მთავარი,სიახლეები

მოძრაობა „გაბედე“ ბათუმში: ოფისში უცხო პირები შემოვიდნენ და პლაკატები ჩამოხიეს 

02.03.2020 • 2414
მოძრაობა „გაბედე“ ბათუმში: ოფისში უცხო პირები შემოვიდნენ და პლაკატები ჩამოხიეს 

მოძრაობა „გაბედე“ აცხადებს, რომ მათ ოფისში, რომელიც ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, უცხო პირები შეიჭრნენ. ამ შენობაში ადრე „ლეიბორისტული პარტიის“ ბათუმის ოფისი იყო განთავსებული.

როგორც „გაბედეს“ ერთ-ერთი აქტივისტი დიმიტრი ლიპარტელიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, უცნობი პირები გუშინ, 1-ელ მარტს, შევიდნენ ოფისში.

„დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში არიან შემოსული ოფისში, რადგან ამ მონაკვეთში ვიყავით გასული ოფისიდან. როგორც ჩანს, ფანჯრიდან არიან შემოსულები, ქუჩის მხრიდან. სწრაფად აქვთ ნამოქმედარი, ბანერები აქვთ ჩამოხეული, დროშები ჩამოგლეჯილი და გარეთ გატანის შემდეგ გაზის მილზე შემოუხვევიათ“, – ამბობს ლიპარტელიანი.

მისი თქმით, ოფისის შემოსასვლელ ან გასასვლელ წერტილს ვიდეოთვალი არ აკონტროლებს, „წინ მიმდინარეობს მშენებლობა, სადაც არის ვიდეოთვალი დამაგრებული, მაგრამ არც იქედან არ ჩანს ოფისის შესასვლელი“, – გვითხრა ლიპარტელიანმა.

დიმიტრი ლიპარტელიანის თქმით, ოფისში ჩამოხიეს პლაკატები და დროშები

მოძრაობის აქტივისტის აზრით, ეს არის ხელისუფლების გზავნილი, „მათი ტიტუშკებისგან, რომ გვიყურებენ, გვაკვირდებიან და იციან ყოველთვის, როდის სად ვართ“.

კითხვაზე, ხომ არ აქვთ ეჭვი, ვის შეეძლო შეეღწია ოფისში? – დიმიტრი ლიპარტელიანი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა. „ერთი, რაც იყო აქამდე, უცხო ადამიანები მოდიოდნენ კართან, დააკაკუნებდნენ და მერე ქრებოდნენ, თუმცა ამაზე მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია“.

მოძრაობა „გაბედე“ ბათუმში ორი თვეა, რაც დაფუძნდა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აქტივობებით გამოირჩევა.

როგორც დიმიტრი ლიპარტელიანი ამბობს, ოფისის დარბევასთან დაკავშირებით პოლიციას დღეს, 2 მარტს, მიმართავს.

უცნობმა პირებმა „გაბედეს“ ოფისში პლაკატები ჩამოხიეს

 

გადაბეჭდვის წესი