მთავარი,სიახლეები

დისტანცირებული და ოლაინ სხდომები – როგორ აპირებენ მუშაობას საკრებულოები

28.03.2020 • 1432
დისტანცირებული და ოლაინ სხდომები – როგორ აპირებენ მუშაობას საკრებულოები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დისტანციური სხდომის ჩასატარებლად ემზადება.

„უახლოეს დღეებში სხდომას არ ვგეგმავთ, მერიასაც არ აქვს ისეთი საჭიროება, რომ საჩქაროდ იყოს რაიმე დასამტკიცებელი. მაგრამ თუ მაინც საჭირო გახდება ვემზადებით, რომ შემდეგი სხდომა დისტანციურად, სპეციალური პროგრამის დახმარებით, ონლაინ, პირდაპირი ჩართვით ჩავატაროთ“ – გვითხრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ სხდომაზევე საკრებულო კენჭს უყრის განკარგულებას სხდომის დისტანცირებულად ჩატარების შესახებ.

დავით მჭედლიძის ინფორმაციით სხდომა, ასევე, იქნება ჩართული საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე, სხდომის შემდეგ კი, როგორც ვიდეოჩანაწერი, ასევე განხილული საკითხები, სრულად აიტვირთება.

31 მარტს, სამშაბათს სხდომის ჩატარებას გეგმავენ როგორც ქედის, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოებიც.

იმის გამო, რომ სოფლებს, სადაც საკრებულოს წევრები ცხოვრობენ, არ მიეწოდება ინტერნეტი ისეთი სიჩქარით, რომ პირდაპირი ჩართვის მეშვეობით სხდომის ჩატარება იყოს შესაძლებელი, ამიტომ ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ, შუქრი თურმანიძემ, სხდომის ჩატარება დიდ დარბაზში გადაწყვიტა: „სადაც საკრებულოს წევრები ერთმანეთისგან ოთხი მეტრის დაშორებით დასხდებიან“.

რეკომენდაცია 2 მეტრით დაშორებაა, მაგრამ ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს მეტი სიფრთხილე ურჩევნია.

სხდომა დახურული იქნება და როგორც თავმჯდომარე ამბობს, განიხილავენ მხოლოდ იმ საკითხებს, რომელთა დამტკიცებაც აუცილებელია მერიის სტრუქტურული ერთეულების გამართულად მუშაობისთვის.

31 მარტს სხდომა აქვს ჩანიშნული ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც. თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ამბობს, რომ  დისტანცირების მოთხოვნის შესაბამისად სხდომას ხულოს თეატრის შენობაში ჩაატარებენ.

ჯუმბერ დიმიტრაძის თქმით, მასაც უნდოდა პირდაპირი ჩართვის საშუალებით სხდომის ჩატარება, მაგრამ „ცუდი ინტერნეტის გამო“ გადაწყვიტა სხდომა შეფერხების გარეშე ჩაატაროს.

ხელვაჩაურის საკრებულომ პირველი დისტანციური სხდომა 27 მარტს ჩაატარა, რომელიც პირდაპირი ჩართვით არ განხორციელებულა.

როგორ უზრუნველყო საკრებულომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებებით გათვალისწინებული რეკომენდაცია ათი კაცის ერთად შეკრებაზე? – პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ დისტანცირებისთვის სხდომა არა საკრებულოს სხდომათა დარბაზში, არამედ კულტურის სახლის დიდ დარბაზში ჩაატარეს, საკრებულოს წევრები კი  დისტანცირებულად ისხდნენ, თუმცა სხდომაზე გადაღებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს ვერ ვიტყვით, რომ წესები დაცულია, სხდომის ყველა დამსწრეს პირბადე არ უკეთია:

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა სამ საკითხზე იმსჯელეს, მთავრი განსახილველი ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო. ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 158 000 ლარი დაემატა, აქედან 20  000  ლარი  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებისა და შშმ პირებისათვის მედიკამენტების შეძენას მოხმარდება, დარჩენილი თანხა კი სარეზერვო ფონდში გადაიტანეს.

სხდომა დიდ დარბაზში, დისტანცირების წესების დაცვით ჩავატარეთო – გვითხრეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც – აქ საკრებულოს წევრებს პირბადეები ეკეთათ, მაგრამ დისტანცია დაცული არ აქვთ და ერთმანეთთან ახლოს სხედან:

შუახევის საკრებულოს სხდომა

უახლოეს მომავალში სხდომის ჩატარებას არ გეგმავენ ბათუმის საკრებულოში. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის ნატალია ზოიძის თქმით, საკრებულოს წევრები თავიანთი მაჟორიტარული უბნების მიხედვით  ძირითადად იმ ჯგუფებს ეხმარებიან, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

საკრებულოს წევრის თქმით, ბოლო პერიოდში მას ამომრჩეველი რამდენჯერმე დაუკავშირდა და კორპუსებში დეზინფექციის ჩატარების საკითხით დაინტერესდა:

„დღეს სამმა დამირეკა და მითხრა, რომ მათ კორპუსში დეზინფექცია არ ჩაუტარებიათ, ახლა ვცდილობ გავარკვიო, მართალია თუ არა. თუ არ ჩაუტარებიათ, ალბათ ჩაატარებენ“ – გვითხრა ნატალია ზოიძემ.

ბათუმის საკრებულოში ბოლოს სხდომა 25 თებერვალს შედგა. რეგლამენტით კი საკრებულო თვეში ერთხელ მაინც უნდა შეიკრიბოს.

„გამომდინარე იქედან, რომ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ არ გვაქვს გადაუდებელი საკითხები – ეს იქნება ბიუჯეტში ცვლილება, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური საკითხები, რაც შეაფერხებს მუნიციპალიტეტის საქმიანობას, ამ თვეში სხდომის ჩატარების საკითხი მეორეხარისხოვნად ჩაითვალა. მითუმეტეს, პანდემიის გამო ადამიანების უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. სხვა მხრივ, დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობთ  და მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადებები განიხილება“, – გვითხრა ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ.

ირაკლი თავართქილაძის თქმით, წინა პლანზე დგას ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მაგრამ „თუ რაიმე გადაუდებელი საკითხი გაჩნდება, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხდომა ალბათ ჩატარდება -„ჩავატარებთ სხდომას და დავიცავთ დისტანციას. გვაქვს პირბადეები, ხელთათმანები, სადეზინფექციო საშუალებებიც. ჩვენ კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას სხდომა ონლაინ რეჟიმში ჩავატაროთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: