მთავარი,სიახლეები

„დავკარგე პირადობა, დავარღვიე სავიზო რეჟიმი“ – თურქეთიდან დაბრუნებაზე საკონსულოს განმარტება

26.03.2020 • 39245
„დავკარგე პირადობა, დავარღვიე სავიზო რეჟიმი“ – თურქეთიდან დაბრუნებაზე საკონსულოს განმარტება

თურქეთთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის შემდეგ „ბათუმელებს“ არაერთი მოქალაქე მომართავს კითხვებით, თუ როგორ და რა გზით შეძლებენ ისინი ქვეყანაში დაბრუნებას.

ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი, საქართველოში დაბრუნებაზე პრობლემა არ შეექმნებათ. მაგრამ, „სავიზორეჟიმდარღვეულები საზღვარზე იხდიან ჯარიმას ან ექვემდებარებიან დეპორტაციას. ხოლო იმ მოქალაქეებმა, ვისაც არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, უნდა მიმართონ საკონსულოებს, წინასწარი ჩაწერით ვებგვერდზე www.geoconsul.gov.ge“, – განგვიმარტეს საკონსულოში.

ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქემ გაითვალისწინოს შემდეგი გარემოება. რომ თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულია შეზღუდვა, რომელიც ეხება  65 წელს გადაცილებულ პირებს.

„დაწესდა გადაადგილების შეზღუდვა და სახლიდან გამოსვლა 65 წლის და ზემოთ მყოფ მოქალაქეთათვის. ამ ასაკის მოქალაქეთა მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს რეგიონის გუბერნატორის სამსახურები და გამგეობები,“ – განგვიმარტეს საკონსულოში.

ცნობისათვის, თურქეთთან საზღვარი ცალმხრივადაა ღია. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, გადმოკვეთონ საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გადავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში.

ამასთან, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID 19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და  საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.

ეს შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს (უნდა მიუთითოთ საკონტაქტო ტელეფონი და ელფოსტა).

იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის  საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:

საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას  აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

მოქალაქე  საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით.

მოქალაქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.

მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 23 მარტიდან მხოლოდ სარფის საბაჟოდან შეეძლებათ საქართველოში დაბრუნება. საზღვრის კვეთის დრო – დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე [საქართველოს დროით].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: