მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ახლა სტომატოლოგთან სიარულის დრო არ არის

28.03.2020 • 3837
ახლა სტომატოლოგთან სიარულის დრო არ არის

 

ავტორი: თათია ანდღულაძე, სტომატოლოგი, კლინიკა „ინდიგოს“ დამფუძნებელი 

_____________________

სტომატოლოგიურ კლინიკებში უნდა შეწყდეს არამარტო გეგმიური, არამედ  გადაუდებელი მომსახურებაც.

ვირუსის შესახებ არაფერი ვიცით. არც ის ვიცით, შემოსული პაციენტი დაავადებულია თუ არა. ამიტომ რისკის ქვეშ ვაყენებთ არამარტო მომუშავე მედპერსონალს, არამედ ყველა პაციენტს და მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს.

თუ, როგორც კვლევები აჩვენებს, ვირუსი გარემოში მედეგობას ხანგრძლივი პერიოდით ინარჩუნებს, მიმღებში შემოსული ერთი ინფიცირებული პაციენტიც კი საკმარისია კლინიკის პერსონალისა და ყველა შემოსული პაციენტის დაინფიცირებისთვის, რადგან შეუძლებელია ყველა იმ საგნის (კიბის სახელური, კედელი, ადმინისტრაციის საწერი მაგიდა და ა.შ) კონტროლი, რომელსაც პაციენტი შეეხება.

უფრო დიდი გამოწვევაა სტომატოლოგიურ კლინიკებში მედპერსონალის სათანადოდ აღჭურვა სახის ფარით, სტერილური ერთჯერადი ხალათით, რესპირატორით, სტერილური ერთჯერადი ხელთათმანით, ბახილებით, ჩაჩით, ზედაპირების და ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარით. ეს არის სამედიცინო პერსონალის დაცვისთვის საჭირო ყველა ის აღჭურვილობა, რომლის მოძიება სტომატოლოგიური მასალების მომწოდებლებთან შეუძლებელია. ვცადე, დავკავშირებოდი იმ დისტრიბუტორებს, რომლებიც ამარაგებენ საავადმყოფოებს. ყველა მომწოდებლისგან პასუხი იყო ერთი – ჩვენ მარაგს ვინახავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის და ინფექციური საავადმყოფოებისთვის. პასუხი ლოგიკურია, რადგან ეს მასალები დეფიციტურია და უშუალოდ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმებში ჭირს არა მხოლოდ ჩვენთან, ამერიკაშიც კი.

ჩემთვის ეს პასუხი იყო საკმარისი იმისათვის, რომ შემეწყვიტა საქმიანობა. სამწუხაროდ, არსებულ საფრთხეს ჩემი კოლეგების ნაწილი ბოლომდე ვერ აცნობიერებს და დღემდე აგრძელებენ პაციენტების მიღებას.

ახლა მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

მოვუწოდებ კოლეგებს, რომ გვერდით გადავდოთ კომერციული ინტერესები და არ შევქმნათ ვირუსის გავრცელების ახალი წყაროები.

მაშინ, როცა ოთხი თვითაა გადავადებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გეგმიური ოპერაციები, სტომატოლოგიურმა კლინიკებმაც უნდა მოახერხონ ადაპტირება ამ სიტუაციაში და გონივრულად და რაციონალურად მოქმედება.

მაგალითად, პაციენტი, რომელიც, მოგმართავს პულპიტური ხასიათის ტკივილით, დავუნიშნოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც მას დროებით შეუმსუბუქებს ტკივილს; პაროდონტიტის დროს დავუნიშნოთ ანტიბაქტერიული სავლები, რომელიც ასევე გარკვეული პერიოდით შეუჩერებს პაციენტს ღრძილებიდან სისხლდენას, ხოლო პაციენტები პერიოდონტიტით ან სხვა გართულებებით – გადავამისამართოთ ჰოსპიტალში, სადაც უსაფრთხოების დაცვის მეტი შესაძლებლობაა. ყველა ეს ზომა უნდა მივიღოთ მანამ, სანამ ამ უჩვეულო ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნება და შეიქმნება პაციენტებისა და მედ. პერსონალის დაცვისთვის აუცილებელი პირობები.

მანამდე კი, #ნუგავავრცელებთ #დარჩისახლში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: