მთავარი,სიახლეები

„სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტი მწვრთნელად და დაცვის უფროსადაც იყო დანიშნული – აუდიტი

28.02.2020 • 2514
„სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტი მწვრთნელად და დაცვის უფროსადაც იყო დანიშნული – აუდიტი

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და მასზე გაცემულია შრომის ანაზღაურება 4 750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად
შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც დღეს, 28 თებერვალს გამოქვეყნდა.

აუდიტის ანგარიში 2017-2018 წლებს ეხება. ანგარიშის მიხედვით, „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო ერთეულით გათვალიწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ფიზიკური პირები და შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ჯამში ორ პირზე გაცემულია ანაზღაურება 13,000 ლარი. აღნიშნული გარემოება წარმოშობს შპს-ის ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს“.

„შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო განრიგით დამტკიცებული და დასაქმებულია 3 მასაჟისტი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2 ფიზიკური პირის მიერ, მასაჟისტის
პოზიციით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო არ დასტურდება და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი, მათ შორის, ერთ-ერთი ფიზიკური პირის სამსახურში გამოცხადებაც კი არ დასტურდება. აღნიშნულ პირობებში, საზოგადოების მიერ აუდიტის პერიოდში გაცემულია შრომის ანაზღაურების სახით 8,250 ლარი“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, „შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ სპორტსმენებზე მიმწოდებლის მიერ მომსახურების ფაქტობრივად გაწევა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. შედეგად, მიმწოდებელს 93,641 ლარი მიღებული აქვს ისეთ მომსახურებაზე, რომელიც შესაძლოა არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოება შპს-ის მიერ ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაზე მიუთითებს“.

„შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მიერ სპორტსმენებზე ბინის დაქირავება რიგ შემთხვევაში განხორციელებულია საჭიროების დასაბუთების გარეშე. კერძოდ, ბინები დაქირავებულია ბათუმში საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე პირებზე, ხოლო თანხები ანაზღაურებულია ბინის ფართობისა და მდებარეობის შეუსაბამოდ, საბაზო ღირებულებაზე მეტი ოდენობით. შედეგად, შესაძლოა შპს-ის მიერ ფულადი სახსრები, ჯამში − 38 149 ლარი, არაეკონომიურად იყოს დახარჯული.“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით: შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ სპორტსმენთა საჭიროებისათვის 44 356 ლარის ღირებულების კვების პროდუქტების შეძენა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. ამასთანავე, გასვლითი კალენდარული მატჩის ჩატარებისათვის, გუნდის უცხოეთში მგზავრობის 266 304 ლარის მომსახურების შესყიდვა ნაცვლად ელექტრონული ტენდერისა, განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სადაც 66 182 ლარის ხაჯვის დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის, რაც შესაძლოა კომპანიას დატოვებული ჰქონდეს მოგების სახით. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს სარაგბო კლუბის მიერ, მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, ჯამში 110 538 ლარის არაეკონომიურად და არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს“.

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ 100% წილის მფლობელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: