ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის კომპანიებმა 11 მილიონი იზარალეს – აუდიტი

29.02.2020 • 3156
აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის კომპანიებმა 11 მილიონი იზარალეს – აუდიტი

ორ წელში ჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალურმა 12-მა საწარმომ ჯამში 11,2 მილიონზე მეტი ლარი იზარალა. აუდიტის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, შესაბამის ზედამხედველობას არ უწევდნენ იმ შპს-ების საქმიანობას, რომლებშიც წილებს თავად ფლობენ და არ ტარდება შესაბამისი მმართველობითი ღონისძიებები.

„შედეგად, 14 შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს ზარალით, 7 შპს არ ფუნქციონირებს და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების ძირითად ნაწილზე მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის, 3 შპს-ის დამფუძნებლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებია. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობაში მყოფ 10 შპს-ზე დადგა გადახდისუუნარობის და გაკოტრების წინაპირობა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს შესაძლოა მიადგეს ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2017-18 წლებს მოიცავს.

წყარო: აუდიტი

აუდიტის ანგარიშიდან:

[crosslist]

  • შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა განხორციელებულია ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით, ფიქსირდება მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი და შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევა;
  • შპს „ბათუმის წყლის“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მოქმედი რეგულაციებით გაუთვალისწინებლად ჩამოწერილია ბალანსზე რიცხული დებიტორული დავალიანებები. შედეგად, გაზრდილია შპს-ების ზარალი, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დავალიანებების მქონე პირების სასარგებლოდ, ვალის უსაფუძვლო ჩამოწერით.
  • შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ კომპანია Smoove-ზე ველოსიპედებისა და მათი ტერმინალების მომსახურებისათვის გადახდილია მნიშვნელოვანი თანხები, თუმცა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვერ წარმოადგინეს და ანგარიშსწორება განხორციელებულია დასაბუთების გარეშე.
  • წლების განმავლობაში წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისათვის გახარჯული მნიშვნელოვანი თანხების მიუხედავად, 2017-2018 წლებში დანაკარგადაა აღიარებული შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მოპოვებული წყლის, საშუალოდ, 70%. აბონენტების მიერ სწრაფი გადახდის აპარატებით გადახდილი მოხმარებული წყლის საფასური მომსახურე ბანკმა დროულად არ მიმართა კომპანიის ანგარიშზე, შედეგად, შპს „ბათუმის წყალმა“ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
  • შპს „ბათუმის წყლის“ მიერ, სანიაღვრე არხების მიმდინარე მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურებისათვის, თანამშრომლებზე ზეგანაკვეთური მუშაობისათვის ანაზღაურება გაცემულია შესრულებული სამუშაოს სახეების განსაზღვრის, არასამუშაო საათებში ფაქტობრივად შესრულების, მიზანშეწონილობის და სამუშაოს შესრულების ადგილმდებარეობის დადასტურების გარეშე.
  • შპს „სანდასუფთავების“ მიერ უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით მიღებული ავტომანქანების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და სამსახურებრივი საჭიროებისათვის საწვავის ხარჯვა წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. ამასთანავე, შპს „სანდასუფთავების“ და შპს „დინამო ბათუმის“ ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე, გავლილი მანძილის და დადგენილი ნორმების შეუსაბამოდ, ჩამოწერილია საწვავი, რაც წარმოშობს სატრანსპორტო საშუალებების და მასზე გახარჯული საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
  • შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ მიერ რეზერვუარის დემონტაჟის, გადაკეთება-მონტაჟის სამუშაოებისათვის მიმწოდებელზე თანხა გადახდილია შესასრულებელი სამუშაოების დასახელების, მოცულობის და მასალების ფაქტობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე. ანალოგიურად, შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის მიერ ბაზრის ტერიტორიაზე, სარემონტო სამუშაოებისათვის, სატრანსპორტო ხარჯი გადახდილია ფაქტობრივად შესრულების დადასტურების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დგინდება რამდენად შეესაბამება შპს-ების მიერ გაწეული ხარჯები რეალურად განხორციელებული სამუშაოების ღირებულებასთან;
  • შპს „დინამო ბათუმის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი, მერიის მიერ აშენებული, ანგისის დასახლებაში არსებული სპორტული ბაზის შენობა დაზიანებულია, თუმცა როგორც შპს-მ, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ვერ უზრუნველყო დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ზიანის ოდენობის განსაზღვრა. ასევე პასუხისმგებელი პირების მიმართ არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო ზიანის ასანაზღაურებლად.

[/crosslist]

ამ თემაზე:

[red_box]აჭარისა და ბათუმის ქონების ფასი მთავრობამ სავარაუდოდ შეამცირა და იაფად გაყიდა[/red_box]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: