, თავის თავში შეიცავს ქრისტიანული ღირებულებების ნატამალს და მეორე მხრივ, არაქრისტიანულს და ანტიქრისტიანულს. ანტიქრისტიანულია ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, შემწყნარებლობის ნიღბით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა, გავრცელება და სოციალურ ფენომენად გადაქცევის მცდელობა“…
მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

თეოლოგ ლადო წითლიძეს მიტროპოლიტი იაონე „ერთმნიშვნელოვნად პრორუსულ ფიგურად“ მიაჩნია, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული წერილის შინაარსის გამო და „ნეტგაზეთთან“ საუბარში მანიპულაციურსა და კატასტროფულს უწოდებს XIX საუკუნეში მომხდარი მოვლენების მიტროპოლიტისეულ ინტერპრეტაციას.

[toggle title=”იოანე გამრეკელი”]

საპატრიარქოს ვებგვერდის თანახმად, 73 წლის მიტროპოლიტის ბიოგრაფიის მოკლე შეჯამება ასეთია: დაიბადა თბილისში, ისტორიკოსის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ თბილისის პოლიტექნიკურ, შემდეგ კი ნოვოჩერკასის (ქალაქი როსტოვში) გეოლოგიის ინსტიტუტებში გეოლოგია ისწავლა და კარიერაც ამავე სფეროში გააგრძელა 1985 წლამდე.

37 წლის ასაკში სიონის ტაძრის სტიქაროსანი გამხდარა, 2 წელიწადში კი მცხეთის სასულიერო სემინარიაში გადასულა სასწავლებლად. იქ სწავლის დასრულებამდე, 41 წლის ასაკში, დიაკვნად აკურთხეს, აქედან ერთ წელიწადში კი უკვე მღვდელი გახდა.

1989 წელს, როდესაც თბილისში მძიმე მოვლენები ვითარდება, ის უკვე სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერი (ხელმძღვანელი) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია. ამავე წყაროს ცნობით, 9 აპრილის დილა — როდესაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები დაარბიეს და დახოცეს — მან ილია II-სთან ერთად გაატარა მთავრობის სასახლესთან.

[ეს ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ეპიზოდია ილია II-ის პატრიარქობის პერიოდში: 9 აპრილს მან ანტისაბჭოთა დემონსტრაციას განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, [დარბევის] საშიშროება რეალური იყო და მოუწოდა, „ქაშვეთის ეკლესიაში შესულიყვნენ“. თვითონ უარყოფს, რომ ეს დაშლისკენ მოწოდება იყო, თუმცა არაერთი დღემდე ასე აღიქვამს ამ განცხადებას].

შემდეგ პერიოდში, 1995 წელს, იოანე გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა. ამავე პერიოდიდან გამოსცემდა რელიგიურ ჟურნალს, კითხულობდა ლექციებს სემინარიაში. ბერად 2008 წელს აღიკვეცა. საინტერესოა, რომ ეპისკოპოსად აქედან სულ რაღაც სამ დღეში აკურთხეს. მთავარეპისკოპოსის ტიტული 2010 წელს მიანიჭეს, ხოლო კიდევ უფრო მაღალი იერარქია — მიტროპოლიტობა — 2011 წელს. [/toggle]

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს: „მეფისდროინდელი რუსეთის სიკეთედ წარმოჩენა და იმის უარყოფა და დამალვა, როგორ ხდებოდა ქართული საეკლესიო სიძველეების, წერილობითი წყაროების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება-განადგურება, ისტორიული არტეფაქტების ქურდობა და გატაცება, ეკლესიაში კონკრეტული სასულიერო პირების დევნა, ქართული ენის შევიწროება, საგანმანათლებლო და კულტურული მუშაობის, საღვთისმეტყველო მიმართულების ჩაკვლა, არის ზუსტად პროპაგანდისტული დღის წესრიგი. თუ ამას ვინმე სიკეთედ წარმოაჩენს, გასაგებია, რომ დღესაც ასე ხედავს საკუთარ ადგილს — იმპერიულ განზომილებაში“.

კიდევ ერთმა თეოლოგმა, ლადო ნარსიამ კი „ნეტგაზეთს“ უთხრა: „წერილში კარგად ჩანს, როგორ ხედავს ეს ადამიანი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს და რა ორბიტაზე წარმოუდგენია მომავალი“.

წაიკითხეთ ასევე:

https://netgazeti.ge/news/402781/

გახარია: სასწავლებლები უშვებენ სპეციალისტებს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან

დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა. ასევე, პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია, რომელიც 500 000 ლარით დაფინანსდა აჭარის ბიუჯეტიდან.

სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, სადაც პროფესიული სასწავლებელი განთავსდება. სასწავლებელი 1000-მდე სტუდენტზე იქნება გათვლილი, დასაქმდება 250-მდე ადამიანი.

გახარიას თქმით, პროფესიული სასწავლებელი ფოთში, ისტორიულ შენობაში განთავსდება, სადაც ადრე ჰიდრომელიაციური ტექნიკუმი ფუნქციონირებდა. შენობა დღეს სარემონტოა.

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები

„მალე გამოცხადდება ტენდერი და შენობა აღდგება. ახალი ფილიალის გახსნა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მიიღონ მაღალი დონის, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპეციალობა.

ჩვენი ეკონომიკის ყველა დიდი პრობლემა არის სამუშაო ადგილები, ამიტომ მთავრობის ამოცანაა, ხელი შუწყოს ბიზნესს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.  ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები უშვებენ ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც შემდეგ ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან. აი, ეს დისბალანსი უნდა გავასწოროთ. ამისთვის კი საზღვაო აკადემია არის ერთ-ერთი ყველა წარმატებული მაგალითი“ – განაცხადა გახარიამ სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ახალი ლაბორატორია ექნებათ

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ დღეს სხვადასხვა სპეციალობის ქართველი მეზღვაურების 50 პროცენტი უცხოურ გემებზეა დასაქმებული, და ისინი „ეხმარიან ოჯახებს და თავიანთ ქვეყანას“.

გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიაში
Exit mobile version