მთავარი,სიახლეები

გაერო: ცეცხლი ყველგან უნდა შეწყდეს, ვებრძოლოთ დაავადებას, რომელიც ებრძვის ჩვენს სამყაროს

27.03.2020
გაერო: ცეცხლი ყველგან უნდა შეწყდეს, ვებრძოლოთ დაავადებას, რომელიც ებრძვის ჩვენს სამყაროს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს კონფლიქტების შეწყვეტისკენ მოუწოდა და 25 მარტს გამართულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრები უკვე დაიწყო.

„გაეროს წარმომადგენლები სირიაში, იემენში თუ სხვაგან, დიპლომატიური ინიციატივებით გამოდიან დაპირისპირებულ მხარეებთან – მთავრობებთან და სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფებთან, რომ დავადუმოთ იარაღი,” – განაცხადა 25 მარტს ონლაინკონფერენციაზე ანტონიო გუტერეშმა.

„დროა, შეწყდეს შეირაღებული კონფლიქტები და ვფოკუსირდეთ ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტ ბრძოლაზე. მოვუწოდებ დაპირისპირებულ მხარეებს, გადავდოთ გვერდით უნდობლობა და დავადუმოთ იარაღი. უმნიშვნელოვანესია სასიცოცხლოდ საჭირო დახმარებისთვის კორიდორების შექმნა, გავაღოთ ფანჯრები დიპლომატიისთვის, რათა მივცეთ იმედი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს COVID-19-ის წინაშე.

დასრულდეს ომი და ვებრძოლოთ დაავადებას, რომელიც ებრძვის ჩვენს სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ ახლა უნდა შეწყდეს ცეცხლი ყველგან. ომს არ აქვს არანაირი აზრი არც ერთ ვითარებაში და მით უმეტეს მაშინ, როცა მსოფლიოში ეპიდემია გვაქვს,” – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-თან ბრძოლაში პალესტინელმა მაღალჩინოსნებმა და ისრაელმა შეძლეს ერთად მუშაობა, მიუხედავად მათ შორის არსებული ვითარებისა და გაეროს სურს, ამ მოწოდებას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვეს სხვა ქვეყნებშიც.

ამავე ჩართვაში გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ შეახსენა დიდი ოცეულის ქვეყნებს, რომ პანდემიის დროს, რომელიც ანგრევს გლობალურ ეკონომიკას, ყველა ელის მსოფლიო ლიდერების შეთანხმებულ და გადამწყვეტ მოქმედებებს.

მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პანდემიით გამოწვეული ზარალი, სავარაუდოდ, ტრილიონობით დოლარი იქნება:

„დიდი ოცეულის ლიდერების საპასუხო რეაქცია უნდა იყოს თანმიმდევრული და გადამწყვეტი, ის უნდა მოიცავდეს დიდი ოდენობით რესურსების ჩადებას ეკონომიკაში, რომელიც მიაღწევს ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებლებს მთლიან შიდა პროდუქტში გლობალურად,” – განაცხადა მან.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა დიდი ოცეულის ქვეყნებს გამოჰყონ “წვეთი ოკეანეში” – 2 მილიარდი დოლარი კონფლიქტებისგან დაზარალებული მოწყვლადი ერებისთვის ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, რომ გაუმკლავდნენ კორონავირუსის პანდემიას და აღკვეთონ COVID-19-ის ხელმეორედ დატრიალება მსოფლიოში.

„ისტორია განგვსჯის იმის მიხედვით, თუ როგორ ვუპასუხეთ უღარიბეს თემებს ყველაზე ბნელ ჟამს,” – განაცხადა მან. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: