მთავარი,სიახლეები

როცა უმუშევარი დარჩი და ნაქირავები ბინიდან გიშვებენ – კორონავირუსი

27.03.2020 • 1143
როცა უმუშევარი დარჩი და ნაქირავები ბინიდან გიშვებენ – კორონავირუსი

„მინისტრებს არ სცალიათ, ვერ შეგხვდებითო… მესმის ყველაფრის, მაგრამ მეც რომ ქუჩაში ვრჩები?“ – კითხულობს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები აკაკი დავითაძე. ის ბინის ქირას პანდემიის გამოცხადების შემდეგ ვეღარ იხდის, რადგან უმუშევარი დარჩა. მის მდგომარეობაში სხვაც ბევრია.

აკაკი დავითაძე 6 წლის იყო, როცა მშობლებმა მიატოვეს და ქუჩაში იზრდებოდა, წლების განმავლობაში ის მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენდა თავს. მას ამჟამად ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. აკაკი სეზონურად მუშაობს, ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს და მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება აღარ შეუძლია. მის შესახებ „ბათუმელები“ ამ წლის დასაწყისში წერდა.

„ბოლო „ვოქსის“ რესტორნის ქსელში ვმუშაობდი, პანდემია როცა გამოცხადდა, გამოგვიშვეს, ქირა უკვე ორი თვის მაქვს გადასახდელი, დიასახლისი მეუბნება, რომ ერთი თვის მაინც უნდა მივცე – 300 ლარი,“ – გვიყვება აკაკი დავითაძე. მან დახმარებისთვის უკვე მიმართა აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას.

„აჭარის მთავრობიდან წერილი ჯანდაცვის სამინისტროს გადააწერეს, იქ ნინო ნიჟარაძე შემხვდა და მითხრა, ვერაფრით დაგეხმარები, მინისტრს შეხვდიო. მინისტრი მოუცლელობის მიზეზით ვერ შემხვდა. ვიცი, რომ ბევრი საქმე აქვს, მაგრამ მეც ღია ცის ქვეშ ვრჩები… სამინისტროში მირჩიეს, მერიას მიმართეო. მერიაში თქვეს, ჩვენ ასეთ დახმარებას არ გავცემთო, თუმცა მაინც მადლობელი ვარ ლაშა კომახიძის, რამდენიმე დღის წინ საკვები პროდუქტი მომიტანა, მშიერი არ მყავს შვილები,“ – გვითხრა აკაკი დავითაძემ.

აკაკი დავითაძის ოჯახი ახლა თავს სოციალური შემწეობით ირჩენს, რაც თვეში 180 ლარია. აკაკი მისულა დასაქმების სააგენტოშიც, სადაც ამ დროისთვის ვერაფერი შესთავაზეს. აკაკი ამბობს, რომ სიამოვნებით იმუშავებდა, ოღონდ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

„სოფელიც არ მაქვს, თორემ წავიდოდი სიამოვნებით,“ – დასძინა აკაკიმ ჩვენთან საუბრის დროს.

უმუშევრად დარჩენის გამო რომ ქირის გადახდის პრობლემა ბევრს აწუხებს, ეს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარებიდანაც ჩანს. „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ფორუმზე რამდენიმე ადამიანმა დაწერა ეს:

„არ ვიცი რა იქნება. თვის ბოლოს გვიწევს გადახდა. წინა თვეში 2 დღით გადაგვიცდა… იმედია, ახლა რამე იქნება. მე მთლიანად საზღვარგარეთიდან გამოგზავნილის იმედზე ვიყავი. ახლა ჩემი ქმარი უმუშევარია…“

„მე კიდე სოციალური რომ მერიცხება, ქირას ვაძლევ და არაფერი მრჩება… ნოემბერში შეგვიჩერეს სოციალური და ველოდით. წინა დღეს მოვიდა აგენტი და აღარ ჩაგერიცხებათო. „ხაზეიკას“ რომ ვუთხარი, გაგიჟდა, ოთხშაბათი იყო და შაბათს რაც გინდა, ის ქენი, ფული მომეციო, თუ არადა…“

„არ გავსაუბრებივარ ჯერ. 900 ლარს ვიხდით. მეც და მეუღლეც კერძო სამსახურების გამო უხელფასოდ დავრჩით. დანაზოგი კი გვაქვს, მაგრამ 9 თვის ორსული ვარ და იმას ხელს ვერ ვკიდებთ, ბავშვისთვისაა. ვნახოთ რა იქნება…“

„ჩვენ კი გადავიხადეთ ამ თვისა, მაგრამ მანამ გადავიხდიდით, მეუღლემ ჰკითხა – შენთან თუ მოქმედებს 3-თვიანი შეღავათიო და არაა პრობლემაო, დასაფასებლები არიან ასეთი ადამიანები…“

გამოხმაურება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ აკაკი დავითაძეს 2018 და 2019 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარნენ ფულადი თანხით, ჯამში 2 ათასი ლარით და ამჯერად მთავრობა კოორდინაციას უწევს იმას, რომ აკაკი დავითაძემ ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვა შეძლოს.

_____________

მთავარ ფოტოზე: აკაკი დავითაძე, მეუღლე და შვილები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: