ბათუმი,მთავარი,სიახლეები

2017 წელი ბათუმის წყალმა 2.6-მილიონიანი მოგებით დაასრულა

14.06.2019 • 2248
2017 წელი ბათუმის წყალმა 2.6-მილიონიანი მოგებით დაასრულა

შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყლის 72% იყო დანაკარგი. ამ წელს კომპანიამ მოპოვებული სასმელი წყლის მხოლოდ 28%-ი გაყიდა, შემოსავალის სახით კი 13 მილიონ 242 ათასი ლარი მიიღო. ამავე დოკუმენტის მიხედვით,  ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებელი კომპანიის წმინდა მოგება 2 მილიონ 633 ათასი ლარი იყო. „ბათუმის წყალმა“ იმავე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით მიიღო 1 მილიონ 950 ათასი ლარი. მიუხედავად წმინდა მოგებისა, დივიდენდი კომპანიას ქალაქის ბიუჯეტში არ გადაუხდია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყალს“, სადაც გვითხრეს, რომ 2017 წელს კომპანიას წმინდა მოგება არ ჰქონია.

„ანგარიშგებაში ასახული ეს „წმინდა მოგება“არის იმის შედეგი, რომ ბათუმის მერია გვაწვდის უსასყიდლოდ მასალებს სხვადასხვა სამუშაოების შესრულების მიზნით. ამ მასალების თვითღირებულება კი, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აღირიცხება ფინანსურ ანგარიშგებაში. აქედან გამომდინარეა ასეთი სიტუაცია. ეს არის ჩვენი არასაოპერაციო შემოსავალი – მასალები [რომლებიც თვითღირებულებით აისახება] და რომლებიც შემდეგ ხმარდება წყალარინებისა და წყალმომარაგების იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებშიც ჩართულია „ბათუმის წყალი“. სწორედ ამის გამო ვერ ვანაწილებთ ჩვენ დივიდენდებს, ვინაიდან ეს არ არის წმინდა საოპერაციო შემოსავალი და მითუმეტეს მოგება“ – გვითხრა „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაზა გოგიტიძემ.

2017 წლის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა გარკვეულ კომპანიებს გასულ წელს დაევალათ. 2018 წლის ანგარიშგებების წარდგენის ვადა კი 2019 წლის ოქტომბრამდე აქვთ.

ზოგიერთი მონაცემი „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგებიდან:

 

[highlight color=”red”]მოპოვებული სასმელი წყალი და რეალიზაცია[/highlight] – „2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყალი შეადგენს 38,8 მილიონ კუბურ მეტრს, საიდანაც რეალიზებულია 11 მილიონი კუბური მეტრი. სხვაობა – 27,7 მილიონი კუბური მეტრი, ანუ 72%, წარმოადგენს დანაკარგს, რაც შეუსაბამოდ დიდი მოცულობაა“.

„დანაკარგი ჩვენ გვაქვს იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წაყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროცესი. ანუ, არსებული მთავარი ქსელი, რომლითაც წყალი სათავე ნაგებობიდან მოგვაქვს რეზერვუარებამდე და იქედან მოსახლეობამდე. ეს ქსელი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება. KFW-ს პროექტებით ალბათ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე ჩვენ, ჯერჯერობით, კიდევ გვაქვს დიდი დანაკარგი“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

„ჩაქვის მთავარი გადამცემი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია, საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად შევამციროთ წყლის დანაკარგის მაჩვენებელი. ასევე ამ მონაკვეთზე ადგილი აქვს მომხმარებელთა უკანონო დაერთებების მრავალ ფაქტს, რომელიც საჭიროებს შესაბამისი პროცედურების ჩატარებას და სიტუაციის გამოსწორებას“, – აღნიშნულია 2017 წლის ფინანსურ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „2017 წლის განმავლობაში „ბათუმის წყალი“ უშუალოდ ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციასა და უზრუნველყოფას უწევდა წყალმომარაგების – 467 კმ, წყალარინების – 213 კმ და სანიაღვრე წყლების – 218 კმ. სიგრძის ქსელებს“

[highlight color=”red”]შემოსავალი[/highlight] – 2017 წელს „ბათუმის წყალმა“ მოსახლეობის მიერ კანალიზაციით და წყალმომარაგებით სარგებლობისთვის გადახდილი თანხით მიიღო 3 683 000 ლარი; კომერციული ორგანიზაციებიდან – 6 117 000 ლარი; საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან – 879 000 ლარი; ასევე სხვა შემოსავალი – 2 563 000 ლარი. კომპანიის შემოსავალმა სულ შეადგინა 13 მილიონ 242  ათასი ლარი.

[highlight color=”red”]სხვა შემოსავალი [სუბსიდიები][/highlight] – კომპანიამ 2017 წელს ასევე მიიღო: საპროცენტო შემოსავალი – 462 000 ლარი, პირგასამტეხლო – 59 000 ლარი, ბათუმის ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით კი – 1 950 000 ლარი.

„სუბსიდიას ვიღებთ იმისთვის, რომ წყლის ტარიფი არ გაიზარდოს. არის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და KFW-ს შოროს  და ჩვენ სუბსიდირება გვეძლევა იმ მიზნით, რომ ტარიფი არის დაბალი“, – განაცხადეს „ბათუმის წყალში“.

ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „საწარმოს ძირითადი შემოსავალია მოხმარებული წყლის საფასური. მნიშვნელოვანია აგრეთვე ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული სუბსიდირება, რომელიც განსაზღვრულია „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების“ ფარგლებში. მოცემულ ეტაპზე კომპანიის ძირითადი შემოსავლები ფორმირდება ტარიფებით, რომელიც ბათუმის საკრებულოს მიერ 2006 წლის 16 ნოემბრის დადგენილებითაა განსაზღრული“.

[highlight color=”red”]ხარჯები[/highlight] – „ბათუმის წყლის“ პირდაპირმა საოპერაციო და ცვეთის ხარჯებმა ჯამში 13 536 000 ლარი შეადგინა. ანგარიშგების მიხედვით, აქედან უშუალოდ ცვეთის ხარჯი – 4 379 000 ლარი იყო. დანარჩენი პირდაპირი ხარჯიდან შრომის ანაზღაურებისთვის, ანუ „ბათუმის წყალში“ დასაქმებულთა ხელფასებისთვის კი, 2017 წელს, 6 401 000 ლარი დაიხარჯა.

„პერსპექტივაში კომპანიის ქსელის, აბონენტების ზრდისა და ინფრასტრუქტრის გამართვის კვალობაზე მოსალოდნელია საექსპლუატაციო დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც თავისთავად არსებული სატარიფო განაკვეთების პირობებში კიდევ უფრო გაზრდის საწარმოს ზარალის მოცულობას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სუბსიდირების თემა, რომელსაც ახორციელებს დამფუძნებელი – ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. სხვა პირობებში კომპანიის მენეჯმენტის წინაშე დადგება ისეთი საკითხების მოწესრიგება, როგორიცაა ტარიფის მისადაგება, პერსონალის განვითარების გეგმა და ქსელის უზრუნველყოფის მართვა, რომელთა ოპტიმალურმა გადაწყვეტამ უნდა უზრუნველყოს სამომავლოდ საწარმოს მომგებიანი საქმიანობის წარმართვა“, – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ 2017 წლის ანგარიშგებაში.

„ბათუმელებმა“ კომპანიისგან 2018 წლის შემოსავლების შესახებაც გამოითხოვა მონაცემები.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით: „2018 წლის დარიცხული შემოსავლების ოდენობამ შეადგინა 15 მილიონ 800 ათასი ლარი. ეს წელი კომპანიას არ დაუმთავრებია მოგებით და, შესაბამისად, არ ჰქონდა წმინდა მოგება. ამასთან, 2018-2019 წლებში „ბათუმის წყალს“ არ გადაუხდია დივიდენდები, რადგან არ ჰქონდა წმინდა მოგება“.

„ბათუმის წყალში“, ამ კომპანიისგან ადრე მიღებული ინფორმაციით, 2018 წელს 457 ადამიანი იყო დასაქმებული. თანამშრომლების ხელფასებისთვის კი თვეში საშუალოდ 425 825 ლარი დაიხარჯა. კომპანიაში დასაქმებულთაგან 287 შტატში იყო, ხოლო 170 შტატგარეშედ მუშაობდა.

„ბათუმის წყალში“ გასულ წელს ასევე გვითხრეს, რომ სახელისა და გვარების მიხედვით, თუ ვინ რა პოზიციაზე მუშაობს კომპანიაში, არ მოგვაწვდიდნენ. შესაბამისად, მუნიციპალური საწარმო არ იძლევა არც იმ ინფორმაციას, თუ ვის რამდენი აქვს ხელფასი, თუნდაც, მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულებს. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია კომპანიისგან, შარშან, წერილობით მაინც გამოითხოვა.

კომპანიის საპასუხო წერილში აღნიშნული იყო, რომ, მიუხედავად იმისა, შპს „ბათუმის წყალი“ დაფუძნებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, „კომპანია მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპით, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან პირდაპირი დაფინანსებით, შესაბამისად, კომპანია არ წარმოადგენს არც საჯარო დაწესებულებას და არც ადმინისტრაციულ ორგანოს.“

აქედან გამომდინარე „ბათუმის წყალმა“ მხოლოდ მომუშავეთა თანამდებობრივი პოზიციების ჩამონათვალი მოგვაწოდა, სახელ-გვარისა და ხელფასის ოდენობის გარეშე. კომპანიაში მაშინ ისიც განაცხადეს, რომ „გენერალური დირექტორია ერთადერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ინიშნება ბათუმის მერიიდან და კომპანიაში მხოლოდ ის ითვლება საჯარო მოხელედ. დირექტორის მიერ შევსებულია ქონებრივი დეკლარაცია და მასში დეტალურად არის მის შესახებ ყველა ინფორმაცია“.

მაშინ კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ ქოქოლაძე იყო, რომელსაც ამავე წლის 21 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში ხელფასი მითითებული არ ჰქონდა. „დეკლარაციის შევსების დროს ჩვენი წარმომადგენლის მიერ არ იქნა მონიშნული ის გრაფა, რომელიც აჩვენებდა, რომ „ბათუმის წყალი“ არის საჯარო დაწესებულება, რადგან კომპანია არ არის საჯარო დაწესებულება. ეს გრაფა რომ მონიშნულიყო ხელფასი გამოჩნდებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ თენგიზ ქოქოლაძეს ხელფასის სახით 2017 წელს დაერიცხა 53 ათას 295 ლარი [ანუ, 4 441 ლარი თვეში – ავტ.]“ – გვითხრეს მაშინ „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

2019 წლის 22 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში, თენგიზ ქოქოლაძეს, უკვე როგორც „ბათუმის წყლის“ ყოფილ დირექტორს აღნიშნული აქვს, რომ ამ თანამდებობაზე, 2018 წლის პირველი იანვრიდან 10 სექტემბრამდე პერიოდში, ხელფასის სახით მიღებული აქვს 37 ათას 597 ლარი და 79 თეთრი.

„ბათუმის წყლის“ ამჟამინდელ დირექტორს, მარინე გვიანიძეს, ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 31 ოქტომბერს აქვს შევსებული, თუმცა ხელფასის გრაფა შევსებული არ არის. მოქმედი დირექტორის ხელფასის ოდენობა კი, „ბათუმელებს“ კომპანიისგან ამ სტატიაზე მუშაობის პერიოდში წერილობით არ გამოუთხოვია.

წყალმომარაგების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები ჩაქვში / 13.06.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

მთავარი ფოტო: ჩაქვის წყალმომარაგების რეზერვუარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: