გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 29 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში.
მოსახლეობის თქმით, მათ წლებია აწუხებთ კლდიდან ქვების ცვენა. მათივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, კლდიდან ჩამოვარდნილმა ქვამ, გზის პირას მდგარი მოსაცდელის შენობა დაანგრია. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაჩენილი ქვათაცვენის ახალი კერები კი, მთლიანად ხეობას უქმნის საფრთხეს.
მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათი სამსახური პერიოდულად წმენდს ფერდობს.
„მორიგი ასეთი სამუშაო დაგეგმილი გვაქვს ორშაბათისთვის, 2 მარტს. ამასთან, ჩვენს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის გაცემულია რეკომენდაცია, რომ ფერდობებზე დარგონ ისეთი მცენარეები, რომლებიც ხელს შეუშლიან ქვათაცვენას“, – გვითხრეს აჭარის გზების დეპარტამენტში.