მთავარი,სიახლეები

ქართველი მუსიკოსები საბერძნეთიდან დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვენ

27.03.2020 • 2541
ქართველი მუსიკოსები საბერძნეთიდან დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვენ

სამი მუსიკოსი – იური ლომინაძე, ბექა არჩვაძე და მანუჩარ მაისურაძე საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ისინი ათენში საქველმოქმედო კონცერტის გასამართად იყვნენ წასული, შეგროვილი თანხა სიმსივნით დაავადებულ არასრულწლოვან გოგონას გადაურიცხეს.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს, მანუჩარ მაისურაძეს ინტერნეტით დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთი ათენი-ქუთაისის ავირეისზე 21 მარტისთვის ჰქონდათ შეძენილი, თუმცა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ფრენები გააუქმა, ბილეთის საფასური კი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

„ჩვენ ვართ მოხეტიალე მუსიკოსები და ხშირად ვმართავთ კონცერტებს. ორი კვირაა რაც საბერძნეთში ვიმყოფებით, საქველმოქმედო ორგანიზაციამ მოგვიწვია და პატარა გოგონას შევუგროვეთ თანხა.

უკან დასაბრუნებელი ბილეთიც გვქონდა ნაყიდი, თუმცა იცით, რომ ფრენები მოულოდნელად გაუქმდა. ასე ჩავრჩით მე და ჩემი ორი მეგობარი, უკან დაბრუნებას ვეღარ ვახერხებთ“, – გვეუბნება მანუჩარ მაისურაძე.

მუსიკოსი ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში საბერძნეთში ჩარჩენა მათთვის ნამდვილი განსაცდელია.

„ფული არ გვაქვს და ბილეთის შეძენა არ შეგვიძლია. მეგობრის დეიდასთან ვართ ამჟამად, რომელსაც რამდენიმე დღით უნდა ემასპინძლა ჩვენთვის, თუმცა ახლა ეს მასპინძლობა გაგრძელდა და, ბუნებრივია, გვინდა, რომ სამშობლოში დავბრუნდეთ. ეს ჩვენთვის სერიოზული განსაცდელია, რადგან ვერც დაბრუნებას ვახერხებთ და არც საკონსულო გვეხმარება“, – ამბობს მანუჩარ მაისურაძე.

მისი თქმით, 7 აპრილს ათენიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური რეისია დანიშნული, თუმცა საკონსულო ვერ ეხმარება:

„საკონსულოში დავრეკეთ, ჯერ ქალმა გვიპასუხა და გვითხრა, მე ეზოში არ მიყენია თვითმფრინავიო, შემდეგ ვიღაც გალაქტიონს გადასცა ყურმილი, რომელმაც გვითხრა, რომ 7 აპრილის რეისზე ვერანაირად ვერ შეძლებთ მოხვედრას, ვერ დაგეხმარებით, რადგან არც არასრულწლოვნები ხართ, არც მოხუცები და არც ონკოლოგიური პაციენტებიო და იქვე დაამატა, რომ მე შემიძლია შემოგთავაზოთ პური, ბრინჯი და მაკარონი, რომ არ მოგშივდეთო.

ვფიქრობ, საკონსულო ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოსაც, რომ დაგვეხმარონ საქართველოში დაბრუნებაში“, – ამბობს მანუჩარ მაისურაძე.

მისი თქმით, ან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი ჩამოყვანა, ან „ვიზეარმა“ დროულად დაუბრუნოს დაჯავშნილი ბილეთის საფასური.

„ბათუმელებმა“ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ფეისბუკგვერდზე მისწერა იმის გასარკვევად, რამდენი განაცხადია მათთან საქართველოში დაბრუნებაზე შესული და ყველა მათგანი, მათ შორის ეს მუსიკოსები, შეძლებენ თუ ვერა ბილეთის შეძენას, თუ მათ გაუჩნდებათ შესაბამისი სახსრები? ასევე ვკითხეთ, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, რომ 7 აპრილის რეისი განკუთვნილია მხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის (ასაკოვანი ადამიანებისთვის, ონკოპაციენტებისთვის და არასრულწლოვნებისთვის)? – საელჩოდან ჯერჯერობით არ მოუწერიათ. მათგან მიღებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

„ბათუმელები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა კომენტარისთვის. როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, საბერძნეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა, სპეცრეისზე მოხვედრისთვის საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

რაც შეეხება ბილეთის საფასურს, სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ბილეთის საფასური თვითონ უნდა გადაიხადონ. „სამ ახალგაზრდას რომ დავეხმაროთ ბილეთის ფულით, სხვა ადამიანებს რა ვუყოთ, ვინც შიძლება თქვას, რომ ბილეთის ფული არ აქვს? ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ დაჯავშნილი ბილეთების საფასურს ან უკან უბრუნებს მგზავრს, ან უხანგრძლივებს ბილეთის ვადის მოქმედებას, ან სთავაზობს შემდგომ რეისს“, – გვითხრეს სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

უწყებაში გვითხრეს, რომ თუ მოქალაქეები უფულოდ არიან დარჩენილი, საქართველოს საელჩოები ასეთ ადამიანებს თავშესაფრით და საკვებით ეხმარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე ვკითხეთ, 7 აპრილის გარდა შესრულდება თუ არა დამატებითი სპეცრეისი საბერძნეთიდან საქართველოში, რაზეც სამინისტრომ მოგვწერა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო საერთაშორისო გადაადგილებები შეიზღუდა, კომპანია „ეგეოსმა“ 2 რეისი განახორციელა. ამჯერად კი საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული მიმართულებების ფარგლებში, ფრენას განახორციელებს კომპანია „აირზენა“.

„როგორც არაერთხელ ითქვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, მოქალაქეების მგზავრობა მოხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  პროტოკოლის დაცვით. მათი ბორტზე განთავსება იქნება ჭადრაკისებრი პრინციპით, რის გამოც, ერთი რეისით მხოლოდ 100 ადამიანს შეუძლია გამოფრენა.

ბილეთები გაიყიდება 2 დღით ადრე, კომპანია „აირზენას“ გაყიდვების გვერდზე და პრემიერ-მინისტრის მითითებით ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს“. საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე გვეუბნებიან, რომ 7 აპრილის რეისზე ბილეთის ყიდვა ყველას შეუძლია და რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის რეისი არ არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება 7 აპრილის შემდგომ რეისებს, სამინისტროდან გვწერენ: „როგორც ცნობილია საბჭოს  განსაზღვრული აქვს 10 აპრილის ჩათვლით ევროპის  მიმართულებით სხვადასხვა დედაქალაქში ფრენები. ხოლო 10 აპრილის შემდგომ მიმართულებებს, ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული ქვეყნის დაზუსტებას ვერ მოვახდენთ“.

გადაბეჭდვის წესი