მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

22.03.2020 • 1447
სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, „საქართველოში მოხდეს სამედიცინო პირბადეების წარმოება და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

წარმოების ხაზის გასამართად 6 600 000 აშშ დოლარი დაიხარჯება. ამ მიზნით, მთავრობის განკარგულების პროექტის მიხედვით, უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში 5 600 000 ლარი უნდა გადარიცხოს.

„საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ დოლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

ფონდის განაცხადის მიხედვით, შესაბამისი სამუშაოები მოიცავს: ნედლეულისა და დანადგარების შესყიდვას, მათი გამართვის სამუშაოებს, ტრანსპორტირებას და საწარმოს განლაგების ადგილის სარემონტო სამუშაოებს. ასევე შეფასების მომსახურებას.

„წარმოების გამართვისათვის საჭირო საქონლის [დანადგარები, ნედლეული] შემოტანა უნდა მოხდეს უცხოეთიდან, შესაბამისად, ტენდერის გზით ამ შესყიდვების განხორციელება შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ საკითხი ეხება დეფიციტურ და ძალიან მოთხოვნად საქონელს. უცხოური კომპანიების დათანხმება ტენდერში მონაწილეობაზე შეუძლებელია. ასევე, პირველ ეტაპზე განსახორციელებელი შესყიდვები არის ძალიან სასწრაფო და შესყიდვის პროცედურებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინება შეუძლებელია“ – აღნიშნულია „საპარტნიორო ფონდის“ განაცხადში.

მთავრობის განკარგულების პროექტის მიხედვით:

[checklist]

  • სს „საპარტნიორო ფონდმა“ უნდა გააფორმოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული (ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დასაშვებია ელექტრონული ფოსტით გამოხატული თანხმობაც) სახელმწიფო შესყიდვების
    ხელშეკრულებები;
  • საქართველოს ფინანსთან სამინისტრომ და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებმა სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი იმ საქონლის ნუსხაში, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (№01-69/ნ/№451), უნდა შეიტანონ სამედიცინო პირბადეები და მათ წარმოებაში გამოყენებული მანქანა-დანადგარები და ნედლეული.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს შესყიდული საქონლის საჰაერო გზით ტრანსპორტირება და საწარმოო ხაზისთვის შესაბამისი ფართობის გამოყოფა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.

[/checklist]

მთავრობის განკარგულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (შესყდივის ობიექტში დეფიციტურობა და მოკლე დრო), მიმწოდებლის მხარეს არის მოლაპარაკებების უპირატესობა, რის გამო:
ა) ფასის შემცირება შეუძლებლია და ამასთანავე ორდინარულ პირობებში არსებულ ფასებთან შედარებაც არარელევანტურია;
ბ) შესყიდვის ხელშეკრულებაში დარჩება მთელი რიგი სამართავი რისკები, როგორიცაა არბიტრაჟი და კანონმდებლობა, შესყდვის ობიექტის საგარანტიო პირობები და ა.შ.“

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო პრეზიდენტმა, 21 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 21 აპრილის ჩათვლით.

22 მარტის 10:20 საათის მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1,
  • კარანტინის რეჟიმშია – 1966,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 259 პირი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: