Batumelebi | პარადოქსი პარადოქსი – Batumelebi
RU | GE  

პარადოქსი


მზიანი იანვრის ბოლო კვირა ჩემთვის უცნაური სიტყვით დასრულდა. ვიყავი თითქოს ერთ-ერთ უწყინარ შეხვედრაზე, სადაც თანამდებობის პირმა ორგანიზაციების დაინტერესება რეკრეაციული ზონითა (გონიო, ჭოროხის დელტა) და ფრინველების გადაფრენით პარადოქსულად შეაფასა. ალბათ, იმიტომ, რომ 100-ნომერიანი სასტუმროს, 95-პროცენტი ადგილობრივი კადრის დასაქმების თუ გასართობი ცენტრის ნაცვლად ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარება, ჭოროხის დელტის უნიკალური ბუნების დაცვა და შენარჩუნების წინადადებები განიხილებოდა. მისმა სიტყვებმა თითქოს ახსნა ის პოლიტიკა, რომელიც იყო, მიმდინარეობს თუ იგეგმება ჩვენს რეგიონში (თუ ქვეყანაში) – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ გარემოს დაცვის მიმართულებით.


შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლები, მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 800.000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ, ამ ფაქტის გამო ეს ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. იგი ცნობილია `აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის~ სახელით. შემოდგომის პერიოდში სკანდინავიიდან, რუსეთის ტყეებიდან და ცენტრალური აზიიდან 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სამხრეთით, აფრიკისაკენ გამოსაზამთრებლად. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს ამდენი ჩიტის ერთ ადგილზე თავმოყრას, რაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების უტყუარი წინაპირობაა.

 

ჭოროხის დელტის ტერიტორია მნიშვნელოვანია მიგრირებადი და მიმომფრენი ფრინველებისათვის. აქაა შემორჩენილი ფლორის ის სახეობები შავი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ევროკავშირის `ნატურა 2000~ და ზურმუხტის ქსელი იცავს. ტერიტორიას განსაკუთრებული სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ეკოტურისტული პოტენციალი აქვს. 2006-2007 წლებში ორგანიზაცია `ჭოროხმა~ მოამზადა კიდევაც კანონი `ჭოროხის დელტის~ დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებისთვის, თუმცა ის დღემდე არ არის მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. დღეს ჭოროხის დელტას საკურორტო რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, ხოლო მის შემოგარენს ე.წ. `სამხედრო ბაზის~ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის. სამწუხაროდ, ეს სტატუსი ვერ იცავს მათ ხელყოფისაგან – ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, მასზე შეიძლება აშენდეს სასტუმროები, ადმინისტრაციული შენობები, გასართობი ცენტრები თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები (ნუსხა საკმაოდ ვრცელია).

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს, ასევე რამსარის კონვენციით (1971, 2 თებერვალი, ქ. რამსარი ირანი), რომელსაც საქართველო 1996 წელს შეუერთდა, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ მათ უნდა უზრუნველყონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვა და მდგრადი გამოყენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მთავრობებმა მიწათსარგებლობის სახელმწიფო დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვის აუცილებლობა და შეუნარჩუნონ ამ ტერიტორიებს ეკოლოგიური ხასიათი.

 

რეკრეაცია ეს არის ადამიანის ბუნებასთან კავშირ-ზემოქმედების პროცესი.  ეკონომიკური თვალსაზრისით რეკრეაციულ რესურს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი სწორად დაგეგმარებისა და გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკის საგრძნობლად გაზრდა.

 

ჩვენ შემთხვევაში კი ეკონომიკის ზრდა და ინვესტიციების მოზიდვა ხშირად წინააღმდეგობაში მოდის რეგიონის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან. ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მდინარე ჭოროხსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა; მდინარე აჭარისწყალზე (მდ. ჭოროხის შესართავი) სამსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა; ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა (48 კმ); ბათუმიდან მდ. ჭოროხზე საავტომობილო გზისა და ოთხხაზიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა; ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამუშავებენ საინვესტიციო წინადადება/პროექტს, რომელიც ჭოროხის დელტისა და მიმდემბარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

 

ინფრასტრუქტურული პროექტები იწვევს გარემოს შეუქცევად ცვლილებას, ფრინველთა სიკვდილიანობის ზრდასა და გადაშენებას. სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს ის პრიორიტეტები და ფასეულობები, რაზეც აგებულია საინვესტიციო თუ ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა, ამისთვის კი პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: სად ვიმყოფებით დღეს, სად გვსურს, რომ ვიყოთ და როგორ ვაღწევთ სასურველ შედეგს.

 

და ბოლოს, ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესება ვისთვის პარადოქსი შეიძლება იყოს, ვისთვის კი გარემოსთან შეხების ერთ-ერთი საშუალება და სამყაროს ახლებური ხედვაა. ყველას გვქონია ბავშვობაში პირველი სიხარული, როცა მერცხლები ჩვენს აივანზე ბუდეს იშენებდნენ, შემდეგ ბარტყებზე ზრუნავდნენ და პირველ ფრენას ასწავლიდნენ. და როგორ ტოვებდნენ ბუდეს ზაფხულის მიწურულს… თურმე ისინი ჩვენი ჭოროხის დელტაზე აფარებენ თავს და შემდეგ აგრძელებენ გზას თბილი ქვეყნებისკენ.

 

პარადოქსი – (ბერძნული სიტყვა რწმენის მიღმა) საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების, საღი აზრის მკვეთრად საწინააღმდეგო (სინამდვილეში ან ერთი შეხედვით) მსჯელობა, მოსაზრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია აფხაზავა