მთავარი,სიახლეები

„კოხრეიძე თავის პერსონალურ გეგმას არ ახორციელებს აჭარა ტვ-ში“ – ზვიად ქორიძე

27.03.2020 • 1399
„კოხრეიძე თავის პერსონალურ გეგმას არ ახორციელებს აჭარა ტვ-ში“ – ზვიად ქორიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ალტერნატიულ პროფკავშირთან მედიაციის პროცესი ისე შეწყვიტა, რომ არ დალაპარაკებია თანამშრომლებს. არხის ჟურნალისტები გაფიცვას გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თქვეს, რომ ამ რთულ ვითარებაში საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ უნდა იმუშაონ. ამის მიუხედავად, ეს ჯგუფი მაინც ეთერს მიღმა აღმოჩნდა: გიორგი კოხრეიძემ გააჩერა გადაცემა „ჰეშთეგი“. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა ტელეწამყვანის გათავისუფლება და სხვა წამყვანი ჟურნალისტებისთვის პოზიციების შეცვლა. როგორ შეიძლება ეს პროცესები მაუწყებელში დასრულდეს? – „ბათუმელების“ კითხვებს მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე პასუხობს.

  • ბატონო ზვიად, აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე აცხადებს, რომ გიორგი კოხრეიძემ კორონავირუსით ისარგებლა და ისინი სამსახურს ჩამოაშორა. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს, ასეა?

ის, რომ მედიაციის პროცესი შეწყვიტა მენეჯერმა და მოთხოვნები, რომლებიც ჰქონდა ალტერნატიულ პროფკავშირებს არ მიიღო განსახილველად, არ შევიდა დისკუსიაში, ეს უკვე საფუძველია იმისა, რომ პროფკავშირებმა დაიწყოს გაფიცვა. თუმცა, დღეს ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელობა რასაც საუბრობს, მიმამჩნია, რომ სამოქალაქო თვალსაზრისით ისინი სწორად იქცევიან: ასეთ დაძაბულ ვითარებაში, როგორიც საქართველოში პანდემიის გამო შეიქმნა, ძალიან რთული იქნება გაფიცვის გამართვა, გაფიცვის აღქმაც, სოლიდარობაც გაფიცულთა მიმართ და შედეგის მიღწევაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები სამოქალქო პასუხისმგებლობით მიუდგნენ და არ დაიწყეს გაფიცვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაფიცვის საფუძველი არის ის, რომ მედიაცია არ შედგა. დიახ, მათ თქვეს, რომ არ გაიფიცებოდნენ, მაგრამ ეს არ არის გზავნილი, რომ რაკი არ გაიფიცებიან, მოდი ახლა მედიაცია ჩავშალოთ.

მედიატორიც, რომელიც სახელმწიფო საჯარო უწყების მიერ არის დანიშნული და ვალდებულია დაიცვას მოქალაქეების შრომითი უფლებები, ხელი შეუწყოს სწორ კომუნიკაციას პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის, ეს ადამიანი აღმოჩნდა ასევე დაბალი სამოქალაქო პასუხიმგებლობის მქონე, დაახლოებით ისეთი, როგორიც დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტია.

  • მართალია, პროფკავშირმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიფიცებიან, სამაგიეროდ დირექტორმა პირიქით ჩათვალა და ყველა გაუშვა სახლში. უფრო ზუსტად, მხოლოდ 50 თანამშრომელი დატოვა სამსახურში. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?

ვხედავთ, რომ  სასწორის სხვადასხვა თეფშზე დევს სხვადასხვა აღქმა სამოქალაქო პასუხიმგებლობის,  ერთის მხრივ ალტერნატიული პროფკავშირები, რომლებიც გამოირჩევიან ღრმა სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ადმინისტრაცია, ასევე მედიატორი, რომლებიც არ გამოირჩევიან არანაირი პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ასეთ დროს არანაირი კომუნიკაცია არ შედგება, არც შედგა და შედეგად მივიღეთ ვითარება, რომ ადამიანები, რომლებიც, თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ, ჰქონდათ ძალიან კარგი შედეგები და მათი პროგრამა იყო ერთ-ერთი გამორჩეული – როგორც საინფორმაციო, ასევე დილა და კიდევ სხვა პროგრამები, იმის გამო, რომ მათ აქვთ ეს პასუხიმგებლობა, შეიძლება დაისაჯონ, პრაქტიკულად ეს დასჯაა. ამ პროგრამების წარმომადგენლები არიან ალტერნატიულ პროფკავშირებში გაერთიანებული და ამ ადამიანების წინააღმდეგ მენეჯმენტი პრაქტიკულად დევნის ოპერაციას ახორციელებს.

რა თქმა უნდა, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი არ ესმის დირექტორს, არ ესმის ფუნქციები საზოგადოებრივი მაუწყებლის, არ იცის კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და არც ის ესმის, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციური დატვირთვა განსაკუთრებით იზრდება. მით უმეტეს, ხაზს ვუსვამ – აქამდე ყველა კარგად ვხედავდით, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იმ აუდიტორიაში, სადაც იგი ვრცელდება, იყო საკმაოდ მაღალი. როცა ამ ფაქტორს არ ითვალისწინებ და ანგრევ ასეთ ტელევიზიას, რა თქმა უნდა, შენი მიზანია, საზოგადოება გახადო არაინფორმირებული და უფრო მეტად ჩაკეტო.

  • არაერთგზის ითქვა, რომ აჭარის ტელევიზიის დახურვა იგეგმება, უფრო ზუსტად, მისი სამაუწყებლო ბადე უნდა შემცირდეს ერთ საათამდე. ისე ხომ არ მოხდება, რომ პანდემია გადაივლის და აჭარის მაუწყებელი მხოლოდ 50 კაცით გააგრძელებს მუშაობას, რაც, ალბათ, საკმარისი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის დღის განმავლობაში ერთსაათიანი საინფორმაციოს მოსამზადებლად?

ის, რომ მსგავს ცვლილებებს გეგმავს ან განახორციელებს მენეჯმენტი, ამაზე მე ვერ ვიმარჩიელებ. თუმცაღა მოვლენების დინამიკა ადასტურებს, რომ სწორედ იმიტომაც მოიყვანეს ასეთი საბჭო და დირექტორი, რომ ამ პროცესში დაინგრეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. აჭარის ტელევიზია და რადიო პრაქტიკულად გაანადგურეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის კომპონენტი.

ამ ადამიანს, დირექტორს ერთი მხრივ პერსონალურად აქვს საკმაოდ მზარდი მიდრეკილება იმ ფინანსების მართვის, რომელიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის. მეორე მხრივ თბილისში, სამეურვეო საბჭოსაც მიაჩნია, რომ 11 მილიონის ხარჯვა აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის, არ არის მთლად გამართლებული.

ბევრი ფაქტორი ემთხვევა ერთმანეთს. სოციალურ ქსელებშიც მიდის ამაზე საუბარი. ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ გიორგი კოხრეიძე დღეს თავის პერსონალურ გეგმას არ ახორციელებს აჭარის ტელევიზიაში, რასაც ის აკეთებს შედის სხვა ჯგუფების ინტერესებში, თუ საერთოდ არ შედის სხვა ქვეყნის ინტერესში. ადრეც გამოვთქვი მე ეს მოსაზრება – ეს ქვეყანა არის რუსეთი, რომელიც ყოველმხრივ შეუწყობს ხელს იმას, რომ საზოგადოებრივი და სოციალური მღელვარება ყოველთვის შეინარჩუნოს აჭარაში და ის ამას ეცდება ძალიან დიდი დოზით. ამიტომ მგონია, რომ გიორგი კოხრეიძე არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. ის, უბრალოდ, ასე ხისტად და უხეშად, ასე უხამსად ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ანგრევს საზოგადოებრივ მაუწყებელს აჭარაში.

რა ფორმით მოხდება ეს ნგრევა ამაზე დიდი მარჩიელობა არ არის საჭირო, უკვე მიდის ნგრევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამას უკვე ფორმაც კი აღარ აქვს, შინაარსზე აღარ ვსაუბრობ. ყველაზე საინტერესო, მაყურებლის ინტერესებზე ორიენტირებული გადაცემები იხურება და იხურება თითქოს, რაღაც საგანგებო მდგომარეობის მოტივით. ეს გაუგებარია. პირიქით – საგანგებო მდგომარეობის დროს მეტი გადაცემა უნდა გააკეთოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომ მეტად იყვნენ ინფორმირებული მოქალაქეები. ახლა სწორედ იმ გადაცემების დახურვაზე მიდის საუბარი, რომლებიც მოქალაქეების ინფორმირებულობაზე იყო ორიენტირებული.

თვეზე ოდნავ ნაკლები დარჩა საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე, რომელიც არ ვიცით გაგრძელდება თუ არა. არც თუ ისე დიდი დროა იმისთვის, რომ ფაქტობრივი ნაბიჯები, რომლებიც გადადგა გიორგი კოხრეიძემ, ახლა სამართლებრივადაც გაამყაროს – მათ არაფერში არ სჭირდებათ ტელევიზიაში ის ადამიანები, რომელთა პროექტებიც დახურა და რომლებიც დღეს ეთერში არ მუშაობენ. ახლა, რა თქმა უნდა, სადღაც პირველამდე უნდა ველოდოთ, ამ ადამიანებს როგორ გაყრის ტელევიზიიდან. მან ხომ ღიად თქვა, რომ ის კომუნიკაციაში ალტერნატიულ პროფკავშირებთან არ შევა.

სახელმწიფომ ამაზე არანაირი ქმედითი ღონისძიება არ გაატარა და პრაქტიკულად მხოლოდ გაფიცვის ამარა დატოვა ჟურნალისტები, რომლებიც ითხოვდნენ ადმინისტრაციისგან გარკვეულ დათმობას. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, გიორგი კოხრეიძე არ გაჩერდება, მე ამის მოლოდინი არ მაქვს.

თუ არის საუბარი იმაზე, რომ გადაცემები უნდა დაიხუროს საგანგებო მდგომარეობის მოტივით, რატომ იქმნება ამავდროულად სხვა გადაცემები – საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მნიშვნელობით საკმაოდ მდარე, რატომ უწყობს ამას ხელს, რატომ ხარჯავს ამაში დროს… თუ ერთის მხრივ საჯარო ფინანსები უნდა დაზოგოს, უნდა დაზოგოს პერსონალი, ის ადამიანები, ვინც გადაცემების გაშვებას უზრუნველყოფენ, ნაკლებად გამოდიოდნენ სახლიდან და ნაკლებად იყვნენ დაკავებული საზოგადოებრივ სივრცეებში, ის ხომ ამ მოტივით ხურავს გადაცემებს, მაშინ ახალ გადაცემებს რატომ იწყებს? – იწყებს იმიტომ, რომ გადაცემებმა უნდა შეასრულონ ის პოლიტიკური ამოცანა, რომელიც დაუსახეს გიგა ჩხარტიშვილს, თამილა დოლიძეს,  სოსო სტურუას [მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები]. ჯერ მკაფიო პოზიცია არ ვიცი თამარ წილოსანის, ბევრ საკითხზე გაუგებარია მისი პოზიცია. და დაუსახეს გიორგი კოხრეიძეს.

ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ეს ადამიანები ასე ყინულმჭრელის ენერგიით მიდიან და ანგრევენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი წინა მრჩეველთა საბჭომ დაიწყო. ეს არის ზუსტად ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ვესაუბრებოდით ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს [მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრები], რომ მათ არ მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს მაშინ, მაგრამ ეს ზუსტად ერთი პროცესის სცენარია. სამწუხაროდ, ამ პროცესს მივყავართ იქითკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაინგრევა ბოლომდე  და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რომელსაც ახალი მღელვარება შესძინა აჭარის ტელევიზიამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, საბოლოოდ ჩაქრება და ამ ქვეყანაში მართლა არავის აღარ ექნება არანაირი სენტიმენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხსენებაზე,

  • გიორგი კოხრეიძემ ერთი ჟურნალისტი ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანა, „ჰეშთეგი“ გააჩერა, მანამდე თქვა, რომ საინფორმაციოს უფროს მოადგილე არ სჭირდება და მაია მერკვილაძე მოხსნა ამ პოზიციიდან, მაგრამ ახალ საინფორმაციოს უფროს კონსულტანტი დაუნიშნა. „აბსოლუტური უფლება“ აქვს კოხრეიძეს მინიჭებული?

წაკითხული აქვს ბრძანებები, რომელსაც აწერს ხელს? თუ აქვს წაკითხული და მისი კომპეტენცია ამაზე შორს არ მიდის, მაშინ საერთოდ რა უნდა დირექტორად. თუ ამ კონცეფციით, აი ასე უნდა მართოს ტელევიზია, ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა.

  • საბჭოს ერთი წევრი, რომელიც იურისტია, ამბობს, რომ ეს არის არაჯანსაღი პროცესი და დირექტორის მიერ მიღებული ბევრი გადაწყვეტილება უკანონოა. გამოდის გიორგი კოხრეიძეს აქვს გარანტიები?

ალბათ აქვს. სამწუხაროდ, ასეთ გარანტიებს იძლევა პოლიტიკური კლასი, ამ შემთხვევაში ალბათ მმართველი პოლიტიკური კლასი და, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები პირდაპირ ბმაშია იმ  პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ახლა ქვეყენაში რთული საგანგებო ვითარებისა მიუხედავად მაინც მიმდინარეობს.

  • რომ შეაფასოთ აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკა – „მე ამაში ვერ ჩავერევი“. რამდენად სწორია ეს მიდგომა?

პირველ აპრილამდე უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს ანგარიში და აუცილებლად უნდა დაიწყოს მისი მოსმენა. ძალიან ცუდია, თუ უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს მოსმენა არ გაიმართოს. უნდა იყოს საზოგადოება ამ მოსმენაზე. იმედი მაქვს, როგორც კი საგანგებო ვითარება გადაივლის, ეს მოსმენა შედგება. ვერც უმაღლესი საბჭო გაექცევა ვერსად თავის წილ პოლიტიკურ პასუხიმგებლობას და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რადგან მისი არჩეულია მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრი. ტყუილად ჰგონია ვინმეს, ვინც ამ პროცესშია პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, რომ ის პასუხიმგებლობას მოიხსნის.

  • როგორ ფიქრობთ, ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, მომავალში ამის გამო ვინმეს პასუხიმგებლობა დადგება?

ვიცით, რომ საზოგადოებას აქვს სხვა გამოწვევები, რაც ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, ამიტომაც შეიძლება ძალიან დიდი ტვირთი ვერ გადავიტანოთ ახლა საზოგადოების მხარეს. ფაქტია, საზოგადოებამ ეს არ ჩათვალა მნიშვნელოვან პრობლემად და გარკვეულწილად გაუხსნა ხელ-ფეხი პოლიტიკოსებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ასეთი პროცესები წაეხალისებინათ აჭარის ტელევიზიაში.

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გადადის ყველა იმ პერსონალზე, რომელიც ამაში იყო ჩართული და მათ პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ, ანგარიშის ჩაბარება საზოგადოების წინაშე. ვგულისხმობ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: