მთავარი,სიახლეები

კუალა-ლუმპურიდან იყალთოს 14-დღიან კარანტინში

28.03.2020 • 1999
კუალა-ლუმპურიდან იყალთოს 14-დღიან კარანტინში

 

ავტორი: ზაზა მიქელაძე, “სამოქალაქო დარბაზის” თანადამფუძნებელი

____________________________

კახეთის ბუნება გაზაფხულის გარდამავალ ფერებში შემოსილი სასტუმრო „სავანეთის“ ფანჯრიდან განწყობის შექმნაში მეხმარება. აბა რა, ესღა დამრჩენია შევეგუო ახალ რეალობას, ვიფიქრო უკეთეს მომავალზე და ვიბრძოლო ცხოვრების გასაგრძელებლად.

რთულია წარმოიდგინო, რომ სამყარო კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ოპტიმისტური განწყობით წარმოვიდგენ შესაძლო განვითარების სცენარებს და იმედით შევყურებ მომავალს, რომ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით საზოგადოებები სამომავლოდ უფრო სოლიდარულები იქნებიან, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილან. ჩვენ ვნახეთ, რაოდენ პატარაა დედამიწა, პლანეტა, სადაც ვცხოვრობთ.

2019 წლის ზაფხულში ჩავაბარე სამაგისტრო პროგრამაზე მალაიზიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. როდესაც დეკემბერში საერთაშორისო მედიაში პირველად გავრცელდა ინფორმაცია COVID – 19 – თან დაკავშირებით, წინათგრძნობა მქონდა, რომ ეს სერიოზული პრობლემა იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის და ჩემს დაგეგმილ მალაიზიურ ვოიაჟსაც შეუქმნიდა საფრთხეს, მაგრამ ველოდი, რომ გლობალური სამყარო მოახდენდა პრევენციას. შესაბამისად, 27 იანვარს გავემგზავრე მალაიზიაში. ვგეგმავდი, სამი წლის განმავლობაში იქ დავრჩენილიყავი, თუმცა მოულოდნელად გართულებული მდგომარეობის ფონზე დროზე ადრე დარჩა საჭირო დავბრუნებულიყავი საქართველოში.

მალაიზიაში მთელი ორი თვის მანძილზე, მიუხედავად ინფექციის გავრცელებისა, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და განსაკუთრებულ ზომებს თითქმის არ იღებდა. ვირუსი თანდათან უფრო ფართოდ ვრცელდებოდა, რამაც  მთავრობის მხრიდან საჭირო გახადა პრევენციული პოლიტიკის გატარება.

პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს რელიგიური შეკრებებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა და სახლში დარჩენის კამპანია წამოიწყო. როდესაც აშკარა გახდა, რომ ეს არასაკმარისი იყო შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ და საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურეს.

17 მარტს პრემიერ-მინისტრმა მუჰაიდდინ იასინმა განცხადება გააკეთა, რომ ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი დაიხურებოდა, მათ შორის: მსხვილი სავაჭრო ცენტრები, კინო-თეატრები და რესტორნები, მხოლოდ სასურსათო მარკეტები განაგრძობდა მუშაობას. პარალელურად მიმართა მან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ვისაც ექნებოდა შესაძლებლობა, დაეტოვებინათ მალაიზია და დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.

გადავწვიტე რომ არსებული რთული რეალობა შემეფასებინა, მიმეღო არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის პრიორიტეტი მიმენიჭებინა და დავბრუნებულიყავი საქართველოში. მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, ეს გზა უფრო უსაფრთხო იყო თუ კუალა ლუმპურში დარჩენა. თუმცა, მაინც გადავწყვიტე წამოვსულიყავი.

18 მარტს დავუკავშირდი საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს მალაიზიაში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მოქალაქე ვიყავი ამ საინტერესო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ ქალაქში. მივაწოდე ჩემი მონაცემები და ვთხოვე, დამხმარებოდენენ. მათ საინფორმაციო თანადგომაზე გამოთქვეს მზადყოფნა და ექსტრემალურ სიტუაციაში მოსალოდნელი ფრენების გაუქმების, საჰაერო სივრცეების ჩაკეტვის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში მგზავრობის გრაფიკი ისე  შევადგინეთ, რომ შემძლებოდა სამშობლოში დაბრუნება.

რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ შევარჩიეთ შესაბამისი მარშრუტი ყატარის გავლით საქართველოსკენ, 20 მარტის რეისი, თუმცა არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ეს ფრენაც არ გადაიდებოდა. პარალელურ რეჟიმში ყატარში საქართველოს წარმომადგენლობა ინფორმაციას მაწვდიდა და ჯერჯერობით საქმე ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ სანერვიულო ბევრი იყო. ცნობილი გახდა, რომ ეს რეისი საქართველოს მიმართულებით ყატარის ავიახაზების მხრიდან ბოლო იქნებოდა. ნერვიულობამ იმატა, ჩემი მეგობრების დახმარებით შევძელი ბილეთის შეძენა და დავიწყე მზადება, მაგრამ საათები საუკუნეებად გადაიქცა, დრო ნელა გადიოდა.

აეროპორტში ხუთი საათით ადრე მივედი, ხალხი დაძაბული იყო და ყოველ წუთას ევროპის მიმართულებით ფრენები უქმდებოდა, რის გამოც მგზავრები გაურკვევლობაში იყვნენ, ხოლო ჩემი ემოციური ფონი კიდევ უფრო გართულდა. შინაგანად ვშფოთავდი და მქონდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ჩემი რეისის გაუქმების შესახებ განცხადება გაკეთებულიყო. შევეცადე საკუთარ თავზე კონტროლი შემენარჩუნებინა და ეს უკანასკნელი შედარებით წარმატებით გამომდიოდა. არ ჩავვარდი პანიკაში.

ბოლოს და ბოლოს დაიწყო მგზავრთა რეგისტრაცია. კომპანიასთან კიდევ ერთხელ გადავამოწმე დოჰა-თბილისის რეისი და მითხრეს, რომ ფრენა შესრულდებოდა, რამაც დამამშვიდა, თუმცა იმდენად სწრაფად იცვლებოდა მოვლენები, რომ საბოლოოდ მაინც არ ვიყავი დარწმუნებული.

დადგა სანატრელი დრო და დავიწყეთ ბორტზე ასვლა. ყველა მგზავრი აღელვებული იყო. თითოეული მათგანი შესაბამისი რეკომენდაციების დაცვას ცდილობდა. რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ ჩავფრინდი დოჰაში. საათნახევრიანი ლოდინი დასრულდა და ჩავჯექი თვითმფრინავში. მაშინ გავიაზრე, რომ უკვე საქართველოსკენ მივფრინავდი. ეს ფსიქოლოგიურად დადებითი ეფექტი იყო, რადგან თითქოს თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი. ბორტზე მხოლოდ ქართველები ვისხედით. ზოგი ამერიკიდან, ზოგი – ევროპიდან, პაკისტანიდან, იაპონიიდან, ზოგიც კი კანადიდან მოფრინავდა. სახეზე ყველას სხვადასხვა ფორმით და ხარისხით შფოთი ეტყობოდა და მეტნაკლებად ცდილობდნენ დაეცვათ რეკომენდაციები.

მოვაღწიეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. წინასწარ განსაზღვრული მქონდა, რომ კარანტინში უნდა გადავსულიყავი და ამას ადამიანურ და სამოქალაქო პასუხისმგებლობად მივიჩნევდი. ასე დავაზღვევდი საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და მთელს საზოგადოებას.

სიმართლე გითხრათ, არ მქონდა მოლოდინი, რომ აეროპორტში სიტუაცია ორგანიზებული და დახვედრაც მდგომარეობის შესაბამისი იქნებოდა. ბუნებრივია ექსპერტი არ ვარ და გამიჭირდება პროფესიონალური შეფასება გავაკეთო ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა მედიკოსების, მესაზღვრეების და პოლიციელების პასუხისმგებლობამ, ღირსეულმა დამოკიდებულებამ, სოლიდარულობის განცდამ და ადამიანზე ორიენტირებულმა კომუნიკაციამ ამ რთულ დროს სასიამოვნოდ გამაკვირვა.

ხალხმრავლობა არ იყო. დაახლოებით 15-მდე მგზავრი ვიყავით და შესაბამისად, ორგანიზებაც მეტნაკლებად მარტივად ხდებოდა. პირველ ეტაპზე ორი პოლიციელი, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ამოწმებდა ჩვენი მგზავრობის ისტორიას პასპორტში. თითო-თითო მგზავრს მესაზღვრესთან გვიშვებდნენ. კიდევ ერთხელ მოწმდებოდა საზღვრის კვეთა. შემდგომ გვაფიქსირებდნენ აპარატზე და გვიზომავდნენ ტემპერატურას, ყველა მონაცემს იწერდნენ. საბოლოოდ მივდიოდით ექიმთან და მასთან კონსულტაციას გავდიოდით, რის შემდეგაც სიმპტომების შესახებ გვეკითხებოდა. ვთხოვე, რომ კარანტინში გავეშვი და სწრაფადვე მიიღეს გადაწყვეტილება. ექიმმა ჯანმრთელობა მისურვა და აეროპორტის პირველ სართულზე ჩავედი, რათა დავლოდებოდი ავტობუსს, რომ გადავეყვანეთ კარანტინში.

ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, იყო ზოგიერთი მგზავრის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. მათი ნაწილი აპროტესტებდა და უკმაყოფილო იყო. ზოგი მათგანი პროცედურების გავლამდე მზაკვრულ გეგმას თხზავდა, თუ როგორ გაეღწია აქედან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით და წასულიყო ოჯახში. გაოგნებული ვუყურებდი და მიკვირდა, ნუთუ საკუთარ ოჯახის წევრებზე მაინც არ ფიქრობდნენ. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრთა უმეტესობა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყოველივეს.

მოკლედ, სიის შედგენის შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ჯგუფი უნდა გადაეყვანათ კახეთში, იყალთოსთან ახლოს მდებარე სასტუმრო „სავანეთში“. კომფორტულ ავტობუსში დომინოს პრინციპით დავსხედით და პოლიციის ესკორტის თანხლებით გავუდექით გზას. წახემსებისათვის მცირე ულუფა სავარძელზე დაგვახვედრეს. მართალია, საკმაოდ გაგრძელდა მგზავრობა, მაგრამ საბოლოოდ მივაღწიეთ.

ვიცოდი, რომ ცხოვრების განსხვავებული თოთხმეტი დღე იწყებოდა. სრულ იზოლაციაში, გაასმაგებული პასუხისმგებლობით, სიმპტომების შესაძლო გამომჟღავნების მოლოდინში და დაძაბულ საინფორმაციო გარემოში. აქამდე სხვანაირად წარმომედგინა აეროპორტში ჩამოფრენა, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახვედრა, ეს არაფრით გავდა დაგეგმილს, რომლის მოლოდინი წასვლის დღიდან მქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო, რომ ნაადრევი დაბრუნებით, უკვე სამშობლოში ვიყავი, ოჯახთან ახლოს.

სასტუმრო „სავანეთში“ მისვლის შემდეგ რიგრიგობით გავიარეთ შესაბამისი რეგისტრაცია და გადაგვანაწილეს. პროცედურის დაწყება ცოტა შეაგვიანდათ, მიზეზი ჩემთვის უცნობია, თუმცა კულტურული დამოკიდებულებით თითოეული თანამშრომელი პატივისცემას არ იშურებდა.

მიკვირდა ორგანიზების ეს ფორმა. მიხაროდა, რომ ქვეყანას ამდენის უნარი არ შესწევს და მაინც შევძელით ეს გაგვეკეთებინა. იმედს მაძლევდა, რომ თავს გავართმევდით ამ კრიზისს.

სასტუმროში არაჩვეულებრივი პირობებია. კომფორტული ნომრებით, ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით და სამჯერადი კვებით. ოთახიდან გასვლის უფლება არ გვაქვს. დილით, შუადღის და საღამოს კარებთან გვხდება საკვები. აბსოლუტურად საკმარისი და ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით მომზადებული კერძები. თუ რომელიმე პროდუქტზე ალერგია გაქვს, ან რელიგიური მრწამსის გამო არ მიირთმევ, შეგიძლია დაუკავშირდე და გაითვალისწინებენ.

ხედი სასტუმროს ფანჯრიდან. ზაზა მიქელაძის ფოტო

ყოველი დღე ვაკონტროლებ ტემპერატურას, ვცდილობ მხნედ ვიყო და ამ სტრესის ფონზე ნევროზულ ქმედებებში არ გადამეზარდოს. გასათვალისწინებელია მედიკოსებთან კომუნიკაცია, შინაგანად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რთულ და დაძაბულ დროს ეს ადამიანები კიდევ ინარჩუნებენ უნარს, რომ ტკბილი სიტყვა გითხრან და მადლობა გადაგიხადონ სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესრულებისთვის.

უჩვეულოა დაბადების დღეს კარანტინში შეხვდე. თუმცა, სწორედ ამიტომ ვარ იზოლირებული, რომ ვიცოცხლო და სხვასაც შევუწყო ხელი ჯანმრთელად იყოს. გვიყვარდეს ცხოვრება და მისი ყოველი წამი, ეს არ არის უსასრულო. ამის შეგრძნება კრიზისულ ვითარებაში უფრო მარტივია.

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, მოწყვლად ჯგუფებს, მთელს საზოგადოებას და პასუხისმგებლიანი იყავით იმ რეკომენდაციების შესრულებისას, რასაც სახელმწიფო და მედიკოსები ინფექციისაგან დასაცავად გვთავაზობენ. დავაფასოთ ჯანმრთელობა.

სასტუმროს ჰოლი. კარანტინში მყოფ პირთათვის სასტუმროს ნომრების წინ პარკებით ტოვებენ საკვებს. ზაზა მიქელაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: