მთავარი,სიახლეები

ხვალ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

01.03.2020 •
ხვალ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

ხვალ, 2 მარტს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე – „რატომ უნდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს.“ შეხვედრა სასტუმრო „ლე პორტში“ 14:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრაზე ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტებზე, კანონდარღვევებსა და საფრთხეებზე, ასევე,  გეგმებზე.

„შეხვედრის მიზანია ერთად განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ საზოგადოების პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის გააზრებას, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადარჩენისთვის იბრძვიან“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ავრცელებს.

დისკუსიის მოდერატორი იქნება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა.

შეხვედრაზე დასწრება შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს [მისამართი: ბათუმი, გოგებაშვილის №30 , სასტუმრო “Le port”]

შეხვედრა გაიმართება “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის – “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) მხარდაჭერით.


აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები 2019 წლის აპრილში დაიწყო, როცა მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტით გადააყენა ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე.

დირექტორის მოვალეობას რამდენიმე თვე ასრულებდა ნათია ზოიძე, მისი მოადგილე, 2019 წლის ნოემბერში კი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომელზეც არსებობდა ეჭვი, რომ იგი პროსახელისუფლებო კანდიდატი იყო.

კოხრეიძის ტელევიზიის დირექტორად არჩევა შეფასდა, როგორც „ოცნების“ პოლიტიკის გამტარებელი პირის მოსვლა აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში. მისი არჩევიდან მოკლე ხანში ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტებმა: ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ.

ახალმა დირექტორმა შეუცვალა ხელშეკრულება ნათია ზოიძეს, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკის მართვა ევალებოდა და მას მხოლოდ ანგარიშების წერის ფუნქცია დაუტოვა, რაც იმთავითვე იქნა გაგებული, როგორც დარტყმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. ზოიძემ ტელევიზია დატოვა და განაცხადა, რომ იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. მისი წასვლა ტელევიზიიდან „პოლიტიკური ზეწოლის“ მაგალითად შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: