ლავასოღლი ისევ თურქეთის ციხეში დატოვეს, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი და ლავასოღლი უახლოეს დღეებში საქართველოს და თურქეთის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

„28 თებერვალს ის გადაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში, სადაც შედარებით თავისუფლებაა, მაგრამ ნახევარ დღეში ის ისევ დააპატიმრეს… თურქი ადვოკატები არკვევენ, რა არის ხელახალი საექსტრადაციო პატიმრობის საფუძველი. საქართველო ამბობს, რომ ითხოვს მის გადმოცემას, თურქეთის პოზიციაა, წაიყვანეთო, ამიტომ ორივეს უჩივის ლავასოღლი სტრასბურგის სასამართლოში,“ – გვითხრა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

კანონიერი ქურდობის ბრალდებით მინდია ლავასოღლი ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოებმა 2019 წელს გაასამართლეს, თუმცა განაჩენის მიღების დროს ის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა.

დაახლოებით 16 თვის წინ „ინტერპოლმა“ მინდია ლავასოღლი თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში დააკავა, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.

პროკურატურის განმარტებით, 2018 წლის 27 ნოემბრიდან, როცა მათ ლავასოღლის ექსტრადაცია მოითხოვეს, ამ დრომდე ოფიციალური თურქეთისგან არ მიუღიათ პასუხი ექსტრადაციის თაობაზე. პროკურატურა განმარტავს, რომ მათ ყველა ოფიციალური დოკუმენტი მიაწოდეს თურქეთს და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მხარეს არ მოუთხოვია.

ლავასოღლის ექსტრადაციაზე წერდა თურქული მედიაც. მედიის ცნობით, დაპატიმრებული ლავასოღლის საქართველოში დაბრუნებას თავად საქართველოს ხელისუფლება არიდებს თავს.

 

ამ თემაზე:

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

მოძრაობა „გაბედე“ ბათუმში: ოფისში უცხო პირები შემოვიდნენ და პლაკატები ჩამოხიეს 

მოძრაობა „გაბედე“ აცხადებს, რომ მათ ოფისში, რომელიც ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, უცხო პირები შეიჭრნენ. ამ შენობაში ადრე „ლეიბორისტული პარტიის“ ბათუმის ოფისი იყო განთავსებული.

როგორც „გაბედეს“ ერთ-ერთი აქტივისტი დიმიტრი ლიპარტელიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, უცნობი პირები გუშინ, 1-ელ მარტს, შევიდნენ ოფისში.

„დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში არიან შემოსული ოფისში, რადგან ამ მონაკვეთში ვიყავით გასული ოფისიდან. როგორც ჩანს, ფანჯრიდან არიან შემოსულები, ქუჩის მხრიდან. სწრაფად აქვთ ნამოქმედარი, ბანერები აქვთ ჩამოხეული, დროშები ჩამოგლეჯილი და გარეთ გატანის შემდეგ გაზის მილზე შემოუხვევიათ“, – ამბობს ლიპარტელიანი.

მისი თქმით, ოფისის შემოსასვლელ ან გასასვლელ წერტილს ვიდეოთვალი არ აკონტროლებს, „წინ მიმდინარეობს მშენებლობა, სადაც არის ვიდეოთვალი დამაგრებული, მაგრამ არც იქედან არ ჩანს ოფისის შესასვლელი“, – გვითხრა ლიპარტელიანმა.

დიმიტრი ლიპარტელიანის თქმით, ოფისში ჩამოხიეს პლაკატები და დროშები

მოძრაობის აქტივისტის აზრით, ეს არის ხელისუფლების გზავნილი, „მათი ტიტუშკებისგან, რომ გვიყურებენ, გვაკვირდებიან და იციან ყოველთვის, როდის სად ვართ“.

კითხვაზე, ხომ არ აქვთ ეჭვი, ვის შეეძლო შეეღწია ოფისში? – დიმიტრი ლიპარტელიანი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა. „ერთი, რაც იყო აქამდე, უცხო ადამიანები მოდიოდნენ კართან, დააკაკუნებდნენ და მერე ქრებოდნენ, თუმცა ამაზე მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია“.

მოძრაობა „გაბედე“ ბათუმში ორი თვეა, რაც დაფუძნდა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აქტივობებით გამოირჩევა.

როგორც დიმიტრი ლიპარტელიანი ამბობს, ოფისის დარბევასთან დაკავშირებით პოლიციას დღეს, 2 მარტს, მიმართავს.

უცნობმა პირებმა „გაბედეს“ ოფისში პლაკატები ჩამოხიეს

 

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს – დირექტორი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე “ბათუმელებთან” ადასტურებს, რომ ბათუმში საკარანტინო სივრცე უნდა მოეწყოს და ამ სივრცისთვის ერთ-ერთ ვერსიად „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალაშენებული კორპუსი განიხილება.

ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი, მალხაზ ხალვაში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ  საავადმყოფოს დაცლის მითითება მიიღეს.

“თბილისის რესპუბლიკურმა მიიღო ასეთი მითითება. არ არის გამორიცხული, მსგავსი მითითება ჩვენც მივიღოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ასეთი მითითება ჩვენ, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. ახალი პაციენტების მიღებაზე არანაირი შეზღუდვა არაა. ყველა მუშაობს. შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ  – პაციენტებს ვიღებთ ჩვეულებრივად,” – ამბობს მალხაზ ხალვაში.

ახალ კორპუსში საკარანტინო სივრცის მოწყობის შესაძლებლობამ ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მედპერსონალის ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. მედპერსონალი შიშობს, რომ  შეიძლება საავადმყოფო საერთოდ დაიხუროს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ფანტაზიას უწოდებს ამ ვერსიას და ამბობს, რომ მსგავსი რამ არ განიხილება.

“მე არ ვიცი, ამ შიშის  შესახებ არაფერი. შიშები თუ აწუხებს ადამიანს, ამისთვის ფსიქიატრები არსებობენ, რომლებსაც მასეთი შიშების განკურნება შეუძლიათ. რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს,” – ამბობს მალხაზ ხალვაში.

 

ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

 

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექციას იწყებენ – კორონავირუსის პრევენცია

მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარით დამუშავებას ხვალიდან [3 მარტი] დაიწყებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სპეციალური ხსნარით ავტობუსებს, სავარაუდოდ, დღეში ორჯერ დაამუშავებენ.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს, უკვე დაიწყო სამარშრუტო მიკროავტობუსების დასუფთავებაც: „გუშინ იყო შეხვედრა ბათუმის ვიცე-მერთან, ჯაბა ტუღუშთან და მათ მიეცათ რეკომენდაციები, რომ სპეციალური სითხეების გამოყენებით მოხდეს ტრანსპორტის დასუფთავება“.

მერიაში განმარტეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დაასუფთავებენ.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს – ბათუმის ავტოსადგურში დასუფთავების წესში ჯერჯერობით არაფერი შეუცვლიათ.

„ადრე თუ 5 დღეში ერთხელ ხდებოდა გენერალური დასუფთავება, ახლა გადამყვან კომპანიებს ვუთხარით, რომ ყოველდღე უნდა დამუშავდეს სალონი, სახელურები და ასე შემდეგ. არავითარი ცალკე რეკომენდაცია ან წესი, როგორ უნდა დასუფთავდეს, არ მიგვიღია. ჩვენ ვესაუბრებით მძღოლებს და ისინი რამდენად ასრულებენ, არ ვიცი,“ – გვითხრა „ბათუმის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელმა, ასლან გვარიშვილმა.

კომპანია „მეტროს“ ავტოსადგურში კი აღნიშნეს, რომ ავტობუსების სპეციალური, გენერალური დამუშავებისთვის ცალკე კომპანია დაიქირავეს.

„აქამდე შიდა ძალებით ვასუფთავებდით. ახლა კი ის კომპანია დავიქირავეთ, რომელიც სპეციალურ ხსნარებს გვაწვდიდა. დავიქირავეთ, რადგან მას სპეციალური აპარატურა აქვს გენერალური დასუფთავებისთვის,“ – გვითხრეს „მეტროს“ ავტოსადგურში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ყველა საჯარო ღონისძიება, კორონავირუსის პრევენციის გამო, 16 მარტამდე გადადებულია.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 2 მარტს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

ცენტრის განმარტებით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე, გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

თუ რეგისტრირებულ აპლიკანტს რეგისტრაციის გაუქმება სურს, განცხადებით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. „იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 7 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/240856/

ინასარიძის #24-ში ხეების გაჩეხა არ იგეგმება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ქ.ბათუმში, ინასარიძის ქ.N24 მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „როიალ ბულდგინგის“ საკუთრებას, სადაც იგეგმება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო/აპარტამენტის მშენებლობა. ცხადია, მშენებლობის მიზნებისთვის, კომპანიამ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოიპოვა მშენებლობის ნებართვა და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ნებართვა.

სამწუხაროდ, მშენებლობის დაწყებამდე, საზოგადოებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ მოსაზრების მართებულობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ხეების მოჭრის შესახებ, საერთოდ არ იცნობენ და არც კი ცდილობენ გაეცნონ საპროექტო დოკუმენტაციას, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

საპროექტო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს ხეების მოჭრას. იგეგმება მხოლოდ ნარგავების გადაბელვა, რომელიც ატარებს პროფილაქტიკურ ხასიათს, რადგან სამშენებლო სამუშაოების დაგეგმარების პროცესში გამოიკვეთა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავები გარკვეულწილად არის ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის საფრთხის შემცველი, ვინაიდან ხშირად ადგილი აქვს გამხმარი ტოტების ცვენას.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომიჯნავედ არსებული საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებმაც მოგვმართეს თხოვნით გადაგვებელა ნარგავები, რათა არ ყოფილიყო ადგილობრივი მცხოვრებთათვის საფრთხის მატარებელი.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს კერძო საკუთრებას, კომპანიას ლეგიტიმური უფლება აქვს საკუთარი შეხედულებით მოჭრას ან გადარგოს არსებული ნარგავები სხვა ადგილას. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია არ გეგმავს ნარგავების მოჭრას, უფრო მეტიც გადაბელვითი სამუშაოების მიზანია, ნარგავების შენარჩუნება და ამისთვის კომპანია მზად არის მიმართოს ყველა ღონისძიებას.

ხვალ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

ხვალ, 2 მარტს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე – „რატომ უნდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს.“ შეხვედრა სასტუმრო „ლე პორტში“ 14:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრაზე ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტებზე, კანონდარღვევებსა და საფრთხეებზე, ასევე,  გეგმებზე.

„შეხვედრის მიზანია ერთად განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ საზოგადოების პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის გააზრებას, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადარჩენისთვის იბრძვიან“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ავრცელებს.

დისკუსიის მოდერატორი იქნება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა.

შეხვედრაზე დასწრება შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს [მისამართი: ბათუმი, გოგებაშვილის №30 , სასტუმრო “Le port”]

შეხვედრა გაიმართება “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.


აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები 2019 წლის აპრილში დაიწყო, როცა მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტით გადააყენა ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე.

დირექტორის მოვალეობას რამდენიმე თვე ასრულებდა ნათია ზოიძე, მისი მოადგილე, 2019 წლის ნოემბერში კი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომელზეც არსებობდა ეჭვი, რომ იგი პროსახელისუფლებო კანდიდატი იყო.

კოხრეიძის ტელევიზიის დირექტორად არჩევა შეფასდა, როგორც „ოცნების“ პოლიტიკის გამტარებელი პირის მოსვლა აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში. მისი არჩევიდან მოკლე ხანში ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტებმა: ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ.

ახალმა დირექტორმა შეუცვალა ხელშეკრულება ნათია ზოიძეს, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკის მართვა ევალებოდა და მას მხოლოდ ანგარიშების წერის ფუნქცია დაუტოვა, რაც იმთავითვე იქნა გაგებული, როგორც დარტყმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. ზოიძემ ტელევიზია დატოვა და განაცხადა, რომ იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. მისი წასვლა ტელევიზიიდან „პოლიტიკური ზეწოლის“ მაგალითად შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“.

სახელმწიფო ქობულეთში მიწას სასტუმროს აშენების პირობით ყიდის

ქონების ეროვნული სააგენტო, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ 25 547 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ელექტრონული აუქციონით ყიდის.

ერთადერთი პირობა ამ ადგილზე სასტუმროს აშენებაა. თუმცა იქვე მითითებულია, რომ ეს არის შესაძლო პროფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა აქ სხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე შენობასაც განიხილავს, დაინტერესების შემთხვევაში.

აუქციონის პირობებში გაწერილი არ არის მშენებლობის ვადები და განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა.

ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 630 000 ლარია, ბიჯი 2000 ლარი. მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, ზღვასთან ოდნავ მოშორებითაა.

აუქციონი 19 თებერვალს გამოცხადდა და 3 მარტს უნდა დასრულდეს.

ბათუმში 1 მოქალაქე ინფექციურში გადაიყვანეს, მას კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 1-ელ მარტს საქართველოში შემოსული ერთი მოქალაქე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოქალაქე იტალიიდან შემოვიდა სარფის საბაჟოს გავლით. ის საკუთარი ავტომანქანით დაბრუნდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, მას არ აქვს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი, თავს გრძნობს კარგად, მაგრამ პრევენციის მიზნით მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში.

საქართველოში დღემდე სამ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორი მათგანი ირანიდან დაბრუნდა, ხოლო ერთი იტალიიდან.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გუშინ გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის 41 პირი რჩება ინფექციურ საავადმყოფოში, 117 პირი კი კარანტინშია.

გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ თვითიზოლაცია ჰუმანური აქტია კორონავირუსის პრევენციისთვის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ის რელიგიურ საკითხებში ვერ ჩაერევა, თუმცა რეკომენდაციას ერთჯერადი კოვზით ზიარებას გაუწევდა.

____

კორონავირუსი: რატომაა აუცილებელი რისკჯგუფის თვითიზოლაცია – ირმა დიმიტრაძის წერილი ჩინეთიდან

ძეგლები 5 ახალი მაღლივი კორპუსის ჩრდილში [ფოტო]

ძეგლის დაცვის ზონაში მშენებლობას კანონმდებლობა არ კრძალავს, თუმცა ცალსახად განმარტავს, რომ ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში [დაცვის ზონა] დაუშვებელია ისეთი მშენებლობა, რაც ძეგლს დაჩრდილავს და მის აღქმას ხელს შეუშლის. ამ ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემამდე პროექტს განიხილავს და ითანხმებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭო. მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს მერიის შესაბამისი სამსახური გასცეს თუ არა ნებართვა. ბოლო პერიოდში გაცემული ნებართვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ გრძელდება წლების წინ დაწყებული ტენდენცია – ძეგლების არეალში მაღალი კორპუსების აშენებაზე ნებართვის გაცემა.

შპს „აჭარ მშენის“ სამშენებლო პროექტი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ძეგლების საბჭომ შეითანხმა, კომპანია ძეგლის დაცვის ზონაში მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

საბჭოს სხდომაზე წარდგენილი პარამეტრების მიხედვით, პროექტის სიმაღლე 44.27 მეტრი იქნება.

ეს სახლი ცხრა მარტისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე უნდა აშენდეს [რენდერი]
დემეტრე თავდადებულისა და ცხრა მარტის ქუჩებზე რაამდენიმე ძეგლის სტატუსის მატარებელი შენობაა, მათ შორისაა  XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აშენებული სინაგოგა.

მრავალბინიანი სახლის პროექტი ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებული აქვს შპს „გარანტი ჯგუფსაც“. კომპანია აბუსერიძის #14-ში ორი მაღლივი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ კვარტალში კიდევ რამდენიმე მაღლივი სამშენებლო პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

რენდერი

აბუსერიძის ქუჩაზე ორი ძეგლის სტატუსის მატარებელი შენობა მდებარებს, ე.წ. ბალეტის სახლი და ლუდის ქარხანა. სწორედ ძეგლის ირგვლივ განაშენიანებაზე აკეთებს აქცენს „გეოგრაფიკის“ სპეციალისტი ლუდის ქარხნის როგორც ძეგლის არქიტექტურულ ღირებულებაზე საუბრისას:

„ბათუმის ლუდის ქარხნის მდებარეობა ქალაქის გარეუბანში, თავისსავე საწარმოო ტერიტორიაზე, შეესაბამება შენობის დანიშნულებას და უზრუნველყოფს მისი ადექვატურად აღქმის შესაძლებლობებს. მიმდებარე განაშენიანების ხასიათი და შენობის მასშტაბი განაპირობებს დომინანტობის თვალსაზრისით ძეგლის რიგითობას. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში შენობის მდებარეობა მოხერხებულია, უპრობლემოა ავტოსადგომის მოწყობის
შესაძლებლობა. შენობის მხატვრული იერსახე და ტექნიკური მდგომარეობა კარგია.

პროექტის მოპირდაპირე მხარეს, აბუსერიძის #11-ში, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას შპს „ტერმინალი 99“ გეგმავს. კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს უკვე შეათანხმა. პროექტი სამ საკადასტრო ერთეულზე, ჯამში 6 279 კვადრატულ მეტრზეა დაგეგმილი და ორი მაღლივი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპანიამ ეს ნაკვეთი ბათუმის  მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე შეისყიდა. სხდომაზე წარდგენილი რენდერის მიხედვით, შენობის სიმაღლე 132,70 მეტრი იქნება.

ზონალური საბჭოს სხდომაზე წარდგენილი რენდერი

ბათუმში გორდეზიანის ქ. №5-ში შპს „ტერასა ბათუმი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.

რენდერი

შპს „ბათუმი ცენტრალი“ ზღვის სანაპირო ზოლში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ტერიტორია 8 526 კვადრატული მეტრია და „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. სამშენებლო ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ესაზღვრება, სადაც ახლა ბათუმი ხელოვნების ცენტრია განთავსებული.

ბათუმი ცენტრალის პროექტის რენდერი

ბათუმში მიწა გაძვირდა

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა. მაგალითად, ცენტრალურ ზონაში, ეს ფასი 22-23 პროცენტით მეტია ვიდრე გასულ, 2019 წელს.

მაგალითად, თუ გასულ წელს 1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი, ცენტრალური ზონის I ქვეზონაში იყო 486 ლარი, წელს 594 ლარია.

ქალაქის საკრებულომ მიწის ნორმატიული ფასის გაზრდის შესახებ დადგენილება 2020 წლის 25 თებერვალს მიიღო, რომელიც 28 თებერვლიდან შევიდა ძალაში.

ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი 2019 და 2020 წელს:

1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი ბათუმში 2019 და 2020 წელს / წყარო: საკრებულოს დადგენილება

ნორმატიულ ფასს მუნიციპალიტეტი ძირითადად ქონების გადასახადის დაწესების დროს ითვალისწინებს. რაც შეეხება მიწის იჯარით გაცემას ან მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვას, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ამ შემთხვევაში ქონებას აფასებს აუდიტი, რომლის დასკვნის საფუძველზეც დგინდება საწყისი საიჯარო თუ გასაყიდი ფასი. ეს ფასი საბაზროსთან უნდა იყოს მიახლოებული.

ყოველწლიურად [თებერვლის ბოლომდე] მიწის ნორმატიული ფასის დადგენას მუნიციპალიტეტებს შესაბამისი კანონმდებლობა ავალდებულებს.

მიწის ნორმატიული ფასი ბათუმში 2019 წელსაც გაიზარდა წინა წელთან შედარებით

ამ თემაზე:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

ქობულეთის 8 სოფელი, რომელთა გაზიფიცირებისთვის საჭირო ფასს ადგენენ

სკურა, ქაქუთი, აჭყვისთავი, ზენითი, მუხაესტატე, ალამბარი, წყავროკა და ლეღვა ქობულეთის იმ სოფლების ჩამონათვალია, რომელთა გაზიფიცირება იგეგმება.

აღნიშნულ სოფლებში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო სამუშაოების სავარაუდო ფასის დასადგენად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ბაზარს იკვლევს.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ 2020 წლის 6 მარტის ჩათვლით, მიაწოდონ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას.

ამასთან, ამ სოფლების გაზიფიცირების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი სახსრებით, წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინროტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

ბაზრის კვლევაში მონაწილე პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3-წლიანი ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%. გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული პროექტები.

განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტები გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მზად აქვს.

ამ თემაზე:

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

 

გაზაფხულის პირველი დღეების ამინდი ბათუმსა და აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა,ზვავსაშიშროება. დღისით კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 2-7, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
  • მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-105 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, ღამით დროგამოშვებით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3ბალი),ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 3 და 4 მარტს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმში უმაღლესმა სასწავლებლებმა სწავლა 16 მარტამდე შეაჩერეს – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ადმინისტრაციის  ინფორმაციით ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებებთან დაკავშირებით სასწავლო პროცესს აჩერებს.

ბსუ-ში სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო პროგრამების ყველა საფეხურზე შეჩერდება 2 მარტს და განახლდება 16 მარტს.

იგივე მიზეზით, 16 მარტამდე, საწავლო პროცესი შეაჩერა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამაც.

უმაღლესმა სასწავლებლებმა სასწავლო პროცესი განათლების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შეაჩერეს.

170 000 ლარი საუკუნის წინ აშენებული სახლისთვის ბათუმში

ქალაქის ბიუჯეტიდან 177 715 ლარია გათვალისწინებული ბათუმში, 26 მაისის N19-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციისთვის. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

ძეგლის რეაბილიტაცია, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტებს ახლავს, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 15 მარტს დაიწყება და 20 მარტს შეწყდება.

სახლი /კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი / ბათუმში, 26 მაისის ქუჩა 19-ში / ფოტო ტენდერიდან

„26 მაისის ქ. #19-ში მდებარე, ეკლექტურად გადაწყვეტილი მთავარი ფასადის მქონე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში, 1919-1920 წლებში, ბათუმის პროფესიული საბჭო იყო განთავსებული.

შენობა ბათუმის საცხოვრებელი სახლის კარგ ნიმუშს წარმოადგენს. ასეთი ნაგებობები ძალზე სახასიათოა ამ ქალაქისათვის. ის გამოირჩევა ფასადების თავისებური გადაწყვეტით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით.

დღესდღეობით შენობა გვიანი საბჭოთა პერიოდის მაღალსართულიან განაშენიანებაში დგას, რის გამოც მას დაკარგული აქვს თავდაპირველი ურბანული კონტექსტი. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, თუმცა პრობლემურია ავტოსადგომის მოწყობა.“ [წყარო: ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის დოკუმენტი].

 

 

 

„ემბავუდი“ ყველა მომხმარებელს ფულადი ვაუჩერით დაასაჩუქრებს

ავეჯის მაღაზიათა ქსელ „ემბავუდში“ 1-ლი მარტიდან  მომხმარებლებს სიურპრიზი ელოდებათ. ყველა, ვინც შენაძენს გააკეთებს, ფულადი ვაუჩერით დასაჩუქრდება, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებს.

ვაუჩერით შესაძლებელია როგორც ფასდაკლებით სარგებლობა, ისე მომდევნო შენაძენის გაკეთება.

„ემბავუდის“ შოურუმში სახლის ავეჯი სრული კომპლექტაციით არის წარმოდენილი: რბილი ავეჯი, მატრასები, საძინებლები, მისაღები და საბავშვო ოთახი, სამზარეულოს კომპლექტი, მაგიდები და სკამები. შეგიძლიათ, შეარჩიოთ როგორც თანამედროვე ავეჯი, ისე დაძველების ეფექტით დამზადებული საწოლები, კარადები, კომოდები. „ემბავუდში“ ავეჯის შეძენის შემთხვევაში, კომპანია ადგილზე უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისს გთავაზობთ.

ავეჯი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და მინიჭებული აქვს ეკოლოგიური ნორმის ხარისხის ნიშანი E-1. შესაბამისად, აქ შეძენილი ავეჯი თანამედროვე ვიზუალის მქონე, კომფორტული, გამძლე და ეკოლოგიურია.

საერთაშორისო კომპანია „ემბავუდი“ 1996 წელს დაარსდა. დღეს მას ავეჯისა და ავეჯის ნახევარფაბრიკატების 7 ქარხანა აქვს როგორც უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ისე საქართველოში. „ემბავუდის“ პროდუქცია ექსპორტზე გადის ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 250 მაღაზით არის წარმოდგენილი.

„ემბავუდის“  პროდუქცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია, რადგან ის ადგილობრივად იწარმოება, ამიტომ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Embawood / ემბავუდის საჩუქარი მომხმარებლებს

 

ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ბათუმში საკარანტინო ზონის მოწყობაზე. საკარანტინო ზონის მოსაწყობად, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს ვკითხეთ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და ასევე იმის შესახებაც, რას სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, რომლებიც ეპიდზონებად გამოცხადებული ქვეყნებიდან დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში დარჩენა გადაწყვიტეს.

  • ბატონო ზაალ, ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონის მოწყობა განიხილება. შეგიძლია ეს ინფორმაცია დაგვიდასტუროთ?

ამ დაავადებასთან [კორონავირუსი] მიმართებაში მთავრობის შესაბამისი დადგენილების, პროტოკოლების, გაიდლაინების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, სავარაუდო საეჭვო შემთხვევასთან კონტაქტები . ვიცით უკვე, რომ სამ პირს დაუდასტურდა ვირუსი და როგორც მოსალოდნელია ეს შემთხვევები შეიძლება გაიზარდოს [სავარაუდოდ, ხვალ-ზეგაც შემოვლენ საქართველოს მოქალაქეები]. შესაბამისად, გაიზრდება მათთან კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობაც. ვიცით, რომ კონტაქტად ითვლება 15 წუთზე მეტი დროით, 1.5 მეტრის მანძილზე მყოფი ადამიანები. ასეთ შემთხვევებს ვიკვლევთ და მათი იდენტიფიცრების შემთხვევაში, არის თხოვნა, რომ ეს ადამიანები განთავსდნენ 14 დღე იზოლაციაში. ეს არის საკარანტინო პერიოდი.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.

ამისთვის განვიხილავთ რამდენიმე კერძო სასტუმროს, ვისთანაც გვაქვს ამ თემებზე მოლაპარაკება. ასევე განვიხილავთ ახალაშენებულ რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს, რომელსაც პრაქტიკულად გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რაც სჭირდება საკარანტინო ზონას – წყალი, გათბობა, საკანალიზაციო სისტემა. ეს რეჟიმი უკვე გატესტილია იქ და ერთ-ერთ ვერსიად განიხილება: არა საავადმყოფოდ, არამედ საკარანტინო ზონად, დაცულ ტერიტორიაზე რომ იყვნენ ეს ადამიანები იზოლირებული.

  • დღეს ფართო დისკუსია მიდის თვითიზოლაციაზე. სახელმწიფომ ყველა შეიძლება ვერ უზრუნველყოს საკარანტინო ზონით. ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მოთავსდნენ თვითიზოლაცაში…

მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობა ძალიან კარგი მიდგომაა. საჭიროა იზოლაციები სახელმწიფოს მხრიდან და თუ შემთხვევათა რაოდენობა ბევრი იქნება, გაიზრდება, რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნება ამდენი საკარანტინო ზონის მოწყობა. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვერსიაა თვითიზოლაცია – თვითონ უნდა მოერიდოს პირი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს. ეს ყველაზე კარგი და აპრობირებული ვარიანტია მთელ მსოფლიოში და ამას სჭირდება მართლაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

  • სისტემა განიხილავას უკუკავშირს თვითიზოლირებულ მოქალაქეებთან თუ ისინი მარტო უმკლავდებიან თვითიზოლაციის პირობებს?

ყველა ადამიანი, ვინც თვითიზოლაციაში მოთავსდება, ეს მოხდება ეპიდემიოლოგის, ოჯახის ექიმის, ინფექციონისტის ჩართვით, რომ შემოწმდეს ის რეალური სივრცე, სადაც გადაწყვეტს პირი თვითიზოლაციას. თუ პირი ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში ან დიდ ოჯახთან ერთად და არ აქვს შესაბამისი სივრცე, მსგავს პირობებში თვითიზოლაცია არ გამოვა. ამიტომ ჩვენგან იქნება მიდევნება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე და, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, აუცილებლად ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა პირი თვითიზოლაციაში დარჩეს.

თუ ეს შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, მასთან შენარჩუნდება სატელეფონო კომუნიკაცია და პერიოდული ზედამხედველობა, რადგან რაიმე სიმპტომი არ გამოგვეპაროს. ამ შემთხვევაში პირველად ჯანდაცვასაც ჩავრთავთ, ანუ ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას ეპიდემიოლოგის რეკომენდაციით.

  • სახელმწიფოს თუ აქვს რეკომენდაციები დამსაქმებლისთვის, რომ დასაქმებულ პირს არ შეექმნას პრობლემები? 

სიმართლე გითხრათ, მე ამ დონეზე არ ჩავსულვარ, მაგრამ სტანდარტულად მოქმედებს ის კანონები, რაც არის ქვეყანაში და ეს კანონი ითვალისწინებს ბიულეტენს. ვფიქრობ, იზოლაცია იქნება ბიულეტენის საფუძველი. ამ ადამიანებს მაქსიმალურად ექნებათ ხელშეწყობა სახელმწიფოსგანაც და დამსაქმებლისგანაც. მე ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ეს ადამიანი არ იქნება თვითიზოლაციაში, ხომ წარმოგვიდგენია რა საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება ნებისმიერ დაწესებულება.

  • ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაცია არის ნებაყოფლობითი. ხომ არ განიხილავს სახელმწიფო, რომ თვითიზოლაცია ეპიდკერებად მიჩნეული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის გახდეს სავალდებულო?

ამ ეტაპზე არ არის მიღებულ, რამე იძულებითი ბერკეტების გამოყენება. ამის საჭიროება არ დამდგარა და არც გვაქვს მსგავს მიდგომა.

  • თუმცა, გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ხელისუფლებებს, რომ მიდგომები გაამკაცროს. 

ზედამხედველობის გამკაცრება არ ნიშნავს ძალადობრივ მეთოდებს. თუ დადასტურებული კორონავირუსი აქვს  ადამიანს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ჯანმრთელ თუ საეჭვო ადამიანებზე ეს მკაცრი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

  • თვითიზოლაციას რომ დავუბრუნდეთ. შესაძლებელია ადამიანებს არ ჰყავდეთ დამხმარე, ვთქვათ საჭმლის, წყლის მიმწოდებელი. ამ შემთვევაში რა ხდება?

სწორედ ეგ გითხარით, რომ ეპიდემიოლოგების, ექიმების ჩართულობით და გარემოს შესწავლით მოთავსდება პირი თვითიზოლაციაში. თუ ადამიანს ამის რესურს არ აქვს – ან ფართობი ან შესაბამისი გარემო, არ ჰყავს მხარდამჭერი და მით უმეტეს საკვების მიმწოდებელი, ის გადავა შესაბამის გარემოში.

ბათუმში, „მედცენტრში“ თირკმლის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა

Continue reading “ბათუმში, „მედცენტრში“ თირკმლის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა”

20-სართულიანი კორპუსი ინასარიძის ქუჩაზე – სად აკეთებს სკვერს მერია

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, მე-14 საჯარო სკოლის წინ, 20-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი აშენდება. მშენებლობისთვის აქ ტერიტორია უკვე შემოღობილია. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ადგილზე ბათუმის მერია სკვერს აშენებდა.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2020 წლის 29 იანვარს გასცა. შენობას შპს „როიალ ბულდინგი“ ააშენებს. მანამდე კი, მერიას მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ჰქონდა დაწყებული, რომელიც სკვერის მოწყობასაც ითვალისწინებს.

მერიის პროექტის მიხედვით, ორი პატარა სკვერი მოეწყობა: ერთი ინასარიძის 24-ში მდებარე სახლის, ხოლო მეორე ინასარიძის 22-ის მიმდებარედ. ქუჩის ორივე მხარეს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს [მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 4 631 999 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული კომპანია „ბონდი 2009“-სთან. სამუშაოები 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს].

მე-14 სკოლის პირდაპირ მდებარე ნაკვეთზე კი, რომელიც სახელმწიფომ 2017 წელს გაყიდა, საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

მერიის პროექტი სატენდერო დოკუმენტიდან
20-სართულიანი კორპუსი მე-14 სკოლის წინ / რენდერი პროექტიდან

შპს „როიალ ბულდინგის“ პროექტის მიხედვით, 20-სართულიანი სახლის სიმაღლე [უმაღლესი ვერტიკალური ნიშნული] 69 მეტრი იქნება, თითოეულ სართულზე განთავსდება 30 საცხოვრებელი აპარტამენტი [ანუ 600 აპარტამენტი მთელს კორპუსში].

ამავე პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა სართულზე მოეწყობა 32 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, ეზოსა და ეზოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე კი 48 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

20-სართულიანი კორპუსი მე-14 სკოლის წინ / რენდერი პროექტიდან

ბათუმის მერიაშიც და სახლის მშენებელ კომპანიაშიც აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ მრავალწლოვან ხეებს [ძირითადად ევკალიპტები] არ მოჭრიან.

ამ თემაზე:

4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად

კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი მოსაცდელს დაეცა და დაანგრია – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში 

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 29 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში.

მოსახლეობის თქმით, მათ წლებია აწუხებთ კლდიდან ქვების ცვენა. მათივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, კლდიდან ჩამოვარდნილმა ქვამ, გზის პირას მდგარი მოსაცდელის შენობა დაანგრია. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაჩენილი ქვათაცვენის ახალი კერები კი, მთლიანად ხეობას უქმნის საფრთხეს.

მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში.

აქცია სოფელ ქედქედში /ფოტო თამაზ ბაკურიძე 29.02.2020

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათი სამსახური პერიოდულად წმენდს ფერდობს.

„მორიგი ასეთი სამუშაო დაგეგმილი გვაქვს ორშაბათისთვის, 2 მარტს. ამასთან, ჩვენს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის გაცემულია რეკომენდაცია, რომ ფერდობებზე დარგონ ისეთი მცენარეები, რომლებიც ხელს შეუშლიან ქვათაცვენას“, – გვითხრეს აჭარის გზების დეპარტამენტში.

კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი სოფელ ქედქედში/ფოტო თამაზ ბაკურიძე

 

ბათუმის საბავშვო ბაღებში მეცადინეობა შეწყდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. სააღმზრდელო დაწესებულებები ბათუმში, ისე როგორც სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.

ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.

თავის მხრივ საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე ფაქტო გამოვლინდა. ორი ინფიცირებული პირი ირანიდან შემოვიდა, ხოლო ერთი იტალიიდან. სამივე ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა.

დღეს კიდევ რამდენიმე პირის მონაცემები გადააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებისთვის. შედეგები დღეს საღამოსთვის გახდება ცნობილი.

კორონავირუსის პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირების თვითიზოლაციას, რომლებიც ეპიდაფეთქების ცენტრებში მოგზაურობდნენ და დაბრუნდნენ საქართველოში.

განახლება: სასწავლო პროცესი შეწყდა ქობულეთის საბავშვო ბაღებშიც.

______

სოციალურ ქსელებში კრიტიკულად უდგებიან თვითიზოლაციის საკითხს. შესაბამისად, კორონავირუსის პერიოდში თვითიზოლაციის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ ირმა დიმიტრაძის პირადი გამოცდილება. წერილის ავტორი ბოლო ერთი წელია ჩინეთში ცხოვრობს.

კორონავირუსი: რატომაა აუცილებელი რისკჯგუფის თვითიზოლაცია – ირმა დიმიტრაძის წერილი ჩინეთიდან

არდადეგები დაიწყო – სკოლებში ჩატარდება დეზინფექცია

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით გადმოიწია და ის 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება. არდადეგები გაგრძელდება 16 მარტამდე. ამ პერიოდში კი ყველა სკოლაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

„პროფილაქტიკის მიზნით გადავწყვიტეთ სკოლებში დეზინფექციის ჩატარება“, – განაცხადა დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე ფაქტო გამოვლინდა. ორი ინფიცირებული პირი ირანიდან შემოვიდა, ხოლო ერთი იტალიიდან. სამივე ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა.

დღეს კიდევ რამდენიმე პირის მონაცემები გადააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებისთვის. შედეგები დღეს საღამოსთვის გახდება ცნობილი.

კორონავირუსის პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირების თვითიზოლაციას, რომლებიც ეპიდაფეთქების ცენტრებში მოგზაურობდნენ და დაბრუნდნენ საქართველოში.

______

სოციალურ ქსელებში კრიტიკულად უდგებიან თვითიზოლაციის საკითხს. შესაბამისად, კორონავირუსის პერიოდში თვითიზოლაციის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ ირმა დიმიტრაძის პირადი გამოცდილება. წერილის ავტორი ბოლო ერთი წელია ჩინეთში ცხოვრობს.

 

https://netgazeti.ge/news/430749/

 

ქობულეთში მანქანა ტრაქტორს შეეჯახა, არიან დაშავებულები

დღეს, 29 თებერვალს, ქობულეთის სოფელ გვარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს ტრაქტორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ბათუმის აეროპორტს გააფართოებენ – გზშ საჭირო არ არის

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება. არსებული ფასადის და გამოყენებული კონსტრუქციების ანალოგიურად, შენობას მარჯვნიდან [42 მ] და მარცხნიდან [30 მ] გაუკეთდება მიშენება, რის შემდეგაც შენობის სიგრძე იქნება 192 მეტრი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აეროპორტის გაფართოების პროექტი არ დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ]. ასეთი გადაწყვეტილება შპს „ბათუმის აეროპორტის“ მიერ წარდგენილ სკრინინგის განცხადებაზე სამინისტრომ 27 თებერვალს მიიღო.

დოკუმენტების მიხედვით, ტერმინალი გაფართოვდება არსებული ტერმინალის სიმაღლეების შესაბამისად და დაგეგმილი საქმიანობა არ ითვალისწინებს აეროპორტისთვის
განკუთვნილი სხვა ინფრასტრუქტურის ცვლილებას.

შპს „ბათუმის აეროპორტი“ საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მმართველია შპს „ტავ ბათუმ ოფერეიშენს“. წილის მართვის უფლება ამ კომპანიაზე 2027 წლამდეა გადაცემული.

გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმის აეროპორტმა“ ტერმინალის გაფართოების გადაწყვეტილება „მგზავრისთვის მეტი სივრცისა და კომფორტის მოწყობის, აგრეთვე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“ მიიღო.

რამდენიმე დეტალი დოკუმენტებიდან:

  • მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია აეროპორტის ინფრასტრუქტურა შეადგენს 116 ჰექტარს.
  • სარეკონსტრუქციო ტერმინალის შენობიდან უახლოესი მოსახლე დაშორებულია 120 მეტრით.
  • ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მგზავრთა ზონებში განთავსდება (skylight) ფანჯრები, რომელიც დაკავშირებული იქნება ხანძრის ამოცნობის სისტემასთან. შენობას აგრეთვე ექნება საევაკუაციო გასასვლელი.
  • მშენებლობა განხორციელდება ისე, რომ არ შეჩერდება ტერმინალის ფუნქციონირება. მშენებლობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 12 თვეს.
  • საპროექტო ტერიტორიაზე ადმინისტრაციას აქვს მოწყობილი ხელოვნური მწვანე საფარი, სადაც მშენებლობის დაწყებამდე ნიადაგის ნაყოფიერ ფენას მოხსნიან. მოხსნილი ნაყოფიერი ფენის გამოყენება დაგეგმილია აეროპორტის ტერიტორიაზე გამწვანების ზოლის მოსაწყობად.
  • საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არ ფიქსირდება წითელი ნუსხით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული სახეობები. ტერიტორიაზე წარმოდგენილია რამდენიმე ერთეული ხელოვნურად განაშენიანებული კვიპაროსისებრთა ოჯახის ხე, რომელიც დარგო შპს „ბათუმის აეროპორტმა“. ტერმინალის გაფართოების პროექტი ითვალისწინებს თითოეული ხის გადარგვას აეროპორტის ეზოს სხვა ტერიტორიაზე.

2019 წლის ბოლოს, ბათუმის აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აცხადებდა, რომ ტერმინალის გაფართოების პროექტის განხორციელებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აფერხებდა, რაც სამინისტრომ ოფიციალურად უარყო.

პარალელურად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10-წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ატარებს. „კვლევის მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურას დეტალურად შეისწავლიან, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება“, – აღნიშნული იყო აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“-ი უწევს.

სწორედ ამ კვლევაზე იქნება დამოკიდებული სამომავლოდ,  ბათუმის აეროპორტის ბედი – დარჩება ადგილზე თუ გადაიტანენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვინაიდან ბათუმის აეროპორტს გაფართოების შანსი არ აქვს, ამასთან, ერთგვარად ხელს უშლის ქალაქის განვითარებას [სიმაღლეში გაზრდას – სიმაღლის შემზღუდავი სივრცეების გამო], საქართველოს მთავრობა განიხილავდა აეროპორტის ბათუმიდან გადატანის საკითხი.

ბათუმის მომავალი აეროპორტის სავარაუდო ადგილად კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია [აქ ადრე აეროდრომი იყო] ან ქობულეთის აეროდრომის ტერიტორია განიხილებოდა.

ამ თემაზე:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

 

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის კომპანიებმა 11 მილიონი იზარალეს – აუდიტი

ორ წელში ჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალურმა 12-მა საწარმომ ჯამში 11,2 მილიონზე მეტი ლარი იზარალა. აუდიტის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, შესაბამის ზედამხედველობას არ უწევდნენ იმ შპს-ების საქმიანობას, რომლებშიც წილებს თავად ფლობენ და არ ტარდება შესაბამისი მმართველობითი ღონისძიებები.

„შედეგად, 14 შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს ზარალით, 7 შპს არ ფუნქციონირებს და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების ძირითად ნაწილზე მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის, 3 შპს-ის დამფუძნებლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებია. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობაში მყოფ 10 შპს-ზე დადგა გადახდისუუნარობის და გაკოტრების წინაპირობა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს შესაძლოა მიადგეს ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2017-18 წლებს მოიცავს.

წყარო: აუდიტი

აუდიტის ანგარიშიდან:

[crosslist]

  • შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა განხორციელებულია ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით, ფიქსირდება მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი და შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევა;
  • შპს „ბათუმის წყლის“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მოქმედი რეგულაციებით გაუთვალისწინებლად ჩამოწერილია ბალანსზე რიცხული დებიტორული დავალიანებები. შედეგად, გაზრდილია შპს-ების ზარალი, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დავალიანებების მქონე პირების სასარგებლოდ, ვალის უსაფუძვლო ჩამოწერით.
  • შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ კომპანია Smoove-ზე ველოსიპედებისა და მათი ტერმინალების მომსახურებისათვის გადახდილია მნიშვნელოვანი თანხები, თუმცა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვერ წარმოადგინეს და ანგარიშსწორება განხორციელებულია დასაბუთების გარეშე.
  • წლების განმავლობაში წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისათვის გახარჯული მნიშვნელოვანი თანხების მიუხედავად, 2017-2018 წლებში დანაკარგადაა აღიარებული შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მოპოვებული წყლის, საშუალოდ, 70%. აბონენტების მიერ სწრაფი გადახდის აპარატებით გადახდილი მოხმარებული წყლის საფასური მომსახურე ბანკმა დროულად არ მიმართა კომპანიის ანგარიშზე, შედეგად, შპს „ბათუმის წყალმა“ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
  • შპს „ბათუმის წყლის“ მიერ, სანიაღვრე არხების მიმდინარე მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურებისათვის, თანამშრომლებზე ზეგანაკვეთური მუშაობისათვის ანაზღაურება გაცემულია შესრულებული სამუშაოს სახეების განსაზღვრის, არასამუშაო საათებში ფაქტობრივად შესრულების, მიზანშეწონილობის და სამუშაოს შესრულების ადგილმდებარეობის დადასტურების გარეშე.
  • შპს „სანდასუფთავების“ მიერ უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით მიღებული ავტომანქანების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და სამსახურებრივი საჭიროებისათვის საწვავის ხარჯვა წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. ამასთანავე, შპს „სანდასუფთავების“ და შპს „დინამო ბათუმის“ ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე, გავლილი მანძილის და დადგენილი ნორმების შეუსაბამოდ, ჩამოწერილია საწვავი, რაც წარმოშობს სატრანსპორტო საშუალებების და მასზე გახარჯული საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
  • შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ მიერ რეზერვუარის დემონტაჟის, გადაკეთება-მონტაჟის სამუშაოებისათვის მიმწოდებელზე თანხა გადახდილია შესასრულებელი სამუშაოების დასახელების, მოცულობის და მასალების ფაქტობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე. ანალოგიურად, შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის მიერ ბაზრის ტერიტორიაზე, სარემონტო სამუშაოებისათვის, სატრანსპორტო ხარჯი გადახდილია ფაქტობრივად შესრულების დადასტურების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დგინდება რამდენად შეესაბამება შპს-ების მიერ გაწეული ხარჯები რეალურად განხორციელებული სამუშაოების ღირებულებასთან;
  • შპს „დინამო ბათუმის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი, მერიის მიერ აშენებული, ანგისის დასახლებაში არსებული სპორტული ბაზის შენობა დაზიანებულია, თუმცა როგორც შპს-მ, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ვერ უზრუნველყო დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ზიანის ოდენობის განსაზღვრა. ასევე პასუხისმგებელი პირების მიმართ არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო ზიანის ასანაზღაურებლად.

[/crosslist]

ამ თემაზე:

[red_box]აჭარისა და ბათუმის ქონების ფასი მთავრობამ სავარაუდოდ შეამცირა და იაფად გაყიდა[/red_box]

 

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა საქართველოში პირველი მარტიდან იკრძალება.

„აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. ზოგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია, ასევე შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას.

ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს – აცხადებს დეპარტამენტი – ნადირობის სეზონის დასრულების შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ამ მიმართულებით კონტროლს, მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.

ნადირობის სეზონი 2020 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

როგორ სუფთავდება ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები – კორონავირუსის პრევენცია

საქართველოში, დღეს, 29 თებერვალს, ახალი კორონავირუსის [COVID-19] უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს, განათლების სამინისტრო კი, სკოლებს დამატებით მითითებებს აძლევს.

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მათ დამატებითი მითითებები კორონავირუსის პრევენციის მიზნით არ მიუღიათ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ ღონისძიებებსაც გაატარებენ.

„მუნიციპალური ავტობუსები, როგორც აქამდე, დღესაც, ჩვეულებრივ რეჟიმში ირეცხება წყლითა და ქაფით. როგორც კი ავტობუსი საღამოს შემოვა კომპანიის ფარეხის ტერიტორიაზე ირეცხება და დილით გადის ხაზზე. ყოველდღიურად ხაზზე ბათუმში 115 ავტობუსი გადის. თუ იქნება დამატებითი ღონისძიებების გატარება საჭირო, მაგისთვისაც ვემზადებით“ – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/430590/

 

კვადრატული მიწა 221 ლარად ბათუმში – მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჯამში 2 285 კვ.მ ფართობის სამ მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის. ნაკვეთები გვერდიგვერდ, ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე [ტაბიძის N2ა-ში და ტაბიძის N16-ში] მდებარეობს და ამ ქონებაზე მომავალმა მესაკუთრემ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ნაკვეთების საწყისი გასაყიდი ფასი 505 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი 15 ათასი ლარი. ქონების შემძენი საბოლოო საპრივატიზებო საფასურს აუქციონის დასრულების შემდეგ ორ ეტაპად გადაიხდის – 2020 წლის 20 ივნისამდე გადასახდელი თანხის არანაკლებ 40%-ს, ხოლო დანარჩენს – 2020 წლის 20 დეკემბრამდე.

აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრემ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გამარჯვებულს ასევე ევალება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა 50 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

აუქციონი დაწყებულია და 2020 წლის 13 მარტს დასრულდება.

შენიშვნაში აღნიშნულია, რომ „ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია სს „ენერგო პრო ჯორჯია“-ს კუთვნილი ტრანსფორმატორი და 6/0,4 კვ ძაბვის საჰაერო და მიწისქვეშა საკაბელო ელ. გადამცემი ხაზები. ქონების შემძენი ვალდებულია უზრუნველყოს ტრანსფორმატორთან მისასვლელი სავალდებულო გზა და/ან, ზემოაღნიშნული ენერგომომარაგების ობიექტების სხვა ადგილას გადატანის შემთხვევაში, დეტალური პირობები შეათანხმოს „ენერგო პრო ჯორჯიასთან“.

 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დამსაქმებელთა ფორუმს უმასპინძლებს

2020 წლის 2 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები „დამსაქმებელთა ფორუმს“ გახსნიან [ფორუმი 10:00 საათზე, სასტუმრო Sheraton Batumi-ს საკონფერენციო დარბაზში (მე-2 სართული) გაიხსნება].

აკადემია სტუდენტებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში გაერთიანებულ დამსაქმებლებს საკუთარი შესაძლებლობები წარუდგინონ და  მიიღონ მათგან საინტერესო შემოთავაზებები.

გასულ წელს ფორუმის დღესვე 40-მდე სტუდენტი დასაქმდა. აღსანიშნია, რომ  ყოველწლიურად მატულობს დამსაქმებელთა ინტერესი აკადემიის სტუდენტების მიმართ როგორც საზღვაო ინდუსტრიაში, ისე საჯარო ორგანიზაციებში და კერძო სექტორის სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე კომპანიებში.

2020 წელს ფორუმში მონაწილე დამსაქმებელთა რიცხვი წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და წელს 60-ზე მეტი ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაინტერესებულია სტუდენტების წარმატებული კარიერით და ყველა გზით ცდილობს მათ მხარდაჭერას. ამის მაგალითია „დამსაქმებელთა ფორუმი“, რომელიც ბევრ ჩვენ სტუდენტს დასაქმების კარგ შანსს აძლევს“ – აცხადებს აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე.

მისივე თქმით, აკადემია სახელმწიფოს დახმარებით 2020 წლის ყველა კურსდამთავრებულს უზრუნველყოფს სწავლების შემდგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო პრაქტიკით: „2019 წელს დადებული სამმხრივი მემორანდუმის პირველი შედეგი არის, რომ გარანტირებული 5-წლიანი დასაქმების პირობით აკადემიის 16 სტუდენტს კომპანია El Victor-ში საზღვაო პრაქტიკა დაუფინანსდა“.

აკადემია აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ გემთმფლობელ კომპანიებთან და წელს ორი ესტონური საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია Tallink და KIHNU VEETEED საერთო ჯამში 35 სტუდენტს დაასაქმებს.

ფორუმზე ხელი მოეწერება „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და „საქართველოს ეროვნული უნივერისტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც კვლევით და სამეცნიერო საკითხებში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

დამსაქმებლებზე ორიენტირება საშუალებას აძლევს აკადემიას უზრუნველყოფს ბაზარზე ორიენტირებული, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. ფორუმზე პროფესიული მომზადების ცენტრის სტუდენტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების BTEC სერტიფიკატები გადაეცემათ.

აღსანიშნია, რომ აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი სამიდან ერთ-ერთი სასწავლებელია საქართველოში, რომელსაც BTEC სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვს, რაც იძლევა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობას.

აკადემიის რექტორი ფორუმის მონაწილეებს 2020 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ფოთის საზღვაო სასწავლებელთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

 

 

„რესპუბლიკურის“ მშენებელ კომპანიას 42 ათასი ლარი ჯარიმა არ გადაახდევინეს – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანიას, რომელიც ბათუმში ახალ საავადმყოფოს აშენებდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ „არამართლზომიერი გადაწყვეტილებით“, 42 ათასზე მეტი ლარი პირგასამტეხლო არ გადაახდევინეს.

აუდიტი თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება საზიანო იყო სახელმწიფო საწარმოსთვის და ამ ქმედებაში მშენებელი კომპანიის ინტერესების გათვალისწინებას ხედავს, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულებით ნაკისრ ვადაში ვერ დაასრულა.

აუდიტი მოუწოდებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეისწავლოს საკითხი და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

შპს „სტადიონსა“ და მშენებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით, ქალაქ ბათუმში, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა, სხვადასხვა მიზეზებით, არაერთხელ შეიცვალა.

„საბოლოოდ, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 24 384 751 ლარით, ხოლო დასრულების ვადად განისაზღვრა 31 დეკემბერი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სამუშაოები 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობითაც დაუსრულებელია. შპს „სტადიონის“ მიერ მიმწოდებელზე დაკისრებულია პირგასამტეხლო − 81 714 ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით, შეცვლილია სატენდერო წინადადებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, შეუსრულებელ სამუშაოებზე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,01% დაკისრების ნაცვლად, ერთჯერადად განისაზღვრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,02%, რითაც შპს „სტადიონმა“ დაკარგა არანაკლებ 42 071 ლარის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2017-18 წლებს ეხება.

აუდიტის დასკვნით, „შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ფორმალურ ხასიათს ატარებს, ხოლო შემდეგში მისი არსებითად შემცირება კი, ზღუდავს მიმწოდებლის მოტივაციას, გათვალისწინებულ დროში შეასრულოს აღებული ვალდებულება“.

„აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ მოქმედებდნენ შპს „სტადიონის“ ინტერესების გათვალისწინებით და შესაძლოა, მიმწოდებლის ინტერესების გათვალისწინებით, კომპანიის საზიანოდ, მიღებული იყო არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“ – აცხადებს აუდიტი.

[highlight color=”red”]აუდიტის რეკომენდაცია:[/highlight] „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, განიხილოს ქალაქ ბათუმში 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შეუსრულებლობის და პირგასამტეხლოს დაუკისრებლობის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

ახალ საავადმყოფოს კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებდა, რომელთანაც ხელშეკრულება 22 172 764 ლარზე, 2016 წლის იანვარში გაფორმდა.

„სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ჩაბარების პროცედურები“, – გვითხრეს 2020 წლის 3 თებერვალს შპს „სტადიონში“.

სახელმწიფომ ახალი ა[ა]იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი დააფუძნა, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი [ონკოლოგიური] და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა.

ახალ ჰოლდინგში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც უნდა შესულიყო, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდა.

ამ თემაზე:

რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება

„აჭარის მაუწყებელში სუსია“ – ჟურნალისტების პროტესტი საინფორმაციო გამოშვებაში

„ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით“ – ამ ფრაზით დაასრულდა დღეს, 28 თებერვალს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. გამოშვების დასრულებამდე სტუდიაში ტელევიზიის ჟურნალისტები შეიკრიბნენ და სარედაქციო პოლიტიკაზე „ღია შტურმი“ გააპროტესტეს – ამჯერად საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

„ჩვენ ახალი ამბების გუნდი, „ჰეშთეგი“ და სხვა გადაცემების სახელით ერთწუთიანი დუმილის უფლებით ვსარგებლოთ, რომ გამოვხატოთ პროტესტი იმ პროცესის მიმართ, რაც აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენ რამდენიმე თვეა ვამბობთ, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე ღია შტურმი მიმდინარეობს,“ – აღნიშნა გადაცემის წამყვანმა თეონა ბაკურიძემ, ვიდრე ჟურნალისტები სტუდიაში ტრანსფარანტებით შემოვიდოდნენ საერთო წარწერით „აჭარის მაუწყებელში სუსია“.

ამავე თემაზე: 

აჭარის ტელევიზიის წინ ახალი ამბების გუნდი და მაუწყებლის თანამშრომლები გამოვიდნენ

 

 

 

„მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ – EMC აჭარის ტელევიზიაზე განცხადებას ავრცელებს

„მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშე დგას და დაუწყონებლიც ზომების მიღებას საჭიროებს,“ – მიიჩნევს „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“. ეს ორგანიზაცია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს და დღეს, 28 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლებას ეხმაურება.

EMC კრიტიკულად მძიმედ მიიჩნევს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს. ორგანიზაციის შეფასებით, შორენა ღლონტი „თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ“ გაათავისუფლეს.

„ბოლო წლებში აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ ნდობა გააჩინა და ის პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან თავისუფალი, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჯარო სივრცის მიცემისა და პროგრესული იდეების გავრცელების უნიკალური სივრცე გახდა. თუმცა მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლის, რასაც წინ უძღოდა ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის თვითნებური და პოლიტიკური კონოტაციის მქონე იმპიჩმენტი, შემდეგ სისტემაში შემაშფოთებელი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ სარედაქციო დამოუკიდებელობაზე პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება, მათი უკანონო გადაყვანა საინფორმაციო სამსახურის მნიშვნელოვანი პოზიციებიდან და მათი იძულება სამსახურის დატოვების მიზნით, მაუწყებლის „სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის უხეშ ინტერვენციას“ წარმოადგენს და მაუწყებლის დამოუკიდებლობას არყევს.

„შექმნილი მდგომარეობა საგანგებოა და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს,“ – მიიჩნევს EMC.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა და აჭარის უმაღლესმა საბჭომ საპარლამენტო კონტროლის ქმედითი მექანიზმები უნდა გამოიყენონ „აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და აქ მომუშავე ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვისა და მაუწყებლის სარედაქციო და ორგანიზაციული დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერების მიზნით.“

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანუ გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ოთხი რედაქტორი და მენეჯერი გაათავისუფლეს.

მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ პოლიტიკურ ზეწოლად.

 

„სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტი მწვრთნელად და დაცვის უფროსადაც იყო დანიშნული – აუდიტი

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და მასზე გაცემულია შრომის ანაზღაურება 4 750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად
შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც დღეს, 28 თებერვალს გამოქვეყნდა.

აუდიტის ანგარიში 2017-2018 წლებს ეხება. ანგარიშის მიხედვით, „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო ერთეულით გათვალიწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ფიზიკური პირები და შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ჯამში ორ პირზე გაცემულია ანაზღაურება 13,000 ლარი. აღნიშნული გარემოება წარმოშობს შპს-ის ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს“.

„შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო განრიგით დამტკიცებული და დასაქმებულია 3 მასაჟისტი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2 ფიზიკური პირის მიერ, მასაჟისტის
პოზიციით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო არ დასტურდება და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი, მათ შორის, ერთ-ერთი ფიზიკური პირის სამსახურში გამოცხადებაც კი არ დასტურდება. აღნიშნულ პირობებში, საზოგადოების მიერ აუდიტის პერიოდში გაცემულია შრომის ანაზღაურების სახით 8,250 ლარი“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, „შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ სპორტსმენებზე მიმწოდებლის მიერ მომსახურების ფაქტობრივად გაწევა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. შედეგად, მიმწოდებელს 93,641 ლარი მიღებული აქვს ისეთ მომსახურებაზე, რომელიც შესაძლოა არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოება შპს-ის მიერ ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაზე მიუთითებს“.

„შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მიერ სპორტსმენებზე ბინის დაქირავება რიგ შემთხვევაში განხორციელებულია საჭიროების დასაბუთების გარეშე. კერძოდ, ბინები დაქირავებულია ბათუმში საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე პირებზე, ხოლო თანხები ანაზღაურებულია ბინის ფართობისა და მდებარეობის შეუსაბამოდ, საბაზო ღირებულებაზე მეტი ოდენობით. შედეგად, შესაძლოა შპს-ის მიერ ფულადი სახსრები, ჯამში − 38 149 ლარი, არაეკონომიურად იყოს დახარჯული.“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით: შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ სპორტსმენთა საჭიროებისათვის 44 356 ლარის ღირებულების კვების პროდუქტების შეძენა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. ამასთანავე, გასვლითი კალენდარული მატჩის ჩატარებისათვის, გუნდის უცხოეთში მგზავრობის 266 304 ლარის მომსახურების შესყიდვა ნაცვლად ელექტრონული ტენდერისა, განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სადაც 66 182 ლარის ხაჯვის დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის, რაც შესაძლოა კომპანიას დატოვებული ჰქონდეს მოგების სახით. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს სარაგბო კლუბის მიერ, მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, ჯამში 110 538 ლარის არაეკონომიურად და არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს“.

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ 100% წილის მფლობელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტია.

სამინისტრო: 24 საჯარო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ხარვეზები გამოვლინდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა 28 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით 700 საჯარო სკოლაში შეამოწმეს. 27 თებერვალს კი 1100 საჯარო სკოლაში.

დღეს, 28 თებერვალს, შემოწმებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა 9 საჯარო სკოლაში, გუშინ კი 15 საჯარო სკოლაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, რომ არსებული დარღვევები უმოკლეს დროში აღმოფხვრან.

„რაც შეეხება მოსწავლეთა მხრიდან საგაკვეთილო პროცესის გაცდენის მაჩვენებელს, 27-28 თებერვალს, გაცდენების რაოდენობა 20 %-ის ფარგლებში მერყეობს“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სამინისტროს თქმით, სკოლების შემოწმება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციებიც დაუგზავნა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სკოლებში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში.

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ თავად მაუწყებელმა გაავრცელა.

მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით:

„როგორც ამას მაუწყებლის ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირების წევრები უკვე ორი კვირის განმავლობაში პროგნოზირებდნენ, დირექტორი, გიორგი კოხრეიძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლებასაც გეგმავდა. სწორედ ეს წერია დოკუმენტშიც, რომელიც ონლაინ სამსახურს დღის ბოლოს, 19:10 წუთზე დირექტორის თანაშემწემ გაუგზავნა“.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.

”ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება”, – წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გამოუგზავნეს.

მაუწყებლის ინფორმაციითვე, დღეს, 24 თებერვალს, საინფორმაციოს რედაქტორად ოთხი დღის წინ დანიშნულმა ნინო ხაჟომიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ეს თანამდებობა, თუმცა ის მაუწყებელში რჩება. ახალი ამბების რედაქტორის მოვალეობას კი მაუწყებლის ერთ-ერთი ჟურნალისტი, „აგრორჩევების“ წამყვანი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.

19 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა. მაია მერკვილაძეს კი, რომელიც მაუწყებლის მთავარი გამოშვების რედაქტორი იყო, თანამდებობიდან გადააყენეს. დირექტორმა მას არარსებული თოქ შოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზა.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანუ გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ოთხი რედაქტორი და მენეჯერი გაათავისუფლეს.

მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ პოლიტიკურ ზეწოლად.

ნინო ხაჟომია მაუწყებელში რედაქტორის თანამდებობას ტოვებს – აჭარის ტელევიზია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე მაუწყებელს ტოვებს ახალი ამბების რედაქტორის პოზიციას.

ნინო ხაჟომია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს რედაქტორად რამდენიმე დღის წინ, 24 თებერვალს დაინიშნა. მაუწყებლის ინფორმაციითვე, ახალი ამბების რედაქტორის მოვალეობას ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.

ნინო ხაჟომიას მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად დანიშვნას, ტელევიზიაში სკანდალი მოყვა. მას ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ.

__________

შენიშვნა: თავდაპირველად აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო ხაჟომია მაუწყებელს ტოვებს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხაჟომია ტოვებს არა მაუწყებელს, არამედ ახალი ამბების რედაქტორის თანამდებობას.

Exit mobile version