მთავარი,სიახლეები

რიზეს პროვინციის ერთ ნაწილში კარანტინი გამოაცხადეს

27.03.2020
რიზეს პროვინციის ერთ ნაწილში კარანტინი გამოაცხადეს

თურქეთში, რიზეს პროვინციაში, ქალაქ ქენდირლისა და მის მიმდებარე ოთხ სოფელში – ბესთეპეში, ახალ სელიმიეში, ესენთეპსა და მალთეფეში კარანტინი გამოაცხადეს. კარანტინი გამოცხადებულია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

რიზეს გუბერნატორის განცხადებით, კარანტინად გამოცხადებული ზონის ყველა შესასვლელ-გასასვლელი მკაცრად კონტროლდება. ამასთან, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ.

ქალაქ ქენდირლიში დაახლოებით 3500 ადამიანი ცხოვრობს. გუშინ, 26 მარტს, ქალაქში კორონავირუსით 67 წლის კაცი გარდაიცვალა. სამი პირი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს საეჭვო სიმპტომებით. კაცი, რომელიც გარდაიცვალა სალოცავად მეჩეთში დადიოდა. მისი ვირუსით გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქალაქში პანიკა მოჰყვა.

როგორც თურქული გამოცემა Birgun წერს, სწორედ ამის გამო მიიღო თურქეთის ხელისუფლებამ ქალაქის და მისი მიმდებარე სოფლების საკარანტინო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება.

“მოქალაქე, რომელიც გარდაიცვალა ხშირად დადიოდა მეჩეთში და იქ ხალხთან ურთიერთობდა. ამ ამბავმა პანიკა გამოიწვია ქალაქში. ერთადერთი ვარიანტი გვქონდა, კარანტინი გამოვაცხადეთ და ყველა ჩვენი მოქალაქე შემოწმდება ვირუსზე. შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია.  მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო და მოვუწოდო, გაითვალისწინონ ხელისუფლების რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში,” – თქვა ქენდირლის მერმა ალათინ სერდარმა. მერის კომენტარს Birgun.net ავრცელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: