კუალა-ლუმპურიდან იყალთოს 14-დღიან კარანტინში

 

ავტორი: ზაზა მიქელაძე, “სამოქალაქო დარბაზის” თანადამფუძნებელი

____________________________

კახეთის ბუნება გაზაფხულის გარდამავალ ფერებში შემოსილი სასტუმრო „სავანეთის“ ფანჯრიდან განწყობის შექმნაში მეხმარება. აბა რა, ესღა დამრჩენია შევეგუო ახალ რეალობას, ვიფიქრო უკეთეს მომავალზე და ვიბრძოლო ცხოვრების გასაგრძელებლად.

რთულია წარმოიდგინო, რომ სამყარო კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ოპტიმისტური განწყობით წარმოვიდგენ შესაძლო განვითარების სცენარებს და იმედით შევყურებ მომავალს, რომ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით საზოგადოებები სამომავლოდ უფრო სოლიდარულები იქნებიან, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილან. ჩვენ ვნახეთ, რაოდენ პატარაა დედამიწა, პლანეტა, სადაც ვცხოვრობთ.

2019 წლის ზაფხულში ჩავაბარე სამაგისტრო პროგრამაზე მალაიზიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. როდესაც დეკემბერში საერთაშორისო მედიაში პირველად გავრცელდა ინფორმაცია COVID – 19 – თან დაკავშირებით, წინათგრძნობა მქონდა, რომ ეს სერიოზული პრობლემა იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის და ჩემს დაგეგმილ მალაიზიურ ვოიაჟსაც შეუქმნიდა საფრთხეს, მაგრამ ველოდი, რომ გლობალური სამყარო მოახდენდა პრევენციას. შესაბამისად, 27 იანვარს გავემგზავრე მალაიზიაში. ვგეგმავდი, სამი წლის განმავლობაში იქ დავრჩენილიყავი, თუმცა მოულოდნელად გართულებული მდგომარეობის ფონზე დროზე ადრე დარჩა საჭირო დავბრუნებულიყავი საქართველოში.

მალაიზიაში მთელი ორი თვის მანძილზე, მიუხედავად ინფექციის გავრცელებისა, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და განსაკუთრებულ ზომებს თითქმის არ იღებდა. ვირუსი თანდათან უფრო ფართოდ ვრცელდებოდა, რამაც  მთავრობის მხრიდან საჭირო გახადა პრევენციული პოლიტიკის გატარება.

პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს რელიგიური შეკრებებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა და სახლში დარჩენის კამპანია წამოიწყო. როდესაც აშკარა გახდა, რომ ეს არასაკმარისი იყო შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ და საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურეს.

17 მარტს პრემიერ-მინისტრმა მუჰაიდდინ იასინმა განცხადება გააკეთა, რომ ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი დაიხურებოდა, მათ შორის: მსხვილი სავაჭრო ცენტრები, კინო-თეატრები და რესტორნები, მხოლოდ სასურსათო მარკეტები განაგრძობდა მუშაობას. პარალელურად მიმართა მან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ვისაც ექნებოდა შესაძლებლობა, დაეტოვებინათ მალაიზია და დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

გადავწვიტე რომ არსებული რთული რეალობა შემეფასებინა, მიმეღო არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის პრიორიტეტი მიმენიჭებინა და დავბრუნებულიყავი საქართველოში. მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, ეს გზა უფრო უსაფრთხო იყო თუ კუალა ლუმპურში დარჩენა. თუმცა, მაინც გადავწყვიტე წამოვსულიყავი.

18 მარტს დავუკავშირდი საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს მალაიზიაში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მოქალაქე ვიყავი ამ საინტერესო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ ქალაქში. მივაწოდე ჩემი მონაცემები და ვთხოვე, დამხმარებოდენენ. მათ საინფორმაციო თანადგომაზე გამოთქვეს მზადყოფნა და ექსტრემალურ სიტუაციაში მოსალოდნელი ფრენების გაუქმების, საჰაერო სივრცეების ჩაკეტვის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში მგზავრობის გრაფიკი ისე  შევადგინეთ, რომ შემძლებოდა სამშობლოში დაბრუნება.

რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ შევარჩიეთ შესაბამისი მარშრუტი ყატარის გავლით საქართველოსკენ, 20 მარტის რეისი, თუმცა არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ეს ფრენაც არ გადაიდებოდა. პარალელურ რეჟიმში ყატარში საქართველოს წარმომადგენლობა ინფორმაციას მაწვდიდა და ჯერჯერობით საქმე ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ სანერვიულო ბევრი იყო. ცნობილი გახდა, რომ ეს რეისი საქართველოს მიმართულებით ყატარის ავიახაზების მხრიდან ბოლო იქნებოდა. ნერვიულობამ იმატა, ჩემი მეგობრების დახმარებით შევძელი ბილეთის შეძენა და დავიწყე მზადება, მაგრამ საათები საუკუნეებად გადაიქცა, დრო ნელა გადიოდა.

აეროპორტში ხუთი საათით ადრე მივედი, ხალხი დაძაბული იყო და ყოველ წუთას ევროპის მიმართულებით ფრენები უქმდებოდა, რის გამოც მგზავრები გაურკვევლობაში იყვნენ, ხოლო ჩემი ემოციური ფონი კიდევ უფრო გართულდა. შინაგანად ვშფოთავდი და მქონდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ჩემი რეისის გაუქმების შესახებ განცხადება გაკეთებულიყო. შევეცადე საკუთარ თავზე კონტროლი შემენარჩუნებინა და ეს უკანასკნელი შედარებით წარმატებით გამომდიოდა. არ ჩავვარდი პანიკაში.

ბოლოს და ბოლოს დაიწყო მგზავრთა რეგისტრაცია. კომპანიასთან კიდევ ერთხელ გადავამოწმე დოჰა-თბილისის რეისი და მითხრეს, რომ ფრენა შესრულდებოდა, რამაც დამამშვიდა, თუმცა იმდენად სწრაფად იცვლებოდა მოვლენები, რომ საბოლოოდ მაინც არ ვიყავი დარწმუნებული.

დადგა სანატრელი დრო და დავიწყეთ ბორტზე ასვლა. ყველა მგზავრი აღელვებული იყო. თითოეული მათგანი შესაბამისი რეკომენდაციების დაცვას ცდილობდა. რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ ჩავფრინდი დოჰაში. საათნახევრიანი ლოდინი დასრულდა და ჩავჯექი თვითმფრინავში. მაშინ გავიაზრე, რომ უკვე საქართველოსკენ მივფრინავდი. ეს ფსიქოლოგიურად დადებითი ეფექტი იყო, რადგან თითქოს თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი. ბორტზე მხოლოდ ქართველები ვისხედით. ზოგი ამერიკიდან, ზოგი – ევროპიდან, პაკისტანიდან, იაპონიიდან, ზოგიც კი კანადიდან მოფრინავდა. სახეზე ყველას სხვადასხვა ფორმით და ხარისხით შფოთი ეტყობოდა და მეტნაკლებად ცდილობდნენ დაეცვათ რეკომენდაციები.

მოვაღწიეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. წინასწარ განსაზღვრული მქონდა, რომ კარანტინში უნდა გადავსულიყავი და ამას ადამიანურ და სამოქალაქო პასუხისმგებლობად მივიჩნევდი. ასე დავაზღვევდი საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და მთელს საზოგადოებას.

სიმართლე გითხრათ, არ მქონდა მოლოდინი, რომ აეროპორტში სიტუაცია ორგანიზებული და დახვედრაც მდგომარეობის შესაბამისი იქნებოდა. ბუნებრივია ექსპერტი არ ვარ და გამიჭირდება პროფესიონალური შეფასება გავაკეთო ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა მედიკოსების, მესაზღვრეების და პოლიციელების პასუხისმგებლობამ, ღირსეულმა დამოკიდებულებამ, სოლიდარულობის განცდამ და ადამიანზე ორიენტირებულმა კომუნიკაციამ ამ რთულ დროს სასიამოვნოდ გამაკვირვა.

ხალხმრავლობა არ იყო. დაახლოებით 15-მდე მგზავრი ვიყავით და შესაბამისად, ორგანიზებაც მეტნაკლებად მარტივად ხდებოდა. პირველ ეტაპზე ორი პოლიციელი, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ამოწმებდა ჩვენი მგზავრობის ისტორიას პასპორტში. თითო-თითო მგზავრს მესაზღვრესთან გვიშვებდნენ. კიდევ ერთხელ მოწმდებოდა საზღვრის კვეთა. შემდგომ გვაფიქსირებდნენ აპარატზე და გვიზომავდნენ ტემპერატურას, ყველა მონაცემს იწერდნენ. საბოლოოდ მივდიოდით ექიმთან და მასთან კონსულტაციას გავდიოდით, რის შემდეგაც სიმპტომების შესახებ გვეკითხებოდა. ვთხოვე, რომ კარანტინში გავეშვი და სწრაფადვე მიიღეს გადაწყვეტილება. ექიმმა ჯანმრთელობა მისურვა და აეროპორტის პირველ სართულზე ჩავედი, რათა დავლოდებოდი ავტობუსს, რომ გადავეყვანეთ კარანტინში.

ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, იყო ზოგიერთი მგზავრის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. მათი ნაწილი აპროტესტებდა და უკმაყოფილო იყო. ზოგი მათგანი პროცედურების გავლამდე მზაკვრულ გეგმას თხზავდა, თუ როგორ გაეღწია აქედან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით და წასულიყო ოჯახში. გაოგნებული ვუყურებდი და მიკვირდა, ნუთუ საკუთარ ოჯახის წევრებზე მაინც არ ფიქრობდნენ. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრთა უმეტესობა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყოველივეს.

მოკლედ, სიის შედგენის შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ჯგუფი უნდა გადაეყვანათ კახეთში, იყალთოსთან ახლოს მდებარე სასტუმრო „სავანეთში“. კომფორტულ ავტობუსში დომინოს პრინციპით დავსხედით და პოლიციის ესკორტის თანხლებით გავუდექით გზას. წახემსებისათვის მცირე ულუფა სავარძელზე დაგვახვედრეს. მართალია, საკმაოდ გაგრძელდა მგზავრობა, მაგრამ საბოლოოდ მივაღწიეთ.

ვიცოდი, რომ ცხოვრების განსხვავებული თოთხმეტი დღე იწყებოდა. სრულ იზოლაციაში, გაასმაგებული პასუხისმგებლობით, სიმპტომების შესაძლო გამომჟღავნების მოლოდინში და დაძაბულ საინფორმაციო გარემოში. აქამდე სხვანაირად წარმომედგინა აეროპორტში ჩამოფრენა, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახვედრა, ეს არაფრით გავდა დაგეგმილს, რომლის მოლოდინი წასვლის დღიდან მქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო, რომ ნაადრევი დაბრუნებით, უკვე სამშობლოში ვიყავი, ოჯახთან ახლოს.

სასტუმრო „სავანეთში“ მისვლის შემდეგ რიგრიგობით გავიარეთ შესაბამისი რეგისტრაცია და გადაგვანაწილეს. პროცედურის დაწყება ცოტა შეაგვიანდათ, მიზეზი ჩემთვის უცნობია, თუმცა კულტურული დამოკიდებულებით თითოეული თანამშრომელი პატივისცემას არ იშურებდა.

მიკვირდა ორგანიზების ეს ფორმა. მიხაროდა, რომ ქვეყანას ამდენის უნარი არ შესწევს და მაინც შევძელით ეს გაგვეკეთებინა. იმედს მაძლევდა, რომ თავს გავართმევდით ამ კრიზისს.

სასტუმროში არაჩვეულებრივი პირობებია. კომფორტული ნომრებით, ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით და სამჯერადი კვებით. ოთახიდან გასვლის უფლება არ გვაქვს. დილით, შუადღის და საღამოს კარებთან გვხდება საკვები. აბსოლუტურად საკმარისი და ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით მომზადებული კერძები. თუ რომელიმე პროდუქტზე ალერგია გაქვს, ან რელიგიური მრწამსის გამო არ მიირთმევ, შეგიძლია დაუკავშირდე და გაითვალისწინებენ.

ხედი სასტუმროს ფანჯრიდან. ზაზა მიქელაძის ფოტო

ყოველი დღე ვაკონტროლებ ტემპერატურას, ვცდილობ მხნედ ვიყო და ამ სტრესის ფონზე ნევროზულ ქმედებებში არ გადამეზარდოს. გასათვალისწინებელია მედიკოსებთან კომუნიკაცია, შინაგანად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რთულ და დაძაბულ დროს ეს ადამიანები კიდევ ინარჩუნებენ უნარს, რომ ტკბილი სიტყვა გითხრან და მადლობა გადაგიხადონ სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესრულებისთვის.

უჩვეულოა დაბადების დღეს კარანტინში შეხვდე. თუმცა, სწორედ ამიტომ ვარ იზოლირებული, რომ ვიცოცხლო და სხვასაც შევუწყო ხელი ჯანმრთელად იყოს. გვიყვარდეს ცხოვრება და მისი ყოველი წამი, ეს არ არის უსასრულო. ამის შეგრძნება კრიზისულ ვითარებაში უფრო მარტივია.

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, მოწყვლად ჯგუფებს, მთელს საზოგადოებას და პასუხისმგებლიანი იყავით იმ რეკომენდაციების შესრულებისას, რასაც სახელმწიფო და მედიკოსები ინფექციისაგან დასაცავად გვთავაზობენ. დავაფასოთ ჯანმრთელობა.

სასტუმროს ჰოლი. კარანტინში მყოფ პირთათვის სასტუმროს ნომრების წინ პარკებით ტოვებენ საკვებს. ზაზა მიქელაძის ფოტო

დისტანცირებული და ოლაინ სხდომები – როგორ აპირებენ მუშაობას საკრებულოები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დისტანციური სხდომის ჩასატარებლად ემზადება.

„უახლოეს დღეებში სხდომას არ ვგეგმავთ, მერიასაც არ აქვს ისეთი საჭიროება, რომ საჩქაროდ იყოს რაიმე დასამტკიცებელი. მაგრამ თუ მაინც საჭირო გახდება ვემზადებით, რომ შემდეგი სხდომა დისტანციურად, სპეციალური პროგრამის დახმარებით, ონლაინ, პირდაპირი ჩართვით ჩავატაროთ“ – გვითხრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ სხდომაზევე საკრებულო კენჭს უყრის განკარგულებას სხდომის დისტანცირებულად ჩატარების შესახებ.

დავით მჭედლიძის ინფორმაციით სხდომა, ასევე, იქნება ჩართული საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე, სხდომის შემდეგ კი, როგორც ვიდეოჩანაწერი, ასევე განხილული საკითხები, სრულად აიტვირთება.

31 მარტს, სამშაბათს სხდომის ჩატარებას გეგმავენ როგორც ქედის, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოებიც.

იმის გამო, რომ სოფლებს, სადაც საკრებულოს წევრები ცხოვრობენ, არ მიეწოდება ინტერნეტი ისეთი სიჩქარით, რომ პირდაპირი ჩართვის მეშვეობით სხდომის ჩატარება იყოს შესაძლებელი, ამიტომ ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ, შუქრი თურმანიძემ, სხდომის ჩატარება დიდ დარბაზში გადაწყვიტა: „სადაც საკრებულოს წევრები ერთმანეთისგან ოთხი მეტრის დაშორებით დასხდებიან“.

რეკომენდაცია 2 მეტრით დაშორებაა, მაგრამ ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს მეტი სიფრთხილე ურჩევნია.

სხდომა დახურული იქნება და როგორც თავმჯდომარე ამბობს, განიხილავენ მხოლოდ იმ საკითხებს, რომელთა დამტკიცებაც აუცილებელია მერიის სტრუქტურული ერთეულების გამართულად მუშაობისთვის.

31 მარტს სხდომა აქვს ჩანიშნული ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც. თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ამბობს, რომ  დისტანცირების მოთხოვნის შესაბამისად სხდომას ხულოს თეატრის შენობაში ჩაატარებენ.

ჯუმბერ დიმიტრაძის თქმით, მასაც უნდოდა პირდაპირი ჩართვის საშუალებით სხდომის ჩატარება, მაგრამ „ცუდი ინტერნეტის გამო“ გადაწყვიტა სხდომა შეფერხების გარეშე ჩაატაროს.

ხელვაჩაურის საკრებულომ პირველი დისტანციური სხდომა 27 მარტს ჩაატარა, რომელიც პირდაპირი ჩართვით არ განხორციელებულა.

როგორ უზრუნველყო საკრებულომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებებით გათვალისწინებული რეკომენდაცია ათი კაცის ერთად შეკრებაზე? – პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ დისტანცირებისთვის სხდომა არა საკრებულოს სხდომათა დარბაზში, არამედ კულტურის სახლის დიდ დარბაზში ჩაატარეს, საკრებულოს წევრები კი  დისტანცირებულად ისხდნენ, თუმცა სხდომაზე გადაღებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს ვერ ვიტყვით, რომ წესები დაცულია, სხდომის ყველა დამსწრეს პირბადე არ უკეთია:

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა სამ საკითხზე იმსჯელეს, მთავრი განსახილველი ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო. ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 158 000 ლარი დაემატა, აქედან 20  000  ლარი  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებისა და შშმ პირებისათვის მედიკამენტების შეძენას მოხმარდება, დარჩენილი თანხა კი სარეზერვო ფონდში გადაიტანეს.

სხდომა დიდ დარბაზში, დისტანცირების წესების დაცვით ჩავატარეთო – გვითხრეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც – აქ საკრებულოს წევრებს პირბადეები ეკეთათ, მაგრამ დისტანცია დაცული არ აქვთ და ერთმანეთთან ახლოს სხედან:

შუახევის საკრებულოს სხდომა

უახლოეს მომავალში სხდომის ჩატარებას არ გეგმავენ ბათუმის საკრებულოში. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის ნატალია ზოიძის თქმით, საკრებულოს წევრები თავიანთი მაჟორიტარული უბნების მიხედვით  ძირითადად იმ ჯგუფებს ეხმარებიან, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

საკრებულოს წევრის თქმით, ბოლო პერიოდში მას ამომრჩეველი რამდენჯერმე დაუკავშირდა და კორპუსებში დეზინფექციის ჩატარების საკითხით დაინტერესდა:

„დღეს სამმა დამირეკა და მითხრა, რომ მათ კორპუსში დეზინფექცია არ ჩაუტარებიათ, ახლა ვცდილობ გავარკვიო, მართალია თუ არა. თუ არ ჩაუტარებიათ, ალბათ ჩაატარებენ“ – გვითხრა ნატალია ზოიძემ.

ბათუმის საკრებულოში ბოლოს სხდომა 25 თებერვალს შედგა. რეგლამენტით კი საკრებულო თვეში ერთხელ მაინც უნდა შეიკრიბოს.

„გამომდინარე იქედან, რომ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ არ გვაქვს გადაუდებელი საკითხები – ეს იქნება ბიუჯეტში ცვლილება, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური საკითხები, რაც შეაფერხებს მუნიციპალიტეტის საქმიანობას, ამ თვეში სხდომის ჩატარების საკითხი მეორეხარისხოვნად ჩაითვალა. მითუმეტეს, პანდემიის გამო ადამიანების უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. სხვა მხრივ, დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობთ  და მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადებები განიხილება“, – გვითხრა ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ.

ირაკლი თავართქილაძის თქმით, წინა პლანზე დგას ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მაგრამ „თუ რაიმე გადაუდებელი საკითხი გაჩნდება, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხდომა ალბათ ჩატარდება -„ჩავატარებთ სხდომას და დავიცავთ დისტანციას. გვაქვს პირბადეები, ხელთათმანები, სადეზინფექციო საშუალებებიც. ჩვენ კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას სხდომა ონლაინ რეჟიმში ჩავატაროთ“.

ცოლ-შვილის ცემისთვის კაცი 6 თვით დააპატიმრეს

ცოლსა და შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის ოზურგეთში კაცს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა კიკნაძემ მიიღო.

განაჩენის მიხედვით, ბრალდებული იმ საღამოს, როცა ძალადობა მოხდა, სახლში ნასვამი დაბრუნდა და გაზქურაზე კვერცხის შეწვას ცდილობდა, მას ტაფა იატაკზე გადმოუვარდა. ბრალდებულმა ტაფის გადმოვარდნა იქვე მყოფ ქალიშვილს დააბრალა და თავში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა.

მეორე დილით ბრალდებულმა ცოლს აგინა და ხელი დაარტყა მას შემდეგ, როცა ქალმა შვილზე ძალადობისთვის ქმარს კითხვა დაუსვა. “შენ ვინ გეკითხება, როგორ მოვექცევი ჩემს შვილს?”- უკითხავს ბრალდებულს.

დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ამ საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, მოსამათლეს დაზარალებულთა ჩვენებები არ მოუსმენია.

ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და პატიება ითხოვა.

სილქნეტის 5 შეთავაზება ეფექტური დისტანცირებისთვის

როდესაც ჩვენგან ერთდროულადსახლში დარჩენა“, მუდმივად კავშირზე ყოფნა და ამავე დროს პროდუქტიულობა მოითხოვეს, დავიწყეთ პირადი სივრცის ორგანიზება ბინაში, რადგან ეს სწორედ ის ადგილია, სადაც დროის 100% უნდა გავატაროთ უახლოესი ერთი თვე მაინც.

რას სთავაზობს კომპანია სილქნეტი თავის მომხმარებლებს დისტანცირების პირობებში

# გავზარდოთ ინტერნეტის სიჩქარე სახლში

სტანდარტული პაკეტის წარმადობამ, შესაძლოა არ დაგაკმაყოფილოთ, როცა ერთდროულად ოჯახის ყველა წევრი საკუთარი დივაისით არის შესული ქსელში. სილქნეტი საჩუქრად ერთი თვით სიჩქარის +20მბ/წმით მატებას გვთავაზობს. „ბუსტისაქციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2 100 100 ან პორტალის mysilknet.com საშუალებით ხდება და მისი აქტივაცია მთელი თვე იქნება შესაძლებელი. აქციის გარეშე პროდუქტის ღირებულება 4 ლარია

#როგორ აღვადგინოთ ინტერნეტ სერვისი 1,5 ლარიდან 

ინტერნეტზე წვდომის გასამარტივებლად, დავალიანების მქონე აბონენტებისთვის მოქნილი სქემები შეიმუშავა სილქნეტმა. 1 დღით (24 საათით) პაკეტის აღდგენის ღირებულება – 1.5 ლარია; პაკეტის 7 დღით აღდგენა შესაძლებელია – 10 ლარად; ამ შეთავაზებით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლია მომხმარებელს. სერვისის გააქტიურებისთვის, აბონენტმა უნდა დააფიქსიროს მოთხოვნა ცხელ ხაზზე 2100 100 და დეპოზიდზე იქონიოს შესაბამისი თანხა

#სილქფესტის მიმდინარე აქციები 

სილქფესტის შეთავაზებები განსაკუთრებულად აქტუალურია საგანგებო რეჟიმის პირობებში. მომხმარებელთა უმრავლესობა გაერიდა დიდ ქალაქებს და ოჯახთან ერთად აგარაკებს, დაბებს მიაშურა. 1 აპრილამდე ყველაზე მოთხოვნადი პირობების ჩართვა ჯერ კიდევ შეიძლება სილქფესტით

  • ულიმიტო ინტერნეტი 19 ვადა 30 დღე, აქტივაცია *019#. 
  • 15GB ინტერნეტ მოცულობა 10 ლარადვადა 30 დღე, აქტივაცია *202# 
  • ულიმიტო სასაუბრო 10 ლარადგავრცელდება ლოკალური მიმართულების ზარებზე, ვადა 30 დღე, აქტივაცია *202# 
  • მეტი უსასრულო+“ – აქციის ფარგლებში პირობა სპეციალურ ფასად არის შეთავაზებული -35 ლარის ნაცვლად 19 ლარი. პაკეტი მოიცავს უსასრულო საუბარს, უსასრულო SMS და 7GB ინტერნეტს. ეს პირობა აქტიური იქნება 30 დღე, აქტივაცია*010#. 

გაითვალისწინეთუსასრულო სასაუბრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებით

#ინტერნეტს, SMS და სასაუბრო დროს 5 დღით 5 ლარად გაიაქტიურებთ

ულიმიტო ზარების, SMS-ების და 1GB ინტერნეტის აქტივაცია შესაძლებელია კომბინაციით *202# ან აპლიკაციიდან My silknet .

# მობილური ინტერნეტის აქციები 1 აპრილიდან

1 აპრილიდან 1 მაისამდე შეძლებთ  ერთდროულად ან ცალ-ცალკე რამდენიმე აქციით სარგებლობას კომბინაციით *019# : 

სილქფესტი მობილურ ინტერნეტზე ყველაზე ხელმისაწვდომ პირობებს შემოგვთავაზებს:  ულიმიტო ინტერნეტი 1 ლარად – 1 დღე 

ულიმიტო ინტერნეტი 4 ლარად – 5 დღე 

ულიმიტო ინტერნეტი 10 ლარად – 14 დღე 

ღამის ულიმიტო პაკეტი (00:00-08:00 საათამდე) 4,90 ლარი – 30 დღე

და ბოლოსმომხმარებლების ფავორიტი პაკეტი: ერთვიანი ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად!

სილქნეტი ზრუნავს აბონენტების უწყვეტ და შეუზღუდავ კომუნიკაციაზე

დარჩით სახლში, იყავით კავშირზე მთელ სამყაროსთან და ახლობლებთან!

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ექვსი პირი დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით  აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინეს.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი ადმინისტრაციული წესით 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ბათუმის მერია: მუნიციპალური სასადილოები მუშაობას პირველი აპრილიდან შეწყვეტენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით შეიცვლება.

პირველი აპრილიდან ერთი თვით მუნიციპალური სასადილოები  მუშაობას შეწყვეტენ. ბენეფიციარები კუთვნილ საკვებს სასადილოებში აღარ მიირთმევენ და ვერღაც გამზადებულ საჭმელს წაიღებენ.

30-31 მარტს დაიწყება სასურსათო პაკეტების გაცემა, რომელიც არამალფუჭებად პროდუქტებს მოიცავს.

მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის სახლში პროდუქტების მიტანას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

მერიის განმარტებით  გადაწყვეტილება ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

საუბარია 70 წელს გადაცილებულ მამაკაცზე, რომელსაც თანმხლები დაავადებები აღენიშნება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება.

„ოთხი პაციენტია ჩვენთან, „მედალფაში“. აქედან ერთს ტოტალური პნევმონიის ფონზე განუვითარდა დისტრეს სინდრომი და გადავიყვანეთ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ვიტალური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში აქვს აპარატზე, მეორე პაციენტს აქვს პნევმონია, საშუალო სიმძიმის არის და არ საჭიროებს ხელოვნური სუნთქვის აპარატის მხარდაჭერას. ორის მდგომარეობა კი საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ანთაძემ, კლინიკა „მედალფას“აჭარისა და გურიის რეგიონალურმა დირექტორმა.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 7 პაციენტს მკურნალობენ. სამი მათგანი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე, დღეს ბათუმში ექვი პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან კორონავირუსზე. ექვსივე პირი კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.

ახლა სტომატოლოგთან სიარულის დრო არ არის

 

ავტორი: თათია ანდღულაძე, სტომატოლოგი, კლინიკა „ინდიგოს“ დამფუძნებელი 

_____________________

სტომატოლოგიურ კლინიკებში უნდა შეწყდეს არამარტო გეგმიური, არამედ  გადაუდებელი მომსახურებაც.

ვირუსის შესახებ არაფერი ვიცით. არც ის ვიცით, შემოსული პაციენტი დაავადებულია თუ არა. ამიტომ რისკის ქვეშ ვაყენებთ არამარტო მომუშავე მედპერსონალს, არამედ ყველა პაციენტს და მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს.

თუ, როგორც კვლევები აჩვენებს, ვირუსი გარემოში მედეგობას ხანგრძლივი პერიოდით ინარჩუნებს, მიმღებში შემოსული ერთი ინფიცირებული პაციენტიც კი საკმარისია კლინიკის პერსონალისა და ყველა შემოსული პაციენტის დაინფიცირებისთვის, რადგან შეუძლებელია ყველა იმ საგნის (კიბის სახელური, კედელი, ადმინისტრაციის საწერი მაგიდა და ა.შ) კონტროლი, რომელსაც პაციენტი შეეხება.

უფრო დიდი გამოწვევაა სტომატოლოგიურ კლინიკებში მედპერსონალის სათანადოდ აღჭურვა სახის ფარით, სტერილური ერთჯერადი ხალათით, რესპირატორით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანით, ბახილებით, ჩაჩით, ზედაპირების და ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარით. ეს არის სამედიცინო პერსონალის დაცვისთვის საჭირო ყველა ის აღჭურვილობა, რომლის მოძიება სტომატოლოგიური მასალების მომწოდებლებთან შეუძლებელია. ვცადე, დავკავშირებოდი იმ დისტრიბუტორებს, რომლებიც ამარაგებენ საავადმყოფოებს. ყველა მომწოდებლისგან პასუხი იყო ერთი – ჩვენ მარაგს ვინახავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის და ინფექციური საავადმყოფოებისთვის. პასუხი ლოგიკურია, რადგან ეს მასალები დეფიციტურია და უშუალოდ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმებში ჭირს არა მხოლოდ ჩვენთან, ამერიკაშიც კი.

ჩემთვის ეს პასუხი იყო საკმარისი იმისათვის, რომ შემეწყვიტა საქმიანობა. სამწუხაროდ, არსებულ საფრთხეს ჩემი კოლეგების ნაწილი ბოლომდე ვერ აცნობიერებს და დღემდე აგრძელებენ პაციენტების მიღებას.

ახლა მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

მოვუწოდებ კოლეგებს, რომ გვერდით გადავდოთ კომერციული ინტერესები და არ შევქმნათ ვირუსის გავრცელების ახალი წყაროები.

მაშინ, როცა ოთხი თვითაა გადავადებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გეგმიური ოპერაციები, სტომატოლოგიურმა კლინიკებმაც უნდა მოახერხონ ადაპტირება ამ სიტუაციაში და გონივრულად და რაციონალურად მოქმედება.

მაგალითად, პაციენტი, რომელიც, მოგმართავს პულპიტური ხასიათის ტკივილით, დავუნიშნოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც მას დროებით შეუმსუბუქებს ტკივილს; პაროდონტიტის დროს დავუნიშნოთ ანტიბაქტერიული სავლები, რომელიც ასევე გარკვეული პერიოდით შეუჩერებს პაციენტს ღრძილებიდან სისხლდენას, ხოლო პაციენტები პერიოდონტიტით ან სხვა გართულებებით – გადავამისამართოთ ჰოსპიტალში, სადაც უსაფრთხოების დაცვის მეტი შესაძლებლობაა. ყველა ეს ზომა უნდა მივიღოთ მანამ, სანამ ამ უჩვეულო ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნება და შეიქმნება პაციენტებისა და მედ. პერსონალის დაცვისთვის აუცილებელი პირობები.

მანამდე კი, #ნუგავავრცელებთ #დარჩისახლში

საგზაო სფეროში ჩადენილი დარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია.

ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას.

გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება.

„ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით მოხდება.

ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ გადახდის ვადებს“ – აცხადებს შსს.

მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ დაჯარიმდებიან.

„აქვე გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს და მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მომსახურების ცენტრებში არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები სატელეფონო ცენტრთან (241 42 42) დაკავშირებით და ასევე, ელექტრონული ვებგვერდის -police.ge მეშვეობით მიიღებენ“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს.

გადავადებულია 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადაც:

1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა სექტემბრამდე გახანგრძლივდა

კარანტინის ზონაში მომუშავე პერსონალისთვის სამინისტრო ნახევარ მილიონ პირბადეს იყიდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 500 ათასი ცალი სამშრიანი სახის ნიღაბის [პირბადის] შესყიდვაზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 570 ათას ლარზე გააფორმა [1 პირბადის ფასი 1.14 ლარი].

პირბადეების შესყიდვა, სამინისტროს ინფორმაციით, „მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის, გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისათვის, პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნვეყოფის მიზნით“ ხდება.

ხელშეკრულების მიხედვით, პირბადეების მიწოდება შპს „ქართული ტექსტილი“-მ 2020 წლის 30 მარტიდან უნდა განახორციელოს ყოველდღიურად, დღეში 15 ათასი ცალის ოდენობით.

სამინისტროს ინფორმაციით, შესყიდულ მოცულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „მოსალოდნელი რისკების შეფასებისას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ხარჯვის გათვალისწინებით, დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით“ მიიღეს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული და მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია.

2020 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 83, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 14, კარანტინის რეჟიმშია – 4641 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 239 ადამიანი.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობის მიერ მიღებულია ასევე გადაწყვეტილება, „ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით“ საქართველოში მოხდეს სამედიცინო პირბადეების წარმოება.

წარმოების ხაზის გასამართად ბიუჯეტიდან 6 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე:

სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

მთავარი ფოტო: საველე კარავი კარანტინის ზონაში [მარნეული, ბოლნისი] / ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

„დაბრუნდა, როცა გაიგო, რომ პაციენტებს ვერ აუდიოდნენ“ – Covid 19-ით გარდაცვლილი 5 ექიმი 

ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას საფრანგეთში 5 ექიმი გარდაიცვალა. ხუთივეს Covid 19 გადაედო.

ჟან ჟაკ რაზაფინდრანეზი, სილვიან ველინგი, ჟან-მარი ბეგლი, მაჰენ რამლოლი, ოლივიე-ჟაკ შნელერი, სამი მათგანი საფრანგეთის აღმოსავლეთიდანაა, მხარე, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა საფრანგეთში და სადაც ყველა კლინიკა ახლა გადავსებულია.

მკურნალი ექიმი – მაჰენ რამლოლი

70 წლის მაჰენ რამლოლი ელზასში, ქალაქ კოლმარის საავადმყოფოში გარდაიცვალა კვირას, 22 მარტს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საგანგებო მდგომარეობაში მას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზება ევალებოდა, წარმოშობით იყო მავრიკიიდან, მაგრამ ექიმად ელზასში მუშაობდა.

ოლივიე ჟაკ შნელერი

68 წლის ექიმიც გასულ კვირას გარდაიცვალა კორონავირუსით ბელფორტის რეგიონში, ტრევენანის ჰოსპიტალში.

„ეს სოფლის ექიმი იყო, რომელიც ყოველთვის მზად იყო სხვების დასახმარებლად, მას სოფელში ყველ იცნობდა, არ ითვლიდა სამუშაო საათებს, არ გადიოდა კუთვნილ პენსიაზე და განაგრძობდა მუშაობას. ვირუსითაც სამუშაო ადგილზე დაინფიცირდა. ჩემი გულწრფელი მწუხარება მთელ მის ოჯახს, თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რაც მოხდა“, – ამბობს ადგილობრივ მედიასთან ბელფორტის მერი.

ჟან-მარი ბეგლი – გინეკოლოგი

66 წლის გინეკოლოგი იმავე კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც 35 წელი მუშაობდა.

როგორც მისი კოლეგა ჰყვება, ჟან-მარი ბეგლი პაციენტისგან დაინფიცირდა მულუზის საავადმყოფოში, ორსულისგან, რომელსაც კაბინეტში სინჯავდა. ,,როცა ცუდად გახდა, ვიქენდზე სოფელში წავიდა, ბურგონში. 8 დღე დაჰყო ბონის ჰოსპიტალში, მერე დიჟონში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალა კიდეც“, – ამბობს გარდაცვლილი ექიმის კოლეგა ექიმი ბლუმი.

France 3-თან ინტერვიუსას ექიმის მეგობრებმა დაადასტურეს, რომ გინეკოლოგს სხვა ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა და ბოლო დღეები კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ კომაში იყო.

,,ის ჩემი გინეკოლოგი იყო წლების მანძილზე და გუშინ გარდაიცვალა Covid 19-ით“ – წერს სოცქსელში ექიმის ერთ-ერთი პაციენტი.

სილვიან ველინგი

60 წლის ექიმი სენ-ავოლდის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის რესპირატორული გართულებებით მოათავსეს.

,,ეს იყო ძალიან აქტიური ექიმი, რომელიც დროზე ადრე მოდიოდა კლინიკაში და შინ ძალიან გვიან ბრუნდებოდა“, – ასე ახასიათებენ მას კოლეგები. ოთხშაბათს, 25 მარტს, ის დილიდან პაციენტებს იღებდა მანამ, სანამ თავადაც ცუდად არ გახდა და ძალიან სწრაფად გარდაიცვალა.

ჟან-ჟაკ რაზაფინდრანეზი – დახმარების მოსურნე პენსიონერი

ჟან-ჟაკ რაზაფინდრანეზი პირველი ექიმია საფრანგეთში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდა და ამავე ვირუსით გარდაიცვალა. ექიმი 3 კვირა ებრძოდა ვირუსს, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა. მისი კოლეგები ფრანგულ ტელევიზიასთან France 3 საუბრისას ამბობენ, რომ ექიმს მადაგასკარზე ჰქონდა სახლი, მაგრამ როცა გაიგო, რომ ჰოსპიტალში ექიმები პაციენტებს ვერ აუდიოდნენ, დაბრუნდა და დახმარება შემოგვთავაზა.

როგორც გამოცემა Le Parisien წერს, ექიმს ძალიან ბევრ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი უაზში, სადაც საფრანგეთში ვირუსის გამავრცელებელი პირველი კლასტერები გამოვლინდა.

ვირუსის სიმპტომები ჰქონდა ჟან-ჟაკ რაზაფინდრანეზის ცოლსაც, რომელიც ასევე ექიმია, მან ვერ შეძლო მეუღლეს საავადმყოფომდე მიჰყოლოდა, რადგან შინ, კარანტინში იყო.

,,მამამ თავი გაწირა“ – დაწერა ექიმის შვილმა მამის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში.

„ის პენსიაში იყო და შეეძლო დაესვენა, მაგრამ განაგრძობდა საავადმყოფოში სიარულს, რომ გადატვირთულ კოლეგებს დახმარებოდა. მუშაობდა, რადგან მას ეს მოსწონდა და ეს იყო მისი ცხოვრება. მისი გარდაცვალება უსამართლობაა. ჩვენ დამწუხრებულები და გაბრაზებულები ვართ“, – წერს გამოცემა Le Parisien გარდაცვლილი ექიმის შესახებ.

მთავარი ფოტო: ჟან-მარი ბეგლი, გინეკოლოგი

ბათუმის ქუჩებში დეზინფექციას ატარებენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის მერიამ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

„კოხრეიძე თავის პერსონალურ გეგმას არ ახორციელებს აჭარა ტვ-ში“ – ზვიად ქორიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ალტერნატიულ პროფკავშირთან მედიაციის პროცესი ისე შეწყვიტა, რომ არ დალაპარაკებია თანამშრომლებს. არხის ჟურნალისტები გაფიცვას გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თქვეს, რომ ამ რთულ ვითარებაში საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ უნდა იმუშაონ. ამის მიუხედავად, ეს ჯგუფი მაინც ეთერს მიღმა აღმოჩნდა: გიორგი კოხრეიძემ გააჩერა გადაცემა „ჰეშთეგი“. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა ტელეწამყვანის გათავისუფლება და სხვა წამყვანი ჟურნალისტებისთვის პოზიციების შეცვლა. როგორ შეიძლება ეს პროცესები მაუწყებელში დასრულდეს? – „ბათუმელების“ კითხვებს მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე პასუხობს.

  • ბატონო ზვიად, აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე აცხადებს, რომ გიორგი კოხრეიძემ კორონავირუსით ისარგებლა და ისინი სამსახურს ჩამოაშორა. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს, ასეა?

ის, რომ მედიაციის პროცესი შეწყვიტა მენეჯერმა და მოთხოვნები, რომლებიც ჰქონდა ალტერნატიულ პროფკავშირებს არ მიიღო განსახილველად, არ შევიდა დისკუსიაში, ეს უკვე საფუძველია იმისა, რომ პროფკავშირებმა დაიწყოს გაფიცვა. თუმცა, დღეს ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელობა რასაც საუბრობს, მიმამჩნია, რომ სამოქალაქო თვალსაზრისით ისინი სწორად იქცევიან: ასეთ დაძაბულ ვითარებაში, როგორიც საქართველოში პანდემიის გამო შეიქმნა, ძალიან რთული იქნება გაფიცვის გამართვა, გაფიცვის აღქმაც, სოლიდარობაც გაფიცულთა მიმართ და შედეგის მიღწევაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები სამოქალქო პასუხისმგებლობით მიუდგნენ და არ დაიწყეს გაფიცვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაფიცვის საფუძველი არის ის, რომ მედიაცია არ შედგა. დიახ, მათ თქვეს, რომ არ გაიფიცებოდნენ, მაგრამ ეს არ არის გზავნილი, რომ რაკი არ გაიფიცებიან, მოდი ახლა მედიაცია ჩავშალოთ.

მედიატორიც, რომელიც სახელმწიფო საჯარო უწყების მიერ არის დანიშნული და ვალდებულია დაიცვას მოქალაქეების შრომითი უფლებები, ხელი შეუწყოს სწორ კომუნიკაციას პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის, ეს ადამიანი აღმოჩნდა ასევე დაბალი სამოქალაქო პასუხიმგებლობის მქონე, დაახლოებით ისეთი, როგორიც დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტია.

  • მართალია, პროფკავშირმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიფიცებიან, სამაგიეროდ დირექტორმა პირიქით ჩათვალა და ყველა გაუშვა სახლში. უფრო ზუსტად, მხოლოდ 50 თანამშრომელი დატოვა სამსახურში. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?

ვხედავთ, რომ  სასწორის სხვადასხვა თეფშზე დევს სხვადასხვა აღქმა სამოქალაქო პასუხიმგებლობის,  ერთის მხრივ ალტერნატიული პროფკავშირები, რომლებიც გამოირჩევიან ღრმა სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ადმინისტრაცია, ასევე მედიატორი, რომლებიც არ გამოირჩევიან არანაირი პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ასეთ დროს არანაირი კომუნიკაცია არ შედგება, არც შედგა და შედეგად მივიღეთ ვითარება, რომ ადამიანები, რომლებიც, თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ, ჰქონდათ ძალიან კარგი შედეგები და მათი პროგრამა იყო ერთ-ერთი გამორჩეული – როგორც საინფორმაციო, ასევე დილა და კიდევ სხვა პროგრამები, იმის გამო, რომ მათ აქვთ ეს პასუხიმგებლობა, შეიძლება დაისაჯონ, პრაქტიკულად ეს დასჯაა. ამ პროგრამების წარმომადგენლები არიან ალტერნატიულ პროფკავშირებში გაერთიანებული და ამ ადამიანების წინააღმდეგ მენეჯმენტი პრაქტიკულად დევნის ოპერაციას ახორციელებს.

რა თქმა უნდა, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი არ ესმის დირექტორს, არ ესმის ფუნქციები საზოგადოებრივი მაუწყებლის, არ იცის კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და არც ის ესმის, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციური დატვირთვა განსაკუთრებით იზრდება. მით უმეტეს, ხაზს ვუსვამ – აქამდე ყველა კარგად ვხედავდით, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იმ აუდიტორიაში, სადაც იგი ვრცელდება, იყო საკმაოდ მაღალი. როცა ამ ფაქტორს არ ითვალისწინებ და ანგრევ ასეთ ტელევიზიას, რა თქმა უნდა, შენი მიზანია, საზოგადოება გახადო არაინფორმირებული და უფრო მეტად ჩაკეტო.

  • არაერთგზის ითქვა, რომ აჭარის ტელევიზიის დახურვა იგეგმება, უფრო ზუსტად, მისი სამაუწყებლო ბადე უნდა შემცირდეს ერთ საათამდე. ისე ხომ არ მოხდება, რომ პანდემია გადაივლის და აჭარის მაუწყებელი მხოლოდ 50 კაცით გააგრძელებს მუშაობას, რაც, ალბათ, საკმარისი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის დღის განმავლობაში ერთსაათიანი საინფორმაციოს მოსამზადებლად?

ის, რომ მსგავს ცვლილებებს გეგმავს ან განახორციელებს მენეჯმენტი, ამაზე მე ვერ ვიმარჩიელებ. თუმცაღა მოვლენების დინამიკა ადასტურებს, რომ სწორედ იმიტომაც მოიყვანეს ასეთი საბჭო და დირექტორი, რომ ამ პროცესში დაინგრეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. აჭარის ტელევიზია და რადიო პრაქტიკულად გაანადგურეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის კომპონენტი.

ამ ადამიანს, დირექტორს ერთი მხრივ პერსონალურად აქვს საკმაოდ მზარდი მიდრეკილება იმ ფინანსების მართვის, რომელიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის. მეორე მხრივ თბილისში, სამეურვეო საბჭოსაც მიაჩნია, რომ 11 მილიონის ხარჯვა აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის, არ არის მთლად გამართლებული.

ბევრი ფაქტორი ემთხვევა ერთმანეთს. სოციალურ ქსელებშიც მიდის ამაზე საუბარი. ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ გიორგი კოხრეიძე დღეს თავის პერსონალურ გეგმას არ ახორციელებს აჭარის ტელევიზიაში, რასაც ის აკეთებს შედის სხვა ჯგუფების ინტერესებში, თუ საერთოდ არ შედის სხვა ქვეყნის ინტერესში. ადრეც გამოვთქვი მე ეს მოსაზრება – ეს ქვეყანა არის რუსეთი, რომელიც ყოველმხრივ შეუწყობს ხელს იმას, რომ საზოგადოებრივი და სოციალური მღელვარება ყოველთვის შეინარჩუნოს აჭარაში და ის ამას ეცდება ძალიან დიდი დოზით. ამიტომ მგონია, რომ გიორგი კოხრეიძე არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. ის, უბრალოდ, ასე ხისტად და უხეშად, ასე უხამსად ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ანგრევს საზოგადოებრივ მაუწყებელს აჭარაში.

რა ფორმით მოხდება ეს ნგრევა ამაზე დიდი მარჩიელობა არ არის საჭირო, უკვე მიდის ნგრევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამას უკვე ფორმაც კი აღარ აქვს, შინაარსზე აღარ ვსაუბრობ. ყველაზე საინტერესო, მაყურებლის ინტერესებზე ორიენტირებული გადაცემები იხურება და იხურება თითქოს, რაღაც საგანგებო მდგომარეობის მოტივით. ეს გაუგებარია. პირიქით – საგანგებო მდგომარეობის დროს მეტი გადაცემა უნდა გააკეთოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომ მეტად იყვნენ ინფორმირებული მოქალაქეები. ახლა სწორედ იმ გადაცემების დახურვაზე მიდის საუბარი, რომლებიც მოქალაქეების ინფორმირებულობაზე იყო ორიენტირებული.

თვეზე ოდნავ ნაკლები დარჩა საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე, რომელიც არ ვიცით გაგრძელდება თუ არა. არც თუ ისე დიდი დროა იმისთვის, რომ ფაქტობრივი ნაბიჯები, რომლებიც გადადგა გიორგი კოხრეიძემ, ახლა სამართლებრივადაც გაამყაროს – მათ არაფერში არ სჭირდებათ ტელევიზიაში ის ადამიანები, რომელთა პროექტებიც დახურა და რომლებიც დღეს ეთერში არ მუშაობენ. ახლა, რა თქმა უნდა, სადღაც პირველამდე უნდა ველოდოთ, ამ ადამიანებს როგორ გაყრის ტელევიზიიდან. მან ხომ ღიად თქვა, რომ ის კომუნიკაციაში ალტერნატიულ პროფკავშირებთან არ შევა.

სახელმწიფომ ამაზე არანაირი ქმედითი ღონისძიება არ გაატარა და პრაქტიკულად მხოლოდ გაფიცვის ამარა დატოვა ჟურნალისტები, რომლებიც ითხოვდნენ ადმინისტრაციისგან გარკვეულ დათმობას. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, გიორგი კოხრეიძე არ გაჩერდება, მე ამის მოლოდინი არ მაქვს.

თუ არის საუბარი იმაზე, რომ გადაცემები უნდა დაიხუროს საგანგებო მდგომარეობის მოტივით, რატომ იქმნება ამავდროულად სხვა გადაცემები – საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მნიშვნელობით საკმაოდ მდარე, რატომ უწყობს ამას ხელს, რატომ ხარჯავს ამაში დროს… თუ ერთის მხრივ საჯარო ფინანსები უნდა დაზოგოს, უნდა დაზოგოს პერსონალი, ის ადამიანები, ვინც გადაცემების გაშვებას უზრუნველყოფენ, ნაკლებად გამოდიოდნენ სახლიდან და ნაკლებად იყვნენ დაკავებული საზოგადოებრივ სივრცეებში, ის ხომ ამ მოტივით ხურავს გადაცემებს, მაშინ ახალ გადაცემებს რატომ იწყებს? – იწყებს იმიტომ, რომ გადაცემებმა უნდა შეასრულონ ის პოლიტიკური ამოცანა, რომელიც დაუსახეს გიგა ჩხარტიშვილს, თამილა დოლიძეს,  სოსო სტურუას [მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები]. ჯერ მკაფიო პოზიცია არ ვიცი თამარ წილოსანის, ბევრ საკითხზე გაუგებარია მისი პოზიცია. და დაუსახეს გიორგი კოხრეიძეს.

ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ეს ადამიანები ასე ყინულმჭრელის ენერგიით მიდიან და ანგრევენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი წინა მრჩეველთა საბჭომ დაიწყო. ეს არის ზუსტად ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ვესაუბრებოდით ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს [მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრები], რომ მათ არ მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს მაშინ, მაგრამ ეს ზუსტად ერთი პროცესის სცენარია. სამწუხაროდ, ამ პროცესს მივყავართ იქითკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაინგრევა ბოლომდე  და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რომელსაც ახალი მღელვარება შესძინა აჭარის ტელევიზიამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, საბოლოოდ ჩაქრება და ამ ქვეყანაში მართლა არავის აღარ ექნება არანაირი სენტიმენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხსენებაზე,

  • გიორგი კოხრეიძემ ერთი ჟურნალისტი ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანა, „ჰეშთეგი“ გააჩერა, მანამდე თქვა, რომ საინფორმაციოს უფროს მოადგილე არ სჭირდება და მაია მერკვილაძე მოხსნა ამ პოზიციიდან, მაგრამ ახალ საინფორმაციოს უფროს კონსულტანტი დაუნიშნა. „აბსოლუტური უფლება“ აქვს კოხრეიძეს მინიჭებული?

წაკითხული აქვს ბრძანებები, რომელსაც აწერს ხელს? თუ აქვს წაკითხული და მისი კომპეტენცია ამაზე შორს არ მიდის, მაშინ საერთოდ რა უნდა დირექტორად. თუ ამ კონცეფციით, აი ასე უნდა მართოს ტელევიზია, ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა.

  • საბჭოს ერთი წევრი, რომელიც იურისტია, ამბობს, რომ ეს არის არაჯანსაღი პროცესი და დირექტორის მიერ მიღებული ბევრი გადაწყვეტილება უკანონოა. გამოდის გიორგი კოხრეიძეს აქვს გარანტიები?

ალბათ აქვს. სამწუხაროდ, ასეთ გარანტიებს იძლევა პოლიტიკური კლასი, ამ შემთხვევაში ალბათ მმართველი პოლიტიკური კლასი და, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები პირდაპირ ბმაშია იმ  პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ახლა ქვეყენაში რთული საგანგებო ვითარებისა მიუხედავად მაინც მიმდინარეობს.

  • რომ შეაფასოთ აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკა – „მე ამაში ვერ ჩავერევი“. რამდენად სწორია ეს მიდგომა?

პირველ აპრილამდე უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს ანგარიში და აუცილებლად უნდა დაიწყოს მისი მოსმენა. ძალიან ცუდია, თუ უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს მოსმენა არ გაიმართოს. უნდა იყოს საზოგადოება ამ მოსმენაზე. იმედი მაქვს, როგორც კი საგანგებო ვითარება გადაივლის, ეს მოსმენა შედგება. ვერც უმაღლესი საბჭო გაექცევა ვერსად თავის წილ პოლიტიკურ პასუხიმგებლობას და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რადგან მისი არჩეულია მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრი. ტყუილად ჰგონია ვინმეს, ვინც ამ პროცესშია პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, რომ ის პასუხიმგებლობას მოიხსნის.

  • როგორ ფიქრობთ, ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, მომავალში ამის გამო ვინმეს პასუხიმგებლობა დადგება?

ვიცით, რომ საზოგადოებას აქვს სხვა გამოწვევები, რაც ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, ამიტომაც შეიძლება ძალიან დიდი ტვირთი ვერ გადავიტანოთ ახლა საზოგადოების მხარეს. ფაქტია, საზოგადოებამ ეს არ ჩათვალა მნიშვნელოვან პრობლემად და გარკვეულწილად გაუხსნა ხელ-ფეხი პოლიტიკოსებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ასეთი პროცესები წაეხალისებინათ აჭარის ტელევიზიაში.

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გადადის ყველა იმ პერსონალზე, რომელიც ამაში იყო ჩართული და მათ პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ, ანგარიშის ჩაბარება საზოგადოების წინაშე. ვგულისხმობ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს.

სახელმწიფო შაქრის, ზეთისა და მაკარონის მარაგს ქმნის, რისთვისაც 16 მილიონს დახარჯავს

ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული გარემოებების გამო, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში პირველადი საკვები პროდუქტების: მაკარონის, შაქრისა და მზესუმზირას ზეთის სასურსათო მარაგების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

მარაგების შექმნა ითვალისწინებს არაუმეტეს 5 ათასი ტონა შაქარის, 500 ტონა მაკარონისა და 1,5 მილიონი ლიტრი მზესუმზირის ზეთის შესყიდვას, დასაწყობებას და შენახვას.

ამ პროდუქტების შესყიდვა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაევალა. პროდუქტების შესყიდვის [თანმდევი მომსახურებით], დასაწყობებისა და შენახვისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროდუქტების შესყიდვა ტენდერის გარეშე განხორციელდება, რის შესათანხმებლადაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო – ამ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით კი, მთავრობამ ცალკე სახელმწიფო პროგრამაც დაამტკიცა. ამ პროგრამის დაფინანსებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა:

9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

 

 

 

969 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა. 27 მარტის მდგომარეობით იტალიაში ვირუსით გარდაცვლილთა ჯამურმა ოდენობამ 9 134-ს მიაღწია.

დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსი სულ 86 498 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან 4 401-ს ვირუსი ბოლო 24 საათში დაუდგინდა.

27 მარტს ვირუსისგან 589 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო ოდენობა კი 10 950 ადამიანია.

სქრინი “კორიერე დელა სერას” ვებგვერდიდან

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/MASSIMO PERCOSSI

ქართველი მუსიკოსები საბერძნეთიდან დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვენ

სამი მუსიკოსი – იური ლომინაძე, ბექა არჩვაძე და მანუჩარ მაისურაძე საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ისინი ათენში საქველმოქმედო კონცერტის გასამართად იყვნენ წასული, შეგროვილი თანხა სიმსივნით დაავადებულ არასრულწლოვან გოგონას გადაურიცხეს.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს, მანუჩარ მაისურაძეს ინტერნეტით დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთი ათენი-ქუთაისის ავირეისზე 21 მარტისთვის ჰქონდათ შეძენილი, თუმცა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ფრენები გააუქმა, ბილეთის საფასური კი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

„ჩვენ ვართ მოხეტიალე მუსიკოსები და ხშირად ვმართავთ კონცერტებს. ორი კვირაა რაც საბერძნეთში ვიმყოფებით, საქველმოქმედო ორგანიზაციამ მოგვიწვია და პატარა გოგონას შევუგროვეთ თანხა.

უკან დასაბრუნებელი ბილეთიც გვქონდა ნაყიდი, თუმცა იცით, რომ ფრენები მოულოდნელად გაუქმდა. ასე ჩავრჩით მე და ჩემი ორი მეგობარი, უკან დაბრუნებას ვეღარ ვახერხებთ“, – გვეუბნება მანუჩარ მაისურაძე.

მუსიკოსი ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში საბერძნეთში ჩარჩენა მათთვის ნამდვილი განსაცდელია.

„ფული არ გვაქვს და ბილეთის შეძენა არ შეგვიძლია. მეგობრის დეიდასთან ვართ ამჟამად, რომელსაც რამდენიმე დღით უნდა ემასპინძლა ჩვენთვის, თუმცა ახლა ეს მასპინძლობა გაგრძელდა და, ბუნებრივია, გვინდა, რომ სამშობლოში დავბრუნდეთ. ეს ჩვენთვის სერიოზული განსაცდელია, რადგან ვერც დაბრუნებას ვახერხებთ და არც საკონსულო გვეხმარება“, – ამბობს მანუჩარ მაისურაძე.

მისი თქმით, 7 აპრილს ათენიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური რეისია დანიშნული, თუმცა საკონსულო ვერ ეხმარება:

„საკონსულოში დავრეკეთ, ჯერ ქალმა გვიპასუხა და გვითხრა, მე ეზოში არ მიყენია თვითმფრინავიო, შემდეგ ვიღაც გალაქტიონს გადასცა ყურმილი, რომელმაც გვითხრა, რომ 7 აპრილის რეისზე ვერანაირად ვერ შეძლებთ მოხვედრას, ვერ დაგეხმარებით, რადგან არც არასრულწლოვნები ხართ, არც მოხუცები და არც ონკოლოგიური პაციენტებიო და იქვე დაამატა, რომ მე შემიძლია შემოგთავაზოთ პური, ბრინჯი და მაკარონი, რომ არ მოგშივდეთო.

ვფიქრობ, საკონსულო ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოსაც, რომ დაგვეხმარონ საქართველოში დაბრუნებაში“, – ამბობს მანუჩარ მაისურაძე.

მისი თქმით, ან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი ჩამოყვანა, ან „ვიზეარმა“ დროულად დაუბრუნოს დაჯავშნილი ბილეთის საფასური.

„ბათუმელებმა“ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ფეისბუკგვერდზე მისწერა იმის გასარკვევად, რამდენი განაცხადია მათთან საქართველოში დაბრუნებაზე შესული და ყველა მათგანი, მათ შორის ეს მუსიკოსები, შეძლებენ თუ ვერა ბილეთის შეძენას, თუ მათ გაუჩნდებათ შესაბამისი სახსრები? ასევე ვკითხეთ, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, რომ 7 აპრილის რეისი განკუთვნილია მხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის (ასაკოვანი ადამიანებისთვის, ონკოპაციენტებისთვის და არასრულწლოვნებისთვის)? – საელჩოდან ჯერჯერობით არ მოუწერიათ. მათგან მიღებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

„ბათუმელები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა კომენტარისთვის. როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, საბერძნეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა, სპეცრეისზე მოხვედრისთვის საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

რაც შეეხება ბილეთის საფასურს, სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ბილეთის საფასური თვითონ უნდა გადაიხადონ. „სამ ახალგაზრდას რომ დავეხმაროთ ბილეთის ფულით, სხვა ადამიანებს რა ვუყოთ, ვინც შიძლება თქვას, რომ ბილეთის ფული არ აქვს? ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ დაჯავშნილი ბილეთების საფასურს ან უკან უბრუნებს მგზავრს, ან უხანგრძლივებს ბილეთის ვადის მოქმედებას, ან სთავაზობს შემდგომ რეისს“, – გვითხრეს სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

უწყებაში გვითხრეს, რომ თუ მოქალაქეები უფულოდ არიან დარჩენილი, საქართველოს საელჩოები ასეთ ადამიანებს თავშესაფრით და საკვებით ეხმარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე ვკითხეთ, 7 აპრილის გარდა შესრულდება თუ არა დამატებითი სპეცრეისი საბერძნეთიდან საქართველოში, რაზეც სამინისტრომ მოგვწერა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო საერთაშორისო გადაადგილებები შეიზღუდა, კომპანია „ეგეოსმა“ 2 რეისი განახორციელა. ამჯერად კი საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული მიმართულებების ფარგლებში, ფრენას განახორციელებს კომპანია „აირზენა“.

„როგორც არაერთხელ ითქვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, მოქალაქეების მგზავრობა მოხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  პროტოკოლის დაცვით. მათი ბორტზე განთავსება იქნება ჭადრაკისებრი პრინციპით, რის გამოც, ერთი რეისით მხოლოდ 100 ადამიანს შეუძლია გამოფრენა.

ბილეთები გაიყიდება 2 დღით ადრე, კომპანია „აირზენას“ გაყიდვების გვერდზე და პრემიერ-მინისტრის მითითებით ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს“. საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე გვეუბნებიან, რომ 7 აპრილის რეისზე ბილეთის ყიდვა ყველას შეუძლია და რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის რეისი არ არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება 7 აპრილის შემდგომ რეისებს, სამინისტროდან გვწერენ: „როგორც ცნობილია საბჭოს  განსაზღვრული აქვს 10 აპრილის ჩათვლით ევროპის  მიმართულებით სხვადასხვა დედაქალაქში ფრენები. ხოლო 10 აპრილის შემდგომ მიმართულებებს, ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული ქვეყნის დაზუსტებას ვერ მოვახდენთ“.

„თევზის რესურსი გაზრდილია“, ანუ რატომ დაუშვეს თევზჭერა ბათუმის ნავსადგურში? 

ბათუმის ნავსადგურის ღია ნაწილში თევზჭერა დაუშვეს. სეინერები უკვე იქაც იჭერენ თევზს, სადაც სატვირთო გემები ჩერდებიან. ეს გადაწვეტილება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 19 მარტს მიიღო და იგი 5 აპრილამდეა ძალაში.

სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, დაშვებული გახდა სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ბათუმის ნავსადგურის გახსნილ [ღია] ნაწილში. აქვე მითითებულია კოორდინატები და ის, რომ ერთზე მეტი თევსაჭერი გემი აკვატორიაში არ უნდა შევიდეს.

რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ? როგორ იმოქმედებს ეს ბიოსისტემაზე და რა ეკონომიკური სარგებელი მიიღო ამით ქვეყანამ?

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ სააგენტოს ნავსადგურის ტერიტორიაზე თევზჭერის დაშვება თევზის მომპოვებელი ლიცენზიანტების ასოციაციამ ითხოვა.

„ისინი თავის პოზიციას ასაბუთებდნენ იმით, რომ თევზის რესურსი არის გაზრდილი, თუმცა კვოტის ათვისება ვერ ხერხდება, რამდენადაც ქაფშიის გუნდები [ჯოგები] თავმოყრილია ნავსადგურის თევზჭერისთვის აკრძალულ რაიონში.

თევზჭერის დარგის განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია და დღეს შექმნილ გარემოებებში კიდევ უფრო მეტად ითვალისწინებს ბიზნესის საჭიროებებს. ამიტომ, სააგენტოსა და სახელმწიფო უწყებების მიერ მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული საქართველოს თევზის მომპოვებელი ლიცენზიანტების თხოვნა,“ – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან. აქვე დასძინეს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან არის შეთანხმებული.

სააგენტოს პრესსამსახურში განმარტეს, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რომელმა კომპანიამ მოიპოვა ლიცენზია, ან რა სარგებელი მიიღო ამით ქვეყნის ეკონომიკამ. უწყებაში განმარტეს, რომ ეს ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს. ჩვენ ამ უწყებასაც მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია არ მიგვიღია.

ნავსადგურის კაპიტანი, თენგიზ გადელია, რომელიც ახლა თევზსაჭერი გემის ნავსადგურში შესვლას აკონტროლებს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თევზსაჭერი გემი ნავსადგურში მხოლოდ განსაზღვრულ საათებში შემოდის, როცა სატვირთო გემები არ გადაადგილდებიან და მათ მოძრაობას საფრთხე არ ექმნება.

„არ ვიცი, რატომ დაუშვეს, ალბათ, სახელმწიფოს ასე სჭირდებოდა… ჩვენ ვცდილობთ, ისეთ ინტერვალში შემოვუშვათ საღამოობით, როცა სხვა გემი არ შემოდის და არ გადის, არ ქმნის ეს სირთულეს,“ – ამბობს თენგიზ გადელია.

ასოციაციის „ფლორა და ფაუნას“ თავმჯდომარე, არჩილ გუჩმანიძე თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს არ შეუქმნის ბიომრავალფეროვნებას და „გარემოსდაცვითი მდგენელის გამო არ იყო ამ დრომდე შეზღუდული ნავსადგურში თევზჭერა“.

„ეს აკრძალვა იყო იმიტომ და არის ბევრს სხვა პორტშიც, რომ გემების მიმოსვლას არ შეეშალოს ხელი. როგორც ჩანს, ახლა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ასე გადაწყვიტეს“, – გვითხრა არჩილ გუჩმანიძემ.

რიზეს პროვინციის ერთ ნაწილში კარანტინი გამოაცხადეს

თურქეთში, რიზეს პროვინციაში, ქალაქ ქენდირლისა და მის მიმდებარე ოთხ სოფელში – ბესთეპეში, ახალ სელიმიეში, ესენთეპსა და მალთეფეში კარანტინი გამოაცხადეს. კარანტინი გამოცხადებულია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

რიზეს გუბერნატორის განცხადებით, კარანტინად გამოცხადებული ზონის ყველა შესასვლელ-გასასვლელი მკაცრად კონტროლდება. ამასთან, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ.

ქალაქ ქენდირლიში დაახლოებით 3500 ადამიანი ცხოვრობს. გუშინ, 26 მარტს, ქალაქში კორონავირუსით 67 წლის კაცი გარდაიცვალა. სამი პირი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს საეჭვო სიმპტომებით. კაცი, რომელიც გარდაიცვალა სალოცავად მეჩეთში დადიოდა. მისი ვირუსით გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქალაქში პანიკა მოჰყვა.

როგორც თურქული გამოცემა Birgun წერს, სწორედ ამის გამო მიიღო თურქეთის ხელისუფლებამ ქალაქის და მისი მიმდებარე სოფლების საკარანტინო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება.

“მოქალაქე, რომელიც გარდაიცვალა ხშირად დადიოდა მეჩეთში და იქ ხალხთან ურთიერთობდა. ამ ამბავმა პანიკა გამოიწვია ქალაქში. ერთადერთი ვარიანტი გვქონდა, კარანტინი გამოვაცხადეთ და ყველა ჩვენი მოქალაქე შემოწმდება ვირუსზე. შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია.  მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო და მოვუწოდო, გაითვალისწინონ ხელისუფლების რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში,” – თქვა ქენდირლის მერმა ალათინ სერდარმა. მერის კომენტარს Birgun.net ავრცელებს.

სტომატოლოგთან ვიზიტები შეიზღუდა

COVID 19-ის პანდემიის გამო სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 1-ელ მაისამდე.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:

  • არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა.
  • რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების (ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები) არსებობისას განხილულ იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
  • იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია.
  •  კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება.

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში.

მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში, პაციენტის იდენტიფიცირება ხდება რეგისტრაციის ეტაპზე. სტომატოლოგიურ კლინიკაში შემოსვლისთანავე მან უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა, გაიკეთოს ქირურგიული ნიღაბი და დაიცვას სოციალური დისტანცია, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს მისი კონტაქტი სხვა პაციენტებთან და დაწესებულების სხვა (უშუალოდ მის მომსახურე პერსონალის გარდა) პერსონალთან.

სტომატოლოგიური მომსახურება უნდა განხორციელდეს ერთსავარძლიან კაბინეტში, მჭიდროდ დახურული კარის პირობებში. ამ დროს აუცილებელია გამართული ვენტილაციის სისტემის არსებობა კლინიკაში და ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 210C-ს (პლუს – მინუს ერთი).

ვრცლად, რესპირატორული სიმპტომების პაციენტების შემთხვევაში ინფექციის კონტროლის ღონისძიებების შესახებ იხილეთ აქ.

ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 აქტიურად ვრცელდება გარემოს ზედაპირებზე და ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე, ტემპერატურაზე ან გარემოს ტენიანობაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და სტომატოლოგიურ კლინიკაში ყველა სახის ზედაპირის საფუძვლიანი დეზინფექცია: სამედიცინო პერსონალი უნდა იცავდეს ხელის ჰიგიენის წესებს (ხელების დაბანა თხევადი საპნითა და თბილი წყლით ან ხელების დამუშავება სპეციალური ანტისეპტიკით, სანიტაიზერით). ხელის ჰიგიენა ტარდება როგორც მომსახურების დაწყების, ისე დამთავრების შემდეგ. დაბანის შემდეგ ხელების გასამშრალებლად გამოიყენება ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, რეკომენდაციები და ვალდებულებები ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს.

როცა უმუშევარი დარჩი და ნაქირავები ბინიდან გიშვებენ – კორონავირუსი

„მინისტრებს არ სცალიათ, ვერ შეგხვდებითო… მესმის ყველაფრის, მაგრამ მეც რომ ქუჩაში ვრჩები?“ – კითხულობს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები აკაკი დავითაძე. ის ბინის ქირას პანდემიის გამოცხადების შემდეგ ვეღარ იხდის, რადგან უმუშევარი დარჩა. მის მდგომარეობაში სხვაც ბევრია.

აკაკი დავითაძე 6 წლის იყო, როცა მშობლებმა მიატოვეს და ქუჩაში იზრდებოდა, წლების განმავლობაში ის მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენდა თავს. მას ამჟამად ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. აკაკი სეზონურად მუშაობს, ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს და მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება აღარ შეუძლია. მის შესახებ „ბათუმელები“ ამ წლის დასაწყისში წერდა.

„ბოლო „ვოქსის“ რესტორნის ქსელში ვმუშაობდი, პანდემია როცა გამოცხადდა, გამოგვიშვეს, ქირა უკვე ორი თვის მაქვს გადასახდელი, დიასახლისი მეუბნება, რომ ერთი თვის მაინც უნდა მივცე – 300 ლარი,“ – გვიყვება აკაკი დავითაძე. მან დახმარებისთვის უკვე მიმართა აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას.

„აჭარის მთავრობიდან წერილი ჯანდაცვის სამინისტროს გადააწერეს, იქ ნინო ნიჟარაძე შემხვდა და მითხრა, ვერაფრით დაგეხმარები, მინისტრს შეხვდიო. მინისტრი მოუცლელობის მიზეზით ვერ შემხვდა. ვიცი, რომ ბევრი საქმე აქვს, მაგრამ მეც ღია ცის ქვეშ ვრჩები… სამინისტროში მირჩიეს, მერიას მიმართეო. მერიაში თქვეს, ჩვენ ასეთ დახმარებას არ გავცემთო, თუმცა მაინც მადლობელი ვარ ლაშა კომახიძის, რამდენიმე დღის წინ საკვები პროდუქტი მომიტანა, მშიერი არ მყავს შვილები,“ – გვითხრა აკაკი დავითაძემ.

აკაკი დავითაძის ოჯახი ახლა თავს სოციალური შემწეობით ირჩენს, რაც თვეში 180 ლარია. აკაკი მისულა დასაქმების სააგენტოშიც, სადაც ამ დროისთვის ვერაფერი შესთავაზეს. აკაკი ამბობს, რომ სიამოვნებით იმუშავებდა, ოღონდ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

„სოფელიც არ მაქვს, თორემ წავიდოდი სიამოვნებით,“ – დასძინა აკაკიმ ჩვენთან საუბრის დროს.

უმუშევრად დარჩენის გამო რომ ქირის გადახდის პრობლემა ბევრს აწუხებს, ეს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარებიდანაც ჩანს. „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ფორუმზე რამდენიმე ადამიანმა დაწერა ეს:

„არ ვიცი რა იქნება. თვის ბოლოს გვიწევს გადახდა. წინა თვეში 2 დღით გადაგვიცდა… იმედია, ახლა რამე იქნება. მე მთლიანად საზღვარგარეთიდან გამოგზავნილის იმედზე ვიყავი. ახლა ჩემი ქმარი უმუშევარია…“

„მე კიდე სოციალური რომ მერიცხება, ქირას ვაძლევ და არაფერი მრჩება… ნოემბერში შეგვიჩერეს სოციალური და ველოდით. წინა დღეს მოვიდა აგენტი და აღარ ჩაგერიცხებათო. „ხაზეიკას“ რომ ვუთხარი, გაგიჟდა, ოთხშაბათი იყო და შაბათს რაც გინდა, ის ქენი, ფული მომეციო, თუ არადა…“

„არ გავსაუბრებივარ ჯერ. 900 ლარს ვიხდით. მეც და მეუღლეც კერძო სამსახურების გამო უხელფასოდ დავრჩით. დანაზოგი კი გვაქვს, მაგრამ 9 თვის ორსული ვარ და იმას ხელს ვერ ვკიდებთ, ბავშვისთვისაა. ვნახოთ რა იქნება…“

„ჩვენ კი გადავიხადეთ ამ თვისა, მაგრამ მანამ გადავიხდიდით, მეუღლემ ჰკითხა – შენთან თუ მოქმედებს 3-თვიანი შეღავათიო და არაა პრობლემაო, დასაფასებლები არიან ასეთი ადამიანები…“

გამოხმაურება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ აკაკი დავითაძეს 2018 და 2019 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარნენ ფულადი თანხით, ჯამში 2 ათასი ლარით და ამჯერად მთავრობა კოორდინაციას უწევს იმას, რომ აკაკი დავითაძემ ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვა შეძლოს.

_____________

მთავარ ფოტოზე: აკაკი დავითაძე, მეუღლე და შვილები

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გრძელდება

შპს „სტადიონის“ დრექტორის ჯაბა სურმანიძის განცხადებით ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამჟამად აქტიურად ხორციელდება გარე ტერიტორიის მოპირკეთება და საპარკინგე სივცრეების მოწყობა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დაცულია ყველა შესაბამისი სანიტარული და უსაფრთხოების მოთხოვნები.

შპს სტადიონის სხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა და საპროექტო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, ეს ეხება როგორც ბათუმის უნივერსალურ სპორტულ კომპლექსს, ასევე დაბა ჩაქვში დაგეგმილ ძალოსნობის ბაზის საპროექტო სამუშაოებსაც.

#Həmrəylik – სოლიდარობის წერილი ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობას

მარნეულელი პაციენტისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებას და რეგიონის ჩაკეტვას ფეისბუკზე ქართველი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მიმართული ქსენოფობიის ახალი ტალღა მოჰყვა. სწორედ ამიტომ აქტივისტთა ჯგუფმა მოამზადა სოლიდარობის წერილი და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

(ქართული ტექსტი იხილეთ ქვემოთ)

Bu məktubu sizə Gürcüstanın səravi vətəndaşları yazır və hamını sizə dəstək olmağa çağırırıq.

İlk növbədə, cəmiyyətimizin bir hissəsi tərəfindən Bolnisi və Marneuli əhalisinə qarşı mətbuat və sosial şəbəkələrdə səslənən təhqirlərə görə sizdən üzr istəyirik.

İstəyirik biləsiniz ki, biz belə düşünmürük. Sizə dostlarımız, tanıdıqlarımız ya da tanımadıqlarımız, Gürcüstanın ən əhəmiyyətli hissəsi kimi dəyər verir və çox qiymətli əməyinizlə ümumi rifan xidmət etdiyinizə görə təşəkkür edirik. Biz bir ölkənin vətəndaşlarıyıq və ümumi sosial problemlərini dərk edirik. Pandemiya suyun əlçatan olmaması, gündəlik maaşdan asılı olan insanların ümidsizliyi kimi problemləri xüsusilə önə çıxardı. Gürcüstanlı azərbaycanlıların ayrıca problemi deyə bir şey yoxdur, o, hamının eyni dərəcədə problemidir.

Sizə ürəkdən həmrəy olduğumuzu bildirib, yaranmış çətin vəziyyətdə sizə güclü olmağınızı arzulayırıq.

ამ წერილს გწერთ საქართველოს რიგითი მოქალაქეები და ყველას მოვუწოდებთ თქვენი მხარდაჭერისკენ.

პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოგიხადოთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჟღერებული შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილმა მიაყენა ბოლნისის და მარნეულის მოსახლეობას.

გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ ასე. გაფასებთ, როგორც მეგობრებს, ნაცნობებს, თუ უცნობებს, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ნაწილს და მადლობას გიხდით იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც საერთო კეთილდღეობისთვის სწევთ.  ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვიაზრებთ საერთო სოციალურ გამოწვევებს. პანდემიამ განსაკუთრებით გამოკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა წყალზე ხელმისაწვდომობა და დღიურ ხელფასზე დამოკიდებული ადამიანების სასოწარკვეთა. არ არსებობს საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის პრობლემა ცალკე, ის ყველას პრობლემა თანაბრადაა.

მთელი გულით გიცხადებთ სოლიდარობას და შექმნილ რთულ მდგომარეობაში გისურვებთ მხნეობას.

#Həmrəylik  #სოლიდარობა

 

საფრანგეთში Covid 19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 16 წლის გოგოა

ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით საფრანგეთში 1700-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 365 ბოლო 24 საათის განმავლობაში. Covid 19-ის ეპიდემიის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი საფრანგეთში 16 წლის გოგოა, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 1 კვირაში  ხუთჯერ გაიზარდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯერომ სალომონმა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში კორონავირუსის ფატალური ფორმები საფრანგეთში იშვიათია, თუმცა გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს 16 წლის გოგოს შემთხვევა, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა. ,,ეს ძალიან სამწუხარო, მაგრამ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, გამონაკლისი შემთხვევაა“, – ამბობს ჯერომ სალომონი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის საფრანგეთში Covid 19-ით ინფიცირებულია 29 581, მათგან ჯერომ სალომონის თქმით, რეანიმაციაში მოთავსებულია 3 375 (+548 ერთ დღეში), რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. გარდაცვალების შემთხვევათა უმრავლესობა 65 წელს გადაცილებულ ასაკობრივ კატეგორიაშია, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა 34% 60-წლამდეა, 58% კი – 60-დან 80 წლამდე.

გუშინ, 26 მარტს, სწრაფი მატარებელი TGV სასწრაფო სამედიცინო მატარებლად გადაკეთდა დროებით, რომ დაინფიცირებულები კლინიკებამდე დროულად გადაიყვანოს. ვაგონები სპონტანურად მოეწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღჭურვილობით და სანამ გარემოება მოითხოვს, იმორიგევებენ ექთნები, ექიმები, რეანიმატოლოგები და ანესთეზიოლოგები.

COVIC 19: უსაფრთხოების წესები მათთვის, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ, იგივე რისკების წინაშე არიან COVID 19-თან მიმართებაში, როგორც ზოგადი პოპულაცია, ისინი დამატებით რისკებს აწყდებიან, რაც, ძირითადად, დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წესებთან/ქცევასთან, ასევე გარემოსთან, სადაც ეს ხდება. ნარკოტიკებსა და ნარკოდამოკიდებულობაზე მონიტორინგის ევროპული ცენტრი წერს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ქრონიკული დაავადებების ფართოდ გავრცელების გამო, ბევრი მათგანი რესპირატორული დაავადებების განსაკუთრებული საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, თუ COVID 19-ით დაინფიცირდებიან. “მაგალითად, მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იმ პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ კოკაინსა და ინექციურ ნარკოტიკებს; მეტამფეტამინი ავიწროებს სისხლძარღვებს, რამაც შესაძლოა ფილტვების დაზიანება გამოიწვიოს, ასევე ოპიოიდების ჭარბი გამოყენება ასუსტებს იმუნიტეტს;  მაღალია აივის გავრცელება და ვირუსული ჰეპატიტები ნარკოტიკების მომხმარებლებში”, – წერს ნარკოტიკებსა და ნარკოდამოკიდებულობაზე მონიტორინგის ევროპული ცენტრი.

ნარკოტიკების მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელმა და EuroNPUD, ზიანის შემცირების მიზნით, შეიმუშავეს რჩევები COVID 19-ის პანდემიის დროს, ნარკოტიკის მომხმარებლებისთვის:

  •  არ გაიზიაროთ ჩიბუხები, ბონგები, ჯოინთები, პლასტმასის ბოთლისგან ხელნაკეთი თუ მოწევისთვის განკუთვნილი სხვა ნებისმიერი ჭურჭელი; ასევე ასაყნოსი მილები და ინსტრუმენტები ინექციისთვის, სტერილიზებული წყლის ჩათვლით.
  • მზად იყავით აბსტინენციის სინდრომისთვის, იგივე “ლომკისთვის” – ნარკოტიკულ საშუალებებზე ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში. შეიმუშავეთ მოქმედების გეგმა, მოიმარაგეთ დეტოქსიკაციისთვის საჭირო პრეპარატები, საკვები და სასმელი. ეს ეხება როგორც ოპიატების, ისე სხვა ნარკოტიკების მომხმარებლებს;
  •  გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები საპნითა და ცხელი წყლით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში – როცა გექნებათ კონტაქტი სხვა ადამიანთან, თუ შეეხებით ფულს ან ნარკოტიკს. ხელის გამშრალება უმჯობესია ქაღალდის ხელსახოცით;
  • თუ გაქვთ ვირუსის სიმპტომები, არ მიხვიდეთ ზიანის შემცირების ადგილობრივ ცენტრში. უმჯობესია შეატყობინეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ ტელეფონით და მიეცით მათ საშუალება მიიღონ შესაბამისი ზომები თქვენი და მათი უსაფრთხოებისთვის.
  • თუ გაქვთ სიმპტომები ან ფიქრობთ, რომ ავად გახდით, თავიდან აირიდეთ ზიანის შემცირების ცენტრებში ვიზიტი – სთხოვეთ მოგაწოდონ შპრიცები და სხვა დასარიგებელი მასალა. გააფრთხილეთ, რომ თავს კარგად არ გრძნობთ, რათა მათ შეძლონ შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა;

არ დაგავიწყდეთ სხვისი მოცემული ნებისმიერი შეფუთვის გასუფთავება სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტისეპრტიკით. ასევე მოერიდეთ ნარკოტიკის შეფუთვის (და ნებისმიერი სხვა ნივთის, რაც შეიძლება იყოს ვირუსით დაბინძურებული) მოხვედრას პირში და სხეულის სხვა ნებისმიერ ლორწოვან გარსზე.

გთხოვთ იყავით უსაფრთხოდ და იზრუნეთ ერთმანეთზე.

 

ვრცლად ეს რჩევები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ცნობისმოყვარე კვერნა მაჭახელას ეროვნული პარკიდან [ფოტო]

დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას ბინადარი კვერნის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ეს ფოტოხაფანგში კვერნას პირველი გამოჩენაა:

“თვითიზოლაციაში ყოფნისას ჩვენი გამხიარულება გადაწყვიტა და სელფს გვიგზავნის. ეს მისი პირველი სოციალური აქტივობაა, გავამხნევოთ ბევრი მოწონებით და სტიმული მივცეთ შემდეგი ფოტოების გასაზიარებლად,” – წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

საქართველოში კვერნა ფართოდ არის გავრცელებული, მათი უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, ხილითა და კენკრით.

განახლება: “ბათუმელები” დაუკავშირდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფოტოს გადაღების ზუსტი დროის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად. სააგენტოში განმარტეს, რომ ფოტო არქივიდანაა და რამდენიმე წლის წინაა გადაღებული”.

რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 367 332 ლარის ფარგლებში შეძენილი იქნება პროდუქტები, რომლებსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს დაურიგებენ.

„სასურსათო კალათას“ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და საწოლსმიჯაჭვული მოქალაქეები.

სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:

  • ხორბლის ფქვილი – 5 კგ
  • შაქარი – 2 კგ
  • მარილი – 0,9 კგ
  • ბრინჯი – 2,4 კგ
  • წიწიბურა – 4 კგ
  • მაკარონი – 3 კგ
  • ზეთი – 2 ლ
  • შვრიის ფანტელი – 0,5 კგ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და რამდენიმე კერძო კომპანიას შორის ხელშეკრულებები პროდუქტების შესყიდვაზე უკვე გაფორმებულია.

აჭარის მუნიციპალიტეტებიდან სამინისტროში წარდგენილი კორესპონდენციების მიხედვით ბათუმი მიიღებს 1 605 „სასურსათო კალათას“, ქობულეთი – 1 334, ხელვაჩაური – 652, ქედა – 751, შუახევი – 775 და ხულო – 1 604 „სასურსათო კალათას“, რაც ჯამში 6 721 ერთეულს შეადგენს.

„უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი მონაცემები ექვემდებარება ყოველდღიურ განახლებას, ვინაიდან ბენეფიციართა გარკვეული რაოდენობა არის გადამოწმების პროცესში ან დროებით შეჩერებული აქვთ სოციალური სტატუსი, რაც გაზრდის არსებულ ბენეფიციართა რაოდენობას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია გარდა აღნიშნული რაოდენობისა, დამატებით იქნას შეძენილი 279 ერთეული „სასურსათო კალათა“, რომლის შენახვას უზრუნველყოფს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და საჭიროებისამებრ, გადასცემს შესაბამის მუნიციპალიტეტის მერიას, ან გადაეცემა წინასწარ განსაზღვრულ მოწყვლად ჯგუფს,“ – აღნიშნულია სამინისტროს დოკუმენტში.

სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიები სხვადასხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით უზრუნველყოფენ „სასურსათო კალათის“ ბენეფიციარებისათვის გადაცემას.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროდუქტების დარიგება ერთ-ორ დღეში დაიწყება და მას ყველა ბენეფიციარი ბინაზე მიიღებს: „პროცესში ჩაერთვებიან მოხალისეებიც… ამ ეტაპზე პროდუქტების დაფასოება მიმდინარეობს“.

_________________

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „იმ ნეგატიური ზეგავლენების მართვისთვის, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ეკონომიკაში“, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 1 მილიონი ლარის შეგროვებაც იგეგმება – მთავრობის აპარატისა და სამინისტროებში მივლინებებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხებით.

ამ ეტაპისთვის აჭარის მთავრობაში  ვერ აზუსტებენ, კონკრეტულად რა საპრევენციო ღონისძიებებზეა საუბარი და როდის დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

3 ადამიანი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს თვითიზოლაციის დარღვევისთვის

შს სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 3 ადამიანი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში გამოვლინდა.

„პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა“ – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

დღეს ბათუმის 13 ქუჩაზე წყალი ხვალამდე შეწყდება

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, ავარიული დაზიანების გამო, დღეს, 27 მარტს, 17:00 საათიდან ხვალ, 28 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

  • ხახულის ქუჩა
  • ლეონიძის ქუჩა
  • აღმაშენებლის ქუჩა
  • ტაბიძის ქუჩა
  • რურუას ქუჩა
  • მესხეთის ქუჩა
  • მარეთის ქუჩა
  • ხახულის პირველი შესახვევი
  • ფრიდონ ხალვაშის ქუჩა
  • აეროპორტის გზკეცილი
  • ევდემოზ დიასამიძის ქუჩა
  • ჰასან ხელიმიშის ქუჩა
  • ანგისის პირველი ჩასახვევი

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

საბაჟო გამშვები პუნქტები მგზავრებისთვის შეზღუდული გრაფიკით მუშაობენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოს საზღვრის კვეთის წესები გამკაცრებულია.

ახალი, დროებითი რეგულაციების თანახმად, საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის/ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელია – მხოლოდ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და მხოლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების საშუალებით:

თურქეთის რესპუბლიკა

[checklist]

  • ნებადართულია მხოლოდ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან;

[/checklist]

[crosslist]

  • კარწახისა და ვალეს საბაჟო  გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

[/crosslist]

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

[checklist]

  • ნებადართულია მხოლოდ წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტიდან;

[/checklist]

[crosslist]

  • ლაგოდეხის, სამთაწყაროსა და მტკვრის საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

[/crosslist]

სომხეთის რესპუბლიკა

[checklist]

  •  ნებადართულია მხოლოდ სადახლო-საავტომობილოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან;

[/checklist]

[crosslist]

  • გუგუთის, ახკერპისა და ნინოწმინდას საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

[/crosslist]

რუსეთის ფედერაცია

[checklist]

  • ნებადართულია ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტიდან.

[/checklist]

რაც შეეხება, ტვირთების გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა მათ არ შეეხება და საქართველოს საბაჟო საზღვარზე მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად ამ მიზნისთვის შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით.

საქართველოს საზღვრის კვეთის წესები გამკაცრებულ სისტემას ახალი კორონავირუსის (COVID–19) გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაექვემდებარა.

„შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ ხდება საქართველოს მოქალაქე მგზავრთა უმკაცრესი, ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას.

მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, ექიმი ეპიდემიოლოგი იღებს გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის ან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, ხოლო მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) დადგენილი წესის თანახმად, აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქართველოში დაბრუნებული  საქართველოს ყველა მოქალაქის გადაყვანას საკარანტინო ზონაში, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ამავე თემაზე:

„დავკარგე პირადობა, დავარღვიე სავიზო რეჟიმი“ – თურქეთიდან დაბრუნებაზე საკონსულოს განმარტება

შეჩერებული სოციალური დახმარება მოქალაქეებს დაერიცხებათ შემდეგ კვირაში – სააგენტო

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება შეუჩერეს, თანხა და პროდუქტის ვაუჩერი მათ 21 მარტს უნდა მიეღოთ. ოჯახებს ცხელ ხაზზე უპასუხეს, რომ  მორიგი გადამოწმების შემდეგ „ქულები დასათვლელია“ და, შესაბამისად, დახმარება შეჩერებულია.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ინფორმაციით, სოციალური დახმარება აქ 45-ზე მეტ ოჯახს შეუწყდა – მათ შორის ბევრს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მათთვის საკვები პროდუქტებისა  და ჰიგიენური საშუალებების შეძენას სწორედ ამ დახმარების ფარგლებში გაცემული ვაუჩერით ახერხებდა.

დახმარება არ მიუღია როინ გუნდაძის ოჯახსაც. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მეუღლემ კი ცოტა ხნის წინ რთული ოპერაცია გაიკეთა. თავად როინს  შშმ პირის სტატუსი აქვს.

„ოჯახში მყავს ასევე მშობლები და ორი და, ყველა ერთად ვცხოვრობთ ოცნების ქალაქში და ამ კორონავირუსის დროს დახმარების შეჩერება ძალიან დაგვაზარალებს,“ – ამბობს როინ გუნდაძე.

სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ მოგვიყვა სოფო დიასამიძეც. ის „ოცნების ქალაქში“ არ ცხოვრობს:

„ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ვცხოვრობ, ბინა იპოთეკით მაქვს დატვირთული. დახმარება ვერ ავიღეთ. სამი შვილი მყავს და ამის იმედი მქონდა, მოულოდნელი იყო ეს, არაფერი მომიმარაგებია. დავრეკე სოციალური სააგენტოს ცხელ ხაზზე და დაზუსტებული პასუხი ვერ გამცეს, როდის იქნება დახმარება, მხოლოდ ის მითხრეს, რომ შეჩერებულია.“

სოციალური დახმარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მარტის თვეში სოციალური შემწეობა არავის შეჩერებია:

„რაც შეეხება იანვარ-თებერვალს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს შეჩერება იყო კანონიერი, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგენილებაში შევიდა ცვლილება და იანვარ-თებერვალში ვისაც შეუჩერდა [და არა შეუწყდა] სოციალური დახმარება, მთავრობის განკარგულებით ისევ აღუდგებათ. ახლა მიმდინარეობს სიების დამუშავება და შეჩერებული დახმარება უახლოეს დღეებში აღუდგებათ მოქალაქეებს“. 

სააგენტოს ინფორმაციით, ასეთ ოჯახებს თანხა ჩაერიცხებათ შემდეგი კვირის დასაწყისში. 

ხელახალ გადამოწმებასთან დაკავშირებით სააგენტომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში სოციალური მომსახურების სააგენტო არ განახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

„მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით, სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. ეს გავრცელდება 2020 წლის პირველი იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას. 

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტო არ შეაჩერებს სახელმწიფო გასაცემლებს (სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.), მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული სახელმწიფო გასაცემლების თანხები არ ჩაითვლება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნებას,“ – მოგვწერეს სოციალური დაცვის სააგენტოდან.

769 ადამიანი ერთ დღეში – ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა

769 ადამიანი გარდაიცვალა ესპანეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით. მონაცემები დღეს, 27 მარტს, გამოქვეყნდა. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 4 858 ადამიანია გარდაცვლილი.

56 188-დან 64 059 -მდე გაიზარდა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში. აქედან საავადმყოფოში მკურნალობას დაახლოებით 27 ათასი პაციენტი გადის.

ესპანეთში, რომელიც ევროპაში იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, 14 მარტის შემდეგ კარანტინია, თუმცა დაავადების გავრცელება არ ნელდება. მადრიდში მდებარე საავადმყოფოები, დამკრძალავი ბიუროები და კრემატორიუმები მუშაობას  ვეღარ აუდიან.  დროებით მორგად გადააკეთეს ყინულის მოედანი, ხოლო მადრიდის იფემას საკონფერენციო ცენტრი – 5 500-საწოლიან საველე საავადმყოფოდ.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის მაღალია სამედიცინო პერსონალის ოდენობა. სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ერთ-ერთი ფაქტორი დამცავი საშუალებების სერიოზული ნაკლებობაა, მათ შორის: სამედიცინო ნიღბების, სათვალეების და ხალათების.

ესპანეთში ერთ დღეში 514 ადამიანი იმსხვერპლა COVID-19-მა – ექიმებს ვირუსთან გამკლავება უჭირთ

„390-დან 700 ლარამდე ავედი“ – მიკროსაფინანსოებს სესხის გადავადებას სთხოვენ

„არ აინტერესებთ, რა ხდება. კორონავირუსის გამო ვეღარ ვმუშაობ. როცა ვურეკავ, არ პასუხობენ. თვითონ როცა მირეკავენ, მეუბნებიან, არ გვაინტერესებსო. 390 ლარი მქონდა გადასახდელი და 700 ლარს გასცდა უკვე ჩემი სესხი, რაც ახლა უნდა გადავიხადო,“ – ამბობს შალვა გოდერძიშვილი. მას ლიზინგის სესხი „მოგო“-ში აქვს.

შალვა არ არის ერთადერთი, რომელიც სალიზინგო კომპანიისგან სესხის გადავადებას ითხოვს. ამ კომპანიის და სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფეისბუქგვერდებს თუ გადახედავთ, ასობით კომენტარს ნახავთ – ადამიანები საგანგებო მდგომარეობის გამო სესხის გადავადებას ითხოვენ.

„მოგოს“ შემთხვევაში კრედიტორები აპირებენ პეტიციით მიმართონ საქართველოს მთავრობას.

სალიზინგო კომპანიის მომხმარებლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიისგან კონკრეტული პასუხი სესხის გადავადებაზე ვერ მიიღეს და ყოველდღიურად მისდით შეტყობინება ჯარიმის შესახებ, რასაც კომპანია კრედიტორს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის არიცხავს.

დაჯარიმებულებს შორისაა ბათუმელი ადვოკატი მერი ცინარიძეც.

„21 მარტს უნდა გადამეხადა 400 ლარი. რამდენიმე დღით ადრე დავურეკე ცხელ ხაზზე და ვუთხარი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდი სესხის დაფარვას. ვთხოვე, გაეთვალისწინებინათ პანდემია და ის, რაც ბანკებმა გააკეთეს. მითხრეს, რომ სესხს იმ შემთხვევაში გადამივადებდნენ, თუკი 270 ლარს გადავიხდიდი, ანუ ამით არც პროცენტი დაიფარებოდა და არც ძირი თანხა – გადავადებისთვის უნდა გადამეხადა ეს თანხა. მას შემდეგ მპასუხობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ან რა ვერ გაირკვა ამ დროში, გაუგებარია,“ – გვიყვება მერი ცინარიძე.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობაზე, სადაც წერია, რომ ფორსმაჟორის შემთხვევაში მხარემ შესაძლოა ვალდებულება ვერ შეასრულოს. მერი ცინარიძე არ გამორიცხავს სასამართლო დავასაც და იმას, რომ დავა კრედიტორების სასარგებლოდ დასრულდება, თუმცა „მოგოს“ სესხი ასეულობით ადამიანს აქვს.

„ბათუმელებს“ კომპანია „მოგოს“ ცხელ ხაზზე არ უპასუხეს. არაფერი მოგვწერეს ამავე კომპანიის ფეისბუქგვერდზეც.

სესხის გადავადების მოთხოვნაზე კომენტარები ვიპოვეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფეისბუქგვერდებზეც, თუმცა კომენტარების მიხედვით, ნაწილისთვის სესხი უკვე გადაუვადებიათ, ნაწილი გადავადებას ელოდება, ზოგიერთი კი, იმ მაღალ პროცენტს აპროტესტებს, გადავადების გამო რომ დაუწესეს ახლა.

„17 მარტს რომ დაურეკა დედამ, უთხრეს, ეს გადავადება ჩვენ არ გვეხებაო… მერე დაგვპირდნენ, რომ შევისწავლითო, მაგრამ ამ დრომდე არ გარკვეულა არაფერი,“ – გვითხრა მოქალაქემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მას სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკაში“ აქვს.
„ლაზიკა კაპიტალის“ ფეისბუქგვერდზე არაერთი მოქალაქის აგრესია კომპანიის განცხადებამ გამოიწვია. 16 მარტს კომპანიის დირექტორმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია:
„სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ საჭიროებას. რაც შეეხება, კორონავირუსის შედეგად მიღებულ ეფექტს ფიზიკური პირების ეკონომიკურ საქმიანობაზე, მე პირადად, სრულიად გადაჭარბებულად და უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია კრიზისული სიტუაციის დახატვა…

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა უფლის შეწევნით და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ქმედითობით, მალევე დაამარცხებს ამ გამოწვევას, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, თუმცა ამ საყოველთაო და მოკლევადიან პანიკაში ნუ დავაზიანებთ ქვეყნის მდგრადობისთვის ძალზე მნიშვნელოვან საფინანსო სექტორს, რამაც შეიძლება უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბესიკ შენგელიამ, „ლაზიკა კაპიტალის“ მენეჯერმა, გვითხრა, რომ ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მათი მომხმარებლების დაახლოებით 40 პროცენტს სესხი გადაუვადეს. ბესიკ შენგელია განმარტავს, რომ პირობების შესწავლის შემდეგ ხდება სესხის გადავადება.

„ინფორმაციის განახლება ხდება, მხოლოდ სესხის გადავადება ხომ არაა გამოსავალი? ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ ასე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უძვირდებათ და რეალურად არაფერს ჩუქნიან… ზოგს ძირის გადავადება სურს, ზოგს – პროცენტის, ზოგს მთლიანად და ამ დეტალებს ვაზუსტებთ, უარს არ ვეუბნებით არავის, ვისაც სესხის გადავადების სურვილი და საჭიროება აქვს. ეს ტექნიკურად რთული პროცესია და ყველას ერთად ვერც დავუკავშირდებოდით,“ – გვითხრა ბესიკ შენგელიამ.

მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელმა“ მხოლოდ სესხის ძირ თანხაზე აამოქმედა შეღავათი. მოქალაქეები კი, რომლებსაც ამ კომპანიის სესხი აქვთ, ფეისბუქგვერდზე წერენ, რომ ძირი თანხა ბევრად აღემატება პროცენტს, რომლის გადახდასაც „ბერმელი“ საგანგებო რეჟიმის პირობებშიც ითხოვს.

„მითხრეს, რომ ძირი შემიძლია არ გადავიხადო, მაგრამ ჩემს სესხში 85 დოლარი არის ძირი და დაახლოებით 177 დოლარი პროცენტი. თუ 177 გადავიხადე, გადავიხდი იმ 85-საც, მაგის გამო კიდე რაღაც ვალდებულებას დამიმატებენ… გადავიხადეთ ეს თანხა და ახლა არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, რა ვჭამოთ რვასულიანმა ოჯახმა, გუშინ ამის შესახებ პრემიერსაც მივწერე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ემზარ ასანიძემ.

„ჩემი სესხი 1060 ლარია თვეში და აქედან 980 ლარი პროცენტია. მეუბნებიან, რომ ძირი შემიძლია არ გადავიხადო, მაგრამ რა გამოდის?“ – კითხულობს თამარ აჩბა. მასაც „ბერმელის“ სესხი აქვს დასაფარი. თამარი ტურიზმის სფეროში მუშაობს.
„ვხატავ კიდეც, მაგრამ ახლა ვის რად უნდა ჩემი ნახატები? კომპანიაში მითხრეს, რომ სესხის გადავადება მათ არ ეხებათ,“ – გვითხრა თამარ აჩბამ.
„არ არის ასე, ზოგჯერ ძირი თანხა უფრო მეტია, ვიდრე პროცენტი,“ – ამბობს „ბერმელის“ მენეჯერი, ეთერ ბერიძე. მისი თქმით, ინდივიდუალურად განიხილავენ შემთხვევებს და თუკი მოქალაქის შემოსავლის გარეშე დარჩენა დასტურდება, სესხის სრულად გადაუვადებენ. ეთერ ბერიძე ამ მონაცემების გადამოწმებას და მოგვიანებით მოწოდებას დაგვპირდა.

გაერო: ცეცხლი ყველგან უნდა შეწყდეს, ვებრძოლოთ დაავადებას, რომელიც ებრძვის ჩვენს სამყაროს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს კონფლიქტების შეწყვეტისკენ მოუწოდა და 25 მარტს გამართულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრები უკვე დაიწყო.

„გაეროს წარმომადგენლები სირიაში, იემენში თუ სხვაგან, დიპლომატიური ინიციატივებით გამოდიან დაპირისპირებულ მხარეებთან – მთავრობებთან და სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფებთან, რომ დავადუმოთ იარაღი,” – განაცხადა 25 მარტს ონლაინკონფერენციაზე ანტონიო გუტერეშმა.

„დროა, შეწყდეს შეირაღებული კონფლიქტები და ვფოკუსირდეთ ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტ ბრძოლაზე. მოვუწოდებ დაპირისპირებულ მხარეებს, გადავდოთ გვერდით უნდობლობა და დავადუმოთ იარაღი. უმნიშვნელოვანესია სასიცოცხლოდ საჭირო დახმარებისთვის კორიდორების შექმნა, გავაღოთ ფანჯრები დიპლომატიისთვის, რათა მივცეთ იმედი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს COVID-19-ის წინაშე.

დასრულდეს ომი და ვებრძოლოთ დაავადებას, რომელიც ებრძვის ჩვენს სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ ახლა უნდა შეწყდეს ცეცხლი ყველგან. ომს არ აქვს არანაირი აზრი არც ერთ ვითარებაში და მით უმეტეს მაშინ, როცა მსოფლიოში ეპიდემია გვაქვს,” – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-თან ბრძოლაში პალესტინელმა მაღალჩინოსნებმა და ისრაელმა შეძლეს ერთად მუშაობა, მიუხედავად მათ შორის არსებული ვითარებისა და გაეროს სურს, ამ მოწოდებას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვეს სხვა ქვეყნებშიც.

ამავე ჩართვაში გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ შეახსენა დიდი ოცეულის ქვეყნებს, რომ პანდემიის დროს, რომელიც ანგრევს გლობალურ ეკონომიკას, ყველა ელის მსოფლიო ლიდერების შეთანხმებულ და გადამწყვეტ მოქმედებებს.

მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პანდემიით გამოწვეული ზარალი, სავარაუდოდ, ტრილიონობით დოლარი იქნება:

„დიდი ოცეულის ლიდერების საპასუხო რეაქცია უნდა იყოს თანმიმდევრული და გადამწყვეტი, ის უნდა მოიცავდეს დიდი ოდენობით რესურსების ჩადებას ეკონომიკაში, რომელიც მიაღწევს ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებლებს მთლიან შიდა პროდუქტში გლობალურად,” – განაცხადა მან.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა დიდი ოცეულის ქვეყნებს გამოჰყონ “წვეთი ოკეანეში” – 2 მილიარდი დოლარი კონფლიქტებისგან დაზარალებული მოწყვლადი ერებისთვის ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, რომ გაუმკლავდნენ კორონავირუსის პანდემიას და აღკვეთონ COVID-19-ის ხელმეორედ დატრიალება მსოფლიოში.

„ისტორია განგვსჯის იმის მიხედვით, თუ როგორ ვუპასუხეთ უღარიბეს თემებს ყველაზე ბნელ ჟამს,” – განაცხადა მან. 

სუპერმარკეტი „ბონუსი“ ხალხის სამსახურში – ვინარჩუნებთ მაქსიმალურად დაბალ ფასებს

უკვე ერთი წელია, რაც სუპერმარკეტების ქსელი „ბონუსი“ სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს ახალ, ხარისხიან და მრავალფეროვან პროდუქციას საბითუმო ფასებში აწვდის.

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რასაც თან ერთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურება, გავლენას ახდენს ბაზარზე არსებულ ფასებზე, თუმცა მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ სუპერმარკეტების ქსელი „ბონუსი“კვლავაც რჩება პირვანდელი პოლიტიკის ერთგული და ინარჩუნებს მაქსიმალურად დაბალ  და ხელმისაწვდომ ფასებს.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს სუპერმარკეტების  ქსელ „ბონუსის“ ერთ-ერთი ფილიალი დაჯარიმდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

„ბონუსი“ სრულად იცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას, ვირუსის პრევენციისათვის გათვალისწინებულ სამუშაოებს. სისტემატურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება ყველა სახის ზედაპირი, პერსონალი აღჭურვილია საჭირო ეკიპირებით – პირბადეებით, ხელთათმანებითა და სადეზინფექციო ხსნარებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხო და შეუფერხებელი მომსახურება.

„ბონუსის“ ადმინისტრაციის ინიციატივით არაერთხელ ჩატარდა საქველმოქმედო ხასიათის აქცია. ჩაქვსა და ბათუმში არაერთ ოჯახს საჩუქრად გადაეცა სასურსათო პროდუქტები, რაც სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რადგანაც „ბონუსი“ ხალხის სამსახურშია.

 

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულ ადამიანს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საქართველოში შემოსვლამდე 7 დღე იმყოფებოდა ესპანეთსა და გერმანიაში და კარანტინში იყო.

როგორც მინისტრი ამბობს, როცა პაციენტს დაუფიქსირდა ტემპერატურა 37.4c გრადუსი, ის მაშინვე იქნა გადაყვანილი კარანტინიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საკარანტინო ზონიდან ინფექტიურ საავადმყოფოში სულ გადაყვანილი იყო 12 მოქალაქე და აქედან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ბათუმში ამ დროისთვის სულ 7 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე.

„7 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა შეესაბამება მსუბუქ მიმდინარეობას, მინიმალური კლინიკური ნიშნებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, რადგან მას აქვს მთელი რიგი თანმხლები დაავადებები, თუმცა ამ ეტაპზე, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 629-მდე გაიზარდა

75 ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში კორონავირუსით. 26 მარტის მონაცემებით, მთლიანად თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის 3 629 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.

„16 პაციენტი გარდაიცვალა. ამით დაღუპულთა რიცხვი 75-მდე, დაავადებულთა კი 3 ათას 629-მდე გაიზარდა,“ – დაწერა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ twitter-ზე.

ჯანდაცვის  მინისტრის  ინფორმაციით, 26 მარტს  7 286 ტესტის პასუხი მიიღეს და მათგან მხოლოდ 1 196 იყო დადებითი.

 

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

Exit mobile version