მთავარი,სიახლეები

ლავასოღლი ისევ თურქეთის ციხეში დატოვეს, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

02.03.2020 • 2434
ლავასოღლი ისევ თურქეთის ციხეში დატოვეს, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი და ლავასოღლი უახლოეს დღეებში საქართველოს და თურქეთის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

„28 თებერვალს ის გადაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში, სადაც შედარებით თავისუფლებაა, მაგრამ ნახევარ დღეში ის ისევ დააპატიმრეს… თურქი ადვოკატები არკვევენ, რა არის ხელახალი საექსტრადაციო პატიმრობის საფუძველი. საქართველო ამბობს, რომ ითხოვს მის გადმოცემას, თურქეთის პოზიციაა, წაიყვანეთო, ამიტომ ორივეს უჩივის ლავასოღლი სტრასბურგის სასამართლოში,“ – გვითხრა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

კანონიერი ქურდობის ბრალდებით მინდია ლავასოღლი ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოებმა 2019 წელს გაასამართლეს, თუმცა განაჩენის მიღების დროს ის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა.

დაახლოებით 16 თვის წინ „ინტერპოლმა“ მინდია ლავასოღლი თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში დააკავა, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.

პროკურატურის განმარტებით, 2018 წლის 27 ნოემბრიდან, როცა მათ ლავასოღლის ექსტრადაცია მოითხოვეს, ამ დრომდე ოფიციალური თურქეთისგან არ მიუღიათ პასუხი ექსტრადაციის თაობაზე. პროკურატურა განმარტავს, რომ მათ ყველა ოფიციალური დოკუმენტი მიაწოდეს თურქეთს და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მხარეს არ მოუთხოვია.

ლავასოღლის ექსტრადაციაზე წერდა თურქული მედიაც. მედიის ცნობით, დაპატიმრებული ლავასოღლის საქართველოში დაბრუნებას თავად საქართველოს ხელისუფლება არიდებს თავს.

 

ამ თემაზე:

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: