Batumelebi | საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები – შემოსავლების სამსახურის განცხადება საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები – შემოსავლების სამსახურის განცხადება – Batumelebi
RU | GE  

საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები – შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ჯანმოს მიერ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან [ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია] ბოლო 14 დღის განმავლობაში ნამყოფი სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლის მიმართ კონტროლი გამკაცრდა.

„კერძოდ, იმ სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა და რომელიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან წამოვიდა, ექვემდებარება შემდეგ ღონისძიებებს:

  • საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სავალდებულო გაცილებას, ანუ ის ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალება, რომლის მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია გადაადგილდეს გაცილებით დანიშნულების საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე.

რაც შეეხება იმპორტს, ხორციელდება შემდეგი პროცედურები: ახალი კორონავირუსის გავრცელების [ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული] არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას:

  • განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:
  • საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია;
  • სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;
  • ან განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება.
  • თუ ვერ განხორციელდება მძღოლის სხვა პირით ჩანაცვლება, სატრანსპორტო საშუალება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილება გაცილებით და საქონელი გადაიტვირთება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში.

ასევე, სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან მომავალი მძღოლის მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურები [დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრება, სკრინინგი-ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, მათ შორის თერმოსკრინინგი და ა.შ.]

ეპიდემიოლოგის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, თუ მძღოლს გამოუვლინდა მაღალი ტემპერატურა ან/და სხვა საეჭვო სიმპტომები, ამ შემთხვევაში მძღოლი ბრუნდება უკან [საქართველოს მოქალაქის გარდა], ხოლო ტვირთის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს ზემოაღნიშნული პროცედურები.

საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში კი, მძღოლი შემდგომი გამოკვლევის მიზნით ექვემდებარება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას.

მძღოლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გადაადგილდებიან შეუფერხებლად.

ამ დროისთვის მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა შესაბამისი წესების დაცვით ხორციელდება.

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მკაცრი კონტროლი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე ასევე, მოწყობილია საკარანტინე სივრცეები“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

_______________

თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. შეზღუდვის მიზეზი ახალი კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებია.

სახმელეთო საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია შემოვიდეს საქართველოში, საქართველოდან კი, თურქეთში გადავა მხოლოდ თურქეთის მოქალაქე.

ამ თემაზე:

სარფის საბაჟო დროებით, მაგრამ გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა [ფოტო]

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში, 2020 წლის 19 მარტის 19:30 საათის მონაცემებით კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 262 პირი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com