ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის აეროპორტს გააფართოებენ – გზშ საჭირო არ არის

29.02.2020 • 4290
ბათუმის აეროპორტს გააფართოებენ – გზშ საჭირო არ არის

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება. არსებული ფასადის და გამოყენებული კონსტრუქციების ანალოგიურად, შენობას მარჯვნიდან [42 მ] და მარცხნიდან [30 მ] გაუკეთდება მიშენება, რის შემდეგაც შენობის სიგრძე იქნება 192 მეტრი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აეროპორტის გაფართოების პროექტი არ დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ]. ასეთი გადაწყვეტილება შპს „ბათუმის აეროპორტის“ მიერ წარდგენილ სკრინინგის განცხადებაზე სამინისტრომ 27 თებერვალს მიიღო.

დოკუმენტების მიხედვით, ტერმინალი გაფართოვდება არსებული ტერმინალის სიმაღლეების შესაბამისად და დაგეგმილი საქმიანობა არ ითვალისწინებს აეროპორტისთვის
განკუთვნილი სხვა ინფრასტრუქტურის ცვლილებას.

შპს „ბათუმის აეროპორტი“ საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მმართველია შპს „ტავ ბათუმ ოფერეიშენს“. წილის მართვის უფლება ამ კომპანიაზე 2027 წლამდეა გადაცემული.

გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმის აეროპორტმა“ ტერმინალის გაფართოების გადაწყვეტილება „მგზავრისთვის მეტი სივრცისა და კომფორტის მოწყობის, აგრეთვე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“ მიიღო.

რამდენიმე დეტალი დოკუმენტებიდან:

  • მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია აეროპორტის ინფრასტრუქტურა შეადგენს 116 ჰექტარს.
  • სარეკონსტრუქციო ტერმინალის შენობიდან უახლოესი მოსახლე დაშორებულია 120 მეტრით.
  • ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მგზავრთა ზონებში განთავსდება (skylight) ფანჯრები, რომელიც დაკავშირებული იქნება ხანძრის ამოცნობის სისტემასთან. შენობას აგრეთვე ექნება საევაკუაციო გასასვლელი.
  • მშენებლობა განხორციელდება ისე, რომ არ შეჩერდება ტერმინალის ფუნქციონირება. მშენებლობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 12 თვეს.
  • საპროექტო ტერიტორიაზე ადმინისტრაციას აქვს მოწყობილი ხელოვნური მწვანე საფარი, სადაც მშენებლობის დაწყებამდე ნიადაგის ნაყოფიერ ფენას მოხსნიან. მოხსნილი ნაყოფიერი ფენის გამოყენება დაგეგმილია აეროპორტის ტერიტორიაზე გამწვანების ზოლის მოსაწყობად.
  • საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არ ფიქსირდება წითელი ნუსხით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული სახეობები. ტერიტორიაზე წარმოდგენილია რამდენიმე ერთეული ხელოვნურად განაშენიანებული კვიპაროსისებრთა ოჯახის ხე, რომელიც დარგო შპს „ბათუმის აეროპორტმა“. ტერმინალის გაფართოების პროექტი ითვალისწინებს თითოეული ხის გადარგვას აეროპორტის ეზოს სხვა ტერიტორიაზე.

2019 წლის ბოლოს, ბათუმის აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აცხადებდა, რომ ტერმინალის გაფართოების პროექტის განხორციელებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აფერხებდა, რაც სამინისტრომ ოფიციალურად უარყო.

პარალელურად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10-წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ატარებს. „კვლევის მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურას დეტალურად შეისწავლიან, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება“, – აღნიშნული იყო აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“-ი უწევს.

სწორედ ამ კვლევაზე იქნება დამოკიდებული სამომავლოდ,  ბათუმის აეროპორტის ბედი – დარჩება ადგილზე თუ გადაიტანენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვინაიდან ბათუმის აეროპორტს გაფართოების შანსი არ აქვს, ამასთან, ერთგვარად ხელს უშლის ქალაქის განვითარებას [სიმაღლეში გაზრდას – სიმაღლის შემზღუდავი სივრცეების გამო], საქართველოს მთავრობა განიხილავდა აეროპორტის ბათუმიდან გადატანის საკითხი.

ბათუმის მომავალი აეროპორტის სავარაუდო ადგილად კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია [აქ ადრე აეროდრომი იყო] ან ქობულეთის აეროდრომის ტერიტორია განიხილებოდა.

ამ თემაზე:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: