მთავარი,სიახლეები

20-სართულიანი კორპუსი ინასარიძის ქუჩაზე – სად აკეთებს სკვერს მერია

29.02.2020 • 3935
20-სართულიანი კორპუსი ინასარიძის ქუჩაზე – სად აკეთებს სკვერს მერია

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, მე-14 საჯარო სკოლის წინ, 20-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი აშენდება. მშენებლობისთვის აქ ტერიტორია უკვე შემოღობილია. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ადგილზე ბათუმის მერია სკვერს აშენებდა.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2020 წლის 29 იანვარს გასცა. შენობას შპს „როიალ ბულდინგი“ ააშენებს. მანამდე კი, მერიას მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ჰქონდა დაწყებული, რომელიც სკვერის მოწყობასაც ითვალისწინებს.

მერიის პროექტის მიხედვით, ორი პატარა სკვერი მოეწყობა: ერთი ინასარიძის 24-ში მდებარე სახლის, ხოლო მეორე ინასარიძის 22-ის მიმდებარედ. ქუჩის ორივე მხარეს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს [მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 4 631 999 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული კომპანია „ბონდი 2009“-სთან. სამუშაოები 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს].

მე-14 სკოლის პირდაპირ მდებარე ნაკვეთზე კი, რომელიც სახელმწიფომ 2017 წელს გაყიდა, საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

მერიის პროექტი სატენდერო დოკუმენტიდან

20-სართულიანი კორპუსი მე-14 სკოლის წინ / რენდერი პროექტიდან

შპს „როიალ ბულდინგის“ პროექტის მიხედვით, 20-სართულიანი სახლის სიმაღლე [უმაღლესი ვერტიკალური ნიშნული] 69 მეტრი იქნება, თითოეულ სართულზე განთავსდება 30 საცხოვრებელი აპარტამენტი [ანუ 600 აპარტამენტი მთელს კორპუსში].

ამავე პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა სართულზე მოეწყობა 32 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, ეზოსა და ეზოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე კი 48 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

20-სართულიანი კორპუსი მე-14 სკოლის წინ / რენდერი პროექტიდან

ბათუმის მერიაშიც და სახლის მშენებელ კომპანიაშიც აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ მრავალწლოვან ხეებს [ძირითადად ევკალიპტები] არ მოჭრიან.

ამ თემაზე:

4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: