მთავარი,სიახლეები

„390-დან 700 ლარამდე ავედი“ – მიკროსაფინანსოებს სესხის გადავადებას სთხოვენ

27.03.2020 • 1870
„390-დან 700 ლარამდე ავედი“ – მიკროსაფინანსოებს სესხის გადავადებას სთხოვენ

„არ აინტერესებთ, რა ხდება. კორონავირუსის გამო ვეღარ ვმუშაობ. როცა ვურეკავ, არ პასუხობენ. თვითონ როცა მირეკავენ, მეუბნებიან, არ გვაინტერესებსო. 390 ლარი მქონდა გადასახდელი და 700 ლარს გასცდა უკვე ჩემი სესხი, რაც ახლა უნდა გადავიხადო,“ – ამბობს შალვა გოდერძიშვილი. მას ლიზინგის სესხი „მოგო“-ში აქვს.

შალვა არ არის ერთადერთი, რომელიც სალიზინგო კომპანიისგან სესხის გადავადებას ითხოვს. ამ კომპანიის და სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფეისბუქგვერდებს თუ გადახედავთ, ასობით კომენტარს ნახავთ – ადამიანები საგანგებო მდგომარეობის გამო სესხის გადავადებას ითხოვენ.

„მოგოს“ შემთხვევაში კრედიტორები აპირებენ პეტიციით მიმართონ საქართველოს მთავრობას.

სალიზინგო კომპანიის მომხმარებლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიისგან კონკრეტული პასუხი სესხის გადავადებაზე ვერ მიიღეს და ყოველდღიურად მისდით შეტყობინება ჯარიმის შესახებ, რასაც კომპანია კრედიტორს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის არიცხავს.

დაჯარიმებულებს შორისაა ბათუმელი ადვოკატი მერი ცინარიძეც.

„21 მარტს უნდა გადამეხადა 400 ლარი. რამდენიმე დღით ადრე დავურეკე ცხელ ხაზზე და ვუთხარი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდი სესხის დაფარვას. ვთხოვე, გაეთვალისწინებინათ პანდემია და ის, რაც ბანკებმა გააკეთეს. მითხრეს, რომ სესხს იმ შემთხვევაში გადამივადებდნენ, თუკი 270 ლარს გადავიხდიდი, ანუ ამით არც პროცენტი დაიფარებოდა და არც ძირი თანხა – გადავადებისთვის უნდა გადამეხადა ეს თანხა. მას შემდეგ მპასუხობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ან რა ვერ გაირკვა ამ დროში, გაუგებარია,“ – გვიყვება მერი ცინარიძე.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობაზე, სადაც წერია, რომ ფორსმაჟორის შემთხვევაში მხარემ შესაძლოა ვალდებულება ვერ შეასრულოს. მერი ცინარიძე არ გამორიცხავს სასამართლო დავასაც და იმას, რომ დავა კრედიტორების სასარგებლოდ დასრულდება, თუმცა „მოგოს“ სესხი ასეულობით ადამიანს აქვს.

„ბათუმელებს“ კომპანია „მოგოს“ ცხელ ხაზზე არ უპასუხეს. არაფერი მოგვწერეს ამავე კომპანიის ფეისბუქგვერდზეც.

სესხის გადავადების მოთხოვნაზე კომენტარები ვიპოვეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფეისბუქგვერდებზეც, თუმცა კომენტარების მიხედვით, ნაწილისთვის სესხი უკვე გადაუვადებიათ, ნაწილი გადავადებას ელოდება, ზოგიერთი კი, იმ მაღალ პროცენტს აპროტესტებს, გადავადების გამო რომ დაუწესეს ახლა.

„17 მარტს რომ დაურეკა დედამ, უთხრეს, ეს გადავადება ჩვენ არ გვეხებაო… მერე დაგვპირდნენ, რომ შევისწავლითო, მაგრამ ამ დრომდე არ გარკვეულა არაფერი,“ – გვითხრა მოქალაქემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მას სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკაში“ აქვს.
„ლაზიკა კაპიტალის“ ფეისბუქგვერდზე არაერთი მოქალაქის აგრესია კომპანიის განცხადებამ გამოიწვია. 16 მარტს კომპანიის დირექტორმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია:
„სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ საჭიროებას. რაც შეეხება, კორონავირუსის შედეგად მიღებულ ეფექტს ფიზიკური პირების ეკონომიკურ საქმიანობაზე, მე პირადად, სრულიად გადაჭარბებულად და უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია კრიზისული სიტუაციის დახატვა…

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა უფლის შეწევნით და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ქმედითობით, მალევე დაამარცხებს ამ გამოწვევას, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, თუმცა ამ საყოველთაო და მოკლევადიან პანიკაში ნუ დავაზიანებთ ქვეყნის მდგრადობისთვის ძალზე მნიშვნელოვან საფინანსო სექტორს, რამაც შეიძლება უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბესიკ შენგელიამ, „ლაზიკა კაპიტალის“ მენეჯერმა, გვითხრა, რომ ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მათი მომხმარებლების დაახლოებით 40 პროცენტს სესხი გადაუვადეს. ბესიკ შენგელია განმარტავს, რომ პირობების შესწავლის შემდეგ ხდება სესხის გადავადება.

„ინფორმაციის განახლება ხდება, მხოლოდ სესხის გადავადება ხომ არაა გამოსავალი? ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ ასე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უძვირდებათ და რეალურად არაფერს ჩუქნიან… ზოგს ძირის გადავადება სურს, ზოგს – პროცენტის, ზოგს მთლიანად და ამ დეტალებს ვაზუსტებთ, უარს არ ვეუბნებით არავის, ვისაც სესხის გადავადების სურვილი და საჭიროება აქვს. ეს ტექნიკურად რთული პროცესია და ყველას ერთად ვერც დავუკავშირდებოდით,“ – გვითხრა ბესიკ შენგელიამ.

მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელმა“ მხოლოდ სესხის ძირ თანხაზე აამოქმედა შეღავათი. მოქალაქეები კი, რომლებსაც ამ კომპანიის სესხი აქვთ, ფეისბუქგვერდზე წერენ, რომ ძირი თანხა ბევრად აღემატება პროცენტს, რომლის გადახდასაც „ბერმელი“ საგანგებო რეჟიმის პირობებშიც ითხოვს.

„მითხრეს, რომ ძირი შემიძლია არ გადავიხადო, მაგრამ ჩემს სესხში 85 დოლარი არის ძირი და დაახლოებით 177 დოლარი პროცენტი. თუ 177 გადავიხადე, გადავიხდი იმ 85-საც, მაგის გამო კიდე რაღაც ვალდებულებას დამიმატებენ… გადავიხადეთ ეს თანხა და ახლა არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, რა ვჭამოთ რვასულიანმა ოჯახმა, გუშინ ამის შესახებ პრემიერსაც მივწერე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ემზარ ასანიძემ.

„ჩემი სესხი 1060 ლარია თვეში და აქედან 980 ლარი პროცენტია. მეუბნებიან, რომ ძირი შემიძლია არ გადავიხადო, მაგრამ რა გამოდის?“ – კითხულობს თამარ აჩბა. მასაც „ბერმელის“ სესხი აქვს დასაფარი. თამარი ტურიზმის სფეროში მუშაობს.
„ვხატავ კიდეც, მაგრამ ახლა ვის რად უნდა ჩემი ნახატები? კომპანიაში მითხრეს, რომ სესხის გადავადება მათ არ ეხებათ,“ – გვითხრა თამარ აჩბამ.
„არ არის ასე, ზოგჯერ ძირი თანხა უფრო მეტია, ვიდრე პროცენტი,“ – ამბობს „ბერმელის“ მენეჯერი, ეთერ ბერიძე. მისი თქმით, ინდივიდუალურად განიხილავენ შემთხვევებს და თუკი მოქალაქის შემოსავლის გარეშე დარჩენა დასტურდება, სესხის სრულად გადაუვადებენ. ეთერ ბერიძე ამ მონაცემების გადამოწმებას და მოგვიანებით მოწოდებას დაგვპირდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: