მთავარი,რეკლამა,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბათუმში, „მედცენტრში“ თირკმლის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა

29.02.2020 • 6887
ბათუმში, „მედცენტრში“ თირკმლის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა

28 თებერვალს, პირველად აჭარაში, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ თირკმლის ტრანსპლანტაცია საქართველოს უროლოგიის ცენტრის პროფესორმა, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა არჩილ ჩხოტუამ ჩაატარა. მამამ 23 წლის ქალიშვილს საკუთარი თირკმელი გადაუნერგა. მამა-შვილი ბათუმში ცხოვრობს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა – დონორი და რეციპიენტი თავს კარგად გრძნობენ.

თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევა რეგიონში პირველი  იყო – გვითხრა არჩილ ჩხოტუამ, რომელიც იმედოვნებს, რომ ეს მიმართულება სამომავლოდ აჭარაში კიდევ უფრო განვითარდება.

  • ბატონო არჩილ, დღეს უამრავი ადამიანი დიალიზზეა დამოკიდებული. რა განსხვავებაა მკურნალობის ამ მეთოდს და თირკმლის გადანერგვას შორის?

დიალიზი თირკმლის ფუნქციის ჩანაცვლების ერთ-ერთი მეთოდია, თუმცა ყველაზე ეფექტური თირკმლის ტრანსპლანტაციაა. გადანერგილ ორგანოს ყველაზე უკეთ შეუძლია შეცვალოს თირკმლის ფუნქცია. ტრანსპლანტაცია სხვა დანარჩენი მკურნალობის მეთოდს სჯობს, ეს ბევრი პარამეტრითაა დამტკიცებული. ტრანსპლანტაციით ადამიანები ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია, თუ შევადარებთ დიალეზზე მყოფ პაციენტებს. უფრო მეტიც, პაციენტების სიცოცხლის ხარისხი უმჯობესდება და თითქმის უტოლდება ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლის ხარისხს. მაგალითისთვის გეტყვით, პაციენტებს, რომლებსაც თირკმელი გადავუნერგეთ შექმნეს ოჯახები, ჰყავთ შვილები, აქტიურ ცხოვრებას ეწევიან.

  • ვინ შეიძლება იყოს დონორი?

დონორი კანონმდებლობით რეგულირდებოდა წლების განმავლობაში. 2000 წელს მიიღეს საქართველოს კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დონორი შეიძლება ყოფილიყო ოჯახის წევრი და ახლო ნათესავი, ან მეუღლე, თუ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ ერთი წელი და მეუღლის ნათესავები. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ამ მუხლის მოქმედება და გარკვეული ცვლილებები შეიტანა. დღეს, პრაქტიკულად არანათესავს, ემოციურად დაკავშირებულ პირებსაც შეუძლიათ იყვნენ დონორები, ოღონდ ეს უნდა იყოს უსასყიდლოდ – ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია სისხლის სამართლის კოდექსით. ამ შემთხვევაში დონორი და რეციპიენტი  მიდიან სასამართლოში, შეაქვთ განცხადება და სასამართლოს ნებართვის შემდეგ  გვაქვს უფლება ჩავატაროთ გადანერგვა.

  • ბატონო არჩილ, როგორ  პირობებში მოგიწიათ „მედცენტრში“ ოპერაციის ჩატარება და რამდენადაა კლინიკა მზად მსგავს გამოწვევებს უპასუხოს?

ოპერაციამ  წარმატებით ჩაიარა. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმ მაღალი დონით, რაც დამხვდა „მედცენტრში“, როგორც საოპერაციო – ინტენსიური თერაპიის განყოფილება, ასევე დიაგნოსტიკური რგოლი, ნეფროლოგიის განყოფილება. ამასთან არ მინდა გამომრჩეს და მინდა  ხაზი გავუსვა სამედიცინო პერსონალის მომზადების მაღალ დონეს. იგულისხმება პროცესში ჩართული ყველა რგოლი – ქირურგები, უროლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები, საშუალო სამედიცინო პერსონალი.  ამდენად, კმაყოფილი ვარ ამ შესანიშნავი გუნდით. ყველაფერი კი  შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სწორი მენეჯმენტი. პრაქტიკულად გადანერგილმა თირკმელმა იქვე, საოპერაციო მაგიდაზე დაიწყო ფუნქციონირება. გადანერგილი თირკმელი ინტენსიურად მუშაობს და  პაციენტი დიალიზისგან მოხსნილია. როგორც დონორის, ისე რეციპიენტის ყველა პარამეტრი შეესაბამება იმ მაჩვენებლებს, რაც უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ეს ოპერაცია კარგი დასაწყისი იქნება ამ დარგის განვითარებისთვის აჭარის რეგიონში.

  • თირკმლის გადანერგვას სახელმწიფო აფინანსებს?

როგორც დონორის, ისე რეციპიენტის ოპერაცია სახელმწიფოსგან ფინანსდება, პრაქტიკულად სრულად. უფრო მეტიც, ოპერაციის შემდგომ ისინი იმყოფებიან მედიკამენტურ თერაპიაზე და მათ მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამით მიეწოდებათ.

  • თირკმლის გადანერგვას უკუჩვენებაც ექნება.

დიახ, ეს არის ინფექციური, ონკოლოგიური დაავადებები, მძიმე სისტემური პათოლოგიები – გულსისხლძარღვთა, ღვიძლის, სასუნთქი სისტემის დაავადებები.

  • რომელი ასაკია სარეკომენდაციო?

დონორის ასაკი შეზღუდული არ არის. უფრო მეტად მნიშვნელობა აქვს დონორს –  65 წლის ზემოთ დონორს ვეუბნებით უარს. სტანდარტული დონორის ასაკი 60 წლამდე განიხილება. 60-დან 65 წლამდე ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად შვისწავლით, ბიოლოგიურად რამდენად ახალგაზრდაა თირკმელი. რაც შეეხება რეციპიენტებს, მკაცრად არ არის ასაკი განსაზღვრული – გადანერგვას ვაკეთებთ ბავშვებშიც. ყველაზე პატარა პაციენტი 7 წლის გვყავდა.

  • გადანერგილი თირკმელი, ან რომელიც დარჩება დონორის ორგანიზმში – თუ გვაქვს მონაცემები, რამდენ წელია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა?

დონორები ერთი თირკმლით მთელი დარჩენილი ცხოვრება ცხოვრობენ ჯანმრთელად. ბოლო 20 წლის განმავლობაში, არც ერთი დონორი დიალიზზე არ არის. ერთი თირკმელი  ყველა დონორში კარგად მუშაობდა. არ ყოფილა დონორის თირკმელთან დაკავშირებული პრობლემით გარდაცვალება. თუ დონორი გამოკვლეულია კარგად, მას არაფერი ემუქრება დარჩენილი ერთი თირკმლით. რა თქმა უნდა, დონორმა თავის ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

  • რა შემთხვევაშია ტრანსპლანტაცია ეფექტური?

ტრანსპლანტაცია ყველაზე ეფექტურია, სანამ დიალიზზე გადავა პაციენტი, ანუ  პრედიალიზის სტადიაში. როცა უკვე დიალეზი გარდაუვალია, მაშინ გაკეთებული ოპერაცია ყველაზე ნაკლები გართულებით მიდის.

  • ბატონო არჩილ, მაშინ როცა სახელმწიფო აფინანსებს თირკმლის ტრანსპლანტაციას, რატომ არის ადამიანების დიდი ნაწილი დიალიზზე დამოკიდებული? ეს ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული თუ მედიკოსებისადმი უნდობლობით?

ალბათ რაღაც დოზით არაინფორირებულობა და ამასთან დონორის არყოლაა მთავარი ფაქტორი. იმედი მაქვს, ამ წარმატებული ოპერაციის შემდეგ, „მედცენტრში“, სადაც დიალიზის ცენტრია, პაციენტები უფრო მოინდომებენ ოპერაციის ჩატარებას.

გარდა ცოცხალი დონორისა, ასევე შესაძლებალია გვამური ორგანოების გადანერგვაც. სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ვერ მოხერხდა გვამური ორგანოების გადანერგვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცოცხალი დონორისგან აღებული თირკმლის ტრანსპლანტაციით ყველა მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

ოპერაციის წარმატებით ჩატარებაში პროფესორი არჩილ ჩხოტუა „მედცენტრის“ მენეჯმენტს უკავშირებს, რაზეც კომენტარი მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის დირექტორს დეა ქაჯაიას ვთხოვეთ.

  • ქალბატონო დეა, საკმაოდ რთულ ოპერაციას შეეჭიდა „მედცენტრი“, საიდან წამოვიდა ამ მიმართულებით დაინტერესება?

კლინიკამ დააგროვა მძიმე თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტების მართვის გამოცდილება. ჩვენთან უძლიერესი უროლოგიური სამსახურია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო ბლოკი მჭიდრო კონტაქტი დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრთან. როცა კლინიკაში რეანიმაციული განყოფილებები გაიხსნა, დავიწყეთ ურგენტული დიალიზის ჩატარება.  დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრთან ერთად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ გავაუმჯობესოთ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა. პაციენტთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს. ცენტრის ხელმძღვანელთან, ავთანდილ თათარაძესთან და ნეფროლოგ ქეთი გელაშვილთან ხშირად ვსაუბრობდით პრობლემაზე. სამწუხაროდ, არის ახალგაზრდა კონტიგენტი და ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა მათთვის სარგებელი მოგვეტანა – მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

გარდა იმისა, რომ ნახავ დონორს, კლინიკას, სადაც ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ ცხოვრობ სხვა ქალაქში, ეს ადამიანებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბოლო ორი წელი ვფიქრობდით თირკმლის ტრანსპლანტაციაზე, გადავამზადეთ მედპერსონალი, როგორც ანესთეზიოლოგები, ისე მედდები – ტრანსპლანტაციის ჯგუფი. გამოჩნდა დონორი და რეციპიენტი, რომლებიც ადგილობრივები არიან. ხანგრძლივი პროცედურების და მომზადების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება გადაგვენერგა თირკმელი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გავდიოდით დეტალებს, პროცესში რამდენიმე დეპარტამენტი იყო ჩართული.   უროლოგიის დეპარტამენტი, როსტომ ხალვაში თავის გუნდთან ერთად. შესაბამისად აღიჭურვა საოპერაციო ბლოკი, მართალია ძირითადი აღჭურვილობა იყო, მაგრამ რაღაც დეტალების დამატება  მაინც გახდა აუცილებელი. ანესთეზიოლოგიური, რეანიმაციული, ინტენსიური თერაპიის სამსახურები სრულ მზადყოფნაში მოვიყვანეთ, ასეთი  ურთულესი ოპერაციის ჩასატარებლად. ჩვენ ყველა პირობა შევქმენით ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის – ინფექციური და ეპიდემიური კონტროლი მაქსიმალურად დაცულია. გუნდმა წარმატებით იმუშავა, ყველა რგოლმა მაქსიმალური გააკეთა.

მართალია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ დონორს და რეციპიენტს კიდევ აქვთ გზა გასავლელი სრულ გამოჯანმრთელებამდე. ყველაფერს გავაკეთებთ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის. გარდა ამისა, დარწმუნებულები ვართ, ეს არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩვენს კლინიკაში. ბატონ არჩილთან ერთად ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას, რათა ჩავატაროთ მასტეკლასები და ის მიღწევები, რაც უროლოგიის ეროვნულ ცენტრს აქვს და ჩვენი გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ.

ოპერაციის დაწყებამდე არჩილ ჩხოტუამ ჩაატარა ლექცია ასევე პროსტატის კიბოს მართვის პრინციპებზე.

ოპერაციის დაწყებამდე არჩილ ჩხოტუამ ჩაატარა ლექცია ასევე პროსტატის კიბოს მართვის პრინციპებზე.

ოპერაციის დაწყებამდე არჩილ ჩხოტუამ ჩაატარა ლექცია ასევე პროსტატის კიბოს მართვის პრინციპებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: