მთავარი,სიახლეები

კარანტინის ზონაში მომუშავე პერსონალისთვის სამინისტრო ნახევარ მილიონ პირბადეს იყიდის

28.03.2020
კარანტინის ზონაში მომუშავე პერსონალისთვის სამინისტრო ნახევარ მილიონ პირბადეს იყიდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 500 ათასი ცალი სამშრიანი სახის ნიღაბის [პირბადის] შესყიდვაზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 570 ათას ლარზე გააფორმა [1 პირბადის ფასი 1.14 ლარი].

პირბადეების შესყიდვა, სამინისტროს ინფორმაციით, „მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის, გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისათვის, პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნვეყოფის მიზნით“ ხდება.

ხელშეკრულების მიხედვით, პირბადეების მიწოდება შპს „ქართული ტექსტილი“-მ 2020 წლის 30 მარტიდან უნდა განახორციელოს ყოველდღიურად, დღეში 15 ათასი ცალის ოდენობით.

სამინისტროს ინფორმაციით, შესყიდულ მოცულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „მოსალოდნელი რისკების შეფასებისას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ხარჯვის გათვალისწინებით, დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით“ მიიღეს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული და მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია.

2020 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 83, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 14, კარანტინის რეჟიმშია – 4641 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 239 ადამიანი.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობის მიერ მიღებულია ასევე გადაწყვეტილება, „ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით“ საქართველოში მოხდეს სამედიცინო პირბადეების წარმოება.

წარმოების ხაზის გასამართად ბიუჯეტიდან 6 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე:

სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

მთავარი ფოტო: საველე კარავი კარანტინის ზონაში [მარნეული, ბოლნისი] / ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: