მთავარი,სიახლეები

შეჩერებული სოციალური დახმარება მოქალაქეებს დაერიცხებათ შემდეგ კვირაში – სააგენტო

27.03.2020 • 2438
შეჩერებული სოციალური დახმარება მოქალაქეებს დაერიცხებათ შემდეგ კვირაში – სააგენტო

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება შეუჩერეს, თანხა და პროდუქტის ვაუჩერი მათ 21 მარტს უნდა მიეღოთ. ოჯახებს ცხელ ხაზზე უპასუხეს, რომ  მორიგი გადამოწმების შემდეგ „ქულები დასათვლელია“ და, შესაბამისად, დახმარება შეჩერებულია.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ინფორმაციით, სოციალური დახმარება აქ 45-ზე მეტ ოჯახს შეუწყდა – მათ შორის ბევრს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მათთვის საკვები პროდუქტებისა  და ჰიგიენური საშუალებების შეძენას სწორედ ამ დახმარების ფარგლებში გაცემული ვაუჩერით ახერხებდა.

დახმარება არ მიუღია როინ გუნდაძის ოჯახსაც. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მეუღლემ კი ცოტა ხნის წინ რთული ოპერაცია გაიკეთა. თავად როინს  შშმ პირის სტატუსი აქვს.

„ოჯახში მყავს ასევე მშობლები და ორი და, ყველა ერთად ვცხოვრობთ ოცნების ქალაქში და ამ კორონავირუსის დროს დახმარების შეჩერება ძალიან დაგვაზარალებს,“ – ამბობს როინ გუნდაძე.

სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ მოგვიყვა სოფო დიასამიძეც. ის „ოცნების ქალაქში“ არ ცხოვრობს:

„ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ვცხოვრობ, ბინა იპოთეკით მაქვს დატვირთული. დახმარება ვერ ავიღეთ. სამი შვილი მყავს და ამის იმედი მქონდა, მოულოდნელი იყო ეს, არაფერი მომიმარაგებია. დავრეკე სოციალური სააგენტოს ცხელ ხაზზე და დაზუსტებული პასუხი ვერ გამცეს, როდის იქნება დახმარება, მხოლოდ ის მითხრეს, რომ შეჩერებულია.“

სოციალური დახმარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მარტის თვეში სოციალური შემწეობა არავის შეჩერებია:

„რაც შეეხება იანვარ-თებერვალს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს შეჩერება იყო კანონიერი, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგენილებაში შევიდა ცვლილება და იანვარ-თებერვალში ვისაც შეუჩერდა [და არა შეუწყდა] სოციალური დახმარება, მთავრობის განკარგულებით ისევ აღუდგებათ. ახლა მიმდინარეობს სიების დამუშავება და შეჩერებული დახმარება უახლოეს დღეებში აღუდგებათ მოქალაქეებს“. 

სააგენტოს ინფორმაციით, ასეთ ოჯახებს თანხა ჩაერიცხებათ შემდეგი კვირის დასაწყისში. 

ხელახალ გადამოწმებასთან დაკავშირებით სააგენტომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში სოციალური მომსახურების სააგენტო არ განახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

„მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით, სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. ეს გავრცელდება 2020 წლის პირველი იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას. 

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტო არ შეაჩერებს სახელმწიფო გასაცემლებს (სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.), მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული სახელმწიფო გასაცემლების თანხები არ ჩაითვლება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნებას,“ – მოგვწერეს სოციალური დაცვის სააგენტოდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: