მთავარი,სიახლეები

საფრანგეთში Covid 19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 16 წლის გოგოა

27.03.2020
საფრანგეთში Covid 19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 16 წლის გოგოა

ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით საფრანგეთში 1700-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 365 ბოლო 24 საათის განმავლობაში. Covid 19-ის ეპიდემიის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი საფრანგეთში 16 წლის გოგოა, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 1 კვირაში  ხუთჯერ გაიზარდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯერომ სალომონმა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში კორონავირუსის ფატალური ფორმები საფრანგეთში იშვიათია, თუმცა გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს 16 წლის გოგოს შემთხვევა, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა. ,,ეს ძალიან სამწუხარო, მაგრამ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, გამონაკლისი შემთხვევაა“, – ამბობს ჯერომ სალომონი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის საფრანგეთში Covid 19-ით ინფიცირებულია 29 581, მათგან ჯერომ სალომონის თქმით, რეანიმაციაში მოთავსებულია 3 375 (+548 ერთ დღეში), რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. გარდაცვალების შემთხვევათა უმრავლესობა 65 წელს გადაცილებულ ასაკობრივ კატეგორიაშია, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა 34% 60-წლამდეა, 58% კი – 60-დან 80 წლამდე.

გუშინ, 26 მარტს, სწრაფი მატარებელი TGV სასწრაფო სამედიცინო მატარებლად გადაკეთდა დროებით, რომ დაინფიცირებულები კლინიკებამდე დროულად გადაიყვანოს. ვაგონები სპონტანურად მოეწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღჭურვილობით და სანამ გარემოება მოითხოვს, იმორიგევებენ ექთნები, ექიმები, რეანიმატოლოგები და ანესთეზიოლოგები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: