4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად


ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის [ოღონდ, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის] ასევე, ე.წ. „ჟილინის არხის” მიმდებარე ქუჩების [მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელების] კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის სკვერის მოწყობა „ჟილინის არხის“ მიმდებარედ – ინასარიძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 932 787 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 24 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს შეწყდება. სამუშაოები სრულად უნდა შესრულდეს გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 480 დღეში.

ტენდერის ტექნიკურ პირობებში აღნიშნულია:

ჯავახიშვილის ქუჩაზე – ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, მიმდინარეობს სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა. შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა მშენებარე სანიაღვრე კოლექტორის არსებული პროექტის ცნობილი პარამეტრები. ამ ტერიტორიაზე ეწყობა საკომუნიკაციო ჭები ერთმანეთთან დამაკავშირებელი მილებით, სავალი ნაწილის პერპენდიკულარულად. ქუჩის ამ მონაკვეთში ხელახლა მოეწყობა ბეტონის დეკორატიული ფილები, ბაზალტის ბორდიურები, ასფალტობეტონის საფარი, სავალი ნაწილის მონიშვნა, მწვანე კორდი, გარე განათების ბოძები. [ჯავახიშვილზე დღეს, ტბელ აბუსერიძიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით, სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს – ავტ.].

„ჟილინის არხის“ მიმდებარე ქუჩაზე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, გრუნტის დამუშავება და ნაყარში გატანა,  ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, სათვალთვალო ჭის ნიშნულზე მოყვანა, სანიაღვრე ქსელის მოწყობა, გარე განათების მოწყობა.

ინასარიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში სკვერისა და პარკირების მოსაწყობად ჩასატარებელია სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოები: სანიაღვრე სისტემისა და ჭების მოწყობა, პლასტმასის სანიაღვრე მილების მოწყობა, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მოწყობა ა/ბეტონის საფარით, დეკორატიული და ტაქტილური ფილების მოწყობა. აევე გაკეთდება ბავშვთა სათამაშო მოედანი, მოეწყობა ბაზალტის ანაკრები და რკ/ბეტონის მონოლითური ბორდიურები, სანაგვე ურნები, მწვანე კორდი, გარე
განათება და ჩატარდება ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები.

შალვა ინასარიძის ქუჩის გაგრძელებაზე [კობალძის ქუჩიდან 26-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით] მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, პლასტმასის სანიაღვრე მილები, ს/გზის სავალი ნაწილი ა/ბეტონის საფარით, დეკორატიული ფილები, ბორდიურები, დეკორატიული მოაჯირები, მწვანე კორდი.

ინასარიძიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთი „ჟილინის არხის“ მიმდებარედ / ფოტო პროექტიდან

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com